„ქართული ოცნების“ ე.წ „რეფორმის“ შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026-2027 სასწავლო წლისთვის მთლიანობაში 21 300 სტუდენტს მიიღებენ საბაკალავრო საფეხურზე, 3 233 სტუდენტს კი – სამაგისტროზე.
გასულ წელს, როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა 19 311 სტუდენტი მიიღეს.
სად და რის ხარჯზე გაიზარდა სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი, როცა, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 92%-ით შეუმცირეს კვოტა, ასევე, რეგიონულ უნივერსიტეტებსაც მნიშვნელოვნად აქვთ კვოტები შემცირებული?
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დღევანდელი მონაცემებით ჰყავთ 17 300 აქტიური სტუდენტი. 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებს მხოლოდ 360 სტუდენტს – 300 საბაკალავრო საფეხურზე, 60 მაგისტრატურაზე.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 25 959 სტუდენტი. კვოტებით განესაზღვრა 7 300 სტუდენტის მიღება.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჰყავს 21 000 აქტიური სტუდენტი. კვოტებით განესაზღვრა 3 880 საბაკალავრო საფეხურზე, 655 მაგისტრატურაზე.
- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 980 სტუდენტი, კვოტებით განესაზღვრა 130 სტუდენტის მიღება.
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ორივე საფეხურზე ჰყავს 1461 სტუდენტი, კვოტებით განესაზღვრა 410 საბაკალავროზე, 30 ადგილი მაგისტრატურაზე.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 3000-მდე სტუდენტი, ახალი კვოტებით მიიღებს მხოლოდ 380 სტუდენტს.
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰყავს 9 000 სტუდენტი, ახალი კვოტით შეუძლია მიიღოს 2 250 სტუდენტი
- სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი
კვოტით მიიღებს 220 სტუდენტს. ამჟამად ყველა საფეხურზე ჰყავს 1819 სტუდენტი. გასულ წელს, ორ საფეხურზე მიიღო 365 სტუდენტი.
- ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ამჟამად ჰყავს 7 364 აქტიური სტუდენტი, გასულ წელს ორივე საფეხურზე 2 085 ადგილზე ჰქონდათ გამოცხადებული მიღება, წელს 2 698 ადგილი ექნებათ. როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, 635 ადგილი უკვე არსებულ პროგრამებს დაემატა.
ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე დრამატულად, სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირა „ოცნებამ“ კვოტები და გაუუქმა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორიცაა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ეკოლოგია, ფიზიკა, ბიოლოგია.
ასევე ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, პოლიტიკის მეცნიერება, თავისუფალი მეცნიერებები, სოციოლოგია, კინომცოდნეობა, ფსიქოლოგია, სამართლის სკოლა და სახელოვნებო ფაკულტეტი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისე დაიწყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების განადგურება, რომ ჯერ ე.წ. შრომის ბაზრის კვლევა არ წარმოუდგენია და არც ის არის ცნობილი, საერთოდ ჩატარდა თუ არა ეს კვლევა, ვინ ჩაატარა და რა მეთოდოლოგიით.
„არავის უნახავს ეს კვლევა, არც ფორმალურად და არც არაფორმალურად“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროები.
ინფოგრაფიკა: ილიაუნი
მისი აზრით, შრომის ბაზრის კვლევა შესაძლოა ჩატარდა, მაგრამ არაკვალიფიციურად.
„ალბათ იმდენად არაკვალიფიციურად, ზედაპირულად, ყოველგვარი კვლევის სტანდარტების დარღვევით არის ჩატარებული, რომ უბრალოდ ამის ჩვენება არ უნდათ, თავი რომ არ შეირცხვინონ, რადგან უამრავი კარგი მკვლევარი გვყავს ამ ქვეყანაში და მაშინვე მიხვდებიან რა დოკუმენტთან გვაქვს საქმე.
ალბათ გამოჰკითხეს დიდი ბიზნესები, ჰკითხეს, თუ რამდენი სპეციალისტი მუშაობს თქვენთან სხვადასხვა მიმართულებით, შემდეგ ეს რაოდენობები შეკრიბეს და შეადარეს თითოეულ სპეციალობაზე საქართველოში კურსდამთავრებულთა რაოდენობას. მაგალითად, დაამთავრა ამდენმა იურისტმა და დასაქმებულია ამდენი იურისტი სხვადასხვა ბიზნესებში ან თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებში და შემდეგ აი ეს ნაპრალი ნახეს და თქვეს, რომ აჰა, აქ უფრო მეტს დაუმთავრებია, ვიდრე დასაქმებულა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი აზრით, ეს ის ბიზნესებია, რომელთა წარმომადგენლებსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ხვდებოდა.
„ვფიქრობ, ძირითადად ესენი არიან და კიდევ სახელმწიფო სტრუქტურები, სააგენტოები, სამინისტროები ან სამინისტროებთან დაკავშირებული სააგენტოები. ამათი მონაცემები აკრიბეს. თანაც, არ მგონია, რომ ძალიან დიფერენცირებულად შეესწავლათ სპეციალობები.
სულ ამას ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი არის ძალიან ღარიბი და თითზე ჩამოსათვლელი პროფესიები და სპეციალობებია წარმოდგენილი – ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფარმაცია, პროგრამისტები, აი ამით არის ძირითადად შრომის ბაზარი გაჯერებული და თუ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობ, გაღარიბებული და დაბეჩავებული შრომის ბაზრის მოთხოვნები მოარგო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, ეს არასწორია.
პირიქით, შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ შრომის ბაზარი განავითარო, რომ ახალი საქმიანობები გაჩნდეს, ახალი პროექტები გაჩნდეს.
უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული საერთაშორისო პროექტებში და განვითარების ნაცვლად ეს გზა გადაუკეტეს ადამიანებს. გააუქმეს ეს პროექტები.
ამას რომ თავი დავანებოთ, არსებობს კიდევ ერთი ფენომენი, რასაც ჰქვია ახალგაზრდის ინტერესი. როდესაც ახალგაზრდას აინტერესებს რაიმე დარგი, ის მაინცადამაინც არ ფიქრობს იმაზე, დასაქმდება თუ არა. აინტერესებს, მაგალითად, ფილოსოფია, ხომ? ის არ ფიქრობს იმაზე, ფილოსოფოსის ადგილს იპოვის თუ არა სადმე და ეს ინტერესები რატომ უნდა გახადონ ამ დაბეჩავებული შრომის ბაზრის მძევალი?“- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ რეფორმის მიხედვით, პრიორიტეტი ენიჭება აგრონომიას და ისეთ სპეციალობებს, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნა აბიტურიენტების მხრიდან არასდროს ყოფილა. ამიტომ, რა მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ აგრონომიის პროგრამა უნდა გაძლიერდეს უნივერსიტეტებში, უცნობია.
„გვაჩვენონ კვლევა! ამას ვითხოვთ. ზოგადად, შრომის ბაზრის კვალიფიციური კვლევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსად არ ხდება ისე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებს ხისტად მიაბან სასწავლო პროგრამებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა. ასე პირდაპირ, მექანიკურად ეს არსად არ ხდება.
შეიძლება შრომის ბაზრის რეკომენდაციები გაითვალისწინო და ამაზე შემდეგ თავად იფიქრონ უნივერსიტეტებმა. შეცვალონ რაღაც პოლიტიკა, სტრატეგია და ასე შემდეგ.
რაზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ საქართველოს სჭირდება 30 სოციოლოგი და მეტი არა? წარმოიდგინეთ, 30 ადგილი განგვისაზღვრეს ამ პროგრამაზე და ამის სწავლება განისაზღვრა მხოლოდ თსუ-ში, სხვაგან არსად. მანამდე სოციოლოგია ისწავლებოდა ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტი, ახლა ვეღარ ასწავლიან. აქამდე თსუ-ში 100 სტუდენტს იღებდნენ და ახლა გვეუბნებიან 30 უნდა მიიღოთო. საიდან მოვიდა ეს 30, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, სანამ კვლევა არ გამოქვეყნდება, „ეს იქნება მინიმუმ არაკვალიფიციურობა და მაქსიმუმ თვითნებობა“.
რა ხდება მაშინ, თუ ხელისუფლების და აბიტურიენტების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და გამოყოფილ პროგრამებზე კვოტები არ შეივსო? შეუძლია თუ არა უნივერსიტეტს თავად მიიღოს ამ პროგრამის გაუქმებაზე გადაწყვეტილება? თუ არა, მაშინ რა შედეგს მოიტანს აუთვისებელი კვოტები. როგორ სურათს ვიღებთ უნივერსიტეტებში.

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ სტუდენტების მისაღები კვოტები კი არ შეამცირეს, არამედ გაზარდეს, უბრალოდ ხრიკია.
„2000-ით გავზარდეთო როცა თქვეს, აქ ხრიკი იხმარეს. გაზარდეს კვოტები ისეთ სპეციალობებზე, რომლებზეც მოთხოვნა ისედაც არ იყო წლების განმავლობაში, შემოიღეს რაღაც უცნაური პროგრამები, მაგალითად ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია და ასეთი მოგონილი, ხელოვნური პროგრამებით დაბერეს კვოტები. სამაგიეროდ, იმ სპეციალობებზე, რომლებზეც იყო მოთხოვნა, შეამცირეს. მაგალითად, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. რა უნდა ამის გამოცნობას, შავით თეთრზეა ყველაფერი.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, რომ აქამდე ამ კვოტებს უნივერსიტეტი განსაზღვრავდა სახელმწიფოსთან კოოპერაციაში. „ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ ამოწმებდა, აქვს თუ არა უნივერსიტეტს, როგორც ტექნიკური, ასევე ინტელექტუალური რესურსი ამა თუ იმ პროგრამისთვის და აძლევდა აკრედიტაციას. ახლა ეს მოდელი უქმდება. ხარისხის ცენტრი საჭიროებაც იკარგება.
ისედაც დასუსტებული იყო ეს ცენტრი, რადგან გასულ წელს ცენტრმა დაკარგა ENQA-ის (განათლების ხარისხის განვითარების ევროპული ასოციაცია) წევრობა, რადგან დარღვეული იყო ავტონომიურობის მოთხოვნა, – ცენტრს არა დამოუკიდებელი, არამედ განათლების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.
თუ ეს ფუნქციაც დაეკარგება ამ ცენტრს, კიდევ ერთი ბარიერი იქნება ჩვენი განათლების სისტემისთვის დასავლეთთან ინტეგრაციის – ჩვენ გველის იზოლაცია ევროპულ სტრუქტურებთან და ბოლონიის პროცესთან თავსებადობაში. ეს პრობლემები უკვე შეიქმნა 3+1 მოდელის პირობებში, როცა არსებობს 11-წლიანი საშუალო განათლების სისტემა ევროპულ სისტემასთან შეუთავსებლობა კიდევ უფრო მეტად იზრდება.
ამას ემატება გრანტების შესახებ კანონიც, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფულადი სახსრების მიღებას დონორებისგან და თუ ყველაფერი შეათანხმა მთავრობასთან, ეს არც აკადემიური თავისუფლებაა და არც არაფერი.
მთელი არასამთავრობო სექტორი ჩახსნილია და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სპეციალობა და სპეციალისტი იკარგება შრომის ბაზარზე. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ შრომის ბაზარი გაიზარდოს, გამრავალფეროვნდეს, ესენი ამ ავტორიტარულ, გაუბედურებულ, დაბეჩავებულ შრომის ბაზარზე აბამენ აკადემიას“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ ე.წ „რეფორმის“ შედეგად, მომავალს წელს სკოლას არა 40 000, არამედ 80 000 აბიტურიენტი დაამთავრებს, უნივერსიტეტში შემცირებული პროგრამების გამო, კონკრეტულ პროგრამებზე გაიზრდება კონკურენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტების ძალიან დიდი ნაწილი სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ პროგრამაზე ვეღარ მოხვდება.
რას სთავაზობს უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილ ათასობით აბიტურიენტს სახელმწიფო?
როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი გვეუბნება, ამის შემდეგ გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა მიიღებს უმაღლეს განათლებას, უმრავლესობა კი დარჩება ქუჩაში.
„საბოლოო ჯამში, განათლების მიღების სურვილის მქონე ახალგაზრდების დიდი ნაწილი დარჩება გარეთ, ქუჩაში, რადგან პროფესიული განათლებაც ცუდად არის განვითარებული.
ქუჩაში ყოფნა კი ნიშნავს ნარკომანიას, დანაშაულს და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადგილები გაიზარდა, მაინც გაცილებით ნაკლები მიიღებს უმაღლეს განათლებას, რადგან მოთხოვნად სპეციალობებზე ადგილები შემცირდა. რეგიონულ უნივერსიტეტებს წაერთვათ მულტიპროფილური სტატუსი. მაგალითად, სოხუმის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის უნივერსიტეტებს. ისინი გახდნენ პროფილურები.
რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობა არსებითად დაიკარგა. ილიას უნივერსიტეტი ფაქტობრივად დაიხურა, რადგან პროგრამების 92% გაუქმდა. ეს ნიშნავს საზოგადოების გაუნათლებელი ნაწილის მნიშვნელოვან ზრდას. გაუნათლებლობა კი ნიშნავს სუსტ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა საკუთარი ძალებით აიშენოს კარიერა და ამ გზაზე, სახელმწიფოს და მთავრობას შეხედოს კრიტიკულად, რადგან განათლება არის კრიტიკული ხედვა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტები 12 თებერვალს დაამტკიცა, შრომის ბაზრის კვლევა კი ჯერ კიდევ არ წარუდგენია საზოგადოებისთვის.






