აჭარის მთავრობის ფეისბუქის გვერდზე 13 ივნისს გამოქვეყნებული, ბოლო ახალი ამბავი გვამცნობს, რომ ბათუმში სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი ოფიციალურად გაიხსნა. ამ ამბავთან ერთად აჭარის მთავრობა ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გაჭრა წითელი ლენტი აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ინვესტორთან ერთად.
მთავრობის სოციალურ გვერდებზე უყვართ „ბრჭყვიალა“ პრეზენტაციების ფოტოების ატვირთვა, სადაც „ოცნების“ წევრები მდიდარ ბიზნესმენებთან ერთად იღიმიან. ასეთ დროს აანონსებენ ხოლმე ისეთი ძვირადღირებული პროექტების შესახებ, რომელიც ძირითადად მდიდარ უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.
მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერი რეგიონიდან, თუ ის მდიდარი ბიზნესმენი ან პარლამენტარი არ არის, თუნდაც მსგავს სასტუმროში დასაქმებული, ნაკლებად შეძლებს აჭარაში ფეშენებელური დასვენების ხარჯებს გასწვდეს, ისევე როგორც აჭარის რეგიონიდან ვერ გასწვდება ოჯახი, მაგალითად ლოპოტაზე, თუნდაც მოკლევადიანი დასვენების ხარჯებს.
სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town-ი 2025 წლიდან მუშაობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ოფიციალური გახსნა არ ყოფილა და ლენტის გაჭრის ცერემონია ზურაბ პატარაძესთან ერთად შედგა.

12 ივნისს ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დასწრებია. მას დრო გამოუნახავს ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად.
აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე უსაუბრიათ ზურაბ პატარაძესა და თინათინ რუხაძეს და შეთანხმებულან, რომ ითანამშრომლებენ. იმავე გვერდის მიხედვით, „ოცნების“ კულტურის მინისტრი, მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად, აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეს 11 ივნისს ეწვია.
რა გაიგო ამ პოსტიდან „ოცნების“ ამომრჩეველმა? რაზე იმსჯელეს ან რა გადაწყვიტეს? – მაგალითად ის, რომ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღარ გაანადგურებენ?! ფასადის ერთ ნაწილს არ დატოვებენ მხოლოდ და ამას რეაბილიტაცია-რესტავრაციას აღარ დაარქმევენ?! ძეგლებს ცათამბჯენებით არ დაჩრდილავენ, მათ გადარჩენაზე იზრუნებს ვინმე?! – ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის გაცემული.
ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ, „გაღრმავების“ შემდეგ რა შეიცვლება.

თამარ რუხაძე და ზურაბ პატარაძე შეხვედრის შემდეგ
აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 11 ივნისს ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების – კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს – სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
შეიძლება ითქვას, რომ დაჯილდოებები ერთ-ერთი საყვარელი თემაა სამთავრობო გვერდებისთვის. თუ დაინტერესდებით და ბათუმის მერიის გვერდსაც გადახედავთ, მიხვდებით, რომ დაჯილდოებებზე წასვლა ბათუმის არც თუ ისე კომუნიკაბელურ მერსაც კი მოსწონს.
აჭარის მთავრობის გვერდის მიხედვით, 10 ივნისს ზურაბ პატარაძე არქივის სამმართველოს ეწვია და იქ ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე დანიშნა. ამ დღეს მოინახულა ასევე N21-ე საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულების სამუშაოები, თუმცა ამ ინფორმაციაში არავინ წერს, რომ რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც სკოლების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო პროცესი, ასევე, საბავშვო ბაღების მისაწვდომობა.
2026 წელია და აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ, 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება. ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა დასრულების ვადები. მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც 2026 წლის პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარი, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად.

პატარაძე N21-ე საჯარო სკოლის სამუშაოებს ეცნობა
6 ივნისს ზურაბ პატარაძე გოდერძი შარაშიას ჩაერთო „იმედის“ ეთერში და აჭარაში ტურიზმის სექტორის აყვავების შესაძლებლობებზე ილაპარაკა. ზურაბ პატარაძეს არ დავიწყებია ქალაქის ინფრასტრუქტურული გამოწვევები და ამაზეც ისაუბრა, თუმცა გამორჩა ეთქვა, რომ თუ ბათუმში მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოს სხვა რეგიონებიდან ან დედაქალაქიდან გეგმავენ ჩასვლას, უმჯობესია თუ ავტომანქანით არ ჩამოვლენ, რადგან ქალაქში გასაჩერებელი ადგილი, ფაქტობრივად, არ არის.
ფეისბუქზე აჭარის მთავრობის გვერდის თანახმად, ზურაბ პატარაძე ახერხებს დაესწროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით ეტაპს და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონიას; ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამოს, თუმცა, როგორც ამბობდნენ გარემოვაჭრეები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, ამის ფონზე, საწყენია, რომ ზურაბ პატარაძე მათ არ ხვდება.
გარემოვაჭრეები ბულვარში და მის მიმდებარედ ვაჭრობენ სუვენირებით, წვენებით, ხილითა და აქსესუარებით და ამით არჩენენ ოჯახს.
18 მაისის დილას, სუვენირებით მოვაჭრეები, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.
ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, იმ საღამოს ზურაბ პატარაძესთან დალაპარაკება მოახერხეს: „სხვა გზა არ ჰქონდა, სახლში უნდა წასულიყო. დაგველაპარაკა და დაგვპირდა, რომ შეგხვდებოდა, მეორე დღეს შენობაში შეგვიყვანა ჯაბა სურმანიძემ და დეტალებზე შევთანხმდით“ – გვითხრა მან.
ორი თვის განმავლობაში ზურაბ პატარაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა აჭარის ტელევიზიას, სადაც ისაუბრა გამოწვევებზე, რაც მისი წინა თავმჯდომარეობის დროსაც გამოწვევების ჩამონათვალში იყო. ეს გამოწვევებია – ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება.
ამის შემდეგ აჭარის მთავრობის გვერდზე ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის, „Swissôtel Kobuleti Beach Resort“-ის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნეს – რა თქმა უნდა, არც მსგავსი პროექტების დაანონსების და არც მას შემდეგ, აჭარის მთავრობას არავინ ახსენებს ადრე დაანონსებულ და „გაყინულ“ პროექტებს.
ზოგადად, ქობულეთში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკააა, როცა პროექტებს პომპეზურად აანონსებენ და შემდეგ წლების განმავლობაში ვერ იწყებენ, ან იწყებენ და ვერ ასრულებენ, ან ინვესტორებად წოდებულები თავადაც ინვესტორებს ეძებენ აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ზურაბ პატარაძესაც დაუსრულებელი დახვდა რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც თავად დააანონსა 2017 წელს, მისი წინა თავმჯდომარეობის დროს.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესმა საბჭომ 28 აპრილს დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა აჭარის მთავრობის შემადგენლობაც. მას არცერთი მინისტრი არ შეუცვლია.
30 აპრილს ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის – EBIT 2026-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ამ ორ თვეში ის რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურას ეწვია, მათ შორის იყო ბათუმის მერია და საკრებულო, ავიდა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. დანიშვნიდან 2 დღეში – 30 აპრილს კი ბათუმის ბულვარი მოინახულა, სადაც ნარდის მოთამაშეებს მიესალმა.







