სამი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანელი სამხედროების მიერ დაკავებულ სანქცირებულ ტანკერ Smyrtos-ზე.
“ბიბისის” ცნობით, 14 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ 6-საათიანი ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც დააკავეს კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი სანქცირებული ტანკერი Smyrtos, რომელიც მიჩნეულია, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერი.
“ბიბისი” ავრცელებს სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ გემზე დესანტი სამხედრო ვერტმფრენით გადასხეს.
“ბიბისის” ცნობით, დაკითხვის მიზნით დაკავებულია გემის კაპიტანი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.
დაკავებული ნავთობტანკერი, რომელზეც ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფება, ლა-მანშის სრუტის ნაპირზეა გაჩერებული.
ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, ამ ეტაპზე ტანკერზე რჩებიან.
ნავთობ ტანკერი Smyrtos [IMO:9389100] 2025 წლის ივლისში დაასანქცირეს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა გემმა სახელი, მანამდე ნავთობტანკერს Myrtos-ი ერქვა.
Smyrtos-ი [IMO:9389100] 2026 წლის 5 ივნისს გავიდა რუსეთიდან, სანქტ-პეტერბურგიდან.
ლა-მანშის სრუტეში ის 13 ივნისს შევიდა, 14 ივნისს კი დააკავეს.
დღეს, 15 ივნისს, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და დაწერა, რომ „სააგენტომ დაიწყო საკითხის შესწავლა თავისი კომპეტენციის ფარგლებში“.
„გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გემზე იმყოფება ეკიპაჟის 24 წევრი, რომელთაგანაც სამი საქართველოს მოქალაქეა.
ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ყველა მეზღვაური უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სააგენტოს მარეგულირებელი აქტები საკრუინგო კომპანიებს ავალდებულებს განახორციელონ მკაცრი სანქციური შემოწმება და კრძალავს მეზღვაურთა დასაქმებას იმ გემებზე ან გემთმფლობელებთან, რომლებიც ექვემდებარებიან გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან გაერთიანებული სამეფოს სანქციებს.
სააგენტომ გადაამოწმა საქართველოში მოქმედი და აღიარებული საკრუინგო და მეზღვაურთა დასაქმების კომპანიების მონაცემები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნული გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში.
შესაბამისად მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო აცხადებს, რომ აგრძელებს თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოს შესაბამის უწყებებთან და ყურადღებით აკვირდება მიმდინარე გამოძიების შედეგებს.






