ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.
„ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს.
მთავრობის სახლს აქვს ორი შესასვლელი. დღეს დილით მოვიდა ზურაბ პატარაძე, მანქანა გააჩერა, დაგვინახა რომ ჩვენ ვიყავით, არ ჩამოვიდა. წავიდა მანქანა მეორე მხარეს.
რადგან ვიცოდით, რომ მეორე შესასვლელიდან შეიძლება შესულიყო, ამიტომ დახვდნენ იქაც. რომ დაინახა იქაც ხალხი იყო, არ ჩამოვიდა მანქანიდან, მერე გადასვეს ეტყობა სხვა მანქანაში, რადგან მალევე სხვა მანქანა მოვიდა ჩაბურული მინებით და შევიდა პარკინგზე. სავარაუდოდ იმ მანქანაში ზურაბ პატარაძე იყო.
ასე მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ლომთაძემ, აქციის მონაწილემ.
სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი გვიხსნის, რატომ გადაწყვიტეს 18 მაისის დილას დახვედროდნენ სამსახურში მიმავალ ზურაბ პატარაძეს.
„გუშინ 17 მაისის მსვლელობა რომ იყო, მსვლელობის დროს მივედით პატარაძესთან. სხვათა შორის, არ გაგვჭირვებია მისვლა. მოგვისმინა და გვითხრა თქვენს გვერდით ვარო. დღეს ვიფიქრეთ, გუშინ რომ არ გაგვიჭირდა კომუნიკაცია, ალბათ დღესაც მიგვიღებს-თქო. ამიტომ მოვედით ადრე. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ.
უბრალოდ 4 თვით განმავლობაში უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით ყველა,” – ამბობს მზია ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან”.
სუვენირებით მოვაჭრეებმა ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა ვიდეოზე თავად გადაიღეს.
„ამ თემას ვადევნებ თვალყურს და ჩემი ამოცანაა, რომ რაღაცა კომპრომისი გამოიძებნოს და მოვნახოთ გამოსავალი. მუშა პროცესია, ოღონდ უნდა გამოვნახოთ კომპრომისი. ჩვენ მოვდივართ საუბარზე. თვითმმართველობა სრულად ჩართულია, მთავრობაც, რათა გამოინახოს კომპრომისი. თქვენც უნდა წამოგვყვეთ,” – უთხრა ზურაბ პატარაძემ სუვენირებით მოვაჭრეებს.
მზია ხიმშიაშვილის თქმით, სწორედ გუშინდელმა შეხვედრამ გაეჩინათ იმედი, რომ ვინმე მათ გასაჭირს მოისმენდა და შეხვდებოდა. ამიტომ დახვდნენ სამსახურში მისულ პატარაძეს, თუმცა ის მანქანიდან არ ჩამოვიდა.
ზურაბ ლომთაძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვისაც ბათუმის მერიამ ბათუმის ბულვარში სუვენირების გაყიდვა აუკრძალა და ჯიხურები წაართვა.
ბათუმში სუვენირებით და ხილით მოვაჭრე ათობით ადამიანი უმუშევარი 2026 წლის თებერვლიდან დარჩა – ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან, ასევე ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან აიღო.
თებერვლის შემდეგ მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს.
მათ შორის აქცია გამართეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შეკვეთილში.
თავდაპირველად მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ „ივანიშვილმა არ იცოდა მათი გასაჭირის შესახებ“, თუმცა ორი აქციის შემდეგ ფიქრობენ, რომ „მთავრობას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ ხალხის მიმართ“.
ქართული სუვენირებით და ხილით მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს ბათუმის მერიასთანაც. შეხვდნენ მერის წარმომადგენელს, თუმცა ის, რაც მათ მერიამ შესთავაზა, მიუღებელი აღმოჩნდა.
ზურაბ ლომთაძის თქმით, სავაჭრო ჯიხურების აღების შემდეგ უმუშევარი დარჩა დაახლოებით 30 ადამიანი. მისი თქმით, მერია მოვაჭრეებს მხოლოდ ათი ადგილის გამოყოფას ჰპირდება, ისიც ახალ ბულვარში.
„გვითხრეს, რომ სავაჭრო ჯიხური უნდა გავაკეთოთ თავად, რაც ჯდება 30 ათასი ლარი. ამასთან შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის.
ჯერ ხომ დაგვაქციე იმით, რომ 4 თვის წინ ჯიხურები აიღეს, ახლა ამხელა ხარჯი უნდა გაწიოო, გვეუბნებიან,“ – ამბობს ზურაბ ლომთაძე.
კიდევ ერთი სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადგილი, რომელსაც მერია სთავაზობს, მხოლოდ 2 თვე შეიძლება იყოს შედარებით დატვირთული.
„ვვაჭრობდით გოგებაშვილზე, მერიის მიერ შეთანხმებულ ჯიხურებში, ზამთარ-ზაფხულ გვქონდა მუშაობა. ახლა გვთავაზობენ ისეთ ადგილს, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ ორი თვე იყოს დატვირთული.
ასევე, ახალი ბულვარის ბოლო იცით როგორიცაა, წვიმასა და ქარში იქ მუშაობა გაჭირდება. ვითხოვთ პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას, რომ მუშაობის საშუალება მოგვეცეს,“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.
რატომ არ შეხვდა სამსახურში მისული ზურაბ პატარაძე სუვენირებით მოვაჭრეებს? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს.
„აღნიშნულ პირებს მთავრობის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა და მოისმინა მათი მოთხოვნები. სუვენირებით მოვაჭრეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.
ამავე თემაზე:
„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში






