ორი თვის წინ სარფის გამშვებ პუნქტზე, ქართულ მხარეს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამუშაოები ტარდება „სარფში“ და როდის უნდა დასრულდეს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალგამტარიან პუნქტზე სარემონტო სამუშაოები.
„საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს:
- შენობის დარბაზში, შესასვლელ გვირაბსა და გეითებში განხორციელდება ჭერის მოწყობის სამუშაოები და დამონტაჟდება ახალი სანათები
- შეიღებება დაზიანებული კედლები
- კოშკსა და შენობაზე შეიცვლება დაზიანებული ვიტრაჟები
- იცვლება საკანალიზაციო მილები; აღდგება სველი წერტილები
- ავტოპარკინგზე შეიცვლება ღობე და დაზიანებული ცხაურები“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან
ამ სამუშაოებში კი, ჯამში 778 ათას 884 ლარი დაიხარჯება.
სამსახურის ინფორმაციით, „ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები დაიწყო 2023 წლის 22 თებერვალს და უნდა დასრულდეს 210 კალენდარული დღის ვადაში.“
ეს ვადა 2023 წლის 20 სექტემბერს იწურება.
„კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, ჰყავს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ჩაფხუტები, ხელთათმანები და სხვა). ობიექტზე გამოყენებული ხარაჩო და სხვა დანადგარები შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
ასე გამოიყურებოდა გამშვები პუნქტი 6 მარტს: