ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

28.03.2026
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს.

მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან…“ — აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 18 მარტს მოაწერა.

ამავე განკარგულებით, „ამბასადორი“ ვალდებულია მოპოვებული რესურსი მხოლოდ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის გამოიყენოს. ამასთან, ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 392 791 ლარი უნდა გადაიხადოს.

მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, კომპანიამ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამოღებული რესურსის ზუსტი ოდენობის შესახებ. პირობების შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან არაერთხელ გათავისუფლდა. კომპანია მასალებს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ჭოროხის კალაპოტში მოიპოვებს. თავად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მშენებლობის პროცესში კომპანიის მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზეც წერს.

ვრცლად: 41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის ამოღება მშენებლობისთვის დაუშვებელია და ეს მასალა სრულად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და პლაჟის ხელოვნური კვებისთვის, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი. ამ მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება.

სახელმწიფო სტრუქტურებში აღიარებენ, რომ ბათუმის სანაპიროს ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია, თუმცა ამ სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

ვრცლად: 7,7 მილიონი ბათუმისა და ქობულეთის პლაჟების დროებით შესანარჩუნებლად – დაუცველი სანაპირო

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში ბეტონის ქარხანასაც აშენებს, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ვრცლად ამ თემაზე:

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: