დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ნავთობტანკერი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც 2026 წლის იანვარში ყულევის პორტში იმყოფებოდა.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR [IMO: 9291262], რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები,“ – ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
სანქციების პაკეტში სულ 27 ტანკერი მოხვდა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პოსტში კი ხაზგასმულია ნავთობტანკერ SILVAR-ის სანქცირება, რომელიც იანვარში ყულევში იმყოფებოდა.
SILVAR [IMO: 9291262] საქართველოს ნავსადგურში შემოსვლამდე სანქცირებული იყო უკრაინის მიერ, 2025 წლის 13 დეკემბერს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნავთობტანკერი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიოდა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა პორტალ „აი, ფაქტის“ გამოძიების მიხედვით, რომელიც ღია მონაცემთა წყაროებს დაეყრდნო, SILVAR-მა, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კი ნავთობტანკერის სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის დაფიქსირდება. მანამდე, მონაცემები უცნობი იყო, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა.
„აი, ფაქტის“ ცნობით, ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით – გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა).
„აი, ფაქტის“ გამოძიების შემდეგ, 2026 წლის 6 თებერვალს, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელიც წერდა, რომ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი)“.
ნავთობტანკერი 2026 წლის 6 თებერვლის მონაცემებით, მხოლოდ უკრაინის მიერ იყო სანქცირებული.
თუმცა არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტანკერი, რომელიც უკრაინის მიერ სანქცირდება და მიიჩნევა როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, შემდგომში აუცილებლად ხვდება ევროკავშირის, აშშ-ს ან დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ.






