მთავარი,სიახლეები

ახალ ბულვარში პლაჟი აღარაა, რა ელის ბათუმის სანაპიროს? – ინტერვიუ პროფესორთან

17.06.2026
ახალ ბულვარში პლაჟი აღარაა, რა ელის ბათუმის სანაპიროს? – ინტერვიუ პროფესორთან

„თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება… მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო,“ – ამბობს გეომორფოლოგი ზურაბ ჯანელიძე, მას ბათუმის სანაპიროს პრობლემაზე ვესაუბრეთ: ბათუმის ახალ ბულვარში, ვრცელ მონაკვეთზე პლაჟი აღარ დაგხვდებათ.

ბათუმში სანაპირო ზოლს პერიოდულად ამაგრებენ ინერტული მასალით, თუმცა წელს ტენდერი შეწყდა. „ოცნების“ მთავრობის არგუმენტით, მდინარე ჭოროხში ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ვერ იპოვეს.

რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს პლაჟის დაკარგვის პროცესი? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გეომორფოლოგთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ ჯანელიძესთან.

  • ბატონო ზურაბ, ამ ზაფხულს ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში დამსვენებელს პლაჟი აღარ დახვდება. ტენდერის შეწყვეტის ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერეს, ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდაო. რას ნიშნავს ეს ამბავი? 

ბათუმში სანაპირო ხაზი ირეცხება და ეს დიდი ხნის პრობლემაა. ბათუმის სამხრეთ ნაწილი არ ირეცხება მხოლოდ: გონიო, კვარიათი, სარფი. ამას გეომორფოლოგიური თავისებურება აქვს და ეს ბუნებრივად, ნაპირგასწვრივ დინებებზეა დამოკიდებული, ასევე მდინარეების შემოტანაზე. რეალურად, გაგრიდან მოყოლებული ბათუმის ჩათვლით, მეტ-ნაკლებად მთელი სანაპირო ხაზი ირეცხება. სამწუხაროდ, ეს ასეა.

ე.წ. წონასწორობის პროფილი დაირღვა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში: ქობულეთი ინტენსიურად ირეცხებოდა, დღეს ქობულეთი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ახლა მწვავე მონაკვეთია ადლია-ანგისა.

სანაპირო ხაზზე გარკვეული პერიოდულობით საჭიროა ინერტული მასალის განთავსება, რომ ტალღურმა რეჟიმმა შემდეგ ეს სანაპირო ხაზი კვებოს. მექანიზმი ასეთია: ინერტული მასალა განთავსდება სანაპირო ზონაში, სადაც ზვირთცემის არეალია. შემდეგ ტალღები ამ ინერტულ მასალას მიმოაბნევს და ამაგრებს პლაჟს.

საჭირო არ არის ყოველწლიურად ამ ინერტული მასალის სანაპიროზე შეტანა, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ამის გაკეთება აუცილებელია.

არ ვიცი დეტალურად, წელს რა როგორ მოხდა, რომ უფრო მეტი გითხრათ.

შემიძლია გითხრათ ის, რომ ახალი ბულვარის ეს მონაკვეთია ყველაზე მოწყვლადია. ამ მონაკვეთში ყველაზე ინტენსიურად ირეცხება სანაპირო ზოლი. ეს არის აეროპორტის დასახლება, ადლია-ანგისის ტერიტორია. 50-70 წლის წინაც იყო ეს პრობლემა. ბათუმის სანაპიროზე, ასე ვთქვათ, ყველაზე ფაქიზი ადგილი ეს არის.

  • არის ეს დაკავშირებული მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალის მასობრივად ამოღებასთან? არსებობს მოსაზრება, რომ ბუნებრივად არის შესაძლებელი ბალანსის შექმნა. 

ბუნებრივად დაბალანსება გამოიმუშავებს ე.წ. წონასწორობის პროფილს. წონასწორობის პროფილი რომ გამოიმუშაო, თანამედროვე სანაპირო ხაზიდან ალბათ უნდა გაირეცხოს და შევიდეს ზღვა 150-200 მეტრით მაინც. ზოგადად კარგია, რომ ბუნებრივი პროფილი განვითარდეს, მაგრამ ეს განვითარდება მოხდება ბულვარის ხარჯზე. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის არის შესატანი ინერტული მასალა სანაპიროზე.

კაშხლების აშენებამდე ჭოროხს ჩამოჰქონდა ინერტული მასალის 80%-ზე მეტი, რაც სანაპიროზე რჩებოდა, მაგრამ კაშხლების აშენებამ თურქეთში გადაკეტა ინერტული მასალის შემოდინება.

ბათუმის ახალი ბულვარი

რაც შეეხება ინერტული მასალის სანაპიროზე შემოტანას – რეალურად დღეს კარიერების პოვნა დიდი პრობლემაა. კარიერი რას ნიშნავს: ინერტული მასალა უნდა ამოიღო და ბუნებრივი გარემო უნდა მოიშალოს.

ამ დროს პლაჟი უნდა გამყარდეს მდინარის ჩამოტანილი მასალით – სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს უნდა იყოს ბუნებრივად დამუშავებული მასალა. მოგეხსენებათ, არის ლოდნარი, ლოდები, ხრეში, ქვიშა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სჭირდება გათვლა – ნებისმიერი ადგილიდან მასალის წამოღება და მერე სანაპიროზე განთავსება, არ იქნება ეფექტური. ინერტულ მასალას შესაბამისი ფრაქციულობა უნდა ჰქონდეს. ეს საკმაოდ რთული საკითხია.

  • მაგრამ იგივე მდინარე ჭოროხიდან იღებენ მასობრივად ინერტულ მასალას, მათ შორის, ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად. ამ დროს დამაჯერებელია არგუმენტი: სანაპიროს გასამყარებლად ხრეში ვეღარ ვიპოვეო? 

ვერ გეტყვით. მე ვიცი ის, რომ არსებობს კარიერების სერიოზული პრობლემა და როგორც უკვე აღვნიშნე, ფრაქციულობა არის შესარჩევი. მაგალითად, მანდ რომ ქვიშა და სილა დაიყაროს, ეს ნაპირს ვერ გაამაგრებს. დააკვირდით, ბათუმში რიყნარი პლაჟია, ქობულეთიდან კი, თანდათან ქვიშიანი პლაჟი იწყება, ფოთთან, გრიგოლეთთან უკვე ქვიშიანი პლაჟია. ამას თავისი სპეციფიკა აქვს. ქვიშა რომ დაიყაროს სანაპიროზე, ეს ქვიშა ბათუმის კრიტიკულ მონაკვეთს ვერ უშველის, რადგან სხვა ფრაქციაა.

ხელოვნური კუნძულისთვის კი, რა მასალას ყრიან, არ ვიცი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

  • რომ ამოიღონ ინერტული მასალა და შესაბამისად დამუშავდეს? 

ასე არ ხდება. ბუნებრივი მასალაა საჭირო. ფრაქცია ნიშნავს ინერტული მასალის გრანულომეტრიულ სისქეს. მაგალითად, ფოთთან სხვა ფრაქციულობაა საჭირო, ქობულეთთან – სხვა.

  • თქვენი აზრით, რეალურია არგუმენტი: ჭოროხის კალაპოტში შესაბამისი მასალა ვერ ვიპოვეთო? 

ჭოროხის კალაპოტი დიდი ხანია მუშავდება, ფაქტობრივად, ამოწურულია. ვიცი, რომ ეძებენ მასალას სხვა მდინარეებზე: სუფსაზე, რიონზე.

ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება ასე მკაფიოდ, პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ არის ინერტული მასალის მოპოვების საშუალება, მაგრამ ძალიან ძვირია ტრანსპორტირება. ცხადია, აქ საუბარი არ არის ერთ და ორ ვაგონზე.

  • რა მასშტაბისაა პლაჟის გაქრობის საფრთხე, თუ ინერტული მასალა სანაპიროზე არ შეიტანეს? 

თუ არ შეიტანეს ინერტული მასალა სანაპიროზე და პლაჟი ხელოვნურად არ გაამაგრეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ხაზი გაირეცხება.

იმედს ვიტოვებ, შესაბამის სამსახურებში, მათ შორის, გარემოს სააგენტოში ამ პრობლემის შესახებ კარგად იციან. იმედს ვიტოვებ, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

  • თუ არ შეიტანეს დროულად ინერტული მასალები სანაპიროზე, შეიძლება ბათუმი პლაჟის გარეშე დარჩეს? 

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში წაირეცხება, კი ბატონო.

მაგალითად, ადლია-ანგისის მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ადგილია, შეიძლება, 5-7 წელიწადში ბეტონის ბორდიურებამდეც კი წაირეცხოს სანაპირო.

როცა ბათუმში 5-6 ბალიანი შტორმებია, ხედავთ, ეს როგორ ურტყამს სანაპიროს. შესაბამისად, შტორმული ღელვები სანაპიროს წარეცხავს.

  • რას აჩვენებს ბოლო ტენდენციები: რა სახის პოლიტიკა სჭირდება სანაპირო ზოლს? 

ეს მეთოდი – მყარი მასალის პლაჟებზე განთავსების – ქართული ნოუ-ჰაუა. საბჭოთა პერიოდში, 80-იან წლებში საქართველოში არსებობდა ნაპირდაცვა, ეს იყო სამეცნიერო-პრაქტიკული სამსახური. მაშინ ეს მეთოდი დაინერგა უკრაინაში, რუსეთში, კუბაში, რუმინეთში, ბულგარეთში.

მაშინაც მწვავედ იდგა სანაპიროს გამაგრების პრობლემა. გასული საუკუნის 60-იან წლებში აღარ იყო ქობულეთის სანაპირო, ადლია-ანგისის ძველი უბნები ახლა საერთოდ აღარ არსებობს – წყალშია. მაშინ დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება და გაამართლა: ადლია-ანგისაზე 50-დან 100 მეტრამდე სიგანის პლაჟებიც კი გაჩნდა.

შემდეგ იყო მძიმე 90-იანები, როცა სანაპიროს ვერ იცავდნენ, 2000-იანი წლებიდან კი, ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პერიოდულად ნაპირების გამაგრება. დღეს რომ ნაპირებია ქობულეთში, ეს პროცესი ზუსტად 2000-იან წლებში დაიწყო. ასე რომ,  ნაპირის დაცვა პერმანენტულად ყოველთვის ხორციელდებოდა და ხორციელდება.

დღეს უკვე პრობლემაა იმ მასალის მოძიება, რომლითაც უნდა შეივსოს ეს პლაჟები.

  • იმიტომ, რომ მდინარეებიდან ამოღებულ მასალას აქტიურად იყენებენ მშენებლობებისთვის? 

ვერ გეტყვით, შეიძლება ასე იყოს, არ ვიცი.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სანაპიროს გამაგრებაზე ეფექტურად მუშაობს ინერტული მასალის ლოკალურად შეტანა – იქ, სადაც სუსტი წერტილებია. დღეს ჩანს, რომ ყველაზე სუსტი წერტილია ადლია-ანგისას მონაკვეთი. აქ აუცილებელია ინექცია, რომ პლაჟი გამაგრდეს და გადარჩეს.

ამ თემაზე:

ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: