განათლება,მთავარი,სიახლეები

სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

11.06.2026
სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა

„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე.

სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას.

ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მშობლების და მოსწავლეების გულის ტკივილი, ყურადღება მოგვაქციოს მან, ვისაც ევალება დასახელებული სკოლის რემონტის დროულად დასრულება“, –  ერთ-ერთმა მშობელმა ეს წლის დასაწყისში დაწერა ფეისბუქზე.

ის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაზე წერს, რომელიც რამდენიმე წელია რემონტდება. „ბათუმელები“ ამ სკოლის დირექტორს თებერვლის დასაწყისში ესაუბრა. მან გვითხრა, რომ სკოლაში პირველ მარტს განახლდებოდა სწავლა.

ასე არ მოხდა. აჭარის განათლების სამინისტროში ახლა გვითხრეს, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება.

ყველა არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხან 300 ახალი სკოლის აშენებას ჰპირდება მოსახლეობას, ხან 300-ზე მეტის, თუმცა აუშენებელი და დაუსრულებელი სკოლების პრობლემა თითქმის ყველა წელს დგას ქვეყანაში.

მაგალითად აჭარაში, ჯერ კიდევ 2021 წელს 10 ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრობდა ხელისუფლება. აქედან 4 ბათუმში უნდა აშენებულიყო.

2026 წელია და აჭარის მთავრობაში ისევ გვეუბნებიან, რომ 5 ახალ სკოლას აშენებენ. 3 სკოლას კი რეაბილიტაცია უტარდება.

იმ სკოლის რეაბილიტაცია, რომლის დაუსრულებლობაზეც მშობელი წუხდა, 2022 წელს დაიწყო და 2024-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ შეიცვალა და გადავადდა დასრულების ვადები.

მსგავს მდგომარეობაშია ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაც, სადაც ასევე პირველ მარტს უნდა გახსნილიყო სკოლის კარები, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არც ამ სკოლაში დასრულდა დროულად. დირექტორი ისევ ელის, რომ განახლებულ სკოლაში სწავლას სექტემბერში შეძლებენ. „მალე გადავალთ, მერხები გადამაქვს უკვე“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი. თუმცა ასეთივე კომენტარი გააკეთა მან „ბათუმელებთან“ მარტის დასაწყისში.

შიდა მიგრაციის გამო დიდ ქალაქებში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსწავლეების ნაკადიც სკოლებში. არსებული ინფრასტრუქტურა კი ვერ პასუხობს მოთხოვნებს.

ქალაქის ცენტრალურ სკოლებში 1500-2000-მდე მოსწავლე სწავლობს, რაც იწვევს კლასების გადატვირთვას და თავისუფალი სივრცეების გაქრობას.

დაუსრულებელი მშენებლობების გამო კი სკოლების სხვა სკოლებში შეხიზვნა, ასევე იწვევს სკოლების გადატვირთვას და როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც სტრესულ გარემოში იმყოფებიან.

გაჩნდა ახალი პრობლემა, უკვე ტენდენციად იქცა ძველი სკოლების ეზოების ათვისება და იქ სკოლის ფლიგელების ჩადგმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის თავისუფალი სივრცეები კიდევ უფრო შემცირდა. 

მაგალითად, ეზოების ხარჯზე ჩადგეს დამატებითი კორპუსები ბათუმის პირველ, მე-2, მე-3, მე-6, მე-14 და მე-18 საჯარო სკოლებში. მე-14 და მე-18 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსები ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია.

დაუსრულებელია 31-ე საჯარო სკოლის მშენებლობაც. ხელშეკრულების მიხედვით, სკოლის მშენებლობა მომავალს წელს უნდა დასრულდეს.

სად და რამდენი სკოლა უნდა აშენებულიყო ქვეყნის მასშტაბით და აშენდა თუ ვერა, ამაზე საქართველოს განათლების სამინისტრო ღიად არ საუბრობს. არც კონკრეტული მონაცემები უდევთ საჯაროდ, რომ ამით ვიხელმძღვანელოთ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ თბილისში მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლების დაუსრულებელი მშენებლობების გამო რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს.

ასე იყო მაგალითად წელს, როცა თბილისის მე-14 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დროულად აღდგენის მოთხოვნით გამართეს აქცია. მათი სკოლა 4 წლის წინ უნდა აშენებულიყო, თუმცა დღეს, როგორც მშობლები და მოსწავლეები აცხადებენ, სკოლის ადგილი ნაგავსაყრელად არის ქცეული. ბავშვები კი სხვადასხვა სკოლაში არიან შეხიზნულები.

„კორპუსს თუ აპროექტებენ 2 წელიწადში, ფუნდამენტიდან იწყებენ და აშენებენ 25 სართულს, 3-სართულიანი სკოლა რა გახდა, რომ ვერ აშენდა 4 წელიწადში?!“ – ამბობდნენ მშობლები საპროტესტო აქციაზე.

მსგავსი მოთხოვნით გაიმართა მშობლების საპროტესტო აქცია 2025 წელსაც, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში, დადიანის ქუჩაზე მოითხოვდნენ დანგრეული სკოლის აღდგენას.

„რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს მეოთხე საჯარო სკოლა და მას მერე იქ ისევ მინდორია. მშობლებს კი ბავშვების ტარება სახლიდან შორს, სხვა უბნის სკოლებში უწევთ.

ძალიან დაღლილები ვართ, აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი სკოლა“, – ამბობდა ერთ-ერთი მშობელი აქციაზე.

აუშენებელ სკოლებზე წუხან რეგიონებშიც. მაგალითად 22 აპრილს, „ქართლის ამბები“ წერდა, რომ სოფელ მოხისში მეოთხე წელია, რაც სკოლა დაკეტილია და 100-ზე მეტი ბავშვი მეზობელ სოფელში დადის. „2 საათზე მიდიან და საღამოს 7 საათზე ბრუნდებიან. დაიღალნენ ბავშვები, სწავლა შესჯავრდათ“, – ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

რატომ არ ან ვერ შენდება სკოლები დროულად და საჭირო რაოდენობით საქართველოში და რა განაპირობებს ამას? – ხელისუფლების გულგრილობა, თუ კორუფცია და როგორ აისახება ხიზნობა და სივრცეების ნაკლებობა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რა პრობლემებს აჩენს ეს.

დაუსრულებელი სკოლები და, შესაბამისად, კლასებში სიმჭიდროვე, რამდენად იწვევს დაღლილობასა და სტრესს ბავშვებში? – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორის, ეკატერინე სლოვინსკის შეფასებით, გავლენა მრავალმხრივი და უარყოფითია.

ეკატერინე სლოვინსკი, ილიაუნის პროფესორი.

პროფესორის შეფასებით, როდესაც მოსწავლე სკოლაში მიდის, მას უნდა ჰქონდეს იქ გარკვეული სივრცე, რადგან სკოლა არის ფიქრის, ურთიერთობის, კომუნიკაციის ადგილი, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს.

„თქვენ რომ მიხვიდეთ ისეთ სკოლებში, სადაც ორი ან მეტი ცვლაა, კლასში დაგხვდებათ ცარიელი კედლები. ანუ არაფერი ნიშანი არ არის იმის, რომ ამ სივრცეს მოსწავლისთვის რაღაც პერსონალური დატვირთვა აქვს. არ არის კლასში არაფერი – არც კუთხე, არც ბავშვის ნახატი, არც სხვა რაიმე, რაც კლასთან ასოცირებადი რაიმე სახის თვალსაჩინოებაა.

ეს არის გაუცხოებული გარემო. აქ შედის ორი განსხვავებული კლასი და არც პირველი ცვლის მასწავლებლები და არც მეორე ცვლის მასწავლებლები ამ საკლასო სივრცეში საერთოდ არაფერს ტოვებენ, რაც შეიძლება დაეხმაროს მოსწავლეს იმაში, რომ კუთვნილების განცდა გაუჩნდეს ამ სივრცის მიმართ.

გეგონება მეტროს რომელიღაც სადგურია, სადაც ვიღაცები გადიან და გამოდიან და არანაირი კუთვნილება ამ სივრცის მიმართ მოსწავლეს არ გაუჩნდება. ეს წარმოუდგენელია და, რა თქმა უნდა, აზიანებს სასწავლო პროცესს. მე ნამყოფი ვარ ასეთ კლასში“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

მისი შეფასებით, როცა მოსწავლე ორ-სამცვლიან სკოლაში დადის, ეს ნიშნავს, რომსახელმწიფო ჰპარავს მოსწავლეებს იმ დროს, რაც მათ ეკუთვნით იმისათვის, რომ ისწავლონ სკოლაში“.

რას ნიშნავს ეს? – როგორც ეკატერინე სლოვინსკი ამბობს, სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველ კლასში გაკვეთილები უნდა იყოს 35-წუთიანი, მეორეში 40 და შემდგომ კლასებში, 45-წუთიანი.

„ოღონდ ეს 35-წუთიანი გაკვეთილი იმას კი არ ნიშნავს, რომ ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ უცებ მეორე გაკვეთილი დაიწყოს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო ერთმანეთთან კომუნიკაციის, თამაშის, რაღაც რომ შექმნან ერთად და გარკვეული სოციალური უნარები გამოუმუშავდეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

როცა კონვეიერულად არის მიწყობილი გაკვეთილები ხუთ-ხუთწუთიანი შესვენებებით, ეს არ არის სკოლის სწორი მართვა. ამას თუ ერთვის მეორე სმენის შემოსვლა სკოლაში, წარმოგიდგენიათ ეს რა არის? „გამარჯობის” თქმას ვერ ასწრებს მასწავლებელი და გაკვეთილი დასრულებულია.

დავინტერესდი და ევროკავშირის ქვეყნების სავალდებულო სწავლების საათების რაოდენობა ვნახე. ევროკავშირში სავალდებულო საათების რაოდენობა არის საშუალოდ 7 868 საათი. საქართველოში 10 წლიანი სავალდებულო განათლების შემთხვევაში, ეს იყო 7 601 საათი.

9-წლიან სავალდებულო სწავლებაზე რაც გადავედით, ეს იქნება 6 750 საათი. ოღონდ თუ ერთ ცვლაში ისწავლიან ბავშვები და ექნებათ 45-წუთიანი გაკვეთილები.

ხედავთ რამხელა განსხვავებაა? ამ მარტივი კალკულაციითაც კი ჩანს, რომ სკოლა ვერ ახერხებს სათანადო სივრცის, გარემოს, დროით უზრუნველყოფას ჩვენი მოსწავლეებისთვის“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ე.წ რეფორმა სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდის მიზნით წამოიწყო. რამდენად შესაძლებელია მსგავს პირობებში განათლების ხარისხის ამაღლება? – ვეკითხებით ეკატერინე სლოვინსკის.

„ჩვენთან ასეთი მიდგომაა, რადგან ხარისხიან განათლებას ვერ უზრუნველვყოფთ, ამიტომ იყოს ნაკლები. [სკოლები გახადეს 11-წლიანი]. არ საუბრობენ იმაზე, რომ კარგი სკოლები ააშენონ, ინფრასტრუქტურა გამართონ, სივრცეები შეუქმნან ბავშვებს.

არის უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, ვისთვისაც კვების უზრუნველყოფა სკოლაში იქნება იმის წინაპირობა, რომ მათ სწავლის შედეგები გაიუმჯობესონ. ამაზე არავინ ფიქრობს.

ასე იქმნება სტრესული, ძალადობრივი გარემო, სადაც ბავშვი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. არ არის ემოციური სიმშვიდე, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე და არა მარტო ამაზე. ამას გრძელვადიანი შედეგები აქვს შემდეგ.

რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს საბაზისო მოთხოვნებია და არ სჭირდება დიდი ჩაღრმავება და კვლევა იმას, რაც ხელის გულზე დევს, რომ აუცილებელია სკოლაში იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, კვება, გათბობა, მშვიდი გარემო, სწავლის კარგი მეთოდიკა, სახელმძღვანელოები. ჩვენ შემთხვევაში კი ალოგიკურად მიდის ყველაფერი.

როცა სახელმწიფო იძახის, ვთქვათ, რომ სპორტი არის პრიორიტეტი, მაშინ მოსწავლეებს სკოლაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სპორტის კარგი აქტივობებით დაკავდნენ. კვირაში სამი საათი უნდა ჰქონდეთ სპორტის გაკვეთილები და 1500-2000 მოსწავლე რომ სწავლობს სკოლაში, იქ ფიზიკურად ვერ დაატევ ამდენ ბავშვს სპორტულ დარბაზში.

არ სჭირდება ამას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა, რომ ბავშვებს მეტი სივრცეები სჭირდებათ განვითარებისთვის.

ურბანულ გარემოში კატასტროფა ხდება. რამდენიმე სკოლა ვიცი ჩემ გარშემო, არცერთს აღარ დარჩა სპორტული მოედანი. ყველგან საცხოვრებელი კორპუსი ჩაიდგა. მზის სხივები აღარ შემოდის კლასში. რაღაც გეტოსავით გახდა თბილისი და როგორც ვიცი, ბათუმშიც იგივე პრობლემებია.

გვინახავს ევროპაში სკოლები, რამხელა სივრცეები აქვთ, რამხელა ეზოები, ერთ მოსწავლეზე რამხელა ფართობია გამოყოფილი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იგრძნოს თავი. და მეორე, მასწავლებლებსაც აღარ რჩებათ სივრცე, რომ ადამიანურად დასხდნენ და იმუშაონ, იფიქრონ, მოამზადონ მომდევნო დღისთვის მასალები, გაკვეთილები ან რაღაც კლუბური სამუშაო გააკეთონ. ამ გადარბენა გადმორბენაში უნდა მოასწრონ ყველაფერი – ჯერ ერთ სივრცეში შევარდნენ, მერე მეორეში, რაც ყოვლად გაუმართლებელია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

მისი თქმით, ამ გარემოებების გამო ბავშვის ცხოვრება გახდა სტრესული, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და სწავლის ხარისხზეც.

„თუ ეს ყველაფერი კორუფციის შედეგია, თავად უნდა გამოიძიონ და მიიღონ ზომები, რადგან დრო გადის და თაობები კარგავენ წლებს, რაც ძალიან დასანანია“, – ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

________________

მთავარი ფოტო: ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობა/ფოტო: „ბათუმელები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: