კვირის ამბები

„თამარის ხიდები“ აჭარაში

02.03.2015 • 25348
„თამარის ხიდები“ აჭარაში

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და კირით ნაშენმა კამაროვანმა ხიდებმა დროს გაუძლო.

ქვის თაღოვანი ხიდები მთელს აჭარაშია მიმოფანტული და გადებულია მდინარეებზე: კინტრიში, ჭოროხი, აჭარისწყალი და მაჭახლისწყალი.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში

აჭარის რეგიონში ჯამში სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია აღმოჩენილი, აქედან რამდენიმე დანგრეულია. აჭარაში დღეს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში ასეთ ხიდებს თამარის ხიდებს ეძახიან.

ლეგენდების თანახმად ხიდები თამარ მეფეს აუშენებია. თუმცა მკვლევარები ასე არ მიიჩნევენ. ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლები იბერიელი და მესხი ხუროთმოძღვრები უნდა ყოფილიყვნენ. მეცნიერ შალვა ვარშანიძის აზრით, რომელმაც ვრცელი კვლევა მიუძღვნა აჭარაში გზებისა და ხიდების მშენებლობის საკითხს, ხიდები დაახლოებით მეოთხე-მეხუთე საუკუნისაა. იმ პერიოდში აჭარა, სამცხესთან ერთად, ქართლის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. ზოგიერთი ხიდი აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით, მეშვიდე-მერვე საუკუნეებში.

აჭარის შიდა და გარე ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზები ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში.  ამიერკავკასიის ხალხთა ძველი გზებისა და ხიდების მკვლევარი ნადეჟინი წერს, რომ ქართველებმა ადრეულ საუკუნეებში იპოვეს ფორმა კამარებისა, რომელმაც საშუალება მისცა მათ ხიდები ეშენებინათ ძვირადღირებული სოლისებრი ფილების გამოუყენებლად, მათი ზედაპირის დაუმუშავებლად, თითქმის გაუთლელი ქვებისგან.

აი, როგორ აღწერს ის სოფელ მახუნცეთში მდებარე ქვის თაღოვან ხიდს.

„ხიდი ქვის ფილებისაგან არის. კირის დუღაბზე კამარის მალი – 17,5 მ. აქ გაოცებას იწვევს ის გაბედულება, რომლითაც მდინარეზე გადატყორცნილია ამგვარი თხელი და დამრეცი კამარა. იგი თითქოს „ჰკიდია“ წყალზე“, – წერს ინჟინერი ბ. ნადეჟინი.

თაღოვანი ხიდი მახუნცეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ქვისთაღოვანი ხიდების აგების ეპოქად IV-VII საუკუნეებია მიჩნეული. ადრეფეოდალური იბერიაში მაღალი სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე იყო. მკვლევარ შალვა ვარშანიძის აზრით, მაშინდელი იბერია ახლოს იდგა ევროპულ ფეოდალიზმთან.

„მთელს ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში აჭარა ისტორიულ ერთობაშია ქართულ მეზობელ მხარეებთან, რამაც განაპირობა მატერიალური კულტურულისა და არქიტექტურის ერთიანი სტილი. მათ შორის ერთნაირი კონსტრუქციის ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობა“, – წერს ვარშანიძე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებაც. XIII-XIV საუკუნეების საქართველოში, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებით დასუსტებული იყო, არ შეეძლოთ ხიდების ინტენსიური მშენებლობა. ქვის თაღოვანი ხიდები გარდა აჭარისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც არის წარმოდგენილი. არქიტექტურული სტილი ყველგან იდენტურია. ეს ფაქტორი მკვლევარებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხიდები ერთი ხელისუფლების დროსაა აგებული.

ცნობილი მკვლევარი და მოგზაური თედო სახოკია ხიდების ამშენებლებად ვენეციელებსა და გენუელებს მიიჩნევს. ამის დასამტკიცებლად კი აფხაზეთში მდებარე მსგავსი არქიტექტურით ნაშენი ხიდის ეტიმოლოგია მოჰყავს. „სწორედ ამ გეგმის ხიდი სოხუმთან ახლოსაც არის და სახელად „ვენეციელთა ხიდს“ უწოდებენ,“ – წერს სახოკია.

კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ხიდები ბიზანტიელებს აუგიათ. ამ 15 საუკუნის წინ შავი ზღვის ჩრდილოეთიდან პეტრა-ციხისძირის გავლით სამხრეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზა გადიოდა.

ციხისძირზე გამოვლით ბათუმისკენ წამოსული ქარავნებისათვის ბიზანტიელებს უძებნიათ ჭოროხზე მისასვლელი უმოკლესი გზა ბათუმის გვერდის ავლით, ისე რომ შეემცირებინათ ბაჟი და შესაძლო თავდასხმის საფრთხეც. მოუნახავთ კიდეც ახალშენიდან გადასასვლელი გზა სოფელ ხეყრუს გავლით, რომელიც ერგეში ჩადიოდა.  ეს გზა ბევრად ამცირებდა მანძილს და საბაჟო გადასახადსაც.  ერგედან სავაჭრო საქონლით დატვირთულ ქარავანს შეეძლო ჭოროხის მარჯვენა ნაპირს აჰყოლოდა აჭარის ხეობისკენ. ხოლო ერგეს ქვემოთ ჭოროხზე გადასულ ქარავანს მდინარის მარცხენა ნაპირით ახლანდელ ჭარნალ-თხილნარისა და მახოს მიდამოების გავლით შეეძლო სოფელ სიმონეთში ასვლა და იქიდან მაჭახლის ხეობის გავლით ართვინში გადასვლა. ხეყრუსა და მახოში მდინარეებზე დღემდე დგას ქვის თაღიანი ხიდები. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რა მიზეზითაც შეიძლება ეს ხიდები აშენებულიყო 15 საუკუნის წინ.

ქვის თაღოვან ხიდებს შორის ყველაზე განიერი დანდალოს, ერგესა და მახოს ხიდებია, რომელთა სიფართე საშუალოდ სამი მეტრია. ყველაზე ვიწრო წონიარისისა (1,1 მ) და ქოქოლეთის (0,7 მ) ქვის თაღოვანი ხიდებია.

თაღოვანი ხიდი დანდალოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ქვის თაღოვანი ხიდები ხალხის მეხსიერებაში

აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალმა თანამგზავრს რომ ჰკითხო, თუ ვისი აგებულია ქვის ხიდები ჭოროხსა და აჭარისწყალზე, დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ თამარ მეფის. ლეგენდის თანახმად, მახუნცეთის, დანდალოსა და ფურტიოს ხიდები თამარს ერთდროულად აუშენებია. ხიხანის ციხიდან დანდალომდე თამარ მეფეს ხალხი ჰყავდა ჩამწკრივებული და ისე აწვდიდნენ საჭირო მასალას ხიდის ასაშენებლადო.

იმავე ლეგენდის თანახმად, თამარი ხშირად დადიოდა თურმე სხალთის ტაძრის მოსალოცად. მეფეს პატარა ჯორი ჰყოლია და იმით გადაადგილდებოდა. ფურტიოს ხიდს რომ მიადგებოდა თურმე, ჯორიდან ჩამოვიდოდა და ფეხით გადაივლიდა ხიდს. ხალხის სიყვარული თამარ მეფისადმი იმდენად დიდი იყო, რასაც კი მეფე შეეხებოდა, ყველაფერს მის სახელს არქმევდნენ. ამის კიდევ ერთი მაგალითია ლეგენდა დედოფლის წყაროზე.

„დედოფლის წყარო“ ფურტიოში, სხალთისკენ მიმავალ გზაზეა. თქმულების თანახმად, სხალთაში მიმავალ მეფეს თუკი გზად დაუღამდებოდა, ღამეს ფურტიოში ათევდა. ერთხელაც ერთ შეძლებულ გლეხს, ვინმე სიმონას სწვევია. გლეხი სიხარულისგან გაგიჟებულა, დედოფალი მეწვიაო. დატრიალებულა და დედოფლისთვის სუფრა გაუშლია. ღვინო იქვე, სახლთან ახლოს მდებარე წყაროში ჩაუციებია. თამარ მეფეს ცივი ღვინო რომ დაულევია, დაინტერესებულა, თუ სად იყო ასეთი ცივი წყარო. გლეხს უჩვენებია. მას შემდეგ თურმე მეფე ისე არ გაივლიდა ფურტიოში, იმ წყაროზე წყალი რომ არ დაელია. ხალხმა კი ამის გამო წყაროს „დედოფლის წყარო“ დაარქვა.

საერთოდაც, ზემო აჭარაში თამარ მეფეს მიაწერენ ყველა კარგ საქმეს, ყველა თაღოვან ხიდს და ყველა მკვიდრად ნაგებ ციხეს. აქ ძნელად იპოვით სოფელს, სადაც ერთი ადგილი მაინც არ უკავშირდებოდეს თამარის სახელს. თქმულებების მიხედვით, თუ სოფლის წყაროს „თამარის წყარო“ ჰქვია – ე.ი. იქ რვა საუკუნის წინ თამარმა გამოიარა და წყალი დალია. თუ სადმე გაშლილი ველია და მას „თამარის ჭალა“ ჰქვია – ე.ი. იქ თამარ მეფემ დაისვენა თავის ჯართან ერთად, ხოლო თუ სადმე გორას  „თამარის გორი“ ჰქვია, თქმულების მიხედვით იმ გორზე თამარის ჯარისკაცებს ტალახით დასვრილი ფეხები გაუწმენდიათ და შედეგად გორა გაჩენილა. თუ ზემო აჭარისკენ მიმავალი, სხალთის ხეობისკენ გადაუხვევთ, ფურტიოს გზაზე ერთი სერია. სერს „ვარცხლას“ ეძახიან. გადმოცემის თანახმად, ადრე იქ თამარ მეფეს ვერცხლის მადანი ჰქონია და რაც კი ვერცხლი სჭირდებოდა, სულ აჭარიდან მიჰქონდა.

თუმცა, ისტორიამ, გარდა თამარისა, ქვის თაღოვან ხიდთა ამგებთა სხვა სახელებიც შემოგვინახა. მართალია, ამ ვერსიებს მკვლევარები ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენ მაინც გიამბობთ. მაგალითად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ქობულეთში, სოფელ ცხემვანის ხიდი მდინარე კინტრიშზე ადგილობრივ ფეოდალ თამაზაშვილს აუგია მე-9 საუკუნეში. თაღოვანი ხიდი, რომელიც სოფელ ჭვანაშია, სოფელ ჭალიდან ჩანჩხალოში გათხოვილ ქალს აუგია, გვარად სურმანიძეს ოსმალთა ბატონობის ხანაში. ხოლო სოფელ ქოქოლეთის ჩამახისურის ხიდი ჩიქუნეთელ თანთო ახმედ-აღა ხინკილაძეს აუგია მე-18 საუკუნეში.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: