ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა.
საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის მშენებლობის დაწყებას ვერც ბიუჯეტის მეორე კვარტლის შეჯამებამდე მოახერხებს.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, სწორედ ამ პროექტს – ფრიდონ ხალვაშის #188-ში დაგეგმილ მშენებლობას იშველიებდნენ მერიაში, როცა აცხადებდნენ, გვაბრალებენ თითქოს ბაღების მშენებლობას აღარ ვგეგმავთო. ამ ბაღს ასახელებდნენ საკრებულოს წევრებიც, როცა სხდომაზე მერიას იცავდნენ. მაშინ საკრებულოს წევრები ერთხმად ამბობდნენ – „ბაღებს არ აშენებენო და თურმე ბაღებს ვაშენებთ.“
2024 წლის ბოლოს დასამტკიცებლად მომზადებული 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ ბათუმში არსებული ბაღები მოთხოვნას ვერ პასუხობს:
„ქალაქის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითიდღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას.
გარდა ამისა, სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებასა და აღმზრდელთა პერმანენტულ პროფესიულ გადამზადებას მოითხოვს.
არსებული სიტუაციის ანალიზიდან და მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, საყოველთაოდ და თანაბრად ხელმისაწვდომი, ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის“.
2025 წლის ნოემბერში, ბათუმის მერიამ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. საწყისი ღირებულება 6 მილიონ 630 952 ლარი იყო.
გამარჯვება შპს „დს კონსტრაქშენს“ დარჩა. კომპანიამ სამუშაოს შესრულება 6 მილიონ 321 599 ლარად შესთავაზა მერიას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმწოდებელ კომპანიას ჩაერიცხა ავანსი – 440 000 ლარი.
2026 წლის საბიუჯეტო წლის პირველი კვარტლის შეჯამების ანგარიშში მერია საკრებულოს სწერს, რომ ამ ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მიზეზი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მონიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბარაკების არსებობაა.
„ზემოაღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ მოქალაქეების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია ბარაკის ტიპის შენობა-ნაგებობები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს მოქალაქეების ქირით გაყვანის პროცედურები.
აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების წარმოებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული ასიგნების ათვისება. პროექტი მრავალწლიანია [2025-2026 წწ.]“, – წერს მერია საკრებულოს.
საინტერესოა, როდის გაიგო მერიამ, რომ ტერიტორიაზე, სადაც ორსართულიანი ბაღის მშენებლობა დაგეგმა, ბარაკული ტიპის დასახლებაში ოჯახები ცხოვრობენ? როცა დაგეგმა, როცა ტენდერი გამოაცხადა, თუ მაშინ, როცა ავანსი გასცა? – პასუხი არ გვაქვს, ეს ინფორმაცია არც ბიუჯეტის ანგარიშშია და არც შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში. ზოგადად, ბათუმის მერია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თავს არ იწუხებს მედიის კითხვებზე პასუხის გასაცემად.
მერიაში ანგარიშვალდებულების ჩაბარებად ალბათ საკმარისი ჰგონიათ იმის გამოქვეყნება, სად მივიდა მერი, ვის შეხვდა და ვინ დააჯილდოვა. როგორ ხარჯავს ბიუჯეტს და როგორ განკარგავს მუნიციპალურ ქონებას – ამ კითხვებს მერია, როგორც წესი, არ პასუხობს.
2026 წლის ბიუჯეტში, ბათუმის მერიამ ბაღის მშენებლობისთვის თანხა არ გამოყო. ბაღების მისაწვდომობა კი ისევ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება, საბავშვო ბაღში ადგილის გათავისუფლებას ელოდება ასობით დარეგისტრირებული ბავშვი, ხშირად ბავშვები ისე ხდებიან სასკოლო ასაკის, რომ ბაღში შესვლას ვერც ახერხებენ. კერძო ბაღის საფასური თვეში საშუალოდ 450 ლარიდან იწყება და მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ეს ძალიან მაღალი გადასახადია.
ამ ფონზე, 2026 წლის მარტში, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია.
___________
მთავარ ფოტოზე: პროექტის რენდერი






