მთავარი,სიახლეები

ქუჩა ბათუმში, სადაც ასფალტი მხოლოდ დასაწყისში დააგეს – რას ამბობენ ბათუმის მერიაში

15.06.2026
ქუჩა ბათუმში, სადაც ასფალტი მხოლოდ დასაწყისში დააგეს – რას ამბობენ ბათუმის მერიაში

„ივანე მესხის მეორე ჩიხში გზა ნახევრად გააკეთეს. როცა ვიკითხეთ, რატომ დატოვეთ ქუჩა გასაკეთებელიო, გვიპასუხეს, ასეთია ბრძანებაო, ამის შემდეგ სხვები დააგებენო, მაგრამ არავინ გამოჩენილა“, – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის მეორე ჩიხიდან.

ეს აეროპორტის დასახლებაა. ივანე მესხის მეორეს ჩიხის დასაწყისში ასფალტის ახალი საფარი დაგხვდებათ შესაბამისი საგზაო მონიშვნით, თუმცა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ და მოსახვევს შემოუვლით, ისევ ტალახიან და წყლის გუბეებით სავსე ქუჩაზე აღმოჩნდებით.

ივანე მესხის მეორე შესახვევის დასაწყისი

მესხის მეორე ჩიხში მოასფალტებული ნაწილი მალე სრულდება

ივანე მესხის მეორე ჩიხი – 15 ივნისი, 2026 წელი

ივანე მესხის მეორე ჩიხის პრობლემებზე „ბათუმელების“ 2026 წლის მარტში წერდა. მაშინ ამ ქუჩაზე ფეხით გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამ ქუჩაზე „ბათუმელებს“ ამჯერად უთხრეს, რომ  ჩიხის დასაწყისში აპრილში ასფალტის საფარი დააგეს, ასევე გარკვეულ მონაკვეთში სანიაღვრე არხიც მოწესრიგდა და წყლის გუბეებიც დაპატარავდა. მოქალაქეების თქმით, დაწყებული სამუშაოები მალევე შეჩერდა და ვერ მიიღეს პასუხი, რატომ არ მივიდა საქმე ბოლომდე.

„ვინც მუშაობდა გზაზე, გვითხრეს, რომ მერიაში ასე დაგვავალეს, აქამდე უნდა გააკეთოთ მხოლოდ, დანარჩენს ის გააკეთებს, ვისაც ტენდერი აქვსო. ასე როდემდე უნდა ვიაროთ?

გამოდის, ამის იქეთ ხალხი არ ვცხოვრობთ? არ ვიცი, რა ეწოდება ამას.

ტაქსი ამ მოასფალტებული გზის იქით არ მოდის, ფუჭდება მანქანაც. წვიმაში ვერ გაივლი საერთოდ, ისეთი ტალახია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გულვარდი აბულაძემ.

გულვარდი აბულაძე

მოქალაქეების თქმით, მათ მერიაში მიიღეს დაპირება, რომ ჩიხის მოწესრიგებას დაასრულებენ, თუმცა არ იციან, როდის გაგრძელდება სამუშაოები. მოქალაქეების ნაწილს საჯაროდ კომენტარის გაკეთებაც არ სურს: ისედაც მიუხედავი ვართ და უფრო გაგვინაწყენდება მერიაო.

ივანე მესხის მეორე ჩიხი

რატომ არ შესრულდა სამუშაოები სრულად ივანე მესხის მეორე ჩიხში? – „ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა:

„ივანე მესხის II ჩიხში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ეკონომიების ხარჯზე დაიწყო სამუშაოები, მოეწყო შესასვლელი მონაკვეთი, სადაც წყლის დაგუბების პრობლემა იდგა.

რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, მისი სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის უკვე შესყიდულია საპროექტო დოკუმენტაცია. შესაბამისი თანხა ბიუჯეტის ცვლილების ფარგლებში გათვალისწინებულია და სამუშაოების დაიწყება არაუგვიანეს სექტემბრისა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან.

რეაბილიტირებული მონაკვეთი მესხის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: