რამდენიმე დღეა მოქალაქეები ტელეფონებზე იღებენ შეტყობინებას, ე.წ „საგზაო პოლიციის ბიუროს“ სახელით, თითქოსდა მათი ავტომანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა და თუ ჯარიმის თანხას 15 დღეში არ გადაიხდის მეპატრონე, მათი საბანკო „ანგარიშები გაიყინება“.
„ვადის გასვლიდან მე-7 დღიდან ყოველდღიურად დაგერიცხებათ 5.76%-იანი დაგვიანებული გადახდის საკომისიო. თუ ჯარიმის გადახდას გადადებთ 30 დღეზე მეტი ვადით, კომპეტენტური სასამართლო გაყინავს თქვენს საბანკო ანგარიშს“, – წერია სმს-ეს შეტყობინებაში.
ჯარიმის გადახდის ვადად 2026 წლის 15 ივნისია მითითებული.
რეალურია ეს შეტყობინებები, თუ საქმე გვაქვს ონლაინ თაღლითობასთან? როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შეასრულონ შეტყობინებაში მოცემული ინსტრუქცია“, – გვითხრეს შს სამინისტროში.






