განათლება,მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

09.06.2026
ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში

„როცა ჩვენ შევადგინეთ განათლების რეფორმის კონცეფცია, საბოლოო განხილვის დროს, რა თქმა უნდა, იყო ბიძინა ივანიშვილიც ჩართული და მისი რჩევები იყო ძალიან ღირებული“, – ეს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელევიზიის ეთერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რა რისკები აქვს განათლების რეფორმაში ჩრდილოვანი მმართველის აქტიურ ჩართულობას და როგორი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ პროცესისგან? – „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია განათლების სისტემაში ამ ტიპის ჩარევები, რასაც ვხედავთ თუნდაც ივანიშვილის მხრიდან, რისი სიმპტომია ეს?

ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანის ჩართვა განათლების კონცეფციის განხილვაში იქნებოდა სწორი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კონცეფცია, რომელიც ზემოდან არის მიღებული და გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, მიღებულია მათთან კონსულტაციების, პროფესორებთან კონსულტაციების გარეშე.

ვითომ კონსულტაციები ჩაატარეს ღიად და შექმნეს შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან ჰქონდათ შეხვედრები. თუმცა ეს კონცეფციის გასაჯაროების შემდეგ იყო.

  • მაშინ, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ?

დიახ. როცა უკვე გამოაცხადეს, რას აპირებდნენ, მერე შეხვდნენ ამ ადამიანებს სამუშაო პროცესში. ეს იმიტაციაა დემოკრატიული პროცესის და არა დემოკრატიული პროცესი. ზოგადად, განათლება უნდა იყოს პარტიული ინტერესების მიღმა, რადგან განათლება არის საზოგადოებრივი სიკეთე და არა პარტიული სიკეთე ან პარტიული ინტერესებიდან შექმნილი.

ის განათლება, რომელიც კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. არსებობს შეთანხმება საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს განათლების მიზნები, როგორ შეიძლება იყოს რეგულირებული და ასე შემდეგ.

მათ შორის სპეციალისტებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მშობლებს, სტუდენტებს და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის.

ჩვენთან პრობლემაა ის, კობახიძე როგორც აღწერს ამ პროცესს და ამას ისედაც ვხედავდით. ეს გვაჩვენებს იმას, რომ  განათლების შესახებ გადაწყვეტილებები მთლიანად პარტიის ინტერესიდან გამომდინარეობს.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პარტიას, ვინც მართავს და ვინც ფლობს რეალურად, ის ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და ის არის ჩართული ამ გადაწყვეტილებებში.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კობახიძე პარტიამ კი არ აირჩია, ივანიშვილის გადაწყვეტილებით არის პრემიერ-მინისტრი. ანუ კობახიძე არ არის არჩეული ხალხის მიერ. კობახიძე არის არჩეული ივანიშვილის მიერ. შეიძლება ვიღაცებმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ საბოლოო ჯამში [„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიძლება ფორმალურად იღებდეს რაღაც გადაწყვეტილებებს, მაგალითად, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი], გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი. თუ ის გადაწყვეტს, რომ ხვალ სხვა იქნება პრემიერ-მინისტრი და არა კობახიძე, იქნება ვთქვათ გეკა გელაძე ან სხვა, ასეც მოხდება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ისიც ვიცით, რომ პარტიის ინტერესები სინამდვილეში ამ ერთი ადამიანის ინტერესებია. თორემ, ცალკე აღებული, ივანიშვილიც რომ იყოს ჩართული განათლების კონცეფციის განხილვაში, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

  • გარდა იმისა, რომ ივანიშვილი მოიაზრება ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღებად, მას ასევე აქვს პირადი ინტერესები განათლების სისტემაში. ვგულისხმობ მისი ოჯახის მიერ დაარსებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომლის რეიტინგის გაზრდას წლებია ცდილობს, თუმცა მაინც ვერ უწევს სხვებს კონკურენციას. რითი არის დაზღვეული, რომ ივანიშვილი არ გამოიყენებს თავის ბერკეტებს სხვა უნივერსიტეტების დასაზიანებლად და თავისი უნივერსიტეტის სასარგებლოდ?

რა თქმა უნდა, ეს ინტერესი ივანიშვილს აქვს, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც უკეთეს პირობებში ჩააყენებს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომლის დამფინანსებელიც იყო თვითონ. ახლა ის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მაგრამ მაინც არსებობს მისი კერძო ინტერესები მის მიმართ.

ფაქტია, რომ მის გარეშე იქ ვერ გადაწყდება, რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები – სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტის დროს, რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს უმთავრესი სიტყვა. სწორედ ეს ჩანდა პროცესის დაწყების დროსაც, რომ ეს ინტერესი იყო ჩადებული, როცა ლაპარაკი იყო მაგალითად იმაზე, რომ თბილისში უნდა შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა და გაიზარდოს ქუთაისში.

თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ივანიშვილის უნივერსიტეტის წარუმატებლობის გამოსასწორებლად კეთდება – თავიდან თქვეს, რომ 60 ათასი სტუდენტი ეყოლებოდა ამ უნივერსიტეტს, მერე დააკლეს რაოდენობა და ახლა იქამდე მივიდნენ, რომ სულ რაღაც 1500 ადამიანი სწავლობს ამ უნივერსიტეტში.

არ არის ისეთი პოპულარული და წარმატებული, როგორც გვპირდებოდნენ. ვფიქრობ, სტუდენტების ხელოვნურად გადაყვანა, რაც თავიდანვე იდო კონცეფციაში, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რადგან, როგორც ჩანს, წინააღმდეგობა შეხვდათ ამ პროცესში უნივერსიტეტებისგან და ეს განუხორციელებელია. ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით ვერ ხერხდება.

  • გვახსოვს როგორ ჰპირდებოდნენ  საზოგადოებას ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნას ამ უნივერსიტეტში, თუმცა 5 წელი გავიდა და არც ამ მიმართულებით ჩანს რაიმე წინსვლა. 

როგორც ვიცი, ის მეცნიერები, რომლებიც თავიდან ჰყავდათ ჩართული ამ მიმართულებით, აღარ არიან ამ უნივერსიტეტში.

  • სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ დავუსვით კითხვები ამ საკითხზე უნივერსიტეტის რექტორს, თუმცა მან არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და ღიად საუბარი.

ადრონული თერაპიის კვლევის ლაბორატორიის გახსნას თავიდან მტკვრის სანაპიროზე აპირებდნენ თბილისში, მიწაც კი იყო შესყიდული და მშენებლობა უნდა დაეწყოთ, მაგრამ გააუქმეს და მერე დაიწყეს ქუთაისზე ლაპარაკი. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ წარმატებული არ არის ეს პროექტი და თვითონ უნივერსიტეტის პროექტიც არ არის ისეთი წარმატებული, როგორსაც გვპირდებოდნენ.

  • მით უმეტეს, წარუმატებელი უნივერსიტეტის პროექტის ავტორისგან რა ღირებული რჩევა შეიძლება მოესმინა მაგალითად, კობახიძეს რომ ეს რჩევა ყოფილიყო „ძალიან ღირებული“, როგორც მან თქვა? 

არა მგონია, რეალურად რჩევის გამო სჭირდებოდათ ივანიშვილთან შეთანხმება. ეს არის ავტორიტარული სისტემის დამახასიათებელი თვისება, რომ დიქტატორის გარეშე გადაწყვეტილებებს ქვეყნის ფორმალურად პირველი პირებიც კი ვერ იღებენ.

ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ შენი მიღებული გადაწყვეტილება რაღაცნაირად ეწინააღმდეგება დიქტატორის ინტერესებს და იმისთვის, რომ თავი დაიზღვიო და პასუხისმგებლობაც აირიდო თავიდან, მნიშვნელოვანი რეალური წყაროსგან ლეგიტიმაციის მიღება.

კობახიძის გამოსვლაც სწორედ ასე უნდა აღვიქვათ – მან პასუხისმგებლობა გადააბარა ივანიშვილს. გვითხრა, რომ განათლების შესახებ ეს გადაწყვეტილება მისი იდეა ფიქსი კი არ არის, არამედ ივანიშვილთანაც შეთანხმებულია. შეეცადა, რომ გაეფართოებინა ამ კონცეფციის ლეგიტიმურობის შესახებ წარმოდგენა და ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული ამ კონცეფციის ფარგლებში, კობახიძემაც არ იცოდა.

მაგალითად, როცა მეც ვმონაწილეობდი კობახიძესთან დებატებში, აღმოჩნდა, რომ არ იცოდა ის, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაამატეს ფსევდომეცნიერული პროგრამები, მაშინ, როცა ილიაუნის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები მასობრივად გაუუქმეს.

არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის პროექტის ნაწილი ყოფილიყო ეს და მასთან შეუთანხმებლად ყოფილიყო გაკეთებული. ასეთი დეტალები შეიძლება არც იცოდა კობახიძემ, მაგრამ პრინციპი, რომ ამას ვიღაც სხვა გადაწყვეტს და მერე შენ იქნები პასუხისმგებელი, ეს ჩანს ამ მთავრობაში ყველა ნაბიჯზე.

ეს იყო აშკარა მაშინაც, როცა დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობაზე ჯანდაცვის მინისტრი ალაპარაკეს და კარგად ჩანდა, რომ სარჯველაძე არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა რეალურად.

  • ბოლოს, ბრიფინგზეც ხომ უსიტყვოდ იდგა?

ეს ბოლოს თორემ, მანამდე ბევრი ალაპარაკეს. საბოლოო ჯამში, ყველანაირი მარცხი უნდა მიეწეროს ქვედა რგოლებს და ყველანაირი წარმატება  მიეწეროს ივანიშვილს ან კობახიძეს. ასეა აგებული სისტემა. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ის, რომ არ ჩამოიშალოს სისტემა, რადგან პასუხისმგებლობის აღება სულ უფრო ნაკლებ ადამიანს უნდა. ან უფრო ნაკლებად კომპეტენტური ხალხია მზად, რომ თავის თავზე აიღოს ასეთი მართვის სისტემაში რაიმე პასუხისმგებლობა.

  • კობახიძეც და სხვებიც ხშირად იმეორებენ, რომ „ლომაიას რეფორმები ღირებულებებისგან იყო დაცლილი“ და რომ ჩვენ ეს ღირებულებები უნდა დავამკვიდროთო, თუმცა რა ღირებულებებზეა ლაპარაკი ჩვენ არ მოგვისმენია. რა ღირებულებები შეიძლება დაამკვიდროს ივანიშვილმა განათლების სისტემაში?

ივანიშვილის ინტერვიუებს თუ მოვუსმენთ, შეგვიძლია ნაწილობრივ გავიგოთ, როგორია მისი წარმოდგენები განათლებაზე – ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებაზე როცა ლაპარაკობდა და საბჭოთა დროინდელ თავის გამოცდილებაზე. ეს გვაჩვენებს, რომ მისი წარმოდგენა განათლების შესახებ არის ძალიან მომხმარებლური, უტილიტარული.

მაგალითად ის ამბობს, რომ განათლება თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ პროფესია გაძლევს შემოსავალს და კეთილდღეობას. თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, პიროვნული განვითარებით მიღებულ თავისუფლებას კი არ გულისხმობს, არამედ თავისუფლებას, როგორც ეკონომიკურ ღირებულებაზე, რომელიც პროფესიის შეძენით მიღებულ შემოსავალს უკავშირდება.

  • პროფესიონალიზმი არც კეთილდღეობის მიღებას ეწინააღმდეგება და არც საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას. რატომ აპირისპირებს ამას ივანიშვილი?

უბრალოდ, ივანიშვილის საუბარში ასე ჩანს, რომ მხოლოდ ტექნიკურად უყურებს განათლების როლს, მხოლოდ ეკონომიკური და პირადი სარგებლის პერსპექტივიდან აქვს დანახული განათლება და არა რაღაც ჰუმანისტური პერსპექტივიდან, რომ ეს არის ადამიანებისთვის, ზოგადად კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე.

ასე როცა უყურებს ადამიანი, მერე ასეთივე ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს, ეს ღირებულებები კი ითარგმნება გადაწყვეტილების მიმღებების რიტორიკაში და შემდეგ გადაწყვეტილებებში. მერე გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მზარეულები და არა ადამიანები, რომლებიც ფილოსოფიაზე აბარებენ.

ამ პრინციპიდან გამომდინარე, ავტორიტარულ სისტემაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტექნიკური განათლება და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და სოციალური.

ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, ცდილობდნენ კოსმოსის ათვისებას, მაგრამ სამაგიეროდ აკრძალული იყო ფსიქოლოგია, ხელს უშლიდნენ ჰუმანიტარულ დარგებს, თუ ისწავლიდი, კონკრეტული იდეოლოგიის ჩარჩოებში უნდა შეგესწავლა, მარქსიზმ-ლენინიზმით უნდა გერეგულირებინა. აქაც იგივე ხდება, კონტროლი მყარდება ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც ავითარებს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, რომელიც იკვლევს ისტორიას, კულტურას.

მაგალითად, ისტორიის პროგრამა გააუქმეს ილიას უნივერსიტეტს, სამაგიეროდ „იმედიდან“ გვეძალება პროპაგანდა და ინტერპრეტაციები აგვისტოს ომზე იმ ადამიანებისგან, რომლებიც თან მუზეუმის დირექტორები არიან, თან პროპაგანდისტები, თან ახალგაზრდების ბანაკებში ლექციებს კითხულობენ.

თავისთავად მახინჯია ასეთი სისტემა, რადგან არადემოკრატიულია, გაუმჭვირვალეა, ჩამოკიდებულია ერთი ადამიანის წარმოდგენებზე, რომელიც ამ წარმოდგენებს არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს.

როცა პარტიის ინტერესზეა მორგებული განათლების სისტემა, ყველა – სტუდენტი იქნება, სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, პროფესორი თუ რექტორი, განიხილება, როგორც პარტიის დანამატი ან პარტიის წევრი. ან პარტიას უნდა ემსახუროს ან უნდა წავიდეს ამ სისტემიდან.

საბჭოთა კავშირში რატომ ვერ ვითარდებოდა განათლება დემოკრატიულად? – იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში იყო. იგივე ხდება საქართველოში დღეს. ამის მცდელობაა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუმორჩილონ მეცნიერება, განათლება, მოქალაქეების ყოფაც, ლიტერატურაც კი.

ქართველი მწერალი დღეს თუ არ არის „ქართული ოცნების“ მომხრე, ის არ მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ პროცესებში.

დიახ, შეიძლება იყოს ციხეშიც ან იყოს პასიური მონაწილე პროცესების.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: