უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება იგეგმება.
დღეს, 13 მაისს, პარლამენტში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების სამწლიან მოდელზე გადასვლის შესახებ.
მისი თქმით, „ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, სამწლიანი საბაკალავრო მოდელი გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც.
„დღეს წარმოვადგენ დამაზუსტებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება სამწლიანი საბაკალავრო მოდელი. ეს ეხება მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და არ გავრცელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
არსებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე, გარდამავალ პერიოდში“ – თქვა ზვიად გაბისონიამ.
მისი თქმით, 2025 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე დაფინანსების ძველი, ანუ საგრანტო სისტემა გავრცელდება.
ასევე, ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
თამარ ხვედელიანმა, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში, ზვიად გაბისონიას საგრანტო კონკურსის დაგვიანების მიზეზებზე ჰკითხა.
„მაისია უკვე და ჯერ კონკურსი არ გამოცხადებულა. დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამართლებრივი ჩარჩო ამ კონკურსის ფაქტობრივად არ არსებობდა, რატომ ვერ გაითვალისწინეთ დეკემბერში, რომ ამის საჭიროება დადგებოდა?“ – ჰკითხა მან გაბისონიას.
ზვიად გაბისონიას თქმით, საგრანტო დაფინანსების საკითხი მოგვიანებით იქნება გამოტანილი განსახილველად. მან დასძინა, რომ მაისის ბოლოდან ეს პროცედურები დაიწყება.
„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, უმაღლესი განათლება 4 წლის ნაცვლად 3-წლიანი გახდება საბაკალავრო საფეხურზე და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურიც 1 წლით შემცირდება.
„ოცნების“ რეფორმას მწვავედ აკრიტიკებენ განათლების ექსპერტები, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი. მათი შეფასებით, დაგეგმილი მოდელი საფრთხეს უქმნის ქართული განათლების სისტემას, რადგან საქართველოს განათლების სისტემას აშორებს ბოლონიის პროცესს და ქართველ ახალგაზრდებს ართმევს ევროპულ პერსპექტივას.






