„ზამლეთში იშლება ისტორიული „თამარ მეფის ხიდი“. კერძოდ, კიდეებზე დაბზარულია ქვები და იშლება, არსებობს ისტორიული ძეგლის განადგურების საშიშროება. საშიშია ასევე ტურისტებისთვის და ნებისმიერი ხიდზე გამვლელისთვის. იქნებ შეძლონ მისი გამაგრება“, – გვწერს მოქალაქე სოფელ ზამლეთიდან.
იმის დასადასტურებლად, რომ უძველესი ისტორიული ხიდი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, მორყეულია და შესაძლოა დაიშალოს კიდეც, მოქალაქემ ვიდეო მტკიცებულებაც გამოუგზავნა „ბათუმელებს“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შუახევის მერიას და ჰკითხა, თუ აქვთ ხიდის მდგომარეობა შესწავლილი და თუ აპირებს მერია შესაბამისი ზომების მიღებას, ისტორიული ძეგლის გადასარჩენად?
ჩვენი შეკითხვების პასუხად შუახევის მერიის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ ზამლეთის, იგივე ფურტიოს ხიდს, რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა.
„მიმდინარე წლის 13 ივნისს, მონიტორინგის ჯგუფმა შუახევის მუნიციპალიტეტში განახორციელა ძეგლების მონიტორინგი, რომლის ფარგლებში ძეგლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება არ დაფიქსირებულა.
დამატებით, ჯგუფი გავა ხვალ [ანუ 16 ივნისს], მათ შორის კონსტრუქტორი და ადგილზე მოხდება ხიდის დათვალიერება-შემოწმება“, – მოგვწერეს შუახევის მერიიდან.
„ბათუმელები“ დავუკავშირდით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც, საიდანაც ზუსტად იგივე ტექსტი მოგვწერეს.
ფურტიოს თაღოვანი ხიდი, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება. მისი ძირითადი ნაწილის სიგრძეა 35 მეტრი. მაქსიმალური სიგანე ნაპირებზე აღწევს 3.35 მეტრს.
წყაროების მიხედვით, ხიდი აკავშირებდა სხალთის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ გზებთან. ამ ხიდზე გადიოდა სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისკენ (ბათუმისკენ) მიმავალი საქარავნო გზა.
აჭარის რეგიონში, ჯამში, სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია აღმოჩენილი, აქედან რამდენიმე დანგრეულია.
აჭარაში დღეს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში ასეთ ხიდებს თამარის ხიდებს ეძახიან – ლეგენდების თანახმად ხიდები თამარ მეფეს აუშენებია. თუმცა მკვლევარები ასე არ მიიჩნევენ.
_____________
თაღოვანი ხიდების შესახებ მეტი ინფორმაცია:
________________
მთავარი ფოტო: „თამარის ხიდი“ ზამლეთში/ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.






