„ზონდერი მერის“ ნაცვლად გამოკრულ განცხადებას მერია არ იმჩნევს

„გამოვაკარი განცხადება – „ვაკანსია მეშაურმის პოზიციაზე“ იგივე ფორმით და თეთრი წითელ ფონზე, როგორც მეწერა – „ზონდერი მერი ხალხის მტერი“… არავინ არ მოსულა,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც საკუთარ საშაურმეზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი – ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენი დააჯარიმეს არა განცხადების შინაარსის გამო, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში შენობის იერ-სახის ცვლილებისთვის.

იმავე  შენობის იმავე ვიტრინაზე ვაჟა თავართქილაძემ სხვა შინაარსის განცხადება დაჯარიმების შემდეგ გამოაკრა, თუმცა იგი არავის დაუჯარიმებია.

რატომ არ დაჯარიმდა საშაურმე იგივე ფორმით განცხადების გამოკვრისთვის? – ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელების“ კითხვა დღეს, 11 მაისს უპასუხოდ დატოვეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი მიდგომა, დაგვსაჯეს გამოხატვის თავისუფლების გამო,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე. იგი იმაზეც მიუთითებს, რომ 28 აპრილიდან ამ დრომდე მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ.

„როგორ უნდა მოსულიყო ინსპექცია, როცა ეს ჩვეულებრივი, მუშა პროცესია – ვიტრინაზე განცხადებას ყველა აკრავს. გაგიგიათ, რომ ვინმე ამისთვის დააჯარიმეს?

მე დამაჯარიმეს იმის გამო, რომ მერზე ვთქვი, რომ ის ზონდერია და ხალხის მტერი.

მაინც იმაზე ამაზრზენი არაფერი, როცა მოსამართლე დარბაზიდან გარბის. მომაძახა 1000 ლარიო და შეშინებული გაიქცა. მე მივაძახე, კონსტიტუცია ისწავლე – მეთქი.

ვაპირებ, დავიკრა ბანერები, წინ – „ბათუმის ზონდერი მერი“, უკან – „სასამართლოს მარიონეტული მოსამართლე“. გული რომ არ დაწყდეთ, შევატრიალებ პერიოდულად და ისე დავდგები სასამართლოსთან,“ – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.

დაჯარიმებამდე ვაჟა თავართქილაძე ტროტუარზე მაგიდების განთავსების ნებართვას ითხოვდა – მანამდე იგი 10 წელი სარგებლობდა ამ უფლებით. ტროტუარის გამოყენების უფლებით ბათუმში არაერთი კაფე და რესტორანი სარგებლობს, მათ შორის, ვაჟა თავართქილაძის საშაურმის გვერდით მდებარე რესტორანი „ლევილი“. ვაჟა თავართქილაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ის არჩილ ჩიქოვანს უშუალოდ ესაუბრა, როცა მერს საშაურმესთან ჩაუვლია.

„ვუთხარი, ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი. ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო…

ღამით მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა, დედოფალივით კვიპაროსები მედგა ქუჩაში და დამილეწეს… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი,“ – ჰყვება ვაჟა თავართქილაძე.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადების ვიტრინაზე გამოკვრისთვის ბიზნესმენი დააჯარიმა, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ კანონიერად მიიჩნია. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვაჟა თავართქილაძეს ჯერ არ ჩაჰბარებია. იგი ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

ამავე თემაზე:

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

 

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია“ – რას ფიქრობენ მოსწავლეები სკოლაში კვების საჭიროებაზე

„ხშირად გვტკივა თავი, მუცელი, ენერგიასაც გვაცლის შიმშილი. სკოლაში კი ან საერთოდ არ არის ბუფეტი, ან მხოლოდ ცხიმიანი ცომეულია“ – ამბობენ სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“.

ბათუმელ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ გავესაუბრეთ. ნაწილი სწრაფი კვების ობიექტებთან, ხელში ფუნთუშეულით და რძიანი ყავის ჭიქით იდგა. ბავშვების თქმით, საგაკვეთილო პროცესში მათ სკოლის დატოვების უფლება არ აქვთ და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

თამო დიასამიძე მე-12 კლასელია და მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, სანამ სკოლა გარემონტდებოდა, ბუფეტი ფუნქციონირებდა და ცომეულს მაინც ყიდულობდნენ, რემონტის შემდეგ კი არც ამაზე მიუწვდებათ ხელი.

„დილით ვერ ვსაუზმობ, რადგან გვიან მეღვიძება და ხშირად საუზმის გარეშე მივდივარ სკოლაში. 12 საათისთვის უკვე მშივდება. მართალია, ჯანსაღი საკვები არც ადრე იყო სკოლაში, მაგრამ სახლის კომპოტები იყიდებოდა და ეს კარგი იყო, ახლა კი საერთოდ არაფერია“- გვეუბნება ის.

მოსწავლეები სწრაფი კვების ჯიხურთან

თამო, კლასელების მსგავსად, იძულებულია მეექვსე გაკვეთილის შემდეგ სკოლასთან ახლოს არსებულ სწრაფი კვების ჯიხურში შეძენილი ფენოვანით ან ფუნთუშეულით მოიკლას შიმშილი. „ცომი წონას გვმატებს, მაგრამ განაყრებს და ამიტომ ვყიდულობთ“ – გვეუბნება ის.

მისი თქმით, კარგი იქნება სკოლაში ხილის მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ ბავშვებს.

„ბანანს შევჭამდი სიამოვნებით, პიურე, კატლეტი ან რაიმე ბოსტნეული რომ იყოს, ესეც კარგი იქნება“- ამბობს ის.

თამოს მსგავსად, დილით საუზმეს ვერც საბა გაბრიჭიძე ახერხებს. სკოლიდან შორს ცხოვრობს და ამბობს, რომ ჩაცმისთანავე სკოლაში მოდის, შემდეგ კი მალევე შივდება.

„როცა გშია, ეს უკვე პრობლემაა, რადგან გაკვეთილზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებ, გეძინება. ბუფეტი არ არის, რომ რაიმე იყიდო, გარეთ არ გიშვებენ და გიწევს 6-7 გაკვეთილი მოიცადო მშიერმა. შემდეგ გამოდიხარ და ცომეულს ყიდულობ.

ბუფეტში რაც იყო, არც ის მომწონდა, რადგან ბულკი და რაღაც ასეთები იყო, რაც მე არ მიყვარს. დღეს, ფაქტობრივად, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში“ – ამბობს საბა.

მისი აზრით, სკოლაში ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია, რადგან კომფორტული გარემო ზრდის მოტივაციასაც.

„ჩემი აზრით, საკვები ყველა ტიპის მოსწავლეზე უნდა იყოს მორგებული, ვიღაც შესაძლოა ალერგიული იყოს. ბოსტნეული, ხილი აუცილებლად უნდა შესთავაზონ ბავშვებს სკოლაში.

ბევრი ბავშვია, რომელიც ვარჯიშობს და ძალიან ცხიმიანი და ზეთში ამოწუწული საკვები არ სიამოვნებს. არც მე მომწონს ასეთი, ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებს“ – გვეუბნება საბა.

ბავშვების თქმით, ყოველდღე ერთი და იგივე სიტუაციაა – გშია და ვერ ყიდულობ საკვებს თავის დროზე ან რასაც ყიდულობ, არაჯანსაღია. ცალკე პრობლემაა მაღალი ფასები.

კიდევ ერთი მოსწავლე, რომელსაც ვესაუბრეთ სკოლასთან, ამბობს, რომ სპორტსმენია და ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და სახლიდან არ გამოვიდეს მშიერი.

„რადგან სპორტსმენი ვარ, ყოველგვარი ზეთის და მძიმე საკვების მიღებას ვერიდები. როცა ნასაუზმები ვარ, რამდენიმე გაკვეთილი არ მშივდება. სკოლასთანაც ახლოს ვცხოვრობ და გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვახერხებ სადილობას“ – გვეუბნება მოსწავლე.

მისი აზრით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სკოლაში.

იზაბელ ჯაფარიძე მერვეკლასელია. ისიც ამბობს, რომ სკოლაში ჯანსაღი საკვები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია, მეშვიდეზე კი უკვე მუცელი მტკივდება.

ზოგადად, მე არ მიყვარს სწრაფი კვება და ვცდილობ სახლში შევჭამო, მაგრამ თუ დილით ვერ მოვასწარი, მაშინ მშიერი ვარ.

თუ ვასწრებ, სახლიდანაც მომაქვს ხოლმე რაღაცები, მაგრამ დიდი დასვენება არ გვაქვს და ესეც ცუდია“ – ამბობს იზაბელი. მისი თქმით, შიმშილი გაკვეთილზე მის თანაკლასელებსაც აწუხებთ.

„აუ, მშია – ამბობს ერთი და შემდეგ სხვებიც აჰყვებიან. მე სტაფილო და ხილი მიყვარს და სიამოვნებით ავიღებდი სკოლაშიც. წესით, უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ სკოლაში კვება, რადგან გონება მეფანტება ხოლმე და კონცენტრაციას ვერ ვახდენ“ – ამბობს იზაბელი.

მეექვსეკლასელი ლევან მახარაძე ბათუმის მეშვიდე სკოლაში სწავლობს. მას და მის მეგობრებს მაშინ გავესაუბრეთ, როცა სწრაფი კვების ობიექტში ლობიანი შეიძინეს.

„სამშაბათიდან ხუთშაბათამდე ვერ ვახერხებ დილით ჭამას, რადგან ფეხბურთი მაქვს დილით და მერე როცა მოვდივარ სახლში, ჩაის ვსვამ და ისე მივდივარ სკოლაში, მაგრამ მაინც მალე მშივდება.

ხილი მიყვარს – ვაშლი ძალიან, ბანანიც. პიურე და წიწიბურა რომ იყოს, იმასაც შევჭამდი სკოლაში“ – გვეუბნება ის.

მისი მეგობარიც მომხრეა სკოლაში კვების დანერგვის.

„ცომეულში დღეში 5-7 ლარი მეხარჯება. ერთი პატარა ძეხვი რომ იყიდო, სულ ცოტა 2 ლარი ღირს. ხაჭაპურიც ძვირია და თან პატარა, არ გყოფნის. პატარა „სნიკერსი“ 2.50 ლარი ღირს.

კონტეინერიც არ მომაქვს, რადგან დაგცინიან ბავშვები, არც სივრცეა სკოლაში რომ დაჯდე და ისადილო. დერეფანში კი დგას სკამები, მაგრამ იქ ჭამა უხერხულია, არ გვაქვს სასადილო“-გვეუბნება ლევანის მეგობარი.

ლილე ქარცივაძეს და მეგი მალაყმაძესაც სკოლასთან ახლოს სწრაფი კვების ობიექტთან გავესაუბრეთ.

„სამწუხაროდ, დილით ვერ ვსაუზმობ და პირველივე გაკვეთილზევე მშია. ძალიან ცუდად თუ გახდი, მანდატური ამოგიტანს რაიმეს, თუ არა, ისე გარეთ არ გვიშვებენ. ბუფეტი უნდა იყოს სკოლაში ან სასადილო და ჯანსაღი საკვები მიიღო“ – გვეუბნება ლილე.

მეგი მომხრეა სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლაში კვება.

„სპორტზე ჩავდივართ, მაგრამ არ ვთამაშობთ, მაგის ძალა აღარ გვაქვს, ადვილად ვიღლებით, რადგან საკვები არ აქვთ მიღებული დილით. ჯანმრთელი რომ იყო, კვება და საათები სწორად უნდა დაიცვა“ – გვეუბნება ის.

მოსწავლეები სკოლაში უფასო კვების აუცილებლობაზე საუბრობენ

ათი წლის ლილეს კი ისეთი სკოლები უნდა, როგორც ევროპაშია.

„ინგლისში რომ აქვთ ბავშვებს, აი, ასეთი მინდა რომ იყოს ჩვენი სკოლაც. მე ძალიან მიშლის ხელს სწავლაში როცა მშია და მარტო შაურმაზე ვფიქრობ“ – გვეუბნება სიცილით.

მისი თანასკოლელია 11 წლის ლაშაც, რომელიც სპორტზეც დადის და ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, თუმცა ხშირად არ გამოსდის.

„ახლა „ჩიფსი“ ვიყიდე, არ მოსწონთ მშობლებს რომ ვყიდულობ, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ხილი უნდა იყოს სკოლაში. ვაშლი ძალიან მიყვარს. პიურე, კატლეტი, რომ იყოს, სტაფილოც“-გვეუბნება ის. ლაშას სურს მის სკოლაში დიდი სასადილო ოთახი იყოს, ლამაზი სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად მშვიდად ისადილებს.

„მეორე და მეოთხე გაკვეთილების შემდეგ უნდა საკვების მიღება და აღარ ვიქნებით მშიერი“- გვეუბნება ის.

ელენე, საბა, ლიზი სკოლაში უფასო კვების პრობლემაზე საუბრობენ

„როცა უსაუზმოდ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს ენერგიის პრობლემა“- გვეუბნება ლიზი წულუკიძე. მისი თქმით, მესამე გაკვეთილის შემდეგ შივდება და იძულებულია სადმე ცომეული შეიძინოს.

„ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის ჯანსაღი საკვები და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დააფინანსოს სასკოლო კვება“ – გვეუბნება ის.

კიდევ ერთი მოსწავლის, ელენე ჯაფარიძის თქმით, ბავშვს გაკვეთილზე არ უნდა აწუხებდეს შიმშილის გრძნობა. „ძალიან ბევრი ცუდად ხდება და უკეთესი იქნებოდა, კვება ყოფილიყო სკოლაში“ – გვეუბნება ის.

საბა ჟღენტი დილით საუზმეს ასწრებს, მაგრამ ამბობს, რომ მაინც არ ჰყოფნის.

„სკოლაში არ არის ჯანსაღი საკვები, ცომეული ბევრ ცხიმს შეიცავს, ხილი და ბოსტნეული რომ იყოს, კარგი იქნება. მათემატიკაზე კონცენტრაცია გვიჭირს ხოლმე მშიერზე და იმაზე ვფიქრობთ, როდის დასრულდება გაკვეთილები, რომ სახლში წავიდეთ.

ჩემი ბევრი კლასელი ქალაქგარეთ ცხოვრობს და მშიერია რა ფაქტობრივად მთელი დღე. ძნელია სკოლაში 6 საათი მშიერი ყოფნა“ – ამბობს საბა.

სკოლაში კვების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ მასწავლებლებიც.

კვების დანერგვას ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები, მშობლები, თუმცა განათლების სამინისტროს და ზოგადად მთავრობის მხრიდან რაიმე არსებითი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.

საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლაა, რომელმაც სკოლაში კვების საპილოტე პროგრამა დანერგა.

_____________________

მთავარ ფოტოზე: თამო დიასამიძე და საბა გაბრიჭიძე კლასელთან ერთად/ყველა ფოტო გადაღებულია ბავშვების ნებართვით.

ამავე თემაზე:

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს.

შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა სოფლებში – ფორმალურად დაასაქმეს ბიუჯეტის ხარჯზე, რეალურად კი, საარჩევნოდ კოორდინატორებად გამოიყენებენო, ვარაუდობს.

საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარია.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ პროგრამის დეტალებზე კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში დასაქმების სააგენტო წერს: „საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი“.

მაგალითად, მხოლოდ სოფელ ზვარეში, სადაც სულ 57 კომლია რეგისტრირებული, 12 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ზვარეში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს სოფლის საავტომობილო გზაზე შევხვდით, სადაც ისინი სანიაღვრე არხს ასუფთავებდნენ. სოცდაუცველები აქ და სხვა სოფლებშიც ერთნაირად ამბობენ: „სოფელს ვალაგებთ“, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება: რა არის მათი მოვალეობა ყოველდღიურად, როცა ერთ სოფელში დასაქმებულია 12 დამლაგებელი.

„დაასაქმეს ხალხი სასაფლაოების გასუფთავებაზე, სტადიონის დაცვაზე, ბაღის დაცვაზე. წონიარისში რომ ტანკი დგას, იმას დაცვა რად უნდა?“ – ეს კითხვა, მაგალითად, სოცდაუცველების დასაქმებაზე ქედის ცენტრიდან გამოგვაყოლა მოქალაქე ხასან ბერიძემ.

„ბათუმელები“ ბათუმში და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ქედის სოფლებში: ზვარესა და ზესოფელში, ასევე, შუახევის სოფელ ბარათაულში არკვევდა – რეალურად რა არის სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა.

ზვარეში დასაქმებული: „მე ვარ ქართული ოცნება და სხვა არ ვიცი“ 

ზვარეში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ნანა გათენაძემ, რომელიც დამლაგებლად დასაქმდა, პირდაპირ გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და არჩევნებზე „ოცნების“ კოორდინატორად მუშაობს.

„…ვარ პედაგოგი, მაგრამ უმუშევარი ვარ დროებით, მოვხვდი ამ დასაქმებაში და ვმუშაობ. კმაყოფილი ვარ ჩვენი გამგებლის.

ახლა ვარ დაფიქსირებული სკოლაში, გავდივარ გამოცდებზე, მე ვარ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ადრე ვმუშაობდი, ბავშვებს ახლაც ვამეცადინებ,“ – გვითხრა ნანა გათენაძემ.

„მე ვარ ქართული ოცნება და სხვა არ ვიცი,“ – გვიპასუხა დასაქმებულმა და იქვე დასძინა, რომ „ნაციონალებიც არიან დასაქმებული“, როცა ვკითხეთ – სავალდებულოა „ოცნების“ მხარდაჭერა იმისთვის, რომ დასაქმდე?

„თქვენი დასაქმება უკავშირდებოდა ამას, რომ „ოცნებას“ უჭერთ მხარს?“ – ვკითხეთ მოქალაქეს.

„მე ქართულ ოცნებაში ვარ, კოორდინატორად ვმუშაობ,“ – თქვა ნანა გათენაძემ.

ნანა გათენაძე

ზვარეს გზაზე მომუშავე დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ. ისინი ერთნაირად აღწერენ, რომ დასაქმებაში „სოფლის გამგებელი“ დაეხმარათ და ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოში გააფორმეს. ხელშეკრულება არ შეგვინახავს, ვიცით, რომ დავალებები უნდა მოგვცეს სოფლის გამგებელმაო – იდენტურია მათი პასუხები.

ნანა გათენაძისგან განსხვავებით, „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს სხვები გამორიცხავენ კავშირს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა შენიშნავენ იმასაც, რომ „ყველა ვერ საქმდება“.

სოციალურად დაუცველი დასაქმებული ქედაში, სოფელი ზვარე
დასაქმებული სოფელ ზვარეში

„ყველას სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, არავინ თაკილობს. ბევრმა მთხოვა, რომ მეც მივიღებ მონაწილეობას ამ პროგრამაშიო,“ – გვიყვება ბადრი გოგიტიძე. ისიც სოციალურად დაუცველია სოფელ ზვარედან და დამლაგებლად დასაქმდა.

რატომ ვერ საქმდებიან სხვები თქვენი ინფორმაციით? – ვკითხეთ მას.

„არ ვიცი, მაგ დონეზე არ ვარ ჩახედული,“ – ეღიმება ბადრი გოგიტიძეს და შემდეგ გვიყვება, როგორ დასაქმდა თავად: „მე რამე არ შემივსია, სოფლის თავკაცის დამხმარედ ჩამსვეს.

ყველას მისი უბანი აქვს, მაგრამ დღეს შაბათობა მოვაწყვეთ. ყველას მისი ადგილი აქვს, მონაკვეთები და იმას აკონტროლებს, სისუფთავე რაც იქნება, ფოთოლი იქნება ჩამოვარდნილი. ამას პლუს სხვა სოფლებშიც თუ რამე იქნება საჭირო, ეტაპობრივად გავდივართ. დავუშვათ, მეწყრული პროცესებია და ვერ გაართვეს თავი, იქაც ვიღებთ მონაწილეობას,“ – გვითხრა ბადრი გოგიტიძემ.

ბადრი გოგიტიძე

დასაქმებულების თქმით, ისინი მუშაობენ დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე, თუმცა ვერ აზუსტებენ, რა სამუშაოს ასრულებენ. მათ ხელშეკრულებები ვერ წარმოგვიდგინეს, სახელმწიფო კი, ასაიდუმლოებს მონაცემს – რა პირობებით დაასაქმა 30 ათასი სოციალურად დაუცველი.

„ეკლესია რომ იყო ზევით, ის ადგილი მომიწია, მაგალითად. მე, უნდა დავალაგო ყველაფერი, რაც თუ რამე არის, არაფერს არ ვტოვებ,“ – გვიყვება ირინა ბერიძე. ის ქედაში, სოფელ ზესოფელში ცხოვრობს, მუშაობს და გვეუბნება, დილის 10-დან 5-მდე ვმუშაობო.

ირინა ბერიძე
ეკლესია ზესოფელში

ამდენი დრო სჭირდება ყოველდღე ტაძრის დასუფთავებას? – ვკითხეთ მას. ირინა ბერიძეს უჭირს იმის თქმა, რომ 8 საათი სჭირდება ყოველდღე სოფლის ეკლესიის დასალაგებლად.

„არა, ამდენი დრო არ სჭირდება. ერთი საათი, ნახევარ საათზე დავალაგებ უცბად… მალ-მალე ავდივარ და ვათვალიერებ,“ – უხერხულობა ეტყობა ირინა ბერიძეს.

„ზოგჯერ მიწევს მუშაობა ქვევით ან ზევით, ვის როგორ მოუწევს დანაწილებით, პრობლემა არ გვაქვს, როგორც დაგვასაქმებენ, იმის მიხედვით ვაკეთებთ საქმეს,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

„ყველას მისი ფართი აქვს და ასუფთავებენ, მე რა შუაში ვარ,“ – გვითხრა თენგიზ გათენაძემ, ქედის მერის წარმომადგენელმა ზვარეს თემში. მან დაგვიდასტურა, რომ მხოლოდ სოფელ ზვარეში, სადაც 57 ოჯახი ცხოვრობს, 12 კაცი დალაგებაზე მუშაობს, ზესოფელში კი, 13 სოციალურად დაუცველი დასაქმდა დამლაგებლად.

„ზოგი სეზონურად ცხოვრობს, სულ არ არის, მიდიან-მოდიან… 40 ოჯახი არის დაახლოებით ზვარეში მუდმივად.

სოცდაუცველებს თავიანთი სპეციალისტი ჰყავთ და მონიტორინგი, ამოწმებენ სოციალური დაცვის სააგენტოდან. არც ერთი არაა ბავშვი, ყველას მისი სამოქმედო ტერიტორია აქვს და ალაგებენ თვითონ,“ – გვითხრა თენგიზ გათენაძემ.

„ტანკი რა შუაშია, ცენტრს ალაგებენ ისინი და ტანკი ცენტრში დგას“ – რა ირკვევა წონიარისის ტანკის „დაცვაზე“ 

„ტანკი რა შუაშია, ცენტრს ალაგებენ ისინი, სოფლის ცენტრს და ტანკი ცენტრში დგას. ისინი არ არიან ტანკის ყარაულები, ტანკს ხომ ვინმე არ წეიყვანს?“ – განაწყენებული დაგვხვდა ქედაში მერის წარმომადგენელი, რესან ბერიძე. მას „ბათუმელებში“ 2023 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული, ქედაში მცხოვრები ხასან ბერიძის ვიდეოკომენტარი უნახავს.

„წონიარისში რომ ტანკი დგას, იმას დაცვა რად უნდა?“ – იკითხა მოქალაქე ხასან ბერიძემ.

„ბათუმელებს“ სოფელ წონიარისში დაუდასტურეს, რომ ორი სოციალურად დაუცველი მუშაობს ტანკის „დაცვაზე“. ამ ადამიანებს „ბათუმელები“ დაუკავშირდა, თუმცა ერთმა მათგანმა თქვა, რომ ტანკის დაცვაზე აღარ მუშაობს და სხვა კითხვას ვერ უპასუხებს, მეორემ კი თქვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი საერთოდ არ სურს.

„ის ერთი უკვე გათავისუფლდა, სხვაგან მუშაობს,“- უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მერის რწმუნებულმა წონიარისში, რესან ბერიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს სოფელ წონიარისის ცენტრში, მათ შორის, ტანკის დალაგებაზე.

სულ რამდენი სოცდაუცველი დასაქმდა წონიარისში? – რესან ბერიძემ გვითხრა, რომ მონაცემებს დააზუსტებს და თვითონ დაგვიკავშირდება.

წონიარისის ადმინისტრაციულ ცენტრში საბჭოთადროინდელი ტანკი ათწლეულებია დგას. ეს ადგილი ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარედაა. სოფელ წონიარისში გვითხრეს, რომ ტანკს და ცენტრსაც ამ დრომდე არც დამლაგებელი ჰყოლია და არც ყარაული.

ტანკი, რომელიც წონიარისის ცენტრშია – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელი ბარათაული – დასაქმებულია 32 სოცდაუცველი, 5 კაცი მარტო სოფლის ცენტრის შენობას ალაგებს

შუახევში, ბარათაულის თემის 5 სოფელში 32 სოციალურად დაუცველია დასაქმებული. დასაქმებულები სოფელს ალაგებენ, 5 კაცი კი, მხოლოდ თემის ადმინისტრაციული ცენტრის შენობას, ე.წ. „კანტორას“ ალაგებს – „კანტორაში“ მერიის წარმომადგენელი მუშაობს 2 თანაშემწესთან ერთად.

აქვეა უბნის ექიმი და კიდევ ერთი ადამიანი, ვისაც კლუბი და ბიბლიოთეკა აბარია.

„ჩემი პოზიცია არის სამლოცველოს და მისი მიმდებარე ტერიტორიების დალაგება. დილის 6 საათზე გავდივარ სამსახურში, რომ სამლოცველო მივალაგო, მერე ვბრუნდები სახლში,“ – თავის სამუშაოს აღწერს სოციალურად დაუცველი თემურ ქათამაძე, რომელიც შუახევში, სოფელ ბარათაულში ცხოვრობს.

„სამლოცველოს ყოველდღე უნდა დალაგება, დილით ადრე მივდივარ, მტვერია რამე, გადავწმინდავ, დავაპილასოსებ და ესაა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის დალაგებაც ჩემი საქმეა და მოსაცდელის.

საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ გამოგვიძახონ გზებზე დასახმარებლად. სულ 4 ადამიანი ვმუშაობთ ცენტრში დალაგებაზე. ცენტრში მუშაობს მერიის წარმომადგენელი, ერთი მის კაბინეტს ალაგებს,“ – ამბობს თემურ ქათამაძე.

შუახევი, სოფელი ბარათაული, ფოტო ფეისბუქგვერდიდან „ბარათაული“
შუახევი, სოფელი ბარათაული – ფოტო ფეისბუქგვერდიდან – „ბარათაული“

მას უჭირს აღწეროს, როგორ ინაწილებს 4 დამლაგებელი საქმეს ერთი პატარა სოფლის ცენტრში:

„გეტყვით: ერთი დამლაგებელი ექიმის ოთახს ალაგებს… კიდევ საკრებულოს დარბაზია და კიბეები – ერთი ადამიანი მაგას ალაგებს, ერთი – სამლოცველოს, ერთიც რწმუნებულის კაბინეტს ალაგებს,“ – გვიყვება თემურ ქათამაძე.

ყოველდღე? – ვეკითხებით დასაქმებულს.

„ზამთარში გზები რომ მოიყინა, მაგაზე ვმუშაობდით – სილა მოვაყარეთ გზაზე, ტრანსპორტი არ შეფერხდესო.

არიან კიდევ სხვები, რომლებიც მუშაობენ წყლის აუზების გასუფთავებაზე, სანიაღვრე არხებს წმენდენ. სულ რამდენია, არ ვიცი დასაქმებული,“ – ამბობს თემურ ქათამაძე.

„სულ 5 სოციალურად დაუცველი მუშაობს სოფლის ცენტრში, ერთი ადამიანი სტადიონს ალაგებს, იქ დავასაქმეთ,“ – მონაცემს გვიზუსტებს ჯუმბერ ქათამაძე, შუახევის მერიის წარმომადგენელი ბარათაულის თემში.

გაირკვა, რომ ბარათაულის ცენტრში ამ ეტაპზე 5 დამლაგებელი მუშაობს ყოველდღე.

სხვა რწმუნებულებისგან განსხვავებით, ჯუმბერ ქათამაძე დასაქმებულების შესახებ გვესაუბრა. მან გვითხრა ისიც, რომ დასაქმებულებს თვითონ განუსაზღვრავს სამუშაოს, რა უნდა გააკეთონ და მონიტორინგიც მის ხელშია.

„აღრიცხვასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ყოველი დღე დაანგარიშებულია, ეს არის 10 ლარი დღეში. თუ არ იმუშავა, აკლდება ამ 300 ლარს.

ბათუმიდან იყვნენ შემოწმებაზე, 32 თანამშრომლიდან 7 გამოჰკითხეს. მერია უფორმებს მათ ხელშეკრულებებს მას შემდეგ, როცა სააგენტო მოსარგებლეთა სიაში შეიყვანს,“ – გვიყვება ჯუმბერ ქათამაძე.

ლოგიკურია, რომ სოფლის ცენტრში მდებარე შენობას ყოველდღე 5 ადამიანი ალაგებს? – ვკითხეთ მერიის წარმომადგენელს ბარათაულში.

„მე მგონია, რომ ლოგიკურია. აქვეა განთავსებული ბიბლიოთეკა, მედპუნქტი, სათავსოები, რომლებითაც სარგებლობს სოფლის მოსახლეობა“, – ამბობს ჯუმბერ ქათამაძე.

მას ვეკითხებით, რამდენი დამლაგებელი იყო სოფელში 2022 წლის გაზაფხულამდე, ვიდრე ეს პროგრამა დაიწყებოდა.

„მანამდე დამლაგებელი საერთოდ არ გვყავდა, არ არსებობდა ასეთი შტატი, მანამდე ვალაგებდით საკუთარი ძალებით“, – აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ „ბათუმელებთან“.

მერიის წარმომადგენელი კატეგორიულად გამორიცხავს პარტიული ნიშნით ადამიანების შერჩევას, რომლებიც დამლაგებლად საქმდებიან და თვეში 300 ლარს იღებენ.

„პარტიის მიხედვით როგორ შეარჩევ? ეს გამორიცხულია. ყველანაირი პარტიის წარმომადგენელი საქმდება. მე ვიცი რამდენიმე მაგარი აქტივისტი ნაციონალი, რომელიც დასაქმებულია,“- ირწმუნება ჯუმბერ ქათამაძე, თუმცა მან უარი გვითხრა, რომელიმე ისეთ დასაქმებულთან დაკავშირებაში დაგვხმარებოდა, რომელიც ღიად ოპოზიციის მხარდამჭერია.

ბარათაულში „ბათუმელები“ კიდევ ერთ დასაქმებულს ესაუბრა. დავით კილაძე ამბობს, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და გამგებლის მადლიერია, რომელიც მას დასაქმებაში დაეხმარა.

იგი აღწერს, რომ სოციალურ სააგენტოში უთხრეს, სოფლის რწმუნებული მოგცემთ საქმესო. თავდაპირველად ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სამსახურმა გამოაცხადა ვაკანსია სოციალურად დაუცველი პირებისთვის. როგორც ირკვევა, დასაქმებულ ადამიანებს „საქმეს“ ძირითადად სოფელში მერიის წარმომადგენელი განუსაზღვრავს.

დასაქმებულების თქმით, სამუშაო საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.

„სოცსააგენტოში ვიყავი გასაუბრებაზე და მითხრეს, რასაც დაგავალებს თემის რწმუნებული, იმას გააკეთებო.

გააჩნია, რას დამავალებს რწმუნებული, ეს იქნება სათავე ნაგებობა, საბავშვო ბაღის წყალი, თუ რაც იქნება. თემის რწმუნებული, როგორც კი დამირეკავს, „სტარტზე“ ვარ.

მე ხელშეკრულებაში მიწერია წყლის სათავე ნაგებობის მოვლა-პატრონობა, მაგრამ მერე მითხრეს, დაქლორვაა საჭირო, სპეციალისტი არ ხარო. თემის რწმუნებული რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ,“ – გვითხრა დავით კილაძემ.

„ბათუმელები“ სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც დაინტერესდა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებით: მაგალითად, ქედაში, სოფელ კოკოტაურში სოფლის გზას 23 კაცი ალაგებს და ასუფთავებს, ხულოს სოფელ დიდაჭარაში კი, საბავშვო ბაღში, სადაც სულ 33 ბავშვია, 20 თანამშრომელია, მათ შორის, 5 სოციალურად დაუცველი.

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით - როგორ ასაქმებს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი, ყველა არჩევნებზე დავდივარ – სადაც ჩემი ძმა არის, ისე მე,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, ის სოციალურად დაუცველია და პროგრამის ფარგლებში დიდაჭარის საბავშვო ბაღში დასაქმდა მზარეულის თანეშემწედ.

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – კიდევ რას ჰყვებიან ბათუმში დასაქმებულები

ბათუმში დასაქმებულმა რუსუდან ტარიელაძემ 2022 წლის აპრილში უამბო „ბათუმელებს“, რა კუთხით დაასაქმეს ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში. „ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“, – გვითხრა მან.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ასევე ლერმონტოვზე მდებარე უფასო სასადილოებთან „ბათუმელები“ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ადამიანს ესაუბრა. გაირკვა, რომ მათი ნაწილი დასაქმებას ვერ ახერხებს, ან მათ, სოფლებისგან განსხვავებით, სთავაზობენ ისეთ სამსახურს, სადაც მთელი დღე მუშაობაა საჭირო, მაგალითად, ძიძა საბავშვო ბაღში.

„სულ უმუშევრობას სჯობია, მაგრამ ჯერ არ მიმიღია პასუხი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია შარაძემ.

„მე უარი მითხრეს, ახალი ბენეფიციარი ხართ და ჯერ თქვენ ვერ დაგასაქმებთო, საოჯახო პაკეტით ვსარგებლობ,“ – გვითხრა ინგა სურმანიძემ. მას სურდა იმ საბავშვო ბაღში ემუშავა ძიძად, სადაც მისი შვილები დადიან.

ინგა სურმანიძე

„ვიცი, სხვები მუშაობდნენ ასეთი ხელშეწყობით, დილით მიდიოდნენ ბავშვებთან ერთად ბაღში და საღამოს ბრუნდებოდნენ.

ჩვენ მაისიდან ვიღებთ დახმარებას და დავდივართ სასადილოში, მე ვერაფერი შემომთავაზეს… ჩემი ქმარია მხოლოდ თვითდასაქმებული- რასაც ნახავს, იმაზე მუშაობს,“ – გვითხრა ინგა სურმანიძემ 2022 წლის დეკემბერში.

რამდენიმე სოციალურად დაუცველმა „ბათუმელებს“ მაშინ უთხრა, რომ დასაქმდა და ამ პროგრამით კმაყოფილია, ან დასაქმება 300 ლარად საერთოდ არ სურს, რადგან მცირეწლოვან შვილებს ვერავის დაუტოვებს.

„ვმუშაობ სასაფლაოების დალაგებაზე, მარტოხელა ადამიანი ვარ, 4 საათით მიწევს გასვლა ყოველდღე,“ – გვითხრა მალხაზ ქარცივაძემ.

მალხაზ ქარცივაძე

მალვინა ბოლქვაძე: „მე შემომთავაზეს დასაქმება, მაგრამ ვუთხარი, ჩემს შვილებს ვინ მიხედავს-მეთქი? რამდენიმე საათი რომ იყოს კი, მაგრამ მთელი დღე ვის დავუტოვო ბავშვები?“

ნინო სურმანიძე: „მე დავსაქმდი ბათუმის 33-ე ბაღში, ვმუშაობ, როგორც დამხმარე, დალაგებაში ვეხმარები: მაკარონს ავწონი, კარტოფილს გადავარჩევ, მაწონს მაცივარში დავაწყობ… მანამდე სულ სახლში ვიჯექი და ეს 300 ლარიც მილიონს ნიშნავს. მე ათის ნახევარზე მივდივარ სამსახურში და ოთხის ნახევარზე თავისუფალი ვარ“.

ეს შემთხვევები არ არის გამონაკლისი, როცა არამიზნობრივად დასაქმებულ სოცდაუცველებს ხვდები და გიჩნდება კითხვა: რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ათასობით [ამ ეტაპზე 30 ათასი] სოცდაუცველის დასაქმება იმ ფონზე, როცა დასაქმებულები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულნი არიან, დასაქმების საჭიროება კი, კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ არსებობს? რამდენად შეიძლება პრაქტიკულად ფიქტიურად, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულმა სოცდაუცველებმა არჩევნების დროს ანგარიში არ გაუწიონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას ან „ოცნების“ კოორდინატორებს, მათ რიგებში რომ არიან? 

გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, არჩევნებამდე კი, „ოცნება“ ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს. 

„აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები“ – დასაქმების სააგენტო სოცდაუცველების დასაქმებაზე

სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამას დასაქმების სააგენტო ახორციელებს სოციალური დაცვის სააგენტოსთან ერთად. დასაქმების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით „ბათუმელებმა“ 2022 წლის ბოლოს მიმართა, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

„პროგრამის განხორციელების პროცესში სააგენტოს უმთავრეს პარტნიორობას და მხარდაჭერას უწევდნენ მხარის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობები,“ – აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება“.

„პროგრამა ხორციელდება 2022 წლის პირველი მარტიდან. პროგრამის განხორციელებისთვის დაკომპლექტდა სპეციალისტების გუნდი, რომელთაც დაევალათ პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია.

დასაქმების საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 1 069 მომწოდებლის მიერ მოწოდებული 30 000-მდე ვაკანტური ადგილი. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი, აქედან ქალი – 15 602.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2022 წელს განახორციელა ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად სრულად მოიცვა სპეციალურ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლები და მათთან დასაქმებული პირები, ხოლო აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით…“, – აღნიშნულია ანგარიშში. აქ არ არის დაკონკრეტებული, რა სახის „შეუსაბამობა“ აღმოჩნდა პროგრამის ფარგლებში.

დასაქმების სააგენტოს პრესცენტრში ვერც 2023 წლის 11 მაისს მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია და განახლებული მონაცემი სოცდაუცველების დასაქმებაზე. აქ ვერც ის განმარტეს, რატომ ვერ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია უკვე ნახევარ წელზე მეტი ხანია.

შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიხედვით, „საზოგადოებრივი სამუშაო“ ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართოს სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს. პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

ამავე პროგრამის მიხედვით, თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსი ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.


ბათუმის მერი 53 მილიონი სესხის მისაღებად საკრებულოს თანხმობას ითხოვს

ბათუმის მერია ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის გასაგრძელებლად 53 მილიონ ევროს სესხად მიიღებს. უფრო ზუსტად კი, მთავარი მსესხებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა, სასესხო ხელშეკრულება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან სამინისტროს აქვს გაფორმებული, მერია კი ქვემსესხებლად დაფიქსირდება, მას შემდეგ რაც შესაბამის შეთანხმებას სამინისტროსთან გააფორმებს. სწორედ ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად მერიას საკრებულოსგან თანხმობა სჭირდება.

საკრებულო ამ საკითხზე მსჯელობას მორიგ სხდომაზე გეგმავს. სხდომის თარიღად 19 მაისია მითითებული.

პროექტის V ფაზა ითვალისწინებს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალანირება, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი მკვებავი ხაზის მშენებლობა,  მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმარდობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.

საბოლოო ჯამში პროექტის მიზანია კომუნალური ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის და წყალარინების სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე, რაც  ამ ტერიტორიაზე უკვე ათ წელზე მეტია ერთ-ერთი ყველაზე მწვევე პრობლემაა.

ამ პროექტის დაწყებას მერია შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს 2020 წლისთვისაც ჰპირდებოდა, თუმცა პროექტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი ევრო – სესხი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით იმ 53 მილიონი ევროს სესხის გარდა ბათუმის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა  პროექტში იქნება 25 მლნ ევროს ოდენობით. ასევე დაიხარჯება 2 მილიონი ევრო გრანტი KFW ბანკიდან – თანმდევი მომსახურებისთვის.

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი 2007 წელს დაიწყო. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოიყო შეღავათიანი სესხი, რომელიც ითვალისწინებდა საგრანტო კომპონენტსაც.

 

„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრით დაზარალებულები აჭარის მთავრობისგან დახმარებას ელიან.

მეწყრული პროცესების გათვალისწინებით წელს ყველაზე მოწყვლად ადგილად გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტი დაასახელეს. 6 მარტს ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა და ოჯახს, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, არ დარჩა არც მიწა, რომელზეც ცხოვრება საფრთხის შემცველი არ იქნება. ისინი ახლა ქირით ცხოვრობენ.

„ბათუმელები“ ამ ოჯახის წევრს, ზურაბ ზოიძეს ესაუბრა.

„მთავრობა 40 000 ლარს მპირდება, მეტს არაფერს და ესეც საცხოვრებელი სახლის შესაძენად. მე აქ, სადაც ჩემი საცხოვრებელი სახლი იყო და საკარმიდამო მქონდა, არაფერი დამრჩა. მიწასთან გასწორებულია, მეწყრითაა დაფარული ყველაფერი.

შევხვდი [ქედის მუნიციპალიტეტის მერს]. მან გვითხრა, რომ მე უნდა ვიშოვო საცხოვრებელი სახლი, ბინა თუ რაც იქნება და მათ უნდა ჩაურიცხონ გამყიდველს ფული. 40 000 ლარად მე ვინ მომყიდის გინდ საცხოვრებელი სახლი იყოს, გინდ ბინა?

სხვაგან რომ ვიყიდო ხის სახლი, მოვიტანო, ჩავდგა და ვიცხოვრო, ამის ადგილი არ დამრჩა. მთავრობის მიერ გაღებული 40 000 ლარით რას შეიძენ, თქვენ უკეთესად იცით ეს. რაიმეს თუ შეიძენ საერთოდ.

მხოლოდ მცირე ტერიტორია დამრჩა, 200 მეტრამდე, რომელიც ახლა არ არის მეწყრული მასით დაფარული, მაგრამ საფრთხის შემცველია“, – გვითხრა ზურაბ ზოიძემ და დასძინა, რომ თუ კომპენსაციის თანხას არ გაუზრდიან, იძულებული გახდება, ხის მცირე საცხოვრებელი სახლი მიწის ამ ფართობში ჩადგას.

„ეს თანხა საცხოვრებელი სახლის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყოფა, თუკი, ვთქვათ, ხულოს მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში ვიყიდი ხის სახლს.

უსაფრთხო მიწა რომ მქონდეს აქ, ადგილზე, კი, ბატონო, დავდგამდი, მაგრამ უსაფრთხო მიწა, რომელიც ჩემი საკუთრება იქნება, არ დამრჩა. ეს ვუთხარი მერსაც. სადაც ჩემი მორჩენილი ადგილია, იქ ჩავდგამ [ხის სახლს] მაშინ-მეთქი. არ არის ეს ადგილი უსაფრთხო, მაგრამ სად წავიდე. სამი მცირეწლოვანი შვილით და ჩემი შემოსავლით სადმე წასვლა და რაიმეს შეძენა შემიძლია?“ – კითხულობს კაცი და კითხვას თავადვე პასუხობს – „არაფრის“.

როგორც ზურაბ ზოიძემ გვითხრა, ის სოფლის მეჩეთის წინამძღოლია და 370 ლარი აქვს ხელფასი. „ამ ხელფასზე ბანკიდან სესხს არავინ მომცემს“, – ამბობს ის.

მისგან ვიგებთ იმასაც, რომ კოკოტაურში მეწყერსაშიშ ზონაში კიდევ 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებმაც ასევე დატოვეს სახლები და ქირით გადავიდნენ.

„მათი სახლები არ დანგრეულა საბედნიეროდ. მე ისევ სოფელში გადავედი ქირით უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, იმიტომ, რომ პირუტყვიც მყავდა. ისინი ქალაქებში გადავიდნენ“, – დაგვიზუსტა ზურაბ ზოიძემ.

ზოიძეების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა იყო. მათ ეს შემოსავალი ავტომატურად დაკარგეს სახნავ-სათესი მიწის დაკარგვასთან ერთად.

„მე ვარ განადგურებული, სრულიად განადგურებული, არაფერი რომ არ შემრჩა. მეც 40 000 ლარი უნდა გადამიხადონ და იმ ხალხსაც, რომლებიც ამჟამად მეწყრულ ზონებში არ ცხოვრობენ, მაგრამ აიღებენ ამ თანხას, ისევ მათ სახლებში დაბრუნდებიან და ცხოვრებას გააგრძელებენ?

მე ისე მელაპარაკა მერი, რომ არავითარი იმედი არ მაქვს. 40 000 ლარი და მორჩა“, – გვითხრა საუბრის დასასრულს ზურაბ ზოიძემ. მან არ იცის, რამდენ ხანს  გადაუხდის მერია ქირას მის ოჯახს.

40 000 ლარი, რაზეც ზურაბ ზოიძე საუბრობს, აჭარის მთავრობის ეკომიგრანტების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული ოჯახებისთვის.

ბოლო ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში 66 ოჯახია გადაყვანილი ქირით მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრების გამო. როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, ბოლო პერიოდში ახალი მეწყრული კერები არ გაჩენილა და არც ძველი მეწყრული კერები გააქტიურებულა.

რთული მეწყრული მდგომარეობა შეიქმნა შუახევის სოფელ ბუთურაულშიც. ამ სოფლის მკვიდრი, ჯუმბერ დიასამიძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის საცხოვრებელი სახლიც მეწყრულ ზონაშია. მისი თქმით, უკვე მიიღეს გეოლოგიური დასკვნები, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში დარჩენა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

„ამ დასკვნების მიხედვით გასახლებას ვექვემდებარებით. რეგისტრაცია გავიარეთ პროგრამაში და ველოდებით პასუხებს, რომ ამ პროგრამის მონაწილეები გავხდეთ, სადაც 40 000 ლარია გათვალისწინებული.

ყველას  მოგვივიდა გეოლოგიური დასკვნა, რომ ვექვემდებარებით ადგილმონაცვლეობას და ჩართული ვართ პროგრამაში, სადაც 40 000 ლარია. გავიარეთ რეგისტრაცია, საბუთები შევაგროვეთ და ველოდებით შემდეგ პროცესებს. მაისის თვეში უნდა იყოს პასუხი, ასე გვითხრეს.

ქირით ვცხოვრობთ და ამ პროცესების მოგვარებას ველოდებით. თანხა რომ დაირიცხება, ვიზრუნებთ ან გირაოზე, ან რამეს შევიძენთ, ამ თანხად თუ რამეს შევიძენთ, მთლად ისე დალაგებული სიტუაცია ვერ არის, გაურკვეველი სიტუაციაა ჯერჯერობით და ყველა საგონებელშია. არც ისე დიდი თანხაა, რომ უცებ რამე შეიძინო …

ჩვენ ბათუმში გადმოვედით ქირით საცხოვრებლად. ზოგი სოფლად გადავიდა, ზოგი – მუნიციპალიტეტის ცენტრში, ზოგი – ქალაქში,  როგორც მოახერხეს“, – გვითხრა მან.

ბოლო ინფორმაციით, შუახევში მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრების გამო 78-მა ოჯახმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და ქირით ცხოვრობს.

მიძინებული მეწყერი გააქტიურდა ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელშიც, სადაც ახალ კერებსაც ვხვდებით. აქ ბინის ქირით, მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 48 ოჯახი სარგებლობს.

______________________

ფოტო: ბათუმელების არქივიდან. მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში.

ამავე თემაზე:

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

 

უსაფრთხოა ბათუმში საბავშვო ატრაქციონები? – მერია და ბულვარი ინფორმაციას მალავს

საბავშვო ატრაქციონების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია და ბათუმის ბულვარი ინფორმაციას მალავს.

არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არც ერთმა საჯარო უწყებამ არ უპასუხა კითხვას – უსაფრთხოა თუ არა ის საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც ბულვარსა და ბათუმის ქუჩებშია განთავსებული და რომლებზეც ყოველდღიურად ასობით ბავშვი თამაშობს.

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ორი თვის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 12 მარტის საღამოს, ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი თამაშობდა, ქარმა გაიტაცა. შედეგად, ერთი ბავშვი – 9 წლის დავითი ადგილზე გარდაიცვალა, შემთხვევას გადარჩენილი 3 წლის დანიელი კი დღემდე მკურნალობის კურსს გადის.

ზუსტად ორი თვეა „ბათუმელები“ ცდილობს მიიღოს საჯარო უწყებებიდან პასუხი კითხვებზე, რომლებიც ტრაგიკულმა შემთხვევამ გააჩინა.

ბათუმის ბულვარმა არ უპასუხა არც ერთ კითხვას, რომლებიც ბატუტის უსაფრთხოებას ეხებოდა და გვითხრეს, საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა. „ბათუმელებმა“ წერილი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას 15 მარტს გაუგზავნა. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი საბავშვო ატრაქციონია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული და რა პერიოდულობით მოწმდება ისინი.

ასევე გვაინტერესებდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შემოწმდა ბოლოს ბულვარში არსებული ატრაქციონები და რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად. „ბათუმელები“ ბულვარისგან ითხოვდა მონიტორინგისა და ტექნიკური შემოწმების ამსახველი დოკუმენტების მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ იგივე კითხვები გავუგზავნეთ აჭარის მთავრობას, რომელმაც წერილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაამისამართა. ამ უწყებაში მოკითხვის შემდეგ გვითხრეს, რომ მათ ეს წერილი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გაგზავნეს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ არც ამ წერილზე არ გვიპასუხა.

რაც შეეხება ბათუმის მერიას, ბათუმის მერიისგან ვითხოვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი საბავშვო ატრაქციონია ამჟამად მერიის დაქვემდებარებაში, რა პერიოდულობით ამოწმებს მერია მათ და რა გამოვლინდა ბოლოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად.

არაერთგზის მიმართვის შედეგად, მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან მივიღეთ ზეპირი განმარტება, რომ ორი საქალაქო სამსახური – მუნიციპალური ინსპექცია და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო აყოვნებდა ინფორმაციის გაცემას.

„ბათუმელები“ ორივე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს დაუკავშირდა.  აქ გვითხრეს, რომ ინფორმაციას მიაწვდიდნენ მერიის შესაბამის სამსახურს და შემდგომ მივიღებდით პასუხს.

მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამ დრომდე არ მიუღია.

ყველა სახელმწიფო უწყება, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება საბავშვო ატრაქციონების მონიტორინგი, უარს ამბობს ან თავიდან ირიდებს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა უსაფრთხო საბავშვო ატრაქციონები ბათუმში, რომლებზეც ყოველდღიურად ასობით ბავშვი თამაშობს.

დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

„ხუთი წელია ვაგროვებ ამ დასკვნებს, ანალიზებს, იმ იმედით,  რომ ერთ დღეს გამოჩნდება მკურნალობის საშუალება, ამ ანალიზებს მივუტან ექიმს და ექიმი მიხვდება, როგორ უნდა უმკურნალოს ჩემს შვილს,“ – ასე იწყებს შორენა იაკობაძე საუბარს და თან უზარმაზარ წითელ საქაღალდეს ფურცლავს, რომელშიც მისი შვილის ყველა გამოკვლევის შედეგს ინახავს.

38 წლის შორენა ერთადერთ შვილს, 11 წლის ქეთის მარტო ზრდის. შორენა სოციალურად დაუცველია. ხუთი წლის წინ მისი ცხოვრება დრამატულად შეიცვალა. მისი გოგონა მოულოდნელად გახდა ცუდად. ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც დედის თქმით, დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

„რეანიმობილით წავიყვანეთ თბილისში, სადაც დაუსვეს დიაგნოზი – მწვავე ნეფრიტული სინდრომი. მითხრეს, რომ ამ დაავადების განკურნება რთულია, მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს თქვენი შვილიო. შეიძლება განიკურნოს, მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვესო. მას შემდეგ, ხუთი წელია, ბავშვი დიეტაზეა,“- იხსენებს შორენა იაკობაძე.

ქალი 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

„ავად არის თვე-ნახევარია. დედის გადმოცემით 2018 წლის დეკემბრიდან დაავადება დაეწყო საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, ქვემო კიდურების ტკივილის შეგრძნებით. ექიმისთვის არ მიუმართავთ. მკურნალობა არ ჩატარებულა, ჩივილები დინამიკაში თავად მოიხსნა. 13 თებერვალს გამოიხატა ორბიტალური და სახის შეშუპება, საერთო სისუსტე, მუცლის ყრუ ხასიათის ტკივილი წინა კედლის შეშუპებით. მიმართეს ანგისის საავადმყოფოს, დაყო 1 დღე. ჩატარებული მკურნალობა დედას არ ახსოვს და გაეწერა ბინაზე. დინამიკაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. შეშუპება გავრცელდა ქვემო კიდურებზეც. საკვებს აღარ იღებდა, გახშირდა სუნთქვა. მიიყვანეს პედიატრთან და გააგზავნეს ყელ-ყურის ექიმთან.

დედის გადმოცემით კონსულტაცია არ ჩატარდა თანხის უქონლობის გამო.

ბათუმში მიმართეს იაშვილის სახელობის კლინიკას – ზოგადი შეშუპებით, სუნთქვის გაძნელებით, გულისრევის შეგრძნებით. ასეთი ჩივილებით კატასტროფის სერვისით მომართეს ჩვენი კლინიკის გადაუდებელი თერაპიის დეპარტამენტს,“ – ვკითხულობთ სამედიცინო ცნობაში, რომელიც 2019 წლის მარტში თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ გასცა.

ქეთი და შორენა

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, შორენას თქმით, მისი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი შვილის ჯანმრთელობა გახდა.

„თბილისში დამყავდა, მარტო ანალიზებს უღებდნენ. ეგ ჯდებოდა 700 ლარამდე. თბილისში სიარულს ვეღარ გავწვდი. ამიტომ ბათუმში ავიყვანე ექიმი, რომელმაც მითხრა, ყოველ ექვს თვეში პოლიკლინიკაში ანალიზებზე მოიყვანეო.

მარტო ანალიზებს იტარებს აქ. ქეთის თირკმელი არასწორად ფუნქციონირებს. მკურნალობას არ გადის, ან წამალი მიიღოს, ან რამე, ეგრე არაა,“ – გვეუბნება შორენა.

შორენა ამბობს, რომ ქეთის ახლა რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ უტარდება. ბავშვი დიეტაზეა და დედის თქმით, ექიმები ეუბნებიან, რომ კარგად ყოფნისთვის ეს დიეტა უნდა გააგრძელოს.

შორენა იაკობაძის თქმით, დიეტაზე ყოფნის მიუხედავად ბოლო თვეებში მისი შვილის მდგომარეობა გაუარესდა. დედა ამბობს, რომ შვილის განკურნების ერთადერთ გზად, საზღვარგარეთ წასვლა დარჩა.

„საზღვარგარეთ ამ დაავადების მკურნალობა არ ფინანსდება სამწუხაროდ. საქართველოში განკურნების იმედი კი არ მაქვს. ერთი შვილი, ბიჭი, უკვე მომიკვდა ქართველი ექიმების ხელში 2007 წელს. მე აქაურ ექიმებს ვეღარ ვენდობი, ვეღარ ვანდობ აქ ექიმებს ქეთის ჯანმრთელობას. ერთი შვილი მიწაში ჩავდე და მეორეს ვეღარ დავკარგავ,“ – ამბობს შორენა და ცრემლები ახრჩობს.

შორენას თქმით, 4 წლის იყო მისი პირველი შვილი, როდესაც გარდაიცვალა. დედას ტრავმული გამოცდილება აქვს ექიმებთან ურთიერთობის.

„ხუთი წელია ამ დაავადებას დავდევ, ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო. ახლა გავიგე, რომ საზღვარგარეთ იკურნება, მინდა წავიყვანო სამკურნალოდ და გადავარჩინო“, – ამბობს დედა.

  • რა შემთხვევაში აფინანსებს სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობას

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს. უწყების წარმომადგენელს ვკითხეთ, რა შემთხვევაში აფინანსებს სამინისტრო საზღვარგარეთ მკურნალობას და როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, ვისაც დაფინანსების მიღება სურს.

„სამინისტრო აფინანსებს საზღვარგარეთ მკურნალობას. ამისათვის ოჯახმა უნდა წარმოადგინოს ფორმა 100 და ანგარიშფაქტურა. პირველ ეტაპზე, უნდა დაუკავშირდეს კლინიკას იმ ქვეყანაში, სადაც უნდა სამედიცინო მომსახურების ჩატარება. ანგარიშფაქტურა უნდა გამოუგზავნოს კლინიკამ – რა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ და რა ღირს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება.

ამის შემდეგ საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100 და საზღვარგარეთ მდებარე კლინიკის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა უნდა წარმოადგინოს სამინისტროში. თუ ანგარიშფაქტურა უცხო ენაზე იქნება, უნდა ითარგმნოს და დამოწმდეს ნოტარიულად.  ამის შემდეგ ანგარიშფაქტურა ფორმა 100-თან ერთად შეუძლიათ შემოიტანონ ან საქართველოს ჯანდაცვის, ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. საბოლოოდ საბუთები გაიგზავნება საქართველოს ჯანდაცვაში ექსპერტის დასკვნის მისაღებად.

კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავენ ექსპერტები და დასკვნას წერენ. წინასწარ არავინ არ იცის, რა დასკვნას დაწერს ექსპერტი. თუ ექსპერტი დადებს დასკვნას, რომ პაციენტს სჭირდება უცხოეთში სამედიცინო მომსახურება და მსგავსი არ  ტარდება საქართველოში, მაშინ სამინისტრო დააფინანსებს პაციენტის მკურნალობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, საბუთების გაგზავნის შემდეგ სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად საშუალოდ ორი-სამი კვირა სჭირდება.

___

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ შორენა იაკობაძის ანგარიშის ნომერს

საქართველოს ბანკი

GE62BG0000000542054609

„ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – აქცია ბათუმში

„რუსეთს არასდროს მიუღია საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, „ეს არის საბოტაჟი“ , „ხალხი უნდა იყოს პრინციპული“, „ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – ეს მესიჯები გააჟღერეს დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, შეკრებილებმა. საპროტესტო აქცია პარტია „ლელოს“ ორგანიზებით გაიმართა, თუმცა აქციაზე მხოლოდ „ლელოს“ წარმომადგენლები არ ყოფილან.

აქციაზე შეკრებილებმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება – საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გააპროტესტეს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

აქცია ბათუმში

„ეს არის საბოტაჟური გადაწყვეტილება – ხალხი უნდა იყოს პრინციპული“

„ხელისუფლებას აქვს პოზიცია – მე არაფერ შუაში ვარო. თუმცა ყველა კარგად ვხედავთ, რომ სიმონიანი, სოლოვიოვი, კანდელაკი – ეს ოდიოზური ფიგურები მთელი ცივილური სამყაროსთვის, აქებენ მხოლოდ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს.

რუსეთს თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილება არასდროს მიუღია. დღეს მიიღო გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელიც საბოტაჟურ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.

ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჰქვია. აი, ამ პროცესის შეჩერებისთვის აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ არ განვითარდეს ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას არ ჰქონდეს ის მომავალი, რასაც ჩვენი მოსახლეობა ითხოვს.

თუ ჩვენ ხვალ დავუშვებთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება და სანქცირებულ რუსულ კომპანიებს მიიღებენ საქართველოს აეროპორტები, ამ შემთხვევაში შეიძლება იგივე სანქციები დაუწესონ ჩვენს ქვეყანას. მე არ მინდა ნამდვილად, რომ ჩემი ქვეყანა დაზარალდეს იმ უნიათო და შიშის მომგვრელი, არასწორი პოლიტიკის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი არ არის.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ექნება ადეკვატური პასუხი, ხალხი უნდა იყოს პრინციპული, ვაგრძნობინოთ ხელისუფლებას, რომ შიში არ არის გამოსავალი“ – ამბობს გენო თებიძე, „ლელოს“ წევრი.

გენო თებიძე

„ჩვენ არ ვემხრობით საქართველოს იმ წარსულს, რომელიც უკავშირდება რუსეთს“

„მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება პუტინის რეჟიმს და პირიქით, პუტინი უპირისპირდება ცივილიზებულ სამყაროს, ეს გადაწყვეტილება არის, ჩემი აზრით, წმინდა პოლიტიკური და ემსახურება ორ მიზანს. პირველი, რომ შეაქონ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური განცხადებების გამო და მეორე, მაქსიმალურად შეგვიშალოს ხელი ევროინტეგრაციის გზაზე.

საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ ჩვენ არ ვემხრობით საქართველოს იმ წარსულს, რომელიც უკავშირდება რუსეთს, ჩვენ არ გვინდა ჩრდილოვანი გზა, ჩვენ არჩეული გვაქვს და ამ გზას არ გადავუხვევთ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზას.

პირველი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის პროტესტი გამოვთქვათ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება არა ქართველ ხალხზე ზრუნვა, არამედ იმ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს საზოგადოების ინტერესებს“ – ამბობს არჩილ ბერიძე, ახალგაზრდა აქტივისტი.

არჩილ ბერიძე

„ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“

„ჩვენი ხელისუფლება უკვე დიდი ხანია რუსეთთან უნისონში მოქმედებს და რუსეთი აღგვიქვამს ჩვენ თავის გუბერნიად, იმიტომ, რომ არანაირ დისკომფორტს ჩვენი ხელისუფლება არ უქმნის. პირიქით, ყველაფერს აკეთებს რუსეთის მაამებლობისთვის და ეს იყო მცირედი რაღაც გადმოგდებული, საკენკი, ჯილდო ქართველი რუსეთუმეებისა და საქართველოს მთავრობისთვის, რომ ის მცირე პროცენტი, რომელზეც, აგრესიული რადიკალური ძალები დგას, ჩვენი ხელისუფლება წაახალისონ, თითქოს პოზიტიური ძვრებია სახელმწიფოში.

ეს ძალიან ცუდად აისახება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენი ხელისუფლება სპეციალურადაც აკეთებს ამას, მათ არ სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ევროპული მმართველობა ნიშნავს გამჭვირვალე, დაბალანსებულ და დემოკრატიულ მმართველობას.

დემოკრატიული მმართველობის პირობებში ისინი დამარცხდებიან. მათი მმართველობა დგას ძალადობრივ და არადემოკრატიულ მეთოდებზე. ისინი მიგვაქანებენ რუსულ ჭაობში და ეს პროტესტი არის ამის საწინააღმდეგო.

დეკლარირებულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია პროევროპულად განწყობილი და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ ჩაივლის მშვიდობიანად. იქნება მწვავე პროტესტი და ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება პუტინთან ფლირტი“ – გვითხრა გენრი დოლიძემ, პარტია „დროას“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გენრი დოლიძე

ახალი ფუნქციონალები თიბისის ციფრულ ბანკში

თიბისი ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა: გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.

მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება: 

  • დააკოპირე ბარათის ნომერი მარტივად – ნებისმიერი ბარათის მონაცემებს უკვე აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების გვერდიდან.
  • შეამოწმე ოვერდრაფტის ლიმიტი – თუ ოვერდრაფტით სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.
  • განაახლე აპლიკაციის ვერსია – ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია, თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.
  • გააზიარე შენი IBAN QR კოდით – მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. QR კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.

YouTube video player

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება.

მერია მალავს, რამდენი სათვალთვალო კამერა მუშაობს ბათუმში – მორიგი ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის მერიის სამმართველომ ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა 1,9 მილიონი ლარით.

კამერების შეძენა-ექსპლუატაციაზე ბათუმის მერია სოლიდურ თანხას ყოველწლიურად ხარჯავს, თუმცა რამდენი კამერა მუშაობს ქალაქში, ამ ინფორმაციას მალავს.

ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ იმარჯვებს. ამ კომპანიისთვის კი, 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი.

რა ადგილებზეა დამონტაჟებული ქალაქის ბიუჯეტის ფულით შესყიდული ვიდეოკამერები, რამდენი მათგანი მუშაობს გამართულად და ვინ არის ჩანაწერების დაცვა-გაცემაზე პასუხისმგებელი? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გასული წლის აგვისტოში გამოითხოვა ინფორმაცია ოფიციალურად.

მერიამ ოფიციალურად მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში გვიპასუხა. უფრო სწორად, არც ერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ გასცა – მხოლოდ სატენდერო განცხადების ნომრები მოგვწერა. მერიაში არც ის განმარტეს, თუ რატომ დამალეს ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

[toggle title=”კითხვების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„ბათუმელები“ 2022 წლის 18 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე ელოდებოდა ბათუმის მერიიდან ამ კითხვებზე პასუხებს, თუმცა მერიამ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოგვწერა.

რა ინფორმაციას ვითხოვდით ბათუმის მერიიდან:

  • რამდენი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა [სხვადასხვა ტიპის] შეისყიდა ბათუმის მერიამ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში [გთხოვთ, მონაცემები მოგვაწოდოთ წლების და ასევე შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით].
  • ყველა იმ მისამართების ჩამონათვალი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც დღევანდელი მონაცემებით დამონტაჟებულია ქალაქის მერიის მიერ შესყიდული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა.
  • ყველა იმ მისამართების ჩამონათვალი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც, დღევანდელი მონაცემებით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერა მუშაობს [დაერთებულია შესაბამის სისტემასთან/ჩართულია შესაბამის ქსელში].
  • რა პერიოდის განმავლობაში ინახება ამ კამერების ჩანაწერები და სად [ამასთან, ვინ არის ამ ჩანაწერების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი]?
  • ყველა იმ მისამართის ჩამონათვალი, სადაც უნდა დამონტაჟდეს ამ დროისთვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.

[/toggle]

რაც შეეხება ახალ ტენდერს, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ის 2023 წლის 10 მაისს გამოაცხადა 1 980 034 ლარით.

ტექნიკური პირობის მიხედვით:

  • „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუში მდებარე სასერვერომდე (ანგისა) და თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში.
  • შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება (ადგილზე). პრეტენდენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
  • ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეონაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა.
  • გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტროქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგოდისტრიბუტორ კომპანიასთან (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს შემსრულებელი. ელექტროენერგიის ხარჯს (ყოველთვიური სააბონენტოს) კი, უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია.
  • მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეოკამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე, თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელექტროძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).“

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ივნისს დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში 410 ახალ სათვალთვალო ვიდეოკამერას იყიდიან და დაამონტაჟებენ.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ჩვენ გვჭირდება მეტი დრო – ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან განაცხადა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან უკრაინას სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება.

„იმით [რაც გვაქვს], ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ჩვენ დავკარგავთ ბევრ ადამიანს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია.

…ასე, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია. მეათე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა ამ დრომდე მათ ეს სრულად ვერ შეძლეს. ბოლო დღეებში, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზოგიერთ რაიონში 2 კილომეტრამდე უკან დაიხიეს.

როდემდე გაგრძელდება წვიამიანი ამინდი ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 13-14-15 მაისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 196 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 3 740 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 287 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 3 053 ერთეული [+14]
  • MLRS – 557 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 310 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 627 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 984 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 391 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 421 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 074 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 069 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 098 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 787 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 124 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბახმუტის მიმართულებით ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს – სირსკი

ბახმუტის მიმართულებით ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს – სირსკი

უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტური კონტრშეტევების განხორციელება შეძლეს, რის შედეგადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზოგიერთ რაიონში 2 კილომეტრამდე უკან დაიხიეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი წერს ტელეგრამზე.

„კარგად გააზრებული თავდაცვის შედეგად, ბახმუტის მიმართულებით ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედების ეფექტურ შედეგებს. მათ შორის, ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში მტერმა ვერ შეძლო უკრაინელი მცველების შეკავება და და უკან დაიხია2 კილომეტრამდე მანძილზე.

…მიუხედავად ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციისა და რუსი სამხედრო დამნაშავეების ხმამაღალი განცხადებებისა ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ, მტერმა მაინც ვერ შეძლო უკრაინის ქალაქის აღება.

ჩვენი თავდაცვის ძალები საიმედოდ იკავებენ ფრონტს და ხელს უშლიან მტრის წინსვლას. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება…

ცალკე მინდა აღვნიშნო მე-3 მოიერიშე ბრიგადის მუშაობა, რომელმაც ბრძოლაში ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს და აჩვენა უკრაინის არმიის ძალა“ – წერს სირსკი.

მესამე მოიერიშე ბრიგადა, რომლის შესახებაც სირსკი წერს, 2023 წლის იანვარში შეიქმნა – ეს ცნობილი აზოვის  პოლკის ახალი სახელწოდებაა. დანაყოფი ჩამოყალიბდა აზოვის მოხალისეთა რაზმის ბაზაზე.

ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეა, გასული წლის აგვისტოდან გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. ამ დრომდე ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლით.

ქუჩები ბათუმში, სადაც პრობლემურ ადგილებში ბეტონს დააგებენ – გამოყოფილია 4,6 მილიონი

ბათუმში, „პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დასაგებად“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც ქუჩების კონკრეტული მისამართებია მითითებული.

სამივე ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4,6 მილიონი ლარია. სამუშაოები კი, ყველგან 2023 წლის 12 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სამმართველოს ცალკე, მეოთხე ტენდერიც აქვს გამოცხადებული „ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუ­ჩე­­ბის მიმდინარე სარემონტო სა­მუ­შა­­ოებზე“, სადაც სატენდერო თანხა 1,1 მილიონი ლარია. მომსახურების ვადა ამ შემთხვევაში 2023 წლის 29 დეკემბერია; კონკრეტული ადგილი კი, „მითითებული იქნება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში“.

რაც შეეხება სამ ტენდერს და კონკრეტულ მისამართებს –

  • 2023 წლის 31 მაისს დაიწყება და 5 ივნისს დასრულდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომელიც 2 115 141 ლარით არის გამოცხადებული.

ამ ტენდერის ფარგლებში ბეტონის საფარი უნდა დაიგოს შემდეგ ადგილებში:

  • მარკოზ აჭარელის ქ. მე-3 შესახვევი 10-22-ის მიმდებარედ
  • მარკოზ აჭარელის ქ. მე-3 შესახვევი N36-38 ის მიმდებარედ
  • ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩა N87ა-N125-ის მიმდებარედ
  • ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩა N93ა- N95-ის მიმდებარედ
  • გაზაფხულის ქუჩა N1-N2 -ის მიმდებარედ
  • გაზაფხულის ქუჩა N9-N10-N12 – ის მიმდებარედ
  • გაზაფხულის ქ. 1-ელი შესახვევი N6 N8 -ს მიმდებარედ
  • თბილისის ქუჩა მე-2 შესახვევი N1-დან N3-მდე
  • კრასნოვის ქუჩა N2-N19-ის მიმდებარედ
  • მეზღვაურის ქუჩა N35- დან N59- მდე
  • მეზღვაურის ქუჩა N35- დან N59- მდე
  • თბილისის ქ. N71-ის მიმდებარედ
  • თამარ მეფის გამზირი მე-4 შესახვევი N70- N27
  • თბილისის ქუჩა 1-ელი შესახვევი 2ა-დან N8-მდე
  • მამია გოგოლიშვილის ქუჩა N25-N39-ის მიმდებარედ
  • თბილისის ქუჩა N100- N108-ის მიმდებარედ
  • თბილისის ქუჩა მე-4 შესახვევი N1-N11-ის მიმდებარედ
  • ჰორტენზიის ქუჩა N4- N14-ის მიმდებარედ
  • თბილისის ქუჩა N20-ის მიმდებარედ
  • თამარ მეფის გამზირი N18-ის მიმდებარედ
  • მაგნოლიის ქუჩა N7-N27-ის მიმდებარედ
  • მემედ კონცელიძის ქუჩა N46-N55-ის მიმდებარედ
  • თამარ მეფის გამზირი მე-3 შესახვევი N28-N38

24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება წინადადებების მიღება 610 233 ლარით გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ფარგლებშიც ბეტონი შემდეგ მისამართებზე უნდა დააგონ:

  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ქ.N21-N33ა-ს მიმდებარედ
  • იოანე ლაზის II ჩიხი N12-N2
  • პეტრე იბერის ქ.N18-N45-ის მიმდებარედ
  • პეტრე იბერის ქ.N43-N72-ის მიმდებარედ
  • პეტრე იბერის ქუჩის II ჩიხი N6-N8-ის მიმდებარედ
  • პეტრე იბერის VI ჩიხი N59-ის მიმდებარედ
  • მატათა მოციქულის ქუჩის II ჩიხი N1-დან N4-მდე მონაკვეთი
  • ავგიის I ჩიხი N3-ის მიმდებარედ

1 946 966 ლარითაა გამოცხადებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება ასევე 24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

ამ ტენდერის ფარგლებში ბეტონის საფარი შემდეგი ქუჩების პრობლემურ ადგილებში უნდა დააგონ:

  • ბათუმგორის ქ. N5-ის მიმდებარედ
  • ზედაღელის 1 შეს N30 N46-ის მიმდებარედ
  • ზედაღელის 2 შეს N33-39-0ს მიმდებარედ
  • ზედაღელის დას N25-28-ის მიმდებარედ
  • თევდორე მღვდლის უჩა N37-N39-ის მიმდებარედ
  • თოდოგაურის დას N126-124ა-ს მიმდებარე
  • თევდორე მღვდლის N52-54-ის მიმდებარედ
  • თევდორე მღვდლის N20დ-26-ის მიმდებარედ
  • თევდორე მღვდლის ქ. N14ე-14-ის მიმდებარედ
  • მაჭახლის 1 შეს N2-N7 ის მიმდებარედ
  • მაჭახლის 1 შეს N24-N20ა-ს მიმდებარედ
  • მაჭახლის 1 შეს N32ა-32 გ-ს მიმდებარედ
  • მაჭახლის 30ა-26ბ-ს მიმდებარედ
  • მაჭახლის ქ. N70-62-ის მიმდებარედ
  • მახვილაურის N75ბ-N71-ის მიმდებარედ
  • მახვილაურის ქ. 79-80
  • შარაშიძის ქ. N26-30-ის მიმდებარედ
  • შარაშიძის 3 ჩიხი N1-6-ის მიმდებარედ
  • შარაშიძის მე-4 ჩიხი N6-ის მიმდებარედ
  • შარაშიძის მე-5 ჩიხი N2-N6-ის მიმდებარედ
  • მუსხელიშვილის 1 შეს N1-N9-ის მიმდებარედ
  • მუსხელიშვილის ქ. N64-N103-ის მიმდებარედ
  • მუსხელიშვილის ქ. N33დ-55-ის მიმდებარედ
  • მუსხელიშვილის ქუჩა N14-დან სასაფლაომდე
  • ფრ. ხალვაშის II შესახვევი N1ა-N9-ის მიმდებარედ
  • ფრ. ხალვაშის III შესახვევი N1-N9-ის მიმდებარედ
  • ფრიდონ ხალვაშის X ჩიხი N2-N5-ის მიმდებარედ
  • ურეხის დასახლება N36-N37-ის მიმდებარედ
  • ურეხის დასახლება N38-ის მიმდებარედ
  • მაჭახლის ქუჩა N9-N17-ის მიმდებარედ
  • მ. შარაშიძის ქუჩა N38ა-N38ბ-ის მიმდებარედ
  • თევდორე მღვდლის ქუჩა N76-N76ა-ს მიმდებარედ.

ჩხაკოურა-ბახმაროს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 [ჩხაკოურა-ბახმარო] მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა [10 მაისის მდგომარეობით] ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაფართოვების სამუშაოები.“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 [ჩოხატაური-ჩხაკოურა] მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავარი ფოტო: გზა ბახმაროსკენ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

ბათუმის მწვანე, მაგრამ მოუვლელი სკვერები კორპუსებთან – არსებობს მათი დაკარგვის საფრთხე

ბათუმის გარეუბნებში, ძველი კორპუსების ეზოებში მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო არცთუ მცირე ზომის, ხასხასა მწვანე, მცენარეებით დაბურული სივრცეები. მათი უმეტესობა ხელუხლებელ, ბუნებრივად გაზრდილ ბაღს ჰგავს. ამ სკვერებს კიდევ ერთი ხიბლი აქვთ – ხშირად მათი არც ერთი ნაწილი ჩაბეტონებული არ არის.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ უმეტესობა მოუვლელი და დანაგვიანებულია. ზოგან ყვავილები ბალახში „იხრჩობა.“

სკვერი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა
ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა

„როგორ არ ვუვლით? – რაც შეგვიძლია ვუვლით. გახედეთ აბა იქით, ის ნაძვი ჩემი დარგულია, ის პალმაც. ეს ბუჩქიც მალე აყვავდება, რაც შეგვიძლია, ვუვლით“ – გვეუბნება ლერმონტოვის #117-ში, ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები. 

ამ ეზოდან რომ გამოხვალთ, ორბელიანის ქუჩის გადაკვეთამდე, ქუჩის ორივე მხარეს კარგად გამწვანებული შიდა ეზოებია.

„ამ ბალახის გაკრეჭას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, ამიტომ მერია უნდა დაგვეხმაროს მის მოვლაში, მხოლოდ ჩვენ ვერ მოვუვლით. ყვავილებს ვრგავთ, ნარგავებს ვუვლით, მაგრამ ბალახისგან გაწმენდა დიდ დროს მოითხოვს, ტექნიკაა საჭირო. ზაფხულში მწერები ჩნდებიან, ბავშვები დადიან და გვეშინია,“ – ამბობს ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ბერიძე.

„მერია მოდის როცა საჭიროა, აკეთებს იმას – რაც საჭიროა. ალაგებს. ვერ ვიტყვი, რომ არ ალაგებენ, მაგრამ თვითონ ჩვენ ვანაგვიანებთ. არ არის იმის შეგნება, რომ არ დაანაგვიანონ, არ გააფუჭონ. მინახავს, როცა ადგილობრივებიც უვლიან, რგავენ. მართლა არ არის ასეთი ეზო ბათუმში, მაგრამ თვითონ ადამიანები არ უვლიან, აფუჭებენ“ – ამბობს გოდერძი ჭინკაძე, ლერმონტოვის ქუჩის #125-ში მცხოვრები. 

გოდერძი ჭინკაძე

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს განმარტებით, თუ ამხანაგობას სკვერის მოვლისთვის დახმარება სჭირდება ან სხვა საჭიროება აქვს, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ერთეულს განცხადებით იმის თაობაზე, თუ რა სჭირდება.

მსგავსი სკვერები ბევრგან ქაოსურად არის გამწვანებული, ზოგან რა დაურგავთ, ზოგან – რა. სწორედ ამით განსხვავდება ეს სკვერები სხვა გამწვანებული სივრცეებისგან, რომლებსაც წინასწარ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, ტენდერის გავლით აწყობენ. ეს, ერთი მხრივ, ამ ადგილების ხიბლიც არის, რადგან ასეთი სკვერები განსხვავებული და ბევრად უფრო ინტენსიურად გამწვანებულია.

პრობლემა ის არის, რომ ბევრ მათგანში ბალახი იმდენად გაზრდილა, რომ იქ გავლას ვერ შეძლებთ.

სკვერი კორპუსის წინ

ზოგიერთ ასეთ სკვერს, როგორც ჩანს, აქ მცხოვრებლები საერთოდ არ უვლიან – საყოფაცხოვრებო ნარჩენები პირდაპირ გამწვანებულ ზოლშია დაყრილი, ზოგან კი სკვერი სამშენებლო მასალების ნარჩენების დასაყრელადაც გამოუყენებიათ.

ბათუმის მერიაში ვერ დაგვიზუსტეს, ვის ეკუთვნის ეს გამწვანებული სივრცეები – ამხანაგობების საკუთრებაა, თუ მუნიციპალიტეტის.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამ სკვერების უმეტესობა დაურეგისტრირებელი ფართობებია, თუმცა წააწყდებით ისეთ შემთხვევებსაც, როცა ასეთ მწვანე სივრცეებში გარკვეული, მცირე ზომის ფართობის დარეგისტრირება კერძო პირებს მოუხერხებიათ. არის ისეთი ადგილები, სადაც მწვანე სივრცეებში შენობები აუშენებიათ და ისეთიც – სადაც პირველ სართულზე მცხოვრებლებს ბეტონის ღია აივნები მოუწყვიათ.

მოსახლეობის გულგრილობას გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით საგანგაშოდ მიიჩნევს ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტი აზა გაბუნია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პროექტის ფარგლებში – „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“ – გამწვანებული ტერიტორიები ფეხით შემოიარა და აღრიცხა.

„საბედნიეროდ, ბათუმში ჯერ კიდევ შემორჩა ისეთი ეზოები, სადაც არის კარგი გამწვანება, ფანჩატურები, მოწყობილია მოედნები. ფაქტობრივად, საკუთარი პატარა სკვერები აქვთ ეზოებს, ოღონდ სულ რამდენიმე ეზოა ასეთი დარჩენილი ქალაქში.

სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ მსგავსი ტიპის უბანში მოსახლეობა არ უფრთხილდება გარემოს. ხშირად ასეთ სივრცეებში ნაგავი ყრია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ამაზე ზრუნავდეს ქალაქის მერია, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება, ის ნაგავსაყრელად აქციო.

როცა ამას გამოხატავ, ყოველთვის არის აგრესიული პასუხი, რა თქვენი საქმეაო. ასე თუ გაგრძელდა, მარტივად შეიძლება თქვას ქალაქის მთავრობამ, არ გინდოდათ, არ უვლიდითო და საბოლოოდ შეიძლება გაჩნდეს შემდეგ ამ ეზოებში ბეტონის შენობები, შეიძლება დავკარგოთ ეს სივრცეები“.

მართლაც არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ბათუმში ახსოვთ ისეთი შემთხვევებიც, როცა გამწვანებული სივრცეები მთლიანად მოექცა ბეტონქვეშ. სწორედ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა ონლაინპეტიცია„მწვანე უბნები ბათუმს“. ეს პეტიცია ბათუმის საკრებულოში 2021 წლის ივნისში დარეგისტრირდა – მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდება და სტატუსის მინიჭება ოფიციალურად მოითხოვეს.

პეტიციის მომზადების დროს ბათუმში სტატუსის მქონე მხოლოდ 18 სივრცე იყო, პეტიციის ავტორებმა კი წარადგინეს 30 მისამართი ქალაქის მასშტაბით, სადაც მწვანე სივრცეებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.

ამ პროცესის დასაწყებად ვერც წინა წინა და ვერც მოქმედმა საკრებულომ ვერ მოიცალა. ერთადერთი მწვანე სივრცე, რომლის სტატუსის მინიჭებაზეც გასულ წელს საკრებულომ იმსჯელა, ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებული ტერიტორიაა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ სკვერს ზაქარია ფალიაშვილის სახელი უწოდეს. ეს ადგილი პეტიციის მისამართების ჩამონათვალშიც იყო.

ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა  –  ფოტო გადაღებულია 9 მაისს
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, სკვერებთან დაკავშირებული პეტიციის საკითხზე, ორშაბათს, 15 მაისს, ბათუმის ტერიტორიულ ორგანოებში მერის წარმომადგენლებს შეხვდებიან
სკვერი კორპუსთან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები 

რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ პოლიტიკაზე – კორნელი კაკაჩია

დღეს, 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა.

რას ნიშნავს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოში? – „ბათუმელები“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

„რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს იმ სიტუაციით, რაც ახლა არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ცდილობს, დაიბრუნოს ზეწოლის მექანიზმები ქართულ, პარტიულ პოლიტიკაზე, რომელიც მან დაკარგა 2008 წლის ომის შემდეგ.

რუსეთი ასევე ცდილობს დაკარგული საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას. რომელი საზოგადოებაც, რა თქმა უნდა, რუსეთის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი 2008 წლის ომის შემდგომ და მას შემდეგ, რაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა.

ახლა ცდილობს, აი, ამ ნაბიჯებით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში და შესაბამისად ხელი შეუწყოს მის უფრო მეტ პოლარიზაციას, განსაკუთრებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.

თუ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას ვერ მოიყვანს, ყოველ შემთხვევაში, ეცდება, რომ საზოგადოებრივი აზრი გაყოს და შემდეგ გავლენების ბერკეტები მოიპოვოს ჯერ საქართველოს საშინაო, მოგვიანებით კი საგარეო პოლიტიკაზეც. რაც უკვე მოახერხა, არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მოიპოვა გავლენები“.

კითხვაზე, თუ როგორ აისახება საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განახლება და სავიზო რეჟიმის გაუქმება, კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს წარმოშობს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს.

„ალბათ ხელისუფლება ამას არ შეიმჩნევს და ისე გაატარებს, თითქოს მასთან არ არის დაკავშირებული. როგორც აქამდე აკეთებდა ორაზროვან განცხადებებს – რომ ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან… ალბათ ასეთი განცხადებები იქნება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის უმრავლესობას ექნება მეტ-ნაკლებად კრიტიკული გამოხმაურებები, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან.

იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ოფიციალურად 100 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე გვყავს ქვეყანაში. პირდაპირი რეისები რომ დაინიშნება, ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება, რადგან კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ ხალხის მობილობას. შემდეგ ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის ომის ფონზე.

გარკვეული რისკები არსებობს საქართველოსთვის, ჰუმანიტარული იქნება ეს თუ ეკონომიკური. აი, ეს ლტოლვილების მოზღვავება თუ რაღაცები წარმოშობს გარკვეული ეროვნული უსაფრთხოების რისკებს. იმედია,  ხელისუფლებას აქვს გააზრებული, რასთან აქვს საქმე.

იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას ხედავს, როგორც მხოლოდ შესაძლებლობას. ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეები მოიზიდოს, მათგან რაღაცა საბანკო გადარიცხვები მოხდეს და ა.შ. ამ დროს ამის რისკებს ნაკლებად ამჩნევს. იმედი მაქვს, ისინი [ხელისუფლება] ამ რისკებს სათანადოდ შეაფასებენ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას [რუსეთის მოქალაქეების] რაოდენობის მომატების დროს,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩიას აზრით, ჯერ რთულია შეაფასო, რამდენად იქონიებს გავლენას რუსეთის ქმედება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

„არ ვიცი, რამდენად კარგად ჩაჯდება… საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს. თუ ამას [სავიზო რეჟიმის გაუქმებას] მოჰყვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება, თუ ეჭვი შეეპარა ვინმეს, იმავე სანქციების მდგრადობაში – საქართველო იცავს თუ არა სანქციებს, ამას შეიძლება გარკვეულწილად პრობლემები მოჰყვეს.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს ხდება ძალიან ცუდ პერიოდში. როდესაც მთელი დასავლური, დემოკრატიული სამყარო ცდილობს რუსეთის იზოლაციას. ასეთ დროს რუსეთი დგამს ამ ნაბიჯს, რაც სხვა დროს ალბათ საქართველოს ხელისუფლებებისთვის უნდა იყოს დამაფიქრებელი,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ეს არის სიგნალი, რომ რუსეთმა „დააფასა“, რაც ხდება საქართველოში – ცუცქირიძე ფრენების აღდგენაზე

„ეს არის მათი საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯი, სიგნალი, რომ ისინი ხედავენ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა და აფასებენ ამას,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 10 მაისს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

დღეს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა.

„რამდენად რეალურად შეძლებენ დასანქცირებული კომპანიები აქ ფრენას, ეს მეორე საკითხია და მისცემს თუ არა მას საქართველო ამის შესაძლებლობას, მაგრამ ეს არის მათი მხრიდან სიგნალი, ნაბიჯი იმისა, რომ [რუსეთმა] დააფასა ის ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში.

ეს არის გაგრძელება იმის, რაც დიდი ხანია კეთდება საქართველოში, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში.

შიდა პოლიტიკაში, თუ ჩვენ საერთოდ ოდესმე სერიოზულად ვუდგებოდით დემოკრატიის მშენებლობას, ეს აღარ კეთდება და გადასული ვართ ავტოკრატიის გამყარების პროცესზე. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ და ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილებები, რასაც ისინი იღებენ: გამოსვლები და პროპაგანდა.

საგარეო პოლიტიკაში კი ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ თანამეგობრობასთან ურთიერთობების გაფუჭებას და ქვეყნის თანდათან დაახლოებას პუტინთან, რუსეთთან.

შეიძლება, ერთი შეხედვით ვინმემ თქვას, რომ აი, რა მოხდა მერე, ბევრი მუშაობს რუსეთში, ადვილად ჩამოვლენ აქ, მაგრამ როცა ფრენაზეა საუბარი რუსეთთან, მე მახსენდება, როგორ შეყარეს 2006 წელს საქართველოს მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავში, ისე, რომ დასაჯდომი ადგილიც არ ჰქონდათ და როგორ ჩამოყარეს თბილისის აეროპორტში – როგორ მოაწყვეს რუსებმა ქართველების ეთნიკური წმენდა მოსკოვში.

ეს არის რისკი: რაც უფრო მეტად ვინტეგრირდებით რუსულ ეკონომიკაში, რაც უფრო დიდი წილი ექნება რუსულ ეკონომიკას ჩვენს ეკონომიკაში, მით უფრო მეტად დამოკიდებული ვიქნებით რუსეთზე და ყოველთვის ექნება რუსეთს ბერკეტი ზემოქმედების, რადგან რუსეთი ხომ ნორმალური სახელმწიფო არ არის?!

რუსეთი არის არანორმალური, ნაცისტური სახელმწიფო, რომელსაც მართავს არანორმალური პარანოიკი. ეს ხომ არ არის კანონებზე აწყობილი სახელმწიფო, ხვალ შეიძლება შენ საწინააღმდეგოდ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება.

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში არ შედის, რომ ჩვენ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ჩვენ უნდა ვინტეგრირდეთ ძლიერი და სტაბილური ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან არ უნდა საქართველოს ხელისუფლებას და ამას ემსახურება ეს. ამას ემსახურებოდა ორბანთან ჩახუტება ბუდაპეშტში.

ეს საბოტაჟის მცდელობები და არა მხოლოდ მცდელობები – წარმატებული მოქმედებები ამ მხრივ ჩვენი მთავრობისა შეასუსტებს ჩვენს კავშირებს ევროპასთან და გააძლიერებს ჩვენს კავშირს რუსეთთან, რაც პირდაპირ სახიფათოა ჩვენი თავისუფლებისთვის.

ამას ექნება პირდაპირი პოლიტიკური გავლენა,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

რუსეთში 2023 წელს გააქტიურდა საუბარი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. 2023 წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

მოსკოვი-თბილისის ფრენები ყოველდღე შესრულდება – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ავიაკომპანიებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენისთვის მზადება დაიწყეს – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანიები ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით.

„ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები ყოველ კვირას შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს, გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

ასევე, ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები განაახლა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა.

განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ, თუმცა ვიზა კვლავ იქნება საჭირო სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად.

რაც შეეხება რუსეთში უვიზოდ გამგზავრებას, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ 180 დღიდან 90 დღე დაჰყონ.

2022 წლის დეკემბერში მოსკოვში არ გამორიცხავდნენ სავიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამისთვის პირობები დადგება“.

ასევე, ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.

საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები რუსეთმა 2019 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ.

რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“

თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა.

  • ბატონო დათო, რამდენი წელია, რაც მიწას ამუშავებთ და ძირითადად რომელი კულტურები მოგყავთ?

46 წლის ვარ და ბავშვობიდან მიწას ვამუშავებ. ადრე ძირითადად კარტოფილი, სიმინდი მოგვყავდა. ახლა კენკროვანი კულტურებიც შემოვიდა. დიდი რაოდენობით, დაახლოებით 3-4 ტონამდე სალათის ფურცელს ვაწარმოებთ. მყავს ფუტკარი. მაქვს ჟოლო, შემოვიტანე მარწყვის ახალი ჯიშის 500-მდე ძირი. ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი კულტურები მქონდეს, რადგან ერთფეროვანი არ ამართლებს.

  • ამ დროის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვნად თუ შეიცვალა მიწის დამუშავების მეთოდები?

რაც წინ წავედით, ევროკავშირის დაფინანსებით შემოვიდა ტექნიკა, სახნავი ტრაქტორები, მოსაცელი. აღარ ვართ ხარზე და სხვა რამეზე დამოკიდებული, განვითარდა, წინ წავედით.

  • წელს რა ფართობის მიწაც დაამუშავეთ, ამდენივეს ამუშავებდით წინა წლებშიც?

წინა წლებში დაახლოებით 8 000 მეტრ მიწას ვამუშავებდი, მაგრამ როდესაც შედეგი არ იყო, მიწის დამუშავებაც შევამცირეთ. ახალგაზრდები სოფლიდან წავიდნენ, იმიტომ, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს მიწაზე მუშაობას.

ჩვენთან სახნავი მიწების 80% ჭალებად იქცა. ხომ გეუბნებით, ადრე 8 000 მეტრზე მხოლოდ კარტოფილს ვთესავდი. ახლა მხოლოდ 4 000 მეტრამდე მიწას ვამუშავებ და მხოლოდ კარტოფილს კი არ ვთესავ აქ – კარტოფილს, დაახლოებით, 500 მეტრში. ვთესავ სალათის ფოთოლს, გარდა ამისა, მოგვყავს ხახვი, კომბოსტო. ვცდილობთ, ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენი საარსებო გვქონდეს.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაც მიწის დამუშავებისთვის გჭირდებათ? აი, მაგალითად, ჯამში რამდენი ლიტრი საწვავი გჭირდებათ, სასუქი და ა.შ.

ამ ყველაფერს იმდენი გასავალი აქვს, რომ შესაბამისი შემოსავალი არ გვაქვს. აზოტს შევიძენთ, საწვავს, ამ ყველაფრის ტრანსპორტირება, შემდეგ მოსავლის ბაზარში გადატანა და ამიტომაც შეამცირა ხალხმა დამუშავებული მიწის ფართობები. არ უღირთ სოფლად მუშაობა და წავიდნენ ქალაქში. აი, ასეა.

მე ჩემი ფულით შევიძინე მარწყვისა და მაყვლის ახალი კულტურები. პირადად არასდროს მიმიღია რაიმე სახის დაფინანსება. მიწას უკვე უფრო მეტი გასავალი აქვს, ვიდრე შემოსავალი.

  • აქამდე ყველა ის ხარჯი, რასაც მოსავლის აღებამდე და შემდეგ უკვე მისი რეალიზებისთვის სწევთ, ხომ არ შეგიჯამებიათ?

შეჯამებით ნამდვილად არ შემიჯამებია. ეს რომ შემეჯამებინა, გული გამისკდებოდა ალბათ, რადგან ისედაც ზუსტად ვიცი, რომ შემოსავალზე მეტი გასავალია.

როდესაც დათესვა, სასუქი, შეწამვლა და ეს ყველაფერი დასრულდება, ამ ყველაფრის ხარჯს რომ ერთად მოუყარო თავი, ნებისმიერ ოჯახს 5 000 ლარი ეხარჯება და ამასობაში შემოსავალი 1500-დან 2000-მდე ლარია.

  • მაინც რაში გეხარჯებათ ყველაზე მეტი თანხა?

საწვავსა და სასუქში, რისი ფასებიც გაიზარდა. სასუქს ვყიდულობდით 30-35 ლარად. ჯერ ერთი, აზოტის შემცველობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. 33 პროცენტი აწერია და ამ დროს შეიცავს 18 პროცენტს. 1 ტომარა აზოტი 75-80 ლარი ღირს. ემატება ტრანსპორტირების 5 ლარი და ჯამში ერთი ტომარა აზოტის შეძენა 85 ლარი ჯდება.

ჩემი ტრაქტორით 4 000 მეტრი რომ დავხნა, დაახლოებით 30 ლიტრი საწვავი მჭირდება. ჩემი ტრაქტორი რახან მაქვს, არ ვჩქარობ და ესეც ამიტომ. 4 000 მეტრ მიწაში 10 ტომარა აზოტი ყველა ვარიანტში გჭირდება, აზოტის გარდა ფოსფორს ვიყენებთ, იმიტომ, რომ მიწები უკვე გამოიფიტა და თუ არ მიეცი ფოსფორი, არაფერი გამოვა. 1 ტომარა ფოსფორი 150 ლარი ღირს, ამავე ფართობზე 3-4 ტომარას მაინც ვიყენებთ.

ძირითადი ხარჯი ამით არ მთავრდება, შემდეგ შეწამვლა უნდა კარტოფილია თუ სხვა კულტურა, რაც დაახლოებით 400-500 ლარი ჯდება.

მაგალითად, კარტოფილის მოსავლის აღება ისევ საწვავს უკავშირდება და სულ ცოტა 20 ლიტრს მაინც გახარჯავ. 1 ტომარა ანუ 50 კილოგრამი კარტოფილის ბათუმში ჩატანა სულ ცოტა 4 ლარი ღირს, ანუ 500 ლარი კარტოფილის გადატანაში გჭირდება.

მოსავალმა ზოგადად იკლო. ადრე 17-18 ტონა კარტოფილს ვიღებდი, ახლა საჭმელად აღარ გვყოფნის, უხარისხოა.

  • თქვენი დაკვირვებით, თქვენს თანასოფლელებსაც იგივე მდგომარეობა აქვთ? ხარჯისა და შემოსავლების შედარებაზე თუ საუბრობთ ხოლმე და რაზე ჯერდებით?

გასავალი რომ მეტია, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ამიტომაც ვუფრთხით ბევრი მიწის დამუშავებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახალგაზრდობა სულ გაიკრიფა, იმის გამო, რომ შემოსავლების პერსპექტივა აქ არ არის, არ უღირთ არც კარტოფილის და არც სხვა კულტურების მოყვანა.

გასულ წელს 1 კილოგრამი სალათის ფურცლის ფასი 2 ლარი იყო. ამ ფასად რა უნდა გააკეთო? მითუმეტეს, რომ ბაზარს გადამყიდველები არიან დაუფლებულები და თუ თვითონ არ მოიგეს, შენ რას მოგცემენ?! ძალიან იკლო სალათის ფურცლისგან მიღებულმა შემოსავალმაც. ადრე კილოგრამი 6-7 ლარი ღირდა, ახლა ყველაზე მაღალი ფასი 2.50 ლარია. ამასთან, ერთ ტომარაში დაახლოებით 25 კილოგრამამდე სალათის ფურცელი ეტევა და მისი ბათუმში ჩატანა 4 ლარი გვიჯდება.

  • როგორც დასაწყისში ახსენეთ, მაქსიმალურად ცდილობთ სხვადასხვა კულტურა აწარმოოთ. თუ გაიზარდა ამ გზით თქვენი შემოსავლები?

ერთი როცა არ ამართლებს, სხვა უნდა სცადო. ცოტ-ცოტა კი გაიზარდა ჩემი შემოსავლები, მაგრამ ჯერ იმ ხარჯსაც არ ამოვსულვარ, რაც ამ ახალი კულტურების მოტანაში გადავიხადე. ახლა დავიწყე ახალი კულტურების გაშენება.

დათო პაქსაძე მარწყვის ახალ ჯიშებთან

მასწავლებელი ვარ და ალბათ, მასწავლებლის ხელფასი რომ არ მქონდეს, აქ არ გავჩერდებოდი. დაახლოებით 100-კომლიანია ჩემი სოფელი, მაგრამ დღეს 25-30 კომლი ვცხოვრობთ, დაიცალა, ყველა წავიდა, მეტწილად – ამ ხარჯების გამო.

  • ვინ შემორჩით სოფელს? ვისაც გარდა სოფლის მეურნეობისა სამსახურიც აქვს, თუ არამხოლოდ?

სოფელს შემორჩა ის, ვინც დასაქმებულია, დავუშვათ, სკოლაში და/ან ბაგა-ბაღში. დანარჩენი – ძალიან ნაკლებად. ან ის ოჯახები, რომლებსაც ბათუმში საცხოვრებელი არ აქვთ და ვერც ქირას ვერ გასწვდებიან.

დასალევი და სარწყავი წყალი 25 კილომეტრის დაშორებითაა სოფლისგან. სოფლის მოსახლეობა მივდივართ და ვაკეთებთ. ახლა ხალხის სიმცირის გამო ამის გაკეთებაც გვიჭირს და ალბათ, წყლით როცა აღარ მომარაგდება სოფელი, ყველა წავა აქედან, სრულიად დაიცლება სოფელი.

ვინ ამოვა ბათუმიდან? მოსახლეობის სიმცირის გამო ეს საკითხი ძალიან გართულდა. მე მგონი, მინიმუმ 6-7 კომლი მაინც გამოაკლდება წელსაც სოფელს.

  • კორტოხის მეზობელი სოფლებიც იცლება?

მეზობელი სოფელია ბეღლეთი და გარკვეულწილად იქიდანაც წავიდა ხალხი, მაგრამ სოფელ გელაძეებიდან და პაქსაძეებიდან – მასიურად. მით უმეტეს, რომ წელს დიდი მეწყრული ზონები განვითარდა და რა მიწის ნაკვეთებიც ჰქონდათ, თითქმის აღარ აქვთ, წაიღო მეწყერმა და იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ, თუმცა ისედაც მიდიოდა ხალხი.

შემოსავლების არქონის გამო არის მიგრაცია.

  • მიგაჩნიათ, რომ ბოლო წლებში სოფელში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა? თუ ასეა, რატომ?

გართულდა. პირველ რიგში, შემოსავლების კუთხით, მატერიალური თვალსაზრისით. ვერ დააკმაყოფილა ოჯახის მოთხოვნები შემოსავლებმა და წავიდა ხალხი. ბათუმიდან არ ამოიტანოს კაცმა ფქვილი, გზის ხარჯი არ გადაიხადოს… იქვე, ბათუმში შეჭამს ბარემ. ამ ტრანსპორტირებამ იმდენი წაიღო …

  • რას უკავშირებთ ტრანსპორტირების გაზრდილ დანახარჯებს?

გზის პრობლემები გვაქვს. მეც მძღოლი ვარ, მანქანა მყავს და არ მიღირს ჩემი მანქანით ტრანსპორტირება, იმიტომ, რომ თუ რაღაც 2 თეთრი უნდა გააკეთო, ის შემდეგ მანქანის ხარჯს არ ჰყოფნის.

გადაადგილება გაუსაძლისია. არც შიდა სასოფლო და არც ცენტრალური გზა არ გვივარგა. სოფლის გზა ახლა მოაბეტონეს, მაგრამ არის გარკვეული ადგილები, სადაც საერთოდ არ არის ბეტონი და გადაადგილება ძალიან რთულია. ცენტრალური გზაც ასეა. ცალკე საკითხავია, რა მდგომარეობაშია ხულო-ახალციხის გზა.

ახლა მთა-ბარობა [მემთეურების გადასვლა იალაღებზე] იწყება და როგორ უნდა გადავადგილდეთ? ბარგის ატანა და ა.შ. დაგვჭირდება. გზებზე ძალიან ცუდი ვითარებაა გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით.

  • ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობა, პირუტყვის შენახვა, გარდა თავის რჩენისა, თუ გაძლევთ საშუალებას, რომ ფული სხვა საჭიროებებისთვისაც მოიტოვოთ?

როგორ ფიქრობთ, ასე რომ იყოს, აქედან ხალხი წავა?!

1 პირუტყვის შენახვა [წელიწადში] 700-800 ლარი ჯდება და ამდენი ფული სადაა. პირუტყვს ამდენი არც ერთ შემთხვევაში არ შემოაქვს და თუ გაყიდი, საერთოდ აღარ გეყოლება, ხომ?!

უბრალოდ რა არის იცით, ვცხოვრობთ აქ და მაინც უნდა გყავდეს საქონელი, რომ ვინმე თუ გესტუმრება, ბორანო გაუკეთო. აი, ამიტომ ვინახავთ ჩვენ, თორემ როგორც ასეთი [რძის პროდუქტი] ბაზარზე რომ გავიტანოთ, რა დაგვრჩება? რა ღირს ბალახი? [ერთი შეკვრა] ხმელი ბალახი 10-დან 15 ლარამდე ღირს, 1 ტომარა ქატო – 23 ლარამდე, 3-4 ლარიც ბათუმიდან მისი ამოტანა ჯდება, 27 ლარი და რა მოგება გრჩება? – არაფერი.

  • ბოლო წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა შეძელით?

არა. რომ შემძლებოდა, აქ არ გავჩერდებოდით პირველ რიგში. რასაც ვშოულობთ, აზოტსა და ამისთანა ამბებში ვდებთ.

გეუბნებით, რომ აქ არის თავის გატანაზე. მეტი შემოსავალი არ არის, რომ რაღაც ფული იშოვო და დავუშვათ, რამე შეიძინო. ხალხი მიჯაჭვულია ბანკებზე და ბანკებსაც ისეთი მაღალი პროცენტები აქვთ, ვერ აუდიან და მოსახლეობა გაქცეულია, ან საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული, ან ბათუმში მშენებლობაზე მუშაობს და ასე. მოსახლეობის 80%-ს ვალი აქვს.

ბახმუტში 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები ფაქტობრივად გავანადგურეთ – აზოვის პოლკის დამფუძნებელი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადამ ბახმუტთან დაამარცხა რუსეთის ფედერაციის 72-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, გაათავისუფლეს ტერიტორიის ნაწილი და ტყვედ აიყვანეს ოკუპანტების ნაწილი – წერს „უკრაინსკაია პრავდა“  აზოვის პოლკის დამფუძნებლისა და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერის, ანდრეი ბილეცკის მიერ  ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მესამე მოიერიშე ბრიგადა 2023 წლის იანვარში შეიქმნა – ეს ცნობილი აზოვის  პოლკის ახალი სახელწოდებაა. დანაყოფი ჩამოყალიბდა აზოვის მოხალისეთა რაზმის ბაზაზე. ბრიგადის შექმნისას გავრცელებული განცხადების თანახმად, დანაყოფის მთავარ ძალას წარმოადგენენ „აზოვის“ ვეტერანები და მოძრაობის წარმომადგენლები. ეს ბრიგადა შექმნის დღიდან ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში იბრძვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადის შეტევითი მოქმედებების შედეგად რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები, ამ ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეულები, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა.

ბრიგადის დაზვერვა დამარცხდა, განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა, აყვანილი იქნა ტყვეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. დიდად დაზარალდა განიცადა „ვაგნერის“ მე-3 მოიერიშე რაზმი.

შეტევითი ოპერაციები განხორციელდა 3 კილომეტრი სიგანისა და 2 კმ 600 მეტრის სიღრმის ზოლში. მთელი ეს ტერიტორია მთლიანად გათავისუფლდა რუსული საოკუპაციო ძალებისგან“ – აცხადებს ბილეცკი.

„უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაადასტურა ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე მოტომსროლელი ბრიგადა ბახმუტიდან გაიქცა და ზარალი დიდია.

______________

ფოტოზე: მესამე მოიერიშე ბრიგადა/telegram

 

პირმა 237 ორსული ფიქტიურად დაასაქმა და დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმა ისინი მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 196 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 736 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 275 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 3 039 ერთეული [+8]
  • MLRS – 555 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 308 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 624 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 970 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 974 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 389 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 420 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 062 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 067 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 098 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 780 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 103 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

როგორ მოვიქცეთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის – იურისტის რჩევები

იურისტ პაატა დიასამიძეს იშვიათად ახსენდება თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ბინაში მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მოლაპარაკების გზით პრობლემა მოგვარდა. სასამართლოში წასული დაზარალებულები კი ხშირად ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან – აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რამ დააზიანა ბინა.

იურისტი განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის, ან სხვა სარემონტო სამუშაოები გვაზიანებს და რა უნდა ვიცოდეთ ბინის მესაკუთრეებმა, რომ სხვა არ დავაზარალოთ.

  • ბატონო პაატა, როგორ მოვიქცეთ, თუ მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოვიდა? 

ხშირია მსგავსი პრობლემა, როცა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამეზობლო დავების დიდი ნაწილი დაკავშირებულია წყლის ჩაშვებასთან, ან სხვა სარემონტო სამუშაოებთან – როცა ერთი მეზობლისგან მეორეს ზიანი ადგება.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეზობლო სამართალი ბინის მესაკუთრეს აკისრებს ვალდებულებას, რომ მან მაქსიმალური გულისხმიერება გამოიჩინოს, დაუდევრობის შედეგად არ გამოიწვიოს დაზიანება. ეს ეხება არამხოლოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, არამედ, მაგალითად, იტალიურ ეზოებსაც.

ყველაზე გავრცელებული პრობლემაა წყლის ჩაშვება: ონკანი დარჩა მოშვებული, ან მილი დაზიანდა და ასე შემდეგ.

მსგავსი პრობლემის დროს ყველაზე ეფექტური უნდა იყოს მოლაპარაკება, თუმცა არსებობს სამეზობლო ურთიერთობის კულტურის პრობლემა – რაც მინახავს პრაქტიკაში, მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება იშვიათობაა. მოლაპარაკების შედეგი მორიგების შემთხვევაშიც კი, უმჯობესია, წერილობით გაფორმდეს, შემდგომში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

ხოლო როცა დაზარალებული მიმართავს სასამართლოს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მტკიცებულებები. ამიტომაც, საჭიროა, ვიდრე თუნდაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ მეზობელთან, ფაქტის ფიქსაცია მოვახდინოთ.

  • ვინ უნდა დააფიქსიროს ფაქტი, ვის მივმართოთ? 

ფაქტის დაფიქსირება შესაძლებელია პოლიციის გამოძახებით და 112-ში დარეკვით. ამ დროს თქვენთან მოვა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და შეადგენს ფაქტზე რეაგირების ოქმს. ამ ოქმში აისახება მომხდარი ფაქტი, დაზარალებულის ახსნა-განმარტება, ასევე იმ პირისა, ვისი საკუთრებიდანაც მოგვადგა ზიანი.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ბინა გაქირავებულია და კომუნიკაციის პრობლემაა მფლობელთან, მესაკუთრესთან, ან დაკეტილ ბინაში დაზიანდა წყლის მილი.

გასათვალისწინებელია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც აქვს ასევე ფაქტის კონსტატაციის სერვისი. ამ დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ადგენს ოქმს, იკვლევს წყლის ჩამოშვების ფაქტს, იღებს ფოტოს და ასე შემდეგ. ფოტოგადაღებაც ერთგვარი მტკიცებულებაა.

  • ეს სერვისი ფასიანია? 

დიახ, ფასიანია. სამუშაო საათებში ამ სერვისით სარგებლობა ჯდება 100 ლარი, არასამუშაო საათებში – 150 ლარი.

  • რა უპირატესობა აქვს აღსრულების ბიუროს მიერ შედგენილ ოქმს, როცა პოლიციელი იმავეს აკეთებს? 

პოლიცია ადგენს რეაგირების ოქმს, იქ ფოტოგადაღება, მაგალითად, ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ბიუროს მომსახურება ფასიანია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ანუ დაზარალებულის გადასახდელია – თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ფაქტის კონსტატაციის ხარჯიც დაეკისრება მოპასუხე მხარეს, იურიდიული მომსახურების, ასევე ექსპერტიზის ხარჯებთან ერთად.

  • ქსპერტიზაც არის ამ დროს საჭირო? 

ექსპერტიზის დასკვნა იქნება საჭირო, თუ ფაქტის კონსტატაციის მიუხედავად ვერ ხერხდება მხარეებს შორის მოლაპარაკების მიღწევა და მივდივართ სასამართლოში. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: ზიანი, რაც გვაქვს, რის გამო დადგა? იქნებ ის იმ ბინას კი არ უკავშირდება, რომელიც ჩვენ ზემოთაა, არამედ სამი სართულის ზემოთ მდებარე ბინის შახტიდან მოგვადგა ზიანი? პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევაც.

მეორე გარემოება კი, რაც ექსპერტიზამ უნდა განსაზღვროს, ეს არის ზიანის ოდენობის დადგენა. აქ უნდა შეისწავლოს ექსპერტმა, რა დაზიანდა კონკრეტულად, მაგალითად: საღებავი, ავეჯი, რა დაჯდება დაზიანებული ნივთების აღდგენა.

  • თუ პოლიცია აფიქსირებს ფაქტს, ხოლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა როლი აქვს აღსრულების ბიუროს მხრიდან ფაქტის კონსტატაციას? 

ეს საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ სრულყოფილად მივყვებით პროცესს. არის შემთხვევა, როცა ექსპერტიზის ჩატარება დროში იწელება – შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოვიდეს ექსპერტი ჩვენს ბინაში, ფაქტის კონსტატაციის გარეშე კი, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გარემოება დაიკარგოს – შეუძლებელი გახდეს მტკიცება.

ცხადია, შესაძლებელია, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით, ან მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის ოქმით მივმართოთ სასამართლოს, მაგრამ დაზარალებულმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული მეზობლის ბინიდან ჩამოვიდა, მაგალითად, მის ბინაში წყალი და მიადგა ზიანი.

ექსპერტიზის ფასი დამოკიდებულია სამუშაოებზე, თუმცა ეს ხარჯიც დაეკისრება მოპასუხეს, სასამართლოში დავის მოგების შემთხვევაში.

  • შეიძლება თუ არა პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელოსანს, მაგალითად, თუ დადგინდა, რომ წყლის ან კანალიზაციის მილები სანტექნიკოსმა შესაბამისად  ვერ მოაწყო? 

დიახ, შესაძლებელია, ბინის მესაკუთრემ რეგრესის წესით იმ თანხის ანაზღაურება მოსთხოვოს ხელოსანს, რაც გადაუხადა მეზობელს მისთვის მიყენებული ზიანის გამო.

პრაქტიკაში, ხელოსნები არალიცენზირებული პირები არიან და სარემონტო საქმიანობას არ სჭირდება ლიცენზია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ხელოსნებთან არც ხელშეკრულება ფორმდება, სადაც მათი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, თუმცა თუ დადასტურდება ხელოსნის პასუხისმგებლობა შესაბამისი მტკიცებულებებით, დადგება მისი პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივად, როგორც ეს „26 მაისის ქუჩის კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე“ მოხდა. ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ საყრდენი კედლის გამოღებამ გამოიწვია ჩამონგრევა.

შესაძლებელია ბინის დაზღვევაც. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია განსაზღვრავს ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, რა პირობებით მოხდება ზიანის ანაზღაურება.

  • რა ხდება მაშინ, თუ მეზობელს, ვინც თანხა უნდა გადაგვიხადოს, ფული არ აქვს? 

როცა მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ავიღებთ სააღსრულებო ფურცელს. თუ ნებაყოფლობით არ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, არსებობს იძულებით აღსრულების მექანიზმი – რა ქონებაც ირიცხება მესაკუთრეზე, ხდება იქიდან იძულებით აღსრულება, მათ შორის, ანგარიშებზე ყადაღის დადება.

  • გვითხარით ხმაურზეც – რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როცა მეზობლის ბინიდან ხმაური გვაწუხებს?

მსგავსი შემთხვევებიც ძალიან პრობლემურია, მით უფრო ბათუმში, სადაც განსაკუთრებით კომერციული დაწესებულებებიდან, კვების ობიექტებიდან ხმაური აწუხებთ მეზობლებს, მათ შორის – გამწოვის ხმაური. კანონმდებლობით ხმაური არის გარემოს დაბინძურება, როცა დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ხმაურის დასაშვები ნორმა, რომლის თანახმადაც „საცხოვრებელ და საძილე სათავსებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმა დღის საათებში [08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე] არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს, საღამოს საათებში [19:00 სთ-დან 23:00] 30 დეციბელს, ღამის საათებში [23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე] ასევე 30 დეციბელს“.

გარდა ამისა, ბათუმში მოქმედებს ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომელიც არეგულირებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესს. დღის შესაბამის მონაკვეთში დასაშვებ ნორმაზე ხმაურის გადამეტება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, პირველ შემთხვევაში, გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ფულად სანქციას.

  • რამდენით ჯარიმდებიან ხმაურიანი მეზობლები და არის თუ არა ეს ეფექტური? 

ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც უნდა გაზომოს ხმაურის დონე და თუ დასაშვებ ნორმას სცდება, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. გაფრთხილების შემდეგ თუ ისევ დაფიქსირდება ხმაური კონკრეტული ფიზიკური პირისგან, ჯარიმა 150 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარი.

ამ ჯარიმების ოდენობა იზრდება სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში რასაც ვხედავთ, კომერციული ობიექტების შემთხვევაში, სანქციებს ეფექტი არ აქვს – ჯარიმებს იხდიან, ან არ იხდიან და მუშაობას ისევ ისე განაგრძობენ.

ამ შემთხვევაშიც, თუ ვერ ვრიგდებით მეზობელთან, შესაძლებელია, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. აქაც შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომ დადგინდეს, აჭარბებს თუ არა ხმაური დასაშვებ ნორმას და რა იწვევს ამ ხმაურს. სასამართლოში შეგვიძლია მოვითხოვოთ ხმაურის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება.

„რუსებმა თვითონ გახსნეს სამაკლეროები“ – ბათუმში ბინას იაფად ვეღარ იქირავებთ

ბათუმში ბინის ქირის გაზრდილ ფასზე საუბარს შესაძლოა უკვე ყველგან შეესწროთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სოციალურ ქსელებში.

ბინების გაქირავების ბაზარზე სიტუაცია ბათუმში განსაკუთრებით მწვავდება ახლა, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას ითხოვენ მაისის ბოლომდე იმ მიზეზით, რომ ბინა სეზონზე დღიურად ტურისტებს მიაქირაონ.

რას სთავაზობს ბაზარი ამ შემთხვევაში სტუდენტებს ან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ აქამდე? – ამ კითხვაზე ბათუმელ მაკლერს, თამთა წურწუმიას მოკლე პასუხი აქვს – „არაფერს“.

„ჩვენ ვართ დამოკიდებული ბინის მეპატრონეებზე. ბინის მფლობელები იმდენად მაღალ ფასებს ამბობენ… არის ასეთი შემთხვევები – ვთქვათ, ოთახი, რომლის გვერდითაც მეპატრონეც ცხოვრობს, ანუ სამოთახიანი ბინა აქვს და ერთი ოთახი, მაქსიმუმ 14-15 კვადრატი აქვს გაკეთებული თავისი სველი წერტილებით და ამ ოთახში 250 დოლარს ითხოვენ.

სტუდენტი, რომელიც ჩამოსულია მაღალმთიანი რეგიონიდან ან რომელიმე სოფლიდან და სურს, რომ სისტემატურად არ იაროს სოფელში და ქალაქში იყოს, ვერ იქირავებს 250 დოლარად ბინას. ფიზიკურად შეუძლებელია სტუდენტმა ბინა იქირაოს“, – ამბობს თამთა წურწუმია.

თამთა წურწუმიას თქმით, მას ახლა სტუდენტები უკვე აღარც უკავშირდებიან, რადგან მათთვის მაკლერებს არაფერი აქვთ. ბათუმში მაკლერებს ბინის შოვნა უჭირთ ოჯახებისთვის ან იმ პირებისთვისაც, რომლებსაც, ვთქვათ, 300 დოლარის გადახდა შეუძლიათ ბინის დასაქირავებლად.

თამთა წურწუმიას აზრით, შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში ბათუმში კიდევ უფრო გაიზრდება ბინის ფასი:

„ზაფხულში გამორიცხულია ბინებს დააკლდეს ფასი. აი, ზამთარში რა იქნება, არ ვიცი.

ახლა სტუდიოს ტიპის ბინების ფასი 500 დოლარია. დიდი ძიების შემდეგ 450 დოლარად შეიძლება გამოჩნდეს, საუბარია 24 კვადრატზე, მაშინ, როცა შეიძლებოდა 200 დოლარად ეშოვათ გასულ წლებში მსგავსი ტიპის სტუდიოები დაინტერესებულებს.

დღიური გაქირავება აქტიურად არ დაწყებულა, მაგრამ ჯერჯერობით 70 ლარიდან იწყება დღიური გაქირავების ფასი.

კერძო სახლის პირველი სართული მთლიანად რომ იქირავო, 700-800 დოლარია ღირებულება. ერთი ოთახი რომ იქირავო – 300-350 დოლარი.

გარეუბნებშიც მოიმატა ბინის ფასმა. იგივე მდგომარეობაა ჭაობის ტერიტორიაზეც. მაგალითად, ბაგრატიონზე 900 – 1000 დოლარია ბინის ფასი. ეს უბრალოდ აბსურდულია მაშინ, როცა ადრე 400 დოლარად ქირავდებოდა ბინები ამ ქუჩაზე“.

მაკლერის თქმით, ყველაზე მაღალ თანხას, 1000 – 1 500 დოლარს ქირაში რუსები იხდიან და იმდენად ბევრნი არიან უკვე ქალაქში, რომ თავიანთი სამაკლერო კომპანიებიც გახსენეს.

„თუ წავლენ, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ისევ მობრუნდნენ ბინის მეპატრონეები, დაუკავშირდნენ უძრავი ქონების სააგენტოებს და სთხოვონ ბინების იმ ფასში გაქირავება, რაც იყო ადრე.

ახლა აბსოლუტურად არავინ არ რეკავს. თვითონაც აქირავებენ ჩვეულებრივ, იმიტომ, რომ უკვე თვითონაც მოიკიდეს ფეხი. იმდენად ბევრნი ჩამოვიდნენ, რომ თვითონ გახსნეს უძრავი ქონების სააგენტოები და თვითონ აბინავებენ თავიანთი ეროვნების ხალხს. კონკრეტულად რუსებზე მაქვს საუბარი და უკრაინელებზე.

მიმაჩნია, რომ ზოგადად უცხო ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უფლება, მსგავსი ტიპის სააგენტოები გახსნან“, – გვითხრა თამთა წურწუმიამ.

„ბათუმელები“ ესაუბრა რამდენიმე სტუდენტს, რომლებსაც გამქირავებლებმა ბინის ქირა ისე გაუზარდეს, რომ იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი დაეცალათ. მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ მოინდომეს, მაგრამ ამბობენ, რომ უკვე თვეებია, რაც ახალ საცხოვრებელს ეძებენ და უკვე სრულიად აქვთ გადაწურული იმედი, რომ ბინის დაქირავებას მოახერხებენ. ისინი იძულებულები გახდნენ ნათესავებთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რომლებიც, მათივე თქმით, ისედაც ვიწროდ ცხოვრობენ.

დროებით ნათესავებთან შეაფარა თავი მალხაზ შავაძემაც ხულოს სოფელ ბეღლეთიდან, რომელიც 2 თვის წინ გახდა იძულებული, მეგობართან ერთად ნაქირავები ბინა დაეცალა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ის ბინის ქირის გაძვირებას ბათუმში საცხოვრებლად რუსეთის მოქალაქეების სისტემატურ შემოსვლას უკავშირებს.

მალხაზი ბოლო 4 წელია ცხოვრობს და მუშაობს ბათუმში. ის მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორია.

„ბინა ნაქირავები მქონდა 400 ლარად და ახლა 400 დოლარის გადახდას მთხოვენ. ბუნებრივია, რომ როცა ხელფასი 1000 ლარი გაქვს, 400 დოლარს ვერ გადაიხდი. იძულებული გავხდით, ბინა დაგვეცალა. ჩვენთვის, ვინც მაღალმთიანი აჭარიდან ვართ, ძალიან გართულდა ბათუმში გაჩერება.

ქირით ცხოვრება არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის ბოლო 2 წელია გახდა პრობლემური. მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს ბათუმში შემოსვლა.

ვინც ქირით ვცხოვრობთ, ყველას იგივე პრობლემა გვაქვს. იმავე მდგომარეობაშია ბევრი ჩემი მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი თუ სხვა.

თუ ვერ ვიპოვი ბინას, იძულებული გავხდები, სამუშაო მივატოვო და სოფელში დავბრუნდე.  დაახლოებით 2 თვეა, რაც ბინას ვეძებ. ბევრი ბინაა, მაგრამ ფასები არაგონივრულად გაბერილია.

ქირის ფასი 800 ლარიდან იწყება, რისი გადახდაც ფიზიკურად შეუძლებელია, გარეუბნებში – 650 ლარიდან, მაგრამ იმდენად შორს უნდა წახვიდე ქალაქიდან, რომ ტრანსპორტში კიდევ უფრო მეტი დაგეხარჯება. ყოველდღიური ხარჯი 30-40 ლარიც შესაძლოა გქონდეს. მოკლედ, აზრი არ აქვს“, – ამბობს მალხაზი.

მალხაზ შავაძე

მან გვითხრა, რომ დიდხანს ცდილობდა კერძო სახლის პირველი სართული დაექირავებინა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ფასი ამ შემთხვევაშიც ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მათთვის.

„კორპუსის ბინებზე საუბარი არცაა, რადგან კიდევ უფრო მაღალი ფასები აქვთ და ფიზიკურად ვეღარ ვეკარებით. კერძო სახლში საშუალო მდგომარეობის ბინა რომ იპოვო ყველაზე იაფად, 800 ლარი მაინც უნდა გადაიხადო.

ვიმედოვნებ, რომ ვიქირავებ ბინას, მაგრამ მეეჭვება. ფიზიკურად აღარ ექნება აზრი არაფერს, თუ ხელფასის 80% წავა ქირაში.

ჩემს ნაცნობებს ჰყავთ ოჯახები, შვილები. მათი  შემოსავლის ძირითადი წყარო მათი ხელფასია. ზოგი მათგანი მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი მძღოლია, ზოგი მარკეტშია დასაქმებული და ა.შ. ყველა  ვცდილობთ, რომ ჩვენს ოჯახებს დავეხმაროთ, ვარჩინოთ.

თუ სამსახურებს დავტოვებთ, ეს ძალიან იმოქმედებს ჩვენი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს შემოსავალი, რაზეც აქ ვმუშაობთ, სოფელში რომ გვქონდეს, არც კი ვიფიქრებდით ქალაქში წამოსვლაზე. სოფელში სამუშაოს პერსპექტივა აღარ აქვს. კარტოფილს დათესავ, პირუტყვს შეინახავ და თავს ირჩენ, მშიერი არ იქნები, მაგრამ სოფლის შემოსავლით რამე დაგეგმო და შეასრულო, არ არსებობს.

პირადად ჩემი რამდენიმე თანასოფლელი დაბრუნდა სოფელში, რადგან ვერ გასწვდა გაძვირებულ ბინის ფასს. ბევრი ჩემი თანასოფლელი სტუდენტია და სტუდენტების ცხოვრება ხომ იცით, ყოველდღიური ხარჯი აქვთ, ოჯახსაც გაუჭირდა ქირის გადახდა“, – გვიყვება მალხაზი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში რაიმე პირობების მოთხოვნაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მთავარია, ღია ცის ქვეშ არ დარჩე.

„გაზრდილი ფასების გამო ყველა პირობაზე თანახმა ვართ უკვე. კომფორტული ბინა, რომ შეხვიდე და მთელი დღის ნამუშევარმა, დაღლილმა ადამიანმა დაისვენო, 1000 – 1200 დოლარი ღირს.

რუსეთის მოქალაქეები ძალიან დიდ თანხებს იხდიან, მათ უღირთ. ადგილობრივებს ფიზიკურად არ გვაქვს ამდენი ფული. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ხელფასი იმდენიც კი არ არის, რამდენსაც ქირის გადახდაში გვთხოვენ“, – გვითხრა მალხაზმა.

 

მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

წინა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დასრულდა, არ შედგა. ეს ტენდერი 370 500 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, იმსჯელა თუ არა სატენდერო კომისიამ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა ტენდერი და ხომ არ შეცვლილა პირობები, თუმცა კომისიის შესაბამის ოქმში ამის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არის.

მეტიც, ოქმის მიხედვით ისიც კი საეჭვოა, კომისიამ საერთოდ იმსჯელა თუ არა ამ საკითხზე ტენდერის ხელახლა გამოცხადების წინ. თუ დავუშვებთ, რომ იმსჯელეს, გამოდის რომ ოქმის ტექსტებს, რაზეც ხელს აწერენ, არ კითხულობენ. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ კომისიის წევრების ელექტრონული ხელმოწერები ისეა დასმული ამ ოქმებზე, რომ წევრებმა ამის შესახებ არაფერი იციან.

საქმე შემდეგშია:

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში [როგორც წინა, ასევე ხელახალი ტენდერის შემთხვევაში] დღის წესრიგად სულ სხვა საკითხია მითითებული [„ქ. ბათუმში, რუსთაველის ქ. N7 და N31 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობების განხილვა და დამტკიცება“].

ოქმების მიხედვით გამოდის, რომ სხდომის დღის წესრიგი იყო სხვა [რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძეგლები], კომისიის წევრებმა კი გადაწყვეტილება სულ სხვა საკითხზე მიიღეს [მეჩეთებზე].

არის სხვა, „შერბილებული“ ვარიანტიც – საკითხი განიხილეს, ოქმი შეადგინეს წინა შაბლონის მიხედვით, თუმცა მას კომისიის წევრებმა ხელი ისე მოაწერეს, რომ არ წაუკითხავთ რა ეწერა დოკუმენტში [ეტყობა, არ წაუკითხავთ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში]; ან ოქმებზე „ვინმემ“ ეს ხელმოწერები ელექტრონულად ისე დასვა, კომისიის წევრებს ოქმების ტექსტი არც უნახავთ.

და არის ყველაზე ცუდი ვარიანტიც – კომისიას საერთოდ არ უმსჯელია მეჩეთების სატენდერო დოკუმენტაციაზე და წევრების ხელმოწერები „ვინმემ“ ელექტრონულად დასვა „სხდომის ოქმზე“, რომლის საფუძველზეც ტენდერები გამოაცხადეს [ორივე ოქმში მხოლოდ თარიღი და ნომერია შეცვლილი, სხვა დანარჩენი ყველაფერი იდენტურია]:

12 აპრილის და 4 მაისის ოქმები

12 აპრილის მარცხნივ] და 4 მაისის [მარჯვნივ] ოქმებიდან

იმედია, სააგენტოში მათ, ვისაც ეს ევალება, ის პროექტები მაინც აქვთ გულდასმით შესწავლილი, რომელთა საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარონ, ამ შემთხვევაში – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთებს. ეს პროექტები სატენდერო დოკუმენტებს არ ახლავს.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.

სატენდერო თანხა უცვლელია – 370 ათას 500 ლარი.

უცვლელია სამუშაოების შესრულების ვადაც – 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდი.

 

განახლება: ეს ტენდერი არ შედგა. სააგენტომ მორიგი ხელახალი ტენდერი [უკვე ჩასწორებული ოქმებით] 17 ივნისს გამოაცხადა, თუმცამ არც ეს ტენდერი შედგა – წინადადებების მიღება 22 ივნისს დასრულდა, ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო.

 

რა მდგომარეობაშია ზვარეს მეჩეთი დღეს, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

 

ნახეთ იმ ტენდერის დეტალები, რომელიც არ შედგა:

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

რატომ არ განიხილა ბათუმის საკრებულომ სკოლაში უფასო კვების საკითხი

ბათუმის საკრებულოს წევრი „გახარია – საქართველოდან“ ბათუმის სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვს. ამ საკითხზე აკაკი გვიანიძემ დღეს, 9 მაისს, ბრიფინგი გამართა. მანამდე ის საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

„კენჭს არ ვუყრით მაგას, კოლეგებო, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს“ – განაცხადა 29 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას, რამდენიმეწუთიანი სიტყვა-პასუხის შემდეგ. ამას მოჰყვა კენჭისყრა, შესაბამისად საკრებულომ ბათუმის სკოლებში ბავშვთა კვების დაწესებაზე წინასწარ დარეგისტრირებული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა.

საკითხის უგულებელყოფას სხდომაზე ორი ძირითადი ახსნა მოუძებნეს: „განათლების სამინისტროს არ გადავეკვეთოთ“ და „სამართლებრივად გამართული არ არის“.

„საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვებით უზრუნველყოფის“ შესახებ საკითხის დარეგისტრირება საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ 2023 წლის 21 აპრილს მოითხოვა, მან ამის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად აცნობა.

როგორც სხდომაზე თქვეს, საკითხი, რომელიც ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფასო კვების დანერგვისთვის პროცედურის დაწყებას ემსახურებოდა, განიხილეს როგორც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ასევე კომისიების სხდომებზე, თუმცა ის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალში მაინც არ ჩასვეს.

აკაკი გვიანიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოს ყველა წევრს ოფიციალური წერილით აცნობა საკითხის დარეგისტრირების თაობაზე და მათ სამუშაო ვერსიაც გადაუგზავნა.

მისივე თქმით, სამუშაო ვერსიასთან ერთად, თანდართული დოკუმენტების სახით, საკრებულოს წევრებს გადაეგზავნათ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“ და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი – „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებისა და პერსპექტივების“ შესახებ.

„გითხარით, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ გააკეთა მაგაზე განმარტება-მეთქი – ეს ერთი და მეორე, აჭარაში არის განათლების სამინისტრო.

არ მინდა, რომ ჩვენ რაღაც ისე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ვიღაცას გადავეკვეთოთ, ან ვიღაცას ხელი შევუშალოთ ისეთი პროექტის გაკეთებაში, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს ბავშვებთან მიმართებაში.

ეს საკითხი ვიცი დეტალურად და ბავშვს რა კვება სჭირდება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება სკოლებში ბავშვებთან მიმართებაში ისე, როგორც ბავშვებს სჭირდებათ პირველ რიგში. ეს იცოდე ყოველთვის, რა“ – მიმართა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ აკაკი გვიანიძეს.

„გასაგებია, რომ ვიღაცამ რაღაც განცხადება გააკეთა“ – უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი გვიანიძემ, რომელიც დაჟინებით ითხოვდა საკითხის დღის წესრიგში შეტანას.

საკრებულოს წევრებს მინისტრის „ვიღაცად“ მოხსენიება არ მოეწონათ – „შენი საუბარი დემაგოგიურია.“

„მე თანამდებობის პირებზე ასე მოწიწებით ვერ ვსაუბრობ და ბოდიში, მაპატიეთ“ – ასე უპასუხა შენიშვნას აკაკი გვიანიძემ.

საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხზე 20 წუთზე მეტ ხანს იკამათეს.

„ფორმულირება გამიკეთე, როგორ შევიტანოთ ეს დღის წესრიგში. თქვენ იცით, რომ ბავშვზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და მაგის სწავლება არ გვჭირდება და მეორე – მინდა გითხრათ, რომ საქართველოს განათლების მინისტრმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება. თქვენ იცით, რომ საქართველოში მთლიანად 400-მდე სკოლას უკეთდება რეაბილიტაცია და ნაწილი შენდება. ყველა სასადილო, სადაც ბავშვები უნდა იკვებებოდნენ… იქნება ღირსეული კვება“ – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გვიანიძეს.

საკრებულოს წევრს არ უკითხავს, რა შუაშია რეაბილიტირებული სკოლა და სასადილო უფასო კვებასთან. მან კიდევ ერთხელ სცადა აეხსნა, რატომ უნდა შეეტანათ საკითხი დღის წესრიგში.

საკრებულოს თავმჯდომარემ დააზუსტა, განმარტებებს საზოგადოებისთვის ვაკეთებ – „ქალაქი გვისმენს“, თორემ ჩვენ დეტალურად გვაქვს ეს საკითხი გავლილიო და იმის დასადასტურებლად, რომ საკითხი სხდომაზე დასამტკიცებლად მზად არ იყო, განმარტება საკრებულოს იურისტს სთხოვეს.

საკრებულოს იურისტმა პაატა შარაძემ განმარტა: „განცხადება, რაც დეპუტატებმა მიიღეს პირად ფოსტაზე, არ წარმოადგენს საფუძველს, რომ ის დღის წესრიგში შევიდეს. სამართლებრივი ფორმით სჭირდება მას უფრო სხვა ტიპის დოკუმენტის მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ აკაკის აქვს ინიციატივა და მას აქვს 45- ე მუხლის შესაბამისად ინიციატივის დაყენების უფლება, თუმცა ეს არის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ ეს დღის წესრიგში უნდა შევიდეს. ეს არის „ვ“ ქვეპუნქტი, სადაც წერია, რომ განკარგულების ან დადგენილების პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი“ [სტილი დაცულია].

საბოლოოდ პაატა შარაძემ თქვა, რომ არსებული ფორმით საკითხი დღის წესრიგში ვერ შევიდოდა.

რას ამბობს მუხლი, რომელიც აკაკი გვიანიძემ საკითხის დასარეგისტრირებლად გამოიყენა?

თვითმმართველობის კოდექსის 45-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წარადგინოს წინადადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.

„ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, რაზეც საკრებულოს იურისტი მიანიშნებდა, საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წარადგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

როგორც სხდომაზე მოვისმინეთ, აკაკი გვიანიძის ინიციატივის შესახებ უმსჯელიათ კომისიებისა და ბიუროს სხდომაზეც და საინტერესოა, რატომ არ იმუშავა აპარატმა საკრებულოს ინიციატივის ავტორთან ერთად მის მომზადებასა და სამართლებრივად გამართვაზე.

თვითმმართველობის კოდექსის 31- ე მუხლის მიხედვით საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აპარატი.

რას აკეთებდა აპარატი, რომელშიც შედის იურიდიული სამსახური, 21 აპრილიდან, როცა საკრებულოს წევრმა ოფიციალურად მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, 29 აპრილამდე, საკრებულოს სხდომის გამართვამდე? რატომ ვერ უზრუნველყო აპარატმა საკრებულოს წევრისთვის შესაბამისი განმარტებების მიცემა ან საკითხის სხდომისთვის მომზადება? – ამასთან დაკავშირებით სხდომაზე არაფერი მოგვისმენია.

კიდევ ერთი მნიშვნელობანი დეტალი.

მსგავსი საკითხის დამტკიცება ავტომატურად მოითხოვს ბიუჯეტში ცვლილებას. შესაბამისად საკრებულოს მერიის თანხმობაც სჭირდება, თუმცა იმ ფონზე, როცა „ოცნება“ ბიუჯეტის გაზრდითა და გადასახადების ნაწილში გეგმების გადაჭარბებაზე აპელირებს, ხოლო ბიუჯეტში წლიდან წლამდე მილიონობით ნაშთი რჩება, სკოლებში კვების დაფინანსების საკითხის უფრო სერიოზულად განხილვა პრობლემა არ უნდა იყოს.

მაგრამ ამ ამბავს კიდევ ორი მხარე აქვს. ერთი ის არის, რომ რეგიონში ცენტრთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ: „არავის გადავეკვეთოთ“ და კიდევ ის, რომ ამ და წინა მოწვევის საკრებულოშიც, ყოველთვის პრობლემა იყო საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის საკითხის დღის წესრიგში ჩასმა, საკითხის დამტკიცება ხომ, საერთოდ, წარმოუდგენელია. საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ საკითხს მხარს არ დაუჭერს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, როცა ეს საკითხი ოპოზიციონერის წარდგენილია – ამ დრომდე ასეთია პრაქტიკა. 

ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც.

____________

ფოტოზე: აკაკი გვიანიძე საკრებულოს სხდომაზე [მარცნიდან მეორე].

პულიცერის პრემია გადაეცათ უკრაინელ ჟურნალისტებს, რომლებიც მარიუპოლში დარჩნენ

უკრაინელ ჟურნალისტებს: დოკუმენტალისტ მსტისლავ ჩერნოვს, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო, 2023 წლის პულიცერის პრემია გადაეცათ.

ჩერნოვი, მალოლეტკა და სტეპანენკო დასავლური მასმედიის ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ მარიუპოლში დარჩნენ საომარი მოქმედებების დროს.

სწორედ მათ გამოაქვეყნეს მასალა მარიუპოლის დაბომბილი სამშობიაროდან. სამივე მათგანი „ასოშიეიტედ პრესის“ წარმომადგენელია.

ევგენი მალოლეტკამ პულიცერის პრემია ასევე მიიღო კატეგორიაში „ახალი ამბების ფოტოგრაფია“, რომელიც Associated Press-ის სხვა ფოტოგრაფებთან ერთად გაიზიარა.

პულიცერის პრემიის გამარჯვებულების შესახებ 9 მაისს გახდა ცნობილი.

უკრაინელ ჟურნალისტებს 2022 წელსაც გადაეცათ პულიცერის სპეციალური ჯილდო გამბედაობისა და გამძლეობისთვის მათ სამშობლოში მიმდინარე ომის გაშუქებისას.

პულიცერის პრემია აშშ-ში 1917 წლიდან გაიცემა. ეს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა ჟურნალისტიკაში.

______________

ფოტოზე: ფოტოზე: Associated Press-ის ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

ამავე თემაზე: 

20 დღე მარიუპოლში: ჟურნალისტები აგონიაში მყოფ ქალაქში – AP

 

ავარია გვირაბში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში / 9.05.2023

ბათუმში 10, 10ა, 2 და 2ა ხაზებზე ძველი ავტობუსები ჩაანაცვლეს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, 9 მაისიდან ქალაქში 10, 10ა, 2 და 2ა სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს:

  • 10 და 10ა ხაზებზე ამჟამად არსებული ავტობუსები ახალი, ISUZU-ს მარკის 10-მეტრიანი ტრანსპორტით ჩანაცვლდა
  • 2 და 2ა ხაზებზე მოძრავი Zonda-ს მარკის ავტობუსები კი Isuzu Ataman-ის ტიპის [რომლებიც აქამდე 10 და სხვა ხაზებზე მოძრაობდნენ] ავტობუსებით შეცვალეს.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ძველი, Zonda-ს მარკის [ე.წ. ყვითელი] ავტობუსები მხოლოდ 12ა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს. მათ ახალი ავტობუსების მიღების შემდეგ ჩაანაცვლებენ.

2023 წელს ბათუმში  55 ავტობუსი უკვე შემოიტანეს. სულ 65 ახალი ავტობუსი უნდა შემოვიდეს.

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯი-თი გრუპმა“ გაიმარჯვა, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში, დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით.

ამ ახალი ავტობუსებიდან ხუთს ქობულეთიც ელოდება.

ამავე თემაზე:

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი გოგებაშვილის ქუჩაზე / ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტის ფეისბუქგვერდიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 მაისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

გოდერძის უღელტეხილი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე [მათ შორის გოდერძის უღელტეხილზე] სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დეპარტამენტმა 2020 წლის თებერვალში მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

შემდეგ ეს გზა სამ სამშენებლო ობიექტად/მონაკვეთად დაიყო: დაბა ხულო-დიდაჭარის კაშხალი [მუშაობდა კომპანია „ნიუ როუდი“. 2023 წელს ამ მონაკვეთში რამდენჯერმე ჩამოწვა მეწყერი]; დიდაჭარის კაშხალი-გოდერძი [ლოტი 1] და გოდერძი-ზარზმა[ლოტი 2], სადაც სამუშაოებს ამჯერად „სინოჰიდრო“ ასრულებს.  დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამივე მონაკვეთზე სამუშაოები 2023 წელში უნდა დასრულდეს.

ხულო-გოდერძის გზის [ლოტი 1] რეაბილიტაციისთვის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი და დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის [KFAED] მიერ; ხოლო გოდერძი-ზარზმის [ლოტი 2] პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 38 511 473 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„სინოჰიდროში“ დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გოდერძიზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამავე ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთში.

ბათუმი-ახალციხის გზის დასაწყისია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირიც, რომელიც 2023 წლის 21 მაისამდე იქნება გადაკეტილი.

ამ თემაზე:

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 195 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 3 734 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 258 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 3 031 ერთეული [+13]
  • MLRS – 554 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 307 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 618 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 955 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 969 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 388 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 419 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 052 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 098 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 774 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 077 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ბუდანოვი: რუსული ურდო თავისი ჯარისკაცების სისხლში დაიხრჩობა უკრაინაში

ძველ ბათუმში ძეგლს დააშენეს – ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა

„აუცილებლად დაათვალიერე ძველ ბათუმში კოპწია აივნები“ – ურჩევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფეისბუქზე ქალაქის სტუმრებს და ამ „კოპწია აივნების“ ფოტოს აქვეყნებს. ძველი ბათუმის არქიტექტურა, თავისი აივნებით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დეტალია ბათუმში ტურისტებისთვის იმ გამოკითხვების მიხედვით, რაც ამ დრომდე „ბათუმელების“ არქივში დაგროვდა.

თუმცა ასეთ მოწოდებას ალბათ უკვე კიდევ ერთი მინაწერი სჭირდება, მაგალითად, ასეთი:

„ამ კოპწია აივნების დათვალიერებისას ზემოთ არ აიხედოთ, ახლახან დაშენებულ სართულს ყურადღებას ნუ მიაქცევთ – საინტერესო არაფერია.“

ზუსტად იმ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის კოპწია აივნების ფოტოც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ბათუმობაზე“ დასაპატიჟებლად გამოიყენა, ცოტა ხნის წინ სართული დააშენეს. შენობა კერძო საკუთრებაა.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მშენებლობაზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, უწყებამ, რომელსაც ძეგლების დაცვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად ევალება და არა შერჩევით და ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, მემედ აბაშიძის #9-ში მდებარე შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ის ერთ დროს სასტუმრო „რივიერა“ იყო, რომლის მეპატრონეც ვინმე იოსიფიდი ყოფილა. სახლში გარკვეული პერიოდი [1918-21 წ.] უცხოვრია საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძეს. 1992 წლიდან შენობის ნაწილში მისი სახელობის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.

სპეციალისტების დახასიათებით, ორსართულიანი შენობა კლასიცისტურ-ბაროკოულ სტილშია გადაწყვეტილი. ის თავისი პროპორციითა და გაბარიტით ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე გამოირჩევა მაღალი სამშენებლო ოსტატობითა და დეკორატიული ელემენტების დახვეწილი გამოყენებით.

ფოტო: Visit Batumi – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გვერდი ფეისბუქზე

ძველი ბათუმის არსებული იერსახით შენარჩუნებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. ძველ ბათუმში ძეგლების იერსახის შეცვლას მაინც ახერხებენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, რომელსაც ძეგლების მოვლა ევალება, არათუ მათ შენარჩუნებას ავთენტური სახით ვერ ახერხებს, არამედ თავად გასცემს ძეგლზე დაშენების ნებართვას.

ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა #7. დაშენება სახლზე.

ძველი ბათუმის არსებული იერსახით შენარჩუნებაზე თორნიკე რიჟვაძემ ბოლოს 2022 წლის აგვისტოში ისაუბრა. მაშინ მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმი შენარჩუნდებოდა, უახლოეს მომავალში კი რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესის დაწყებას გეგმავდნენ.

„საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.“ – განაცხადა მაშინ რიჟვაძემ.

 

ამავე თემაზე: 

რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

Exit mobile version