ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები.
ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ კი ცივ ფერად მოიხსენია.
რამდენად მწვანეა ბათუმი და როგორია ამ მხრივ ბალანსი ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის? – ამ საკითხზე მსჯელობა ბათუმში მას შემდეგ უფრო აქტუალურია, რაც ქალაქში მშენებლობების ბუმია. ქალაქს სუნთქვა რომ გაუჭირდა, ჰაერის გადანაწილების პრობლემაზე არამხოლოდ სპეციალისტებმა, მოქალაქეებმაც დაიწყეს მწვავე დისკუსია.
ამ დროისთვის ბათუმის ყველაზე დიდ გამწვანებულ ზონად მწვანე კონცხის ტერიტორია ითვლება, რომელიც ქალაქიდან მოშორებითაა, ასევე ბათუმის ბულვარი და ბათუმის ცენტრალური პარკი. არის შედარებით მცირე ზომის სკვერებიც. თუმცა, საერთო ჯამში, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის ბალანსისთვის, ბევრი კი გამწვანების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მცირე ზომის სკვერები და ხეივნები ძირითადად ჩაბეტონებულია, დატოვებულია მხოლოდ ვიწრო ადგილები, სადაც გაზონებში პატარა ბუჩქებს ან დეკორატიულ ხეებს რგავენ. ზოგჯერ კი რეკრიაციულ ზონებად მოიაზრება მაღლივ კორპუსებს შორის მოქცეული პატარა სტადიონები, სადაც ხელოვნური საფარია დაგებული.
აქ ბევრ კვარტალში, ათეულობით მრავალბინიანი სახლის ეზოში, 3 ან 5 ხეს თუ იპოვით, ოთხივე მხრიდან ჩაბეტონებულ მცირე ზომის ეზოებში დარგული სამი პალმა და რამდენიმე ბუჩქი კი მშენებლების პასუხია კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციაზე – K3-ზე, რაც კანონმდებლობით სამშენებლო მოედნის 10 პროცენტის გამწვანებას გულისხმობდა.
მას შემდეგ, რაც ბათუმის ქუჩებში მრავალწლიანი, დიდი ხეები, მშენებლების ინტერესებს ერთმანეთის მიყოლებით შეეწირა, დაიწყო დისკუსია, საკმარისია თუ არა პარკებისა და სკვერების ის რაოდენობა ქალაქში, რაც ამ დროისთვის გვაქვს. დღეს ბათუმში ბევრი საუბრობს იმაზე, რომ „ქალაქი ჩაიხუთა“, „ჰაერის ნაკადები აღარ ნაწილდება“ და გასულ წლებში ცინიკური დამოკიდებულება – „2-3 ხის მოჭრის გამო ამდენი ამბავი რად უნდა“, თანდათან გაქრა.
აქამდე კანონი ქალაქის სარეკრეაციო ზონების მართვის საკითხს ცენტრალური მთავრობის შესაბამისი დადგენილებით და მუნიციპალური აქტებით არეგულირებდა. თუმცა ამ აქტების გვერდის ავლის გზაც ბევრჯერ გამონახეს [კანონში არსებული „ხვრელებით“]. ბოლო წლებში ინვესტორის ინტერესების შესაბამისად, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, მშენებელი კომპანიების მოთხოვნით, სტატუსი ბევრჯერ შეუცვალეს.
45 მეტრი სიმაღლის შენობა კვარიათის პლაჟზე – ნებართვა გაცემულია
გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]
კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება
ბათუმში 4 სარეკრეაციო ნაკვეთი შესაძლოა სამრეწველო ზონად იქცეს
ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გახმაურებული გადაწყვეტილება მწვანე კონცხზე არსებულ ნაკვეთს და მასზე დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას შეეხო. მშენებელი კომპანიის მოთხოვნით, ბათუმის საკრებულომ ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალა საზოგადოებრივ-საქმიანით. აქ შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ 28-სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
20 366 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხზე კომპანიას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 931 000 ლარად მიჰყიდეს. კომპანიამ ოთხმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. განკარგულებას ხელი ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. მანამდე ეს ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო და სახელმწიფოს გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, უპირობოდ გადასცა.
წლების განმავლობაში აჭარის მთავრობა ისე ასხვისებდა ნაკვეთებს მშენებლობის პირობით, რომ ამ ზონებში არსებული რეგულაციებით არ ინტერესდებოდა. შესაბამისად, ინვესტორი სახელმწიფოსგან მისთვის დაკისრებული პირობის შესასრულებლად ითხოვდა პირობებს: „ვალდებულება მაქვს აღებული და ვერ ვასრულებ“. ინვესტორის ხელშეწყობა კი, აჭარის მთავრობისთვის, ხშირად ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო და არის გადაწყვეტილების მისაღებად.
ბათუმში ახსოვთ ისეთი შემთხვევაც, როცა მთავრობამ მშენებლობის პირობით, პირდაპირ სკვერი გაყიდა – ხეები გაჩეხეს, სადაც უზარმაზარი კორპუსები თუ სასტუმროები ააშენეს. მაგალითად, მშენებლობას შეეწირა ბათუმში, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული სკვერი. მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალწლოვანი მცენარეები იყო გაშენებული, ბათუმის საკრებულომ საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი კომპანია „დს გრუპს“. კომპანიამ სკვერის ადგილზე და მის მიმდებარედ მრავალსართულიანი შენობა ააშენა.
ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, ბათუმმა სკვერის ნაცვლად ასეთი გარემო მიიღო:
ამით არაფერი დასრულებულა – 2019 წელს აჭარის მთავრობამ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე [ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთი“] შპს „კრისტალ ბილდინგს“ ცხრა ჰექტარზე მეტი გამწვანებული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მშენებლობის პირობით. ამ ადგილზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებენ. კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი პირდაპირ ქობულეთის ცენტრალური პარკის გაგრძელებაა. ამ მშენებლობას მოქალაქეები აქციებით აპროტესტებდნენ.
დღის წესრიგში იდგა ასევე, სარეკრეაციო ზონაში დასაშვები მშენებლობების საკითხი – მოქალაქეები სარეკრეაციო ზონაში რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და საეკლესიო ნაგებობების მშენებლობის აკრძალვას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით ბათუმში პეტიციაც მოამზადეს.
„ბათუმში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შეხვედრებს როცა ვმართავდით, მათ ვეკითხებით, თუ რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა უბანში. სოციალური საკითხების შემდეგ, ერთ-ერთ პრობლემად გამწვანებული დასასვენებელი ადგილების არარსებობას ასახელებენ“, – გვიყვება ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. სწორედ ამ გამოკითხვების შემდეგ ნათიას გაუჩნდა იდეა გაეკეთებინა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიწყებდა დისკუსიას ქალაქის გამწვანების საკითხებზე, გადაწყვეტილების მიმღების, ბათუმის მერიისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით.
„პროექტმა უნდა გამოკვეთოს, რამდენად აქვს ხედვა მერიას უბნების გამწვანებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩართულები ვართ ურბანული დაგეგმარების საკითხებში და ყოველწლიურად ვხედავთ, თუ როგორ მცირდება რეკრეაციული სივრცეები ქალაქში. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსიც ვერ იცავს ადგილებს თუ მას დამატებით არ აქვს პარკის ან სკვერის სტატუსი. გარა ამისა, ამ მიმართულებით მერიას არ აქვს ერთიანი მონაცემთა რეესტრი, სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, ამიტომაც ჩვენ გვინდა დავდოთ ერთგვარი ანალიზი, თუ სად არის ქალაქი ამ მიმართულებით – უნდა გვქონდეს სრული სურათი, ასევე უნდა მოვნიშნოთ ადგილები, რომლებსაც სტატუსი უნდა მიენიჭოს: მერიას შევთავაზებთ ადგილებს, სადაც მოსახლეობა ხედავს სკვერის საჭიროებას“, – ამბობს ნათია აფხაზავა.
საქართველოს ახალი სამშენებლო კოდექსი რამდენიმე განსაკუთრებული რეგულირების ზონას აწესებს. ამ ზონებს მუნიციპალიტეტისთვის ან მისი ტერიტორიის ნაწილისთვის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩამონათვალში შედის ტერიტორიები, რომელთაც სარეკრეაციო და ლანდშაფტური ზონების სტატუსი აქვთ.
_____
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.