ბათუმში ბინის ქირის გაზრდილ ფასზე საუბარს შესაძლოა უკვე ყველგან შეესწროთ – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სოციალურ ქსელებში.
ბინების გაქირავების ბაზარზე სიტუაცია ბათუმში განსაკუთრებით მწვავდება ახლა, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას ითხოვენ მაისის ბოლომდე იმ მიზეზით, რომ ბინა სეზონზე დღიურად ტურისტებს მიაქირაონ.
რას სთავაზობს ბაზარი ამ შემთხვევაში სტუდენტებს ან ბათუმში სამუშაოდ ჩამოსულ ადამიანებს, რომლებიც ქირით ცხოვრობდნენ აქამდე? – ამ კითხვაზე ბათუმელ მაკლერს, თამთა წურწუმიას მოკლე პასუხი აქვს – „არაფერს“.
„ჩვენ ვართ დამოკიდებული ბინის მეპატრონეებზე. ბინის მფლობელები იმდენად მაღალ ფასებს ამბობენ… არის ასეთი შემთხვევები – ვთქვათ, ოთახი, რომლის გვერდითაც მეპატრონეც ცხოვრობს, ანუ სამოთახიანი ბინა აქვს და ერთი ოთახი, მაქსიმუმ 14-15 კვადრატი აქვს გაკეთებული თავისი სველი წერტილებით და ამ ოთახში 250 დოლარს ითხოვენ.
სტუდენტი, რომელიც ჩამოსულია მაღალმთიანი რეგიონიდან ან რომელიმე სოფლიდან და სურს, რომ სისტემატურად არ იაროს სოფელში და ქალაქში იყოს, ვერ იქირავებს 250 დოლარად ბინას. ფიზიკურად შეუძლებელია სტუდენტმა ბინა იქირაოს“, – ამბობს თამთა წურწუმია.
თამთა წურწუმიას თქმით, მას ახლა სტუდენტები უკვე აღარც უკავშირდებიან, რადგან მათთვის მაკლერებს არაფერი აქვთ. ბათუმში მაკლერებს ბინის შოვნა უჭირთ ოჯახებისთვის ან იმ პირებისთვისაც, რომლებსაც, ვთქვათ, 300 დოლარის გადახდა შეუძლიათ ბინის დასაქირავებლად.
თამთა წურწუმიას აზრით, შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში ბათუმში კიდევ უფრო გაიზრდება ბინის ფასი:
„ზაფხულში გამორიცხულია ბინებს დააკლდეს ფასი. აი, ზამთარში რა იქნება, არ ვიცი.
ახლა სტუდიოს ტიპის ბინების ფასი 500 დოლარია. დიდი ძიების შემდეგ 450 დოლარად შეიძლება გამოჩნდეს, საუბარია 24 კვადრატზე, მაშინ, როცა შეიძლებოდა 200 დოლარად ეშოვათ გასულ წლებში მსგავსი ტიპის სტუდიოები დაინტერესებულებს.
დღიური გაქირავება აქტიურად არ დაწყებულა, მაგრამ ჯერჯერობით 70 ლარიდან იწყება დღიური გაქირავების ფასი.
კერძო სახლის პირველი სართული მთლიანად რომ იქირავო, 700-800 დოლარია ღირებულება. ერთი ოთახი რომ იქირავო – 300-350 დოლარი.
გარეუბნებშიც მოიმატა ბინის ფასმა. იგივე მდგომარეობაა ჭაობის ტერიტორიაზეც. მაგალითად, ბაგრატიონზე 900 – 1000 დოლარია ბინის ფასი. ეს უბრალოდ აბსურდულია მაშინ, როცა ადრე 400 დოლარად ქირავდებოდა ბინები ამ ქუჩაზე“.
მაკლერის თქმით, ყველაზე მაღალ თანხას, 1000 – 1 500 დოლარს ქირაში რუსები იხდიან და იმდენად ბევრნი არიან უკვე ქალაქში, რომ თავიანთი სამაკლერო კომპანიებიც გახსენეს.
„თუ წავლენ, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ისევ მობრუნდნენ ბინის მეპატრონეები, დაუკავშირდნენ უძრავი ქონების სააგენტოებს და სთხოვონ ბინების იმ ფასში გაქირავება, რაც იყო ადრე.
ახლა აბსოლუტურად არავინ არ რეკავს. თვითონაც აქირავებენ ჩვეულებრივ, იმიტომ, რომ უკვე თვითონაც მოიკიდეს ფეხი. იმდენად ბევრნი ჩამოვიდნენ, რომ თვითონ გახსნეს უძრავი ქონების სააგენტოები და თვითონ აბინავებენ თავიანთი ეროვნების ხალხს. კონკრეტულად რუსებზე მაქვს საუბარი და უკრაინელებზე.
მიმაჩნია, რომ ზოგადად უცხო ქვეყანაში არ უნდა ჰქონდეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უფლება, მსგავსი ტიპის სააგენტოები გახსნან“, – გვითხრა თამთა წურწუმიამ.
„ბათუმელები“ ესაუბრა რამდენიმე სტუდენტს, რომლებსაც გამქირავებლებმა ბინის ქირა ისე გაუზარდეს, რომ იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი დაეცალათ. მათ ამ თემაზე ღიად საუბარი არ მოინდომეს, მაგრამ ამბობენ, რომ უკვე თვეებია, რაც ახალ საცხოვრებელს ეძებენ და უკვე სრულიად აქვთ გადაწურული იმედი, რომ ბინის დაქირავებას მოახერხებენ. ისინი იძულებულები გახდნენ ნათესავებთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რომლებიც, მათივე თქმით, ისედაც ვიწროდ ცხოვრობენ.
დროებით ნათესავებთან შეაფარა თავი მალხაზ შავაძემაც ხულოს სოფელ ბეღლეთიდან, რომელიც 2 თვის წინ გახდა იძულებული, მეგობართან ერთად ნაქირავები ბინა დაეცალა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ის ბინის ქირის გაძვირებას ბათუმში საცხოვრებლად რუსეთის მოქალაქეების სისტემატურ შემოსვლას უკავშირებს.
მალხაზი ბოლო 4 წელია ცხოვრობს და მუშაობს ბათუმში. ის მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორია.
„ბინა ნაქირავები მქონდა 400 ლარად და ახლა 400 დოლარის გადახდას მთხოვენ. ბუნებრივია, რომ როცა ხელფასი 1000 ლარი გაქვს, 400 დოლარს ვერ გადაიხდი. იძულებული გავხდით, ბინა დაგვეცალა. ჩვენთვის, ვინც მაღალმთიანი აჭარიდან ვართ, ძალიან გართულდა ბათუმში გაჩერება.
ქირით ცხოვრება არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის ბოლო 2 წელია გახდა პრობლემური. მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს ბათუმში შემოსვლა.
ვინც ქირით ვცხოვრობთ, ყველას იგივე პრობლემა გვაქვს. იმავე მდგომარეობაშია ბევრი ჩემი მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი თუ სხვა.
თუ ვერ ვიპოვი ბინას, იძულებული გავხდები, სამუშაო მივატოვო და სოფელში დავბრუნდე. დაახლოებით 2 თვეა, რაც ბინას ვეძებ. ბევრი ბინაა, მაგრამ ფასები არაგონივრულად გაბერილია.
ქირის ფასი 800 ლარიდან იწყება, რისი გადახდაც ფიზიკურად შეუძლებელია, გარეუბნებში – 650 ლარიდან, მაგრამ იმდენად შორს უნდა წახვიდე ქალაქიდან, რომ ტრანსპორტში კიდევ უფრო მეტი დაგეხარჯება. ყოველდღიური ხარჯი 30-40 ლარიც შესაძლოა გქონდეს. მოკლედ, აზრი არ აქვს“, – ამბობს მალხაზი.
მან გვითხრა, რომ დიდხანს ცდილობდა კერძო სახლის პირველი სართული დაექირავებინა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ფასი ამ შემთხვევაშიც ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მათთვის.
„კორპუსის ბინებზე საუბარი არცაა, რადგან კიდევ უფრო მაღალი ფასები აქვთ და ფიზიკურად ვეღარ ვეკარებით. კერძო სახლში საშუალო მდგომარეობის ბინა რომ იპოვო ყველაზე იაფად, 800 ლარი მაინც უნდა გადაიხადო.
ვიმედოვნებ, რომ ვიქირავებ ბინას, მაგრამ მეეჭვება. ფიზიკურად აღარ ექნება აზრი არაფერს, თუ ხელფასის 80% წავა ქირაში.
ჩემს ნაცნობებს ჰყავთ ოჯახები, შვილები. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მათი ხელფასია. ზოგი მათგანი მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი მძღოლია, ზოგი მარკეტშია დასაქმებული და ა.შ. ყველა ვცდილობთ, რომ ჩვენს ოჯახებს დავეხმაროთ, ვარჩინოთ.
თუ სამსახურებს დავტოვებთ, ეს ძალიან იმოქმედებს ჩვენი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს შემოსავალი, რაზეც აქ ვმუშაობთ, სოფელში რომ გვქონდეს, არც კი ვიფიქრებდით ქალაქში წამოსვლაზე. სოფელში სამუშაოს პერსპექტივა აღარ აქვს. კარტოფილს დათესავ, პირუტყვს შეინახავ და თავს ირჩენ, მშიერი არ იქნები, მაგრამ სოფლის შემოსავლით რამე დაგეგმო და შეასრულო, არ არსებობს.
პირადად ჩემი რამდენიმე თანასოფლელი დაბრუნდა სოფელში, რადგან ვერ გასწვდა გაძვირებულ ბინის ფასს. ბევრი ჩემი თანასოფლელი სტუდენტია და სტუდენტების ცხოვრება ხომ იცით, ყოველდღიური ხარჯი აქვთ, ოჯახსაც გაუჭირდა ქირის გადახდა“, – გვიყვება მალხაზი.
მისი თქმით, ამ ვითარებაში რაიმე პირობების მოთხოვნაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მთავარია, ღია ცის ქვეშ არ დარჩე.
„გაზრდილი ფასების გამო ყველა პირობაზე თანახმა ვართ უკვე. კომფორტული ბინა, რომ შეხვიდე და მთელი დღის ნამუშევარმა, დაღლილმა ადამიანმა დაისვენო, 1000 – 1200 დოლარი ღირს.
რუსეთის მოქალაქეები ძალიან დიდ თანხებს იხდიან, მათ უღირთ. ადგილობრივებს ფიზიკურად არ გვაქვს ამდენი ფული. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ხელფასი იმდენიც კი არ არის, რამდენსაც ქირის გადახდაში გვთხოვენ“, – გვითხრა მალხაზმა.