მთავარი,სიახლეები

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

26.07.2023 • 3169
ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში.

ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ არ დაუმალავს, რომ ზაფხულის სეზონის გამო, საბავშვო ბაღში სულ 3 ბავშვი დადის. გამოდის, რომ 3 ბავშვს ემსახურება ამ დროისთვის 20 თანამშრომელი.

გახსოვთ, კაცი ქედის ცენტრიდან, რომ აპროტესტებდა – „წონიარისში რომ ტანკია, იმას დაცვა რათ უნდა?

საბავშვო ბაღის გარდა, სოფლის ადმინისტრაციის შენობაში მუდმივად დასაქმებულ 4 ადამიანს 3 დამლაგებელი ემსახურება, მათ შორის, ორი სოცდაუცველია.

„ბათუმელები“ სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელმწიფო დასაქმების კუთხით მდგომარეობას ამჯერად ხულოს სოფელ დიდაჭარაში გაეცნო.

„არის საჭიროება, მაგალითად, მზარეულს ორი თანაშემწე ჰყავდეს?“ – ვკითხეთ თეონა შავაძეს, რომელიც საბავშვო ბაღში მზარეულის ერთ-ერთი დამხმარეა.

„არსებობს, ასე არ არის, მირანდა?“ – ბაღის გამგეს ღიმილით გაჰყურებს დასაქმებული სოცდაუცველი.

თეონა შავაძეს ვეკითხებით ძმის – გელა შავაძის შესახებაც, რომელიც ხულოს მერის წარმომადგენელია სოფელ დიდაჭარაში.

„მანაც დამეხმარა [გელა შავაძე] და ირმა შავაძეც… იქ მითხრეს, ჭურჭელს დარეცხავ თუ დამლაგებლად იქნები, შენი არჩევანიაო და ავირჩიე ეს.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი, ყველა არჩევნებზე დავდივარ – სადაც ჩემი ძმა არის, ისე მე,“ – გვითხრა თეონა შავაძემ.

თეონა შავაძე

რა ევალება სოცდაუცველს, რომელსაც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასაქმებენ? – ბაღის გამგემ გვიპასუხა, რომ მასთან ხელშეკრულებები არ ინახება. ხელშეკრულება არც დასაქმებულებს აქვთ.

„ხელშეკრულება სააგენტოში გაგვიფორმეს, მე არ მაქვს, მგონი აქაა, ჩემთვის არ გამოუტანებიათ,“ – საუბარში ერთვება დიდაჭარის საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარედ დასაქმებული სოცდაუცველი მელანო სოლომონიძე.

„გვითხრეს, რაც გვევალებოდა და იმას ვაკეთებთ… ხელშეკრულება არ წაგვიკითხავს. ყველანაირად ვეხმარები ძიძას, ბავშვებს ვუყურებ, დახვეტა იქნება თუ სათამაშოების ალაგება… მერჩივნა, რომ ბაღში მემუშავა,“ – ამბობს მელანო სოლომონიძე.

არც მელანო სოლომონიძე მალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„ჩემი მამამთილი ეწეოდა მაგ საქმიანობას, იყო ჩართული, სანამ მოვიდოდა „ოცნება“, იქედან მოყოლებული, ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“ ამდენი წელიწადია და ვართ მხარდამჭერები,“ – აღნიშნა მელანო სოლომონიძემ.

მელანო სოლომონიძე

„მე ვარ სამი თვეა ამ პოზიციაზე და სოცდაუცველები დასაქმდნენ 4 თვის წინ. შესაბამისად, არ ვიცი, როგორ მოხდა ამ ადამიანების შერჩევა,“ – გვითხრა დიდაჭარის საბავშვო ბაღის გამგემ, მირანდა შავაძემ. ის არ მალავს, რომ სოცდაუცველების დასაქმების საჭიროება ბაღში არ ყოფილა, მაგრამ კარგია, რომ ისინი ხელფასის სახით თვეში 300 ლარს იღებენ.

„ორი ჯგუფია და ორი ძიძა. ორი ადამიანი ძიძას ეხმარება, ორი – მზარეულს, ერთი კი ეზოს ალაგებს – დილით მოდის და ალაგებს, საღამოს ისევ მოდის.

რა თქმა უნდა, ეხმარებიან, მაგრამ საჭიროება რამდენად არის, ამაზე ვერანაირად ვერ გაგცემთ პასუხს. ერთადერთი ის არის, რომ ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, თუნდაც ეს მიზერული თანხა – 300 ლარი გამოიმუშაონ… მუშაობენ 5 საათის განმავლობაში,“ – გვითხრა მირანდა შავაძემ.

მირანდა შავაძე

სოფელ დიდაჭარაში სულ 23 სოცდაუცველია დასაქმებული. რატომ გახდა საჭირო სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში დასაქმებულ 4 ადამიანს ემსახურებოდეს 3 დამლაგებელი? – ეს ხულოს მერის წარმომადგენელს, გელა შავაძეს ვკითხეთ.

სოფელ დიდაჭარის ადმინისტრაციული შენობა

„იქ ცეკვაც ტარდება, ასეა გადანაწილებული… იქ არის წარმომადგენელი, სპეციალისტი, ბიბლიოთეკა,“ – გვიპასუხა გელა შავაძემ და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის, სკოლისა და ადმინისტრაციული შენობის გარდა რამდენიმე სოცდაუცველი სოფლის წყლის სისტემაზეც მუშაობს.

ხულო, სოფელი დიდაჭარა

სოფელი დიდაჭარა არ არის გამონაკლისი, სადაც არამიზნობრივად დასაქმებულ სოცდაუცველებს ხვდები და გიჩნდება კითხვა: რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ათასობით [ამ ეტაპზე 30 ათასი] სოცდაუცველის დასაქმება იმ ფონზე, როცა დასაქმებულები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულნი არიან, დასაქმების საჭიროება კი, კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ არსებობს? რამდენად შეიძლება პრაქტიკულად ფიქტიურად, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულმა სოცდაუცველებმა არჩევნების დროს ანგარიში არ გაუწიონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას ან „ოცნების“ კოორდინატორებს, მათ რიგებში რომ არიან? 

გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, არჩევნებამდე კი, „ოცნება“ ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს. 

ამ დრომდე დასაქმების სააგენტო „ბათუმელებს“ არ აწვდის საჯარო ინფორმაციას, რამდენი სოცდაუცველი დაასაქმეს საჯარო დაწესებულებებში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჯამში 200 ათასი სოცდაუცველის დასაქმება დააანონსა. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მიმართა.

2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში დასაქმების სააგენტო წერს: „საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი“.

საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარია.

„ბათუმელები“ 2023 წლის მაისში წერდა ქედის სოფლებში ზვარესა და ზესოფელში, ასევე შუახევის სოფელ ბარათაულში დასაქმებულ სოცდაუცველებზე. დასაქმებულებს არც ამ სოფლებში დაუმალავთ „ოცნების“ აქტივისტობა, სხვებმა კი, მაგალითად, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა შალვა ქობულაძემ ირონიით ეს გვითხრა: „მათი ამომრჩეველი დაასაქმეს ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/477949/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: