იურისტ პაატა დიასამიძეს იშვიათად ახსენდება თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ბინაში მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მოლაპარაკების გზით პრობლემა მოგვარდა. სასამართლოში წასული დაზარალებულები კი ხშირად ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან – აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რამ დააზიანა ბინა.
იურისტი განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის, ან სხვა სარემონტო სამუშაოები გვაზიანებს და რა უნდა ვიცოდეთ ბინის მესაკუთრეებმა, რომ სხვა არ დავაზარალოთ.
- ბატონო პაატა, როგორ მოვიქცეთ, თუ მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოვიდა?
ხშირია მსგავსი პრობლემა, როცა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამეზობლო დავების დიდი ნაწილი დაკავშირებულია წყლის ჩაშვებასთან, ან სხვა სარემონტო სამუშაოებთან – როცა ერთი მეზობლისგან მეორეს ზიანი ადგება.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეზობლო სამართალი ბინის მესაკუთრეს აკისრებს ვალდებულებას, რომ მან მაქსიმალური გულისხმიერება გამოიჩინოს, დაუდევრობის შედეგად არ გამოიწვიოს დაზიანება. ეს ეხება არამხოლოდ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, არამედ, მაგალითად, იტალიურ ეზოებსაც.
ყველაზე გავრცელებული პრობლემაა წყლის ჩაშვება: ონკანი დარჩა მოშვებული, ან მილი დაზიანდა და ასე შემდეგ.
მსგავსი პრობლემის დროს ყველაზე ეფექტური უნდა იყოს მოლაპარაკება, თუმცა არსებობს სამეზობლო ურთიერთობის კულტურის პრობლემა – რაც მინახავს პრაქტიკაში, მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება იშვიათობაა. მოლაპარაკების შედეგი მორიგების შემთხვევაშიც კი, უმჯობესია, წერილობით გაფორმდეს, შემდგომში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
ხოლო როცა დაზარალებული მიმართავს სასამართლოს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მტკიცებულებები. ამიტომაც, საჭიროა, ვიდრე თუნდაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ მეზობელთან, ფაქტის ფიქსაცია მოვახდინოთ.
- ვინ უნდა დააფიქსიროს ფაქტი, ვის მივმართოთ?
ფაქტის დაფიქსირება შესაძლებელია პოლიციის გამოძახებით და 112-ში დარეკვით. ამ დროს თქვენთან მოვა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და შეადგენს ფაქტზე რეაგირების ოქმს. ამ ოქმში აისახება მომხდარი ფაქტი, დაზარალებულის ახსნა-განმარტება, ასევე იმ პირისა, ვისი საკუთრებიდანაც მოგვადგა ზიანი.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ბინა გაქირავებულია და კომუნიკაციის პრობლემაა მფლობელთან, მესაკუთრესთან, ან დაკეტილ ბინაში დაზიანდა წყლის მილი.
გასათვალისწინებელია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც აქვს ასევე ფაქტის კონსტატაციის სერვისი. ამ დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი ადგენს ოქმს, იკვლევს წყლის ჩამოშვების ფაქტს, იღებს ფოტოს და ასე შემდეგ. ფოტოგადაღებაც ერთგვარი მტკიცებულებაა.
- ეს სერვისი ფასიანია?
დიახ, ფასიანია. სამუშაო საათებში ამ სერვისით სარგებლობა ჯდება 100 ლარი, არასამუშაო საათებში – 150 ლარი.
- რა უპირატესობა აქვს აღსრულების ბიუროს მიერ შედგენილ ოქმს, როცა პოლიციელი იმავეს აკეთებს?
პოლიცია ადგენს რეაგირების ოქმს, იქ ფოტოგადაღება, მაგალითად, ვერ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ბიუროს მომსახურება ფასიანია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ანუ დაზარალებულის გადასახდელია – თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ფაქტის კონსტატაციის ხარჯიც დაეკისრება მოპასუხე მხარეს, იურიდიული მომსახურების, ასევე ექსპერტიზის ხარჯებთან ერთად.
- ექსპერტიზაც არის ამ დროს საჭირო?
ექსპერტიზის დასკვნა იქნება საჭირო, თუ ფაქტის კონსტატაციის მიუხედავად ვერ ხერხდება მხარეებს შორის მოლაპარაკების მიღწევა და მივდივართ სასამართლოში. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: ზიანი, რაც გვაქვს, რის გამო დადგა? იქნებ ის იმ ბინას კი არ უკავშირდება, რომელიც ჩვენ ზემოთაა, არამედ სამი სართულის ზემოთ მდებარე ბინის შახტიდან მოგვადგა ზიანი? პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევაც.
მეორე გარემოება კი, რაც ექსპერტიზამ უნდა განსაზღვროს, ეს არის ზიანის ოდენობის დადგენა. აქ უნდა შეისწავლოს ექსპერტმა, რა დაზიანდა კონკრეტულად, მაგალითად: საღებავი, ავეჯი, რა დაჯდება დაზიანებული ნივთების აღდგენა.
- თუ პოლიცია აფიქსირებს ფაქტს, ხოლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა როლი აქვს აღსრულების ბიუროს მხრიდან ფაქტის კონსტატაციას?
ეს საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ სრულყოფილად მივყვებით პროცესს. არის შემთხვევა, როცა ექსპერტიზის ჩატარება დროში იწელება – შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოვიდეს ექსპერტი ჩვენს ბინაში, ფაქტის კონსტატაციის გარეშე კი, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გარემოება დაიკარგოს – შეუძლებელი გახდეს მტკიცება.
ცხადია, შესაძლებელია, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით, ან მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის ოქმით მივმართოთ სასამართლოს, მაგრამ დაზარალებულმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული მეზობლის ბინიდან ჩამოვიდა, მაგალითად, მის ბინაში წყალი და მიადგა ზიანი.
ექსპერტიზის ფასი დამოკიდებულია სამუშაოებზე, თუმცა ეს ხარჯიც დაეკისრება მოპასუხეს, სასამართლოში დავის მოგების შემთხვევაში.
- შეიძლება თუ არა პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელოსანს, მაგალითად, თუ დადგინდა, რომ წყლის ან კანალიზაციის მილები სანტექნიკოსმა შესაბამისად ვერ მოაწყო?
დიახ, შესაძლებელია, ბინის მესაკუთრემ რეგრესის წესით იმ თანხის ანაზღაურება მოსთხოვოს ხელოსანს, რაც გადაუხადა მეზობელს მისთვის მიყენებული ზიანის გამო.
პრაქტიკაში, ხელოსნები არალიცენზირებული პირები არიან და სარემონტო საქმიანობას არ სჭირდება ლიცენზია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ხელოსნებთან არც ხელშეკრულება ფორმდება, სადაც მათი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, თუმცა თუ დადასტურდება ხელოსნის პასუხისმგებლობა შესაბამისი მტკიცებულებებით, დადგება მისი პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივად, როგორც ეს „26 მაისის ქუჩის კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე“ მოხდა. ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ საყრდენი კედლის გამოღებამ გამოიწვია ჩამონგრევა.
შესაძლებელია ბინის დაზღვევაც. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია განსაზღვრავს ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, რა პირობებით მოხდება ზიანის ანაზღაურება.
- რა ხდება მაშინ, თუ მეზობელს, ვინც თანხა უნდა გადაგვიხადოს, ფული არ აქვს?
როცა მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ავიღებთ სააღსრულებო ფურცელს. თუ ნებაყოფლობით არ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, არსებობს იძულებით აღსრულების მექანიზმი – რა ქონებაც ირიცხება მესაკუთრეზე, ხდება იქიდან იძულებით აღსრულება, მათ შორის, ანგარიშებზე ყადაღის დადება.
- გვითხარით ხმაურზეც – რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როცა მეზობლის ბინიდან ხმაური გვაწუხებს?
მსგავსი შემთხვევებიც ძალიან პრობლემურია, მით უფრო ბათუმში, სადაც განსაკუთრებით კომერციული დაწესებულებებიდან, კვების ობიექტებიდან ხმაური აწუხებთ მეზობლებს, მათ შორის – გამწოვის ხმაური. კანონმდებლობით ხმაური არის გარემოს დაბინძურება, როცა დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ხმაურის დასაშვები ნორმა, რომლის თანახმადაც „საცხოვრებელ და საძილე სათავსებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმა დღის საათებში [08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე] არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს, საღამოს საათებში [19:00 სთ-დან 23:00] 30 დეციბელს, ღამის საათებში [23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე] ასევე 30 დეციბელს“.
გარდა ამისა, ბათუმში მოქმედებს ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომელიც არეგულირებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურულ წესს. დღის შესაბამის მონაკვეთში დასაშვებ ნორმაზე ხმაურის გადამეტება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, პირველ შემთხვევაში, გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ფულად სანქციას.
- რამდენით ჯარიმდებიან ხმაურიანი მეზობლები და არის თუ არა ეს ეფექტური?
ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს მუნიციპალური ინსპექცია, რომელმაც უნდა გაზომოს ხმაურის დონე და თუ დასაშვებ ნორმას სცდება, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. გაფრთხილების შემდეგ თუ ისევ დაფიქსირდება ხმაური კონკრეტული ფიზიკური პირისგან, ჯარიმა 150 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარი.
ამ ჯარიმების ოდენობა იზრდება სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკაში რასაც ვხედავთ, კომერციული ობიექტების შემთხვევაში, სანქციებს ეფექტი არ აქვს – ჯარიმებს იხდიან, ან არ იხდიან და მუშაობას ისევ ისე განაგრძობენ.
ამ შემთხვევაშიც, თუ ვერ ვრიგდებით მეზობელთან, შესაძლებელია, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. აქაც შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომ დადგინდეს, აჭარბებს თუ არა ხმაური დასაშვებ ნორმას და რა იწვევს ამ ხმაურს. სასამართლოში შეგვიძლია მოვითხოვოთ ხმაურის აღკვეთა და ზიანის ანაზღაურება.