მთავარი,სიახლეები

„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები

11.05.2023 • 5866
„40 000 ლარად ვინ მომყიდის სახლს?“ – რას ელიან მეწყრით დაზარალებული ოჯახები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრით დაზარალებულები აჭარის მთავრობისგან დახმარებას ელიან.

მეწყრული პროცესების გათვალისწინებით წელს ყველაზე მოწყვლად ადგილად გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტი დაასახელეს. 6 მარტს ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა ერთი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა და ოჯახს, სადაც 3 მცირეწლოვანი ბავშვია, არ დარჩა არც მიწა, რომელზეც ცხოვრება საფრთხის შემცველი არ იქნება. ისინი ახლა ქირით ცხოვრობენ.

„ბათუმელები“ ამ ოჯახის წევრს, ზურაბ ზოიძეს ესაუბრა.

„მთავრობა 40 000 ლარს მპირდება, მეტს არაფერს და ესეც საცხოვრებელი სახლის შესაძენად. მე აქ, სადაც ჩემი საცხოვრებელი სახლი იყო და საკარმიდამო მქონდა, არაფერი დამრჩა. მიწასთან გასწორებულია, მეწყრითაა დაფარული ყველაფერი.

შევხვდი [ქედის მუნიციპალიტეტის მერს]. მან გვითხრა, რომ მე უნდა ვიშოვო საცხოვრებელი სახლი, ბინა თუ რაც იქნება და მათ უნდა ჩაურიცხონ გამყიდველს ფული. 40 000 ლარად მე ვინ მომყიდის გინდ საცხოვრებელი სახლი იყოს, გინდ ბინა?

სხვაგან რომ ვიყიდო ხის სახლი, მოვიტანო, ჩავდგა და ვიცხოვრო, ამის ადგილი არ დამრჩა. მთავრობის მიერ გაღებული 40 000 ლარით რას შეიძენ, თქვენ უკეთესად იცით ეს. რაიმეს თუ შეიძენ საერთოდ.

მხოლოდ მცირე ტერიტორია დამრჩა, 200 მეტრამდე, რომელიც ახლა არ არის მეწყრული მასით დაფარული, მაგრამ საფრთხის შემცველია“, – გვითხრა ზურაბ ზოიძემ და დასძინა, რომ თუ კომპენსაციის თანხას არ გაუზრდიან, იძულებული გახდება, ხის მცირე საცხოვრებელი სახლი მიწის ამ ფართობში ჩადგას.

„ეს თანხა საცხოვრებელი სახლის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყოფა, თუკი, ვთქვათ, ხულოს მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში ვიყიდი ხის სახლს.

უსაფრთხო მიწა რომ მქონდეს აქ, ადგილზე, კი, ბატონო, დავდგამდი, მაგრამ უსაფრთხო მიწა, რომელიც ჩემი საკუთრება იქნება, არ დამრჩა. ეს ვუთხარი მერსაც. სადაც ჩემი მორჩენილი ადგილია, იქ ჩავდგამ [ხის სახლს] მაშინ-მეთქი. არ არის ეს ადგილი უსაფრთხო, მაგრამ სად წავიდე. სამი მცირეწლოვანი შვილით და ჩემი შემოსავლით სადმე წასვლა და რაიმეს შეძენა შემიძლია?“ – კითხულობს კაცი და კითხვას თავადვე პასუხობს – „არაფრის“.

როგორც ზურაბ ზოიძემ გვითხრა, ის სოფლის მეჩეთის წინამძღოლია და 370 ლარი აქვს ხელფასი. „ამ ხელფასზე ბანკიდან სესხს არავინ მომცემს“, – ამბობს ის.

მისგან ვიგებთ იმასაც, რომ კოკოტაურში მეწყერსაშიშ ზონაში კიდევ 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებმაც ასევე დატოვეს სახლები და ქირით გადავიდნენ.

„მათი სახლები არ დანგრეულა საბედნიეროდ. მე ისევ სოფელში გადავედი ქირით უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, იმიტომ, რომ პირუტყვიც მყავდა. ისინი ქალაქებში გადავიდნენ“, – დაგვიზუსტა ზურაბ ზოიძემ.

ზოიძეების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა იყო. მათ ეს შემოსავალი ავტომატურად დაკარგეს სახნავ-სათესი მიწის დაკარგვასთან ერთად.

„მე ვარ განადგურებული, სრულიად განადგურებული, არაფერი რომ არ შემრჩა. მეც 40 000 ლარი უნდა გადამიხადონ და იმ ხალხსაც, რომლებიც ამჟამად მეწყრულ ზონებში არ ცხოვრობენ, მაგრამ აიღებენ ამ თანხას, ისევ მათ სახლებში დაბრუნდებიან და ცხოვრებას გააგრძელებენ?

მე ისე მელაპარაკა მერი, რომ არავითარი იმედი არ მაქვს. 40 000 ლარი და მორჩა“, – გვითხრა საუბრის დასასრულს ზურაბ ზოიძემ. მან არ იცის, რამდენ ხანს  გადაუხდის მერია ქირას მის ოჯახს.

40 000 ლარი, რაზეც ზურაბ ზოიძე საუბრობს, აჭარის მთავრობის ეკომიგრანტების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული ოჯახებისთვის.

ბოლო ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში 66 ოჯახია გადაყვანილი ქირით მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრების გამო. როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, ბოლო პერიოდში ახალი მეწყრული კერები არ გაჩენილა და არც ძველი მეწყრული კერები გააქტიურებულა.

რთული მეწყრული მდგომარეობა შეიქმნა შუახევის სოფელ ბუთურაულშიც. ამ სოფლის მკვიდრი, ჯუმბერ დიასამიძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის საცხოვრებელი სახლიც მეწყრულ ზონაშია. მისი თქმით, უკვე მიიღეს გეოლოგიური დასკვნები, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში დარჩენა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

„ამ დასკვნების მიხედვით გასახლებას ვექვემდებარებით. რეგისტრაცია გავიარეთ პროგრამაში და ველოდებით პასუხებს, რომ ამ პროგრამის მონაწილეები გავხდეთ, სადაც 40 000 ლარია გათვალისწინებული.

ყველას  მოგვივიდა გეოლოგიური დასკვნა, რომ ვექვემდებარებით ადგილმონაცვლეობას და ჩართული ვართ პროგრამაში, სადაც 40 000 ლარია. გავიარეთ რეგისტრაცია, საბუთები შევაგროვეთ და ველოდებით შემდეგ პროცესებს. მაისის თვეში უნდა იყოს პასუხი, ასე გვითხრეს.

ქირით ვცხოვრობთ და ამ პროცესების მოგვარებას ველოდებით. თანხა რომ დაირიცხება, ვიზრუნებთ ან გირაოზე, ან რამეს შევიძენთ, ამ თანხად თუ რამეს შევიძენთ, მთლად ისე დალაგებული სიტუაცია ვერ არის, გაურკვეველი სიტუაციაა ჯერჯერობით და ყველა საგონებელშია. არც ისე დიდი თანხაა, რომ უცებ რამე შეიძინო …

ჩვენ ბათუმში გადმოვედით ქირით საცხოვრებლად. ზოგი სოფლად გადავიდა, ზოგი – მუნიციპალიტეტის ცენტრში, ზოგი – ქალაქში,  როგორც მოახერხეს“, – გვითხრა მან.

ბოლო ინფორმაციით, შუახევში მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრების გამო 78-მა ოჯახმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და ქირით ცხოვრობს.

მიძინებული მეწყერი გააქტიურდა ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელშიც, სადაც ახალ კერებსაც ვხვდებით. აქ ბინის ქირით, მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 48 ოჯახი სარგებლობს.

______________________

ფოტო: ბათუმელების არქივიდან. მეწყერი სოფელ ზედა თხილვანაში.

ამავე თემაზე:

აჭარაში 192 ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გაიყვანეს – ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: