განათლება,მთავარი,სიახლეები

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია“ – რას ფიქრობენ მოსწავლეები სკოლაში კვების საჭიროებაზე

11.05.2023 • 2822
„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია“ – რას ფიქრობენ მოსწავლეები სკოლაში კვების საჭიროებაზე

„ხშირად გვტკივა თავი, მუცელი, ენერგიასაც გვაცლის შიმშილი. სკოლაში კი ან საერთოდ არ არის ბუფეტი, ან მხოლოდ ცხიმიანი ცომეულია“ – ამბობენ სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“.

ბათუმელ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ გავესაუბრეთ. ნაწილი სწრაფი კვების ობიექტებთან, ხელში ფუნთუშეულით და რძიანი ყავის ჭიქით იდგა. ბავშვების თქმით, საგაკვეთილო პროცესში მათ სკოლის დატოვების უფლება არ აქვთ და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

თამო დიასამიძე მე-12 კლასელია და მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, სანამ სკოლა გარემონტდებოდა, ბუფეტი ფუნქციონირებდა და ცომეულს მაინც ყიდულობდნენ, რემონტის შემდეგ კი არც ამაზე მიუწვდებათ ხელი.

„დილით ვერ ვსაუზმობ, რადგან გვიან მეღვიძება და ხშირად საუზმის გარეშე მივდივარ სკოლაში. 12 საათისთვის უკვე მშივდება. მართალია, ჯანსაღი საკვები არც ადრე იყო სკოლაში, მაგრამ სახლის კომპოტები იყიდებოდა და ეს კარგი იყო, ახლა კი საერთოდ არაფერია“- გვეუბნება ის.

მოსწავლეები სწრაფი კვების ჯიხურთან

თამო, კლასელების მსგავსად, იძულებულია მეექვსე გაკვეთილის შემდეგ სკოლასთან ახლოს არსებულ სწრაფი კვების ჯიხურში შეძენილი ფენოვანით ან ფუნთუშეულით მოიკლას შიმშილი. „ცომი წონას გვმატებს, მაგრამ განაყრებს და ამიტომ ვყიდულობთ“ – გვეუბნება ის.

მისი თქმით, კარგი იქნება სკოლაში ხილის მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ ბავშვებს.

„ბანანს შევჭამდი სიამოვნებით, პიურე, კატლეტი ან რაიმე ბოსტნეული რომ იყოს, ესეც კარგი იქნება“- ამბობს ის.

თამოს მსგავსად, დილით საუზმეს ვერც საბა გაბრიჭიძე ახერხებს. სკოლიდან შორს ცხოვრობს და ამბობს, რომ ჩაცმისთანავე სკოლაში მოდის, შემდეგ კი მალევე შივდება.

„როცა გშია, ეს უკვე პრობლემაა, რადგან გაკვეთილზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებ, გეძინება. ბუფეტი არ არის, რომ რაიმე იყიდო, გარეთ არ გიშვებენ და გიწევს 6-7 გაკვეთილი მოიცადო მშიერმა. შემდეგ გამოდიხარ და ცომეულს ყიდულობ.

ბუფეტში რაც იყო, არც ის მომწონდა, რადგან ბულკი და რაღაც ასეთები იყო, რაც მე არ მიყვარს. დღეს, ფაქტობრივად, ბავშვები შიმშილობენ სკოლაში“ – ამბობს საბა.

მისი აზრით, სკოლაში ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია, რადგან კომფორტული გარემო ზრდის მოტივაციასაც.

„ჩემი აზრით, საკვები ყველა ტიპის მოსწავლეზე უნდა იყოს მორგებული, ვიღაც შესაძლოა ალერგიული იყოს. ბოსტნეული, ხილი აუცილებლად უნდა შესთავაზონ ბავშვებს სკოლაში.

ბევრი ბავშვია, რომელიც ვარჯიშობს და ძალიან ცხიმიანი და ზეთში ამოწუწული საკვები არ სიამოვნებს. არც მე მომწონს ასეთი, ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებს“ – გვეუბნება საბა.

ბავშვების თქმით, ყოველდღე ერთი და იგივე სიტუაციაა – გშია და ვერ ყიდულობ საკვებს თავის დროზე ან რასაც ყიდულობ, არაჯანსაღია. ცალკე პრობლემაა მაღალი ფასები.

კიდევ ერთი მოსწავლე, რომელსაც ვესაუბრეთ სკოლასთან, ამბობს, რომ სპორტსმენია და ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და სახლიდან არ გამოვიდეს მშიერი.

„რადგან სპორტსმენი ვარ, ყოველგვარი ზეთის და მძიმე საკვების მიღებას ვერიდები. როცა ნასაუზმები ვარ, რამდენიმე გაკვეთილი არ მშივდება. სკოლასთანაც ახლოს ვცხოვრობ და გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვახერხებ სადილობას“ – გვეუბნება მოსწავლე.

მისი აზრით, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ბავშვებს სკოლაში.

იზაბელ ჯაფარიძე მერვეკლასელია. ისიც ამბობს, რომ სკოლაში ჯანსაღი საკვები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„მესამე გაკვეთილზე უკვე მშია, მეშვიდეზე კი უკვე მუცელი მტკივდება.

ზოგადად, მე არ მიყვარს სწრაფი კვება და ვცდილობ სახლში შევჭამო, მაგრამ თუ დილით ვერ მოვასწარი, მაშინ მშიერი ვარ.

თუ ვასწრებ, სახლიდანაც მომაქვს ხოლმე რაღაცები, მაგრამ დიდი დასვენება არ გვაქვს და ესეც ცუდია“ – ამბობს იზაბელი. მისი თქმით, შიმშილი გაკვეთილზე მის თანაკლასელებსაც აწუხებთ.

„აუ, მშია – ამბობს ერთი და შემდეგ სხვებიც აჰყვებიან. მე სტაფილო და ხილი მიყვარს და სიამოვნებით ავიღებდი სკოლაშიც. წესით, უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ სკოლაში კვება, რადგან გონება მეფანტება ხოლმე და კონცენტრაციას ვერ ვახდენ“ – ამბობს იზაბელი.

მეექვსეკლასელი ლევან მახარაძე ბათუმის მეშვიდე სკოლაში სწავლობს. მას და მის მეგობრებს მაშინ გავესაუბრეთ, როცა სწრაფი კვების ობიექტში ლობიანი შეიძინეს.

„სამშაბათიდან ხუთშაბათამდე ვერ ვახერხებ დილით ჭამას, რადგან ფეხბურთი მაქვს დილით და მერე როცა მოვდივარ სახლში, ჩაის ვსვამ და ისე მივდივარ სკოლაში, მაგრამ მაინც მალე მშივდება.

ხილი მიყვარს – ვაშლი ძალიან, ბანანიც. პიურე და წიწიბურა რომ იყოს, იმასაც შევჭამდი სკოლაში“ – გვეუბნება ის.

მისი მეგობარიც მომხრეა სკოლაში კვების დანერგვის.

„ცომეულში დღეში 5-7 ლარი მეხარჯება. ერთი პატარა ძეხვი რომ იყიდო, სულ ცოტა 2 ლარი ღირს. ხაჭაპურიც ძვირია და თან პატარა, არ გყოფნის. პატარა „სნიკერსი“ 2.50 ლარი ღირს.

კონტეინერიც არ მომაქვს, რადგან დაგცინიან ბავშვები, არც სივრცეა სკოლაში რომ დაჯდე და ისადილო. დერეფანში კი დგას სკამები, მაგრამ იქ ჭამა უხერხულია, არ გვაქვს სასადილო“-გვეუბნება ლევანის მეგობარი.

ლილე ქარცივაძეს და მეგი მალაყმაძესაც სკოლასთან ახლოს სწრაფი კვების ობიექტთან გავესაუბრეთ.

„სამწუხაროდ, დილით ვერ ვსაუზმობ და პირველივე გაკვეთილზევე მშია. ძალიან ცუდად თუ გახდი, მანდატური ამოგიტანს რაიმეს, თუ არა, ისე გარეთ არ გვიშვებენ. ბუფეტი უნდა იყოს სკოლაში ან სასადილო და ჯანსაღი საკვები მიიღო“ – გვეუბნება ლილე.

მეგი მომხრეა სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლაში კვება.

„სპორტზე ჩავდივართ, მაგრამ არ ვთამაშობთ, მაგის ძალა აღარ გვაქვს, ადვილად ვიღლებით, რადგან საკვები არ აქვთ მიღებული დილით. ჯანმრთელი რომ იყო, კვება და საათები სწორად უნდა დაიცვა“ – გვეუბნება ის.

მოსწავლეები სკოლაში უფასო კვების აუცილებლობაზე საუბრობენ

ათი წლის ლილეს კი ისეთი სკოლები უნდა, როგორც ევროპაშია.

„ინგლისში რომ აქვთ ბავშვებს, აი, ასეთი მინდა რომ იყოს ჩვენი სკოლაც. მე ძალიან მიშლის ხელს სწავლაში როცა მშია და მარტო შაურმაზე ვფიქრობ“ – გვეუბნება სიცილით.

მისი თანასკოლელია 11 წლის ლაშაც, რომელიც სპორტზეც დადის და ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, თუმცა ხშირად არ გამოსდის.

„ახლა „ჩიფსი“ ვიყიდე, არ მოსწონთ მშობლებს რომ ვყიდულობ, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ხილი უნდა იყოს სკოლაში. ვაშლი ძალიან მიყვარს. პიურე, კატლეტი, რომ იყოს, სტაფილოც“-გვეუბნება ის. ლაშას სურს მის სკოლაში დიდი სასადილო ოთახი იყოს, ლამაზი სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად მშვიდად ისადილებს.

„მეორე და მეოთხე გაკვეთილების შემდეგ უნდა საკვების მიღება და აღარ ვიქნებით მშიერი“- გვეუბნება ის.

ელენე, საბა, ლიზი სკოლაში უფასო კვების პრობლემაზე საუბრობენ

„როცა უსაუზმოდ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს ენერგიის პრობლემა“- გვეუბნება ლიზი წულუკიძე. მისი თქმით, მესამე გაკვეთილის შემდეგ შივდება და იძულებულია სადმე ცომეული შეიძინოს.

„ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის ჯანსაღი საკვები და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დააფინანსოს სასკოლო კვება“ – გვეუბნება ის.

კიდევ ერთი მოსწავლის, ელენე ჯაფარიძის თქმით, ბავშვს გაკვეთილზე არ უნდა აწუხებდეს შიმშილის გრძნობა. „ძალიან ბევრი ცუდად ხდება და უკეთესი იქნებოდა, კვება ყოფილიყო სკოლაში“ – გვეუბნება ის.

საბა ჟღენტი დილით საუზმეს ასწრებს, მაგრამ ამბობს, რომ მაინც არ ჰყოფნის.

„სკოლაში არ არის ჯანსაღი საკვები, ცომეული ბევრ ცხიმს შეიცავს, ხილი და ბოსტნეული რომ იყოს, კარგი იქნება. მათემატიკაზე კონცენტრაცია გვიჭირს ხოლმე მშიერზე და იმაზე ვფიქრობთ, როდის დასრულდება გაკვეთილები, რომ სახლში წავიდეთ.

ჩემი ბევრი კლასელი ქალაქგარეთ ცხოვრობს და მშიერია რა ფაქტობრივად მთელი დღე. ძნელია სკოლაში 6 საათი მშიერი ყოფნა“ – ამბობს საბა.

სკოლაში კვების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ მასწავლებლებიც.

კვების დანერგვას ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტები, მშობლები, თუმცა განათლების სამინისტროს და ზოგადად მთავრობის მხრიდან რაიმე არსებითი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.

საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ წალენჯიხის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლაა, რომელმაც სკოლაში კვების საპილოტე პროგრამა დანერგა.

_____________________

მთავარ ფოტოზე: თამო დიასამიძე და საბა გაბრიჭიძე კლასელთან ერთად/ყველა ფოტო გადაღებულია ბავშვების ნებართვით.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/451546/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: