ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

18.04.2023 •
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაცია – ტენდერი 370,5 ათასი ლარით გამოაცხადეს

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 370 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.

მეჩეთებს რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, იმ პროექტების მიხედვით ჩაუტარდება, რომლებშიც 2021 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, როგორც აქ განაცხადეს, ჯამში 49 450 ლარი გადაიხადა.

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთები / აპრილი, 2023 წელი

ზვარეს მეჩეთის სავალალო მდგომარეობაზე „ბათუმელებმა“ სტატია რამდენიმე დღის წინ, 10 აპრილს გამოაქვეყნა. სააგენტომ მაშინ უპასუხოდ დატოვა კითხვა – თუ რატომ არ გამოცხადდა ამ დრომდე ტენდერი ზვარეს მეჩეთის რეაბილიტაციაზე.

ტენდერი სააგენტომ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 12 აპრილს, გამოაცხადა. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პროექტებს, გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

პროექტების შესახებ ინფორმაცია არც ტენდერს ერთვის.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ „ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაეცემა გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმების დროს.“

პირობაში ასევე აღნიშნულია:

  • „თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.“
  • „შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 10 წელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან“.
  • „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.

ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2023 წლის 28 აპრილს და 3 მაისს დასრულდება. მეჩეთების რეაბილიტაცია კი, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

რატომ არ ასაჯაროებს პროექტებს სააგენტო, „ბათუმელებისთვის“ უცნობია.

„2021 წელს სააგენტოს მიერ შეძენილი იქნა ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი“, – აღნიშნულია სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმში, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო ერთიანი ტენდერი ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე.

აქ საგულისხმოა, რომ 2021 წელს შესყიდული პროექტის მიხედვით, ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი სააგენტოს 2022 წელს გამოცხადებული ჰქონდა და სატენდერო დოკუმენტაციას მაშინ ამ მეჩეთის რეაბილიტაციის პროექტიც ერთოდა.

სხვათა შორის, ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი სააგენტომ გასულ წელს ორჯერ გამოაცხადა.

პირველი ტენდერი არ შედგა, მეორე ტენდერში კი, გამარჯვებულ შპს „მშენებელთა ჯგუფთან“ ხელშეკრულება სააგენტომ 187 009 ლარზე 2022 წლის 10 ოქტომბერს გააფორმა, თუმცა 28 ნოემბერს ეს ხელშეკრულება კომპანიასთან შეთანხმებით სააგენტომ შეწყვიტა.

მიზეზი, როგორც ამ შეთანხმების დოკუმენტიდან ირკვევა, იყო ის, რომ მეჩეთზე სამუშაოების დაწყება დამატებითი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპისთვის შეუძლებელია სამუშაოების დაწყება დამატებითი შესწავლის გარეშე, შეწყვეტილ იქნას სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და შპს „მშენებელთა ჯგუფს“ შორის 2022 წლის 10 ოქტომბრის გაფორმებული N149 ხელშეკრულება“, – ვკითხულობთ შეთანხმების ოქმში.

არადა, სააგენტოს გათვლებით ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია 2022 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაციაზე იყო ტენდერი გამოცხადებული. თუმცა, პროექტის ავტორთან კონსულტაცია რომ გავიარეთ და კლიმატური პირობებიც გავითვალისწინეთ, გადავწყვიტეთ, გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობისას რაიმე გაუთვალისწინებელი რომ გამოჩენილიყო, ეს ავტომატურად შემდეგ მოითხოვდა ცალკე დოკუმენტაციის შედგენას, ნებართვის აღებას და ზამთრის პერიოდი დაემთხვეოდა. ამიტომ აღარ გავრისკეთ ამ მიმართულებით და კომპანიასთან შეთანხმებით, შევწყვიტეთ ხელშეკრულება.

პროექტი ავტორთან ერთად ხელახლა განვიხილეთ, ფასებიც გადავახალისეთ, რაშიც დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია.

ამჯერად ტენდერი გამოვაცხადეთ უკვე ორივე მეჩეთის რეაბილიტაციაზე ერთად. ასე ჩვენთვისაც ადვილი იქნება და ზედამხედველისთვისაც, ვინაიდან ერთ მუნიციპალიტეტშია ეს მეჩეთები და ერთმანეთისგან არც ძალიან დაშორებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორი.

შესაბამისი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც მიღებული გვაქვს. მონიტორინგს გავუწევთ ჩვენც [როგორც შემდგომში ხელშეკრულების მაკონტროლებელი ორგანო] და ეროვნული სააგენტოც [როგორც ნებართვის გამცემი]“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა კახიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა.

რაც შეეხება ზვარეს მეჩეთს, „10-12 წლის წინ მივმართეთ ალბათ, მაგრამ უშედეგოდ… 3-4 წლის წინ გადახურეს, მაგრამ აქ საყრდენი ბოძი იყო საჭირო, არ არის, საჭიროა გამაგრება, რესტავრაცია და აღდგენა, ამას სჭირდება შესაბამისი სპეციალისტები, სათანადო მასალები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოფელ ზვარეში მცხოვრებმა დავით ფალავანდიშვილმა.

რა მდგომარეობაშია ზვარეს მეჩეთი დღეს, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: