მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

19.08.2022 • 1995
რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გვპირდება, რომ ძველ ბათუმში მშენებლობაზე „შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი“ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი დაიწყება.

„საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.“

თორნიკე რიჟვაძე გულისხმობს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რაც ბათუმის მერს „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, გარკვეული რეგულაციების უგულებელყოფის საშუალებას აძლევს.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად საჭირო ღონისძიებები პირველი სექტემბრიდან დაიწყონ.

„მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტალების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერ-სახე, რაც გვაქვს. 12-მეტრიანი შეზღუდვა რჩება ძალაში და ძველ ბათუმში კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თუმცა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძალაში ვერ დარჩება, რადგან ბათუმის საკრებულოს დადგენილებამ, რომელიც 12-მეტრიან შეზღუდვას აწესებდა, ძველ ბათუმში ავტომატურად დაკარგა ძალა ახალი სივრცითი და სამშენებლო კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 12-მეტრიანი შეზღუდვის შემოღებაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან. ამ დროისთვის კი ძველ ბათუმში კანონით გათვალისწინებულია სამშენებლო ქვეზონის შეზღუდვა – 15 მეტრი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმს ჯერ კიდევ არა აქვს დამტკიცებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევა ბათუმის მერიამ ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაატარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: