მთავარი,სიახლეები

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

27.04.2023 •
„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა.

საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს.

ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე.

ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იმიტომ, რომ მერს მოქალაქის შეფასება არ მოსწონს.

„ვიდრე ამ განცხადებას გამოვაკრავდი საშაურმეზე, წელს აღარ მომცეს ნება, ტროტუარზე დამედგა მაგიდები და სკამები, მანამდე 10 წელი ნებართვით ტროტუარის ნაწილზე გვქონდა მაგიდები და სკამები…

რა თქმა უნდა, ავიღეთ მაგიდები, თუმცა ტროტუარზე დავტოვე ნარგავები. დავრბოდი, რომ იქნებ რამე გამომესწორებინა… მოვიდა წერილი, რომ 20 დღეში უნდა აგვეღო ნარგავებიც…“, – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.

ვიდრე მერიისგან დათქმული 20-დღიანი ვადა გავიდოდა, საშაურმესთან ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ჩაუვლია:

„მაგიდები რადგან აღარ გვიდგას, აღარ არის მუშაობა, ჯამში 16 ადამიანი დარჩა უმუშევარი… მერს დაველაპარაკე და ვუთხარი, გვშია და ყველას მექსიკის საზღვარზე ნუ გაგვიშვებთ-მეთქი, ვიხუმრესავით და ის გაბრაზდა. თქვენ ახლა პოლიტიკაში გადადიხართ და ვნახოთ, რას მოიგებთო. გვშია, რა შუაშია პოლიტიკა-მეთქი. თუ გშია, წადი სახლში და ჭამეო.

მოვარდნენ მუნიციპალური ინსპექციიდან და აყარეს ყველაფერი, დაგვიზიანეს ძვირადღირებული ნარგავები, ეს იყო ველურობა, ძალადობა… მაშინ გამოვაკარი ეს განცხადება შენობის შიგნიდან, ქალაქის მერი ზონდერია-მეთქი. მე გამოვიყენე კონსტიტუციით დაცული უფლება – სიტყვის თავისუფლება.

ჯერ კიდევ 1978 წელს დედა ენას ვიცავდი, მერე ლენინის ძეგლს ვაგდებდი, აბაშიძის პოლიტპატიმარიც ვიყავი. მე გამოვხატე ჩემი პროტესტი მერიის ველური ქცევის მიმართ და ამის გამო მაჯარიმებენ?“ – კითხულობს მოქალაქე.

„უნდა დაჯარიმდეს მაშინ ყველა, ვისაც რაიმე სახის წარწერა აქვს გამოკრული, ეს ალოგიკურია და დაუსაბუთებელი – როცა სხვა ვინმე იგივე გორგილაძის ქუჩაზე მსგავსი წარწერის გამო დაჯარიმებული არ არის, გამოდის, რომ ბათუმის მერს წარწერის შინაარსი არ მოსწონს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს იცავს.

ვაჟა თავართქილაძე

ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეუსაბამოდ დააჯარიმა მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერ-სახის დამახინჯებას, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.

იურისტი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: ძეგლის დაცვის ზონაში შენობაზე ნებისმიერი განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას. მეორე: მერიას აშკარად შერჩევითი მიდგომა აქვს.

ანა ბერძენიშვილს აქვს კითხვა მუნიციპალურ ინსპექციასთან:

„სხვა წარწერა რომ ყოფილიყო, მაგალითად, ბათუმს ჰყავს კარგი მერი, მაშინაც დააჯარიმებდნენ?

თუ ასეა, მაშინ რატომ არ აჯარიმებენ ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელსაც გვერდით, სხვა ვიტრინებზე აქვთ განცხადებები გამოკრული?

დაცვის ზონაში, შენობის ფასადის ვიტრინაზე განცხადების გამოკვრა არ ნიშნავს იერ-სახეში ჩარევას და ავტომატურად სამართალდარღვევას. მუნიციპალურ ინსპექციას უნდა გაერკვია, იყო თუ არა ეს დროებითი, ხომ არ იყო ეს პროტესტი? ოქმში საერთოდ არაა მითითებული, რა დაამახინჯა კონკრეტულად მესაკუთრემ განცხადების გამოკვრით.

2023 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ განეხორციელებინა გამწვანება იმ პერიმეტრზე, სადაც საშაურმის მაგიდები ელაგა…

საშაურმის გვერდით რესტორან „ლევილს“ ტროტუარი თითქმის სრულად აქვს შემოღობილი

საშაურმის გვერდითაა რესტორანი, რომელსაც არათუ ტროტუარი, ველობილიკიც ათვისებული აქვს…,“ – აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა.

სასამართლო განხილვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: