ნეტგაზეთი • RU

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავდაპირველად შეჩერდა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა.

სამუშაოებს ამჯერად სხვა კომპანია „ნიუ როუდი“ აგრძელებს.

კომპანია „მამისონში“ კი აცხადებენ, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „მამისონთან“ 14,5 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

„მამისონმა“ „უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არაერთი წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, მიმწოდებელი არ ახორციელებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ აწარმოებდა სამუშაოებს. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე 2022 წლის 5 აგვისტოს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა პირგასამტეხლო 220 186 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მიმწოდებლის მიერ დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი.“

გზების დეპარტამენტმა „ბათუმელებს“ მოგვწერა, რომ „ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 14 581 880 ლარს; სამუშაოების დაწყებიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დრომდე კი, „მამისონს“ შესრულებული ჰქონდა 8 454 086 ლარის სამუშაოები, თუმცა დეპარტამენტის მიერ ანაზღაურებულია 8 031 382 ლარი.“

ხელშეკრულების შეწყვეტამდე მასში სხვადასხვა ცვლილება [მათ შორის სამუშაოების დასრულების გადავადებაზეც], სულ 18-ჯერ შევიდა.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

„მამისონი“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი თვით ადრე, 2020 წლის 1-ელ ივნისს, კიდევ ერთ ცვლილებას ითხოვდა და დეპარტამენტს მისწერა – გადაევადებინა სამუშაოების დასრულების ვადა, რასაც დეპარტამენტი აღარ დათანხმდა.

 

გადავადების მიზეზებზე „მამისონის“ წერილის სანახავად დააწკაპუნეთ აქ

„მამისონი“, 2022 წლის 1-ელ ივნისის წერილით, დეპარტამენტს გზაზე სამუშაოების დასრულების ვადის გადავადებას შემდეგი მიზეზების გამო სთხოვდა:

  • „გზაზე „წლების განმავლობაში მომხდარი მეწყრული და სტიქიური მოვლენების გამო, ასევე სხვა კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო, პროექტი საჭიროებდა ძირეული ცვლილებების შეტანას“
  • ხშირი იყო შემთხვევა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკური ქმედებებით არ გვაძლევდა კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, ვინაიდან არ ეთანხმებოდნენ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს [გაბიონის ნაცვლად ითხოვდნენ ბეტონის კედლის მოწყობას…]
  • პროექტში ორჯერ შეტანილი იქნა ცვლილება, თუმცა საბოლოო პროექტი ჯერ დასრულებული არ არის…
  • ასევე აღსანიშნავია COVID 19-ით გამოწვეული შეფერხებები…
  • სამუშაოები ასევე შეაფერხა გასულ წელს, ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით წარმოშობილმა ცემენტის დეფიციტმა…
  • გარდა იძულებითი მოცდენებით განცდილი ზიანისა, პროექტის კორექტირების გამო სამუშაოთა დროში გახანგრძლივების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითადი მასალების ღირებულება, რაც ასევე მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება კომპანიას.“

„მამისონი“ სწერს დეპარტამენტს, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო სამუშაოების დასრულება, რომელიც შეთანხმებული იყო 2022 წლის 15 ივნისისთვის, ვერ მოესწრება და ითხოვს დასრულების ვადის 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადებას:

„მამისონის“ 2022 წლის 1-ელი ივნისის წერილი

დეპარტამენტის პოზიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, იყო ის, რომ სამუშაოების დასრულების ვადა აღარ გადაწია [ვინაიდან „ანალოგიური მიზეზების გამო კომპანიას ერთხელ უკვე გადაუვადა სამუშაოების დასრულების ვადა“ [15 ივნისამდე].

შესაბამისად, დეპარტამენტმა კომპანიას სამუშაოების დასრულება მოსთხოვა, საბოლოოდ კი, „ვინაიდან კომპანიამ სამუშაოები არ განაახლა“, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

 

„ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ დაუკავშირდა, გაასაჩივრა თუ არა დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. „ჯერ არ გაგვისაჩივრებია, მაგრამ ვაპირებთ, გავასაჩივროთ,“ – გვითხრეს კომპანიაში.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022

„მამისონთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები განახლდა და დღესაც მიმდინარეობს.

დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „გზის ამ მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ნიუ როუდის“ შორის 2022 წლის 25 მაისს გაფორმებული [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები] ხელშეკრულების ფარგლებში, დეპარტამენტის 2022 წლის 19 აგვისტოს გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე.“

„სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლისათვის“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან, თუმცა კონკრეტული თარიღი და ინფორმაცია, თუ რამდენი თანხა დაიხარჯება ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად, დეპარტამენტს „ბათუმელებისთვის“ არ მოუწოდებია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, აჭარასა და გურიაში გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებზე დეპარტამენტს ტენდერი პრეისკურანტით ჰქონდა გამოცხადებული, სადაც სახელშეკრულებო ღირებულება 30 მილიონი ლარია.

ასეთ დროს დეპარტამენტი მიმწოდებელს [ამ შემთხვევაში შპს „ნიუ როუდის“] შესრულებული სამუშაოების ღირებულებას მას შემდეგ გადაუხდის, რაც სამუშაოები დასრულდება და ღირებულება შეთანხმებული პრეისკურანტის მიხედვით განისაზღვრება.

შესაბამისად, ჯერ უცნობია, რამდენი ლარი დაიხარჯება აღნიშნული გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“.

ხულო-გოდერძის გზა / 16.10.2022 / ევა ართმელაძის ფოტოები

აღნიშნული 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დაბა ხულოსა და დიდაჭარის კაშხალს შორის მდებარეობს.

აღნიშნული კაშხლიდან გოდერძის უღელტეხილამდე გზას [ლოტი 1] კი, კომპანია „სინოჰიდრო“ ასრულებს.

„სინოჰიდრო“ მუშაობს გოდერძიდან სოფელ ზარზმამდე არსებული გზის [ლოტი 2] რეაბილიტაციაზეც. ამ მონაკვეთში ზარზმიდან გოდერძის მიმართულებით უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება:

ხულო-ზარზმის გზა, რომელიც თავის დროზე კომპანია „ტოდინს“ უნდა გაეკეთებინა, ორ ლოტად იყო დაყოფილი [დაბა ხულო-გოდერძი და გოდერძი-ზარზმა]. მთლიანი გზის რეაბილიტაცია „ტოდინს“ 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დეპარტამენტმა 2020 წლის თებერვალში მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ამჯერად ეს გზა სამ სამშენებლო ობიექტად/მონაკვეთად არის დაყოფილი: დაბა ხულო-დიდაჭარის კაშხალი [მუშაობს კომპანია „ნიუ როუდი“]; დიდაჭარის კაშხალი-გოდერძი [ლოტი 1] და გოდერძი-ზარზმა[ლოტი 2], სადაც სამუშაოებს ამჯერად „სინოჰიდრო“ ასრულებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე მონაკვეთზე სამუშაოები 2023 წელში უნდა დასრულდეს.

ამასთან, ხულო-გოდერძის გზის [ლოტი 1] რეაბილიტაციისთვის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი და დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის [KFAED] მიერ; ხოლო გოდერძი-ზარზმის [ლოტი 2] პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 38 511 473 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით, ფონდის მიერ ფინანსური რესურსი 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობით გამოყოფილია მხოლოდ ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთისთვის [ლოტი 1].

გოდერძის უღელტეხილი – ზარზმის მონაკვეთის [ლოტი 2] სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში და არც სასესხო ხელშეკრულების გაფორმების დროს იყო გათვალისწინებული ლოტი 2-ის დაფინანსება ქუვეითის ფონდის მიერ“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამავე თემაზე:

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com