მთავარი,სიახლეები

შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

05.05.2023 • 5664
შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

„შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელონ უკრაინელებმა – ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ,“ – უკრაინელებისგან კონტრშეტევის დაწყებას დღე-დღეზე ელის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინას შესაბამისი საჰაერო მხარდაჭერის და აღჭურვილობის გარეშე „შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს“.

„თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი.

გადამდგარი გენერალი იმ ვერსიას უყურებს შიშით, თუკი უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება. „ეს გამოიწვევს ოპერატიულ ჩიხს და ომი გადავა დაუმთავრებელ დაპირისპირებაში,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და იმ დრონზეც გვიყვება, რამდენიმე დღის წინ კრემლის თავზე რომ გამოჩნდა.

„ეს არ იყო უკრაინიდან გამოშვებული დრონი, რადგან საჰაერო მანძილია 850 კილომეტრი, ამას დაუმატეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს დრონი კი, რაც ჩანს, არ არის იმ ზომის, რომ ამ დონის ტაქტიკური რადიუსი – 1500 კილომეტრი ჰქონდეს. დანარჩენ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მე უფრო ვემხრობი იმას, რომ ეს რუსეთის მთავრობის გაკეთებულია…“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურმა პრიგოჟონმა წუხელ აგინა შოიგუს და გერასიმოვს. პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები 5-ჯერ ნაკლები იქნებოდა. დღეს პრიგოჟინი რუსეთის მთავარსარდლობას დაემუქრა, რომ ვაგნერს 10 მაისს გაიყვანს ბახმუტიდან. ეს ხელოვნური დაპირისპირებაა უკრაინის შეცდომაში შესაყვანად, თუ მართლა გავა „ვაგნერი“ ბახმუტიდან?

ვერ გეტყვით, პრიგოჟინის დაჯერება ცოტა ძნელია – ერთ დღეს აგინებს, მეორე დღეს მადლობას იხდის, ან შეიძლება მიზეზს ეძებს, რომ თქვას, რატომ ვერ აიღო ბახმუტი, როცა ამდენი ხანია ომობს.

რას ჰქვია გაიყვანს? იქ ხელმძღვანელობა არ არის შეიარაღებული ძალების, თუ კერძო კომპანიაა და შევიდა, ომში რა უნდოდა? თუ შევიდა ომში, ფულს იღებს ამაში. ამის გარჩევა ცოტა ძნელია. ფაქტია, რომ დაპირისპირება არსებობს. როგორც მაქვს ინფორმაცია, ბახმუტში გამოჩნდა მეორე კერძო კომპანიაც – თუ „გაზპრომის“ არის პრიგოჟინის „ვაგნერი“, მეორეა „როსნეფტის“ დაჯგუფება „მეტეორი“. არ ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი, მაგრამ არ არის გამორიცხული, მეორე დაჯგუფების გამოჩენა უკავშირდებოდეს იმას, რომ „ვაგნერი“ თუ გავა, მეორე იბრძოლებს. ეს შიდა დაპირისპირებაა, რაც ხელის გულზე დევს.

  • ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ ქაოსია რუსეთის გენშტაბში და ეს სისუსტე შესაძლოა უკრაინამ გამოიყენოს? 

ქაოსი რომ არის და ვერ მართავენ, ეს ომის მიმდინარეობითაც სჩანს. უბრალოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რა ხდება, ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის მედესანტეები, რომლებიც ფლანგებიდან იფარავენ ბახმუტში მოქმედ „ვაგნერს“, პრიგოჟინს აძლევს საშუალებას, იქ შეტევები განახორციელოს. რამდენად ეფექტურად მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ისინი აქტიურად ეხმარებიან პრიგოჟინს.

  • რა ხდება ამჯერად ბახმუტში? რა დატვირთვა შეიძინა ამ ქალაქმა, რომლის აღებასაც მე-9 თვეა უშედეგოდ ცდილობს რუსეთი?

იყო ვერსია, რომ 9 მაისის აღლუმისთვის საჩუქრად მიერთმიათ პუტინისთვის ბახმუტი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოხერხდეს. უკრაინელები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ამ ქალაქის 5-დან 7 %-მდე. უკრაინელებმა ორი კვარტალი დაიბრუნეს უკან, მაგრამ შემდეგ რუსებმა ისევ აიღეს. ქალაქში უკრაინელების ორი თავდაცვითი რაიონია დარჩენილი. ერთი ცენტრშია, მეორე – დასავლეთით. მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ სამედიცინო ტექნიკუმი აიღო, მოხერხდა ამ რაიონების განცალკევება. სამხედრო ნაწილიც აიღეს ვაგნერელებმა. დღეში 100 – 150 მეტრი აქეთ-იქეთ იცვლება.

ბახმუტმა უკრაინელებისთვის უფრო მეტი დატვირთვის გახდა – იგი გახდა უკრაინელების წინააღმდეგობის სიმბოლო. ჩემი აზრით, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელები, რომ ერთი სახლი მაინც შეინარჩუნონ ბახმუტში, რომ როცა დაიწყება კონტრშეტევა, ჩაითვალოს, რომ ბახმუტი არ იქნა აღებული. ფსიქოლოგიური და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდა ბახმუტი ორივე მხარისთვის.

  • რამდენად გაიზარდა შესაძლებლობა უკრაინის ხელში, რომ მან რომელიმე მიმართულებით, ან ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა დაიწყოს?

უკრაინა რომ კონტრშეტევას დაიწყებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს გაცხადებულიცაა და ამ გაცხადების გამო დაკარგეს სტრატეგიული და ოპერატიული მოულოდნელობის ეფექტი. არის რამდენიმე მიმართულება. რუსეთის მონაცემებით, უკრაინელების თავმოყრა ხდება ბახმუტი-სოლედარი-სევერსკის მიმართულებაზე, მეორეა სამხრეთით – ზაპოროჟიეს მიმართულება. რომელი იქნება გამოყენებული მთავარი დარტყმის, რომელი სხვა დარტყმის მიმართულებად, ეს უკვე შემდეგ გამოჩნდება – სადაც იქნება წარმატება, ის იქნება, ბუნებრივია, მთავარი დარტყითიის მიმართულება.

მე არ გამოვრიცხავ, უკრაინელებმა დაარტყან ტირასპოლს და დნესტრისპირეთს. იქ დასახლებულ პუნქტ კოვბასნაიაში არის ერთ-ერთი სამხედრო საბრძოლო მასალის ბაზასაცავი, სადაც არის დიდი რაოდენობით საბჭოთა პერიოდის სამხედრო აღჭურვილობა.

  • ამით მომარაგების პრობლემას შეუქმნიან რუსებს? 

ამით არამხოლოდ ტირასპოლის მომარაგებას, არამედ მთლიანად დნესტრისპირეთს შეექმნება პრობლემა. ჯერ ერთი, რუსული სამხედრო დაჯგუფების ზურგში დატოვება არ არის გამართლებული და უკრაინელებს აქვთ სრული უფლება, რომ შევიდნენ და გაანეიტრალონ ეს დაჯგუფება. ეს ასევე გადაიტანს რუსების ყურადღებას ამ მიმართულებაზე.

რუსებსაც ექნებათ ეს გათვლილი, მაგრამ იქ რუმინეთი არ გაატარებს რუსების თვითმფრინავს და უკრაინას უნდა გადაუფრინონ რუსებმა. რამდენად მოახერხებენ ამას, არ ვიცი.

კონტრშტევისთვის უკრაინელებმა უკვე შექმნეს დარტყმითი დაჯგუფება, ეს არის 8 ბრიგადა. აქედან 3 არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანარჩენი ნარევია – მოხალისეებისგან დაკომპლექტებული და აღჭურვილი დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობით.

მაგალითად, მათ შემადგენლობაში ასევე ჩამოყალიბდა 82-ე საჰაერო-მოიერიშე ბრიგადაც. პრინციპში ის არა არის ტიპიური აერომობილური დანაყოფი, დარტყმითი ბრიგადაა ისიც და სრულად „ჩელენჯერებით“ და დასავლეთში მომზადებაგავლილი მოხალისეებით არის დაკომპლექტებული . ასე რომ, დარტყმითი დაჯგუფება შეიქმნა.

მინუსი არის ის, რომ უკრაინელებს არ აქვთ საჭირო მოცულობის საჰარო მხარდაჭერის შესაძლებლობა, ასევე ჭურვების რაოდენობა. იმედი მაქვს, რომ ამერიკელების ბოლო ტრანშიდან შეისყიდდნენ ამ საარტილერიო საშუალებებს. უკრაინელები ასევე აქტიურად იძენენ საიერიშო ხიდგამდებებს, რაც სჭირდებათ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და პატარა მდინარეების გადასალახავად.

  • თქვენ გაზაფხულისთვის ელოდით გარდამტეხი ნიშნების გამოჩენას ამ ომში. რა ჩანს ამ გადასახედიდან?

ვფიქრობ, რომ მაისის ბოლომდე დაიწყება კონტრშეტევა და სავარაუდოდ ივლისში გამოჩნდება, რამდენად წარმატებული იქნება ეს.

ეს გაიწელა ძირითადად ამინდის გამო – უკრაინელების პრობლემა იყო დასავლეთიდან მიღებული ბორბლიანი ჯავშანტექნიკა. ეს ტექნიკა კარგია მთიანი რაიონებისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის, მაგრამ ტალახში ჯობია მუხლუხებიანი ტექნიკა. გაუთავებელი წვიმა და ტალახი იყო გაჭიანურების მიზეზი. იმედია, რომ ახლა გაშრა მიწა და არ იქნება წვიმა. უკრაინელებს ასე გაუადვილდებათ ამ შემთხვევაში მანევრირება.

  • ამ მოცემულობაში, რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: სტრატეგიული მიდგომა, აღჭურვილობა, ადამიანური რესურსი…

ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია – მართვა მნიშვნელოვანია და რესურსიც. ჩემი აზრით, ეს 40-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ჰყავთ, გარკვეულ, შეზღუდულ ამოცანას შეასრულებს, მაგრამ არა იმ დიდ იმედს, რომელიც ყველას აქვს, რომ ყირიმსაც აიღებენ, საზღვრებზეც გავლენ და ასე შემდეგ.

თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან რუსების სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება ამ ეტაპზე.

  • გვითხარით დრონზე, რომელიც კრემლის თავზე გამოჩნდა. თქვენი ვერსიით, რა იყო ეს? შესაძლოა, ეს მიზანმიმართულად თავდასხმა გაითამაშეს რუსეთში შიდა აუდიტორიისთვის, რომ რუსეთს თავს ესხმიან და თავდაცვა სჭირდება?

მე გეტყვით რა არ იყო ეს – ეს არ იყო უკრაინიდან გამოშვებული დრონი, რადგან საჰაერო მანძილია 850 კილომეტრი, ამას დაუმატეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს დრონი კი, რაც ჩანს, არ არის იმ ზომის, რომ ამ დონის ტაქტიკური რადიუსი – 1500 კილომეტრი ჰქონდეს.

დანარჩენ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მე უფრო ვემხრობი იმას, რომ ეს რუსეთის მთავრობის გაკეთებულია. ამის შემდეგ რუსებმა განაცხადეს, რომ დრონი ჰაერში იყო განადგურებული, რომ კარგად იმუშავა საჰაერო თავდაცვამ, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომ იტოვებს უფლებას რუსეთი განახორციელოს საპასუხო დარტყმა და ასე შემდეგ.

გამოჩნდა, რომ რაღაცაში ხელი გაიხსნა რუსეთმა. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებასაც წინ უძღოდა მფრინავების საერთო საცხოვრებლის აფეთქება და იქ მფრინავების ოჯახების დახოცვა. ეს ჩეჩნებს დაჰბრალდა და დაიწყო მეორე ომი. ასე რომ, რუსეთს უკრაინის ტერორისტად გამოყვანა ალბათ შიდა და გარე აუდიტორიისთვისაც აწყობთ.

რუსეთში მობილიზაციაზე რა ინფორმაცია გაქვთ, რა სახით მიმდინარეობს ეს პროცესი? 

მობილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ალბათ პრობლემა არ იქნება ხალხის შეგროვება. გარბის ხალხი, მაგრამ მასა მაინც არის.

  • ახლოვდება 9 მაისი – რა ჩანს რუსეთის სამზადისში, თქვენი დაკვირვებით? ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთმა 21 ქალაქსა და ყირიმში 9 მაისის ღონისძიება გააუქმა.

დიახ, სადაც წვდება უკრაინა, რუსეთმა იმ რაიონებში გააუქმა ეს ღონისძიება. იყო მოსაზრება, რომ დრონების საქმე იმიტომ გააკეთეს, რომ აღლუმის ჩატარების რესურსი არ აქვთ, თუმცა ბოლო განცხადება იყო ის, რომ აღლუმი ნამდვილად ჩატარდება. ჩაატარებენ ახლა პომპეზურ აღლუმს, უცხოეთის ქვეყნებიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყირგიზეთმა გამოხატა დასწრების თანხმობა. შევხედოთ, რა იქნება.

  • რამდენად ხედავთ იმის შანსს, რომ უკრაინამ შექმნას მოულოდნელობის ეფექტი? 

მათ უნდა სცადონ, ყურადღების გადამტანი მოქმედებები განახორციელონ – მათი წარმატება გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვის მიმართულებაზე, ძირითადად განპირობებული იყო მოულოდნელობის ეფექტით. ახლა ეს მოულოდნელობის ეფექტი არაა.

უკრაინელები სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე უკვე ვეღარ შეძლებს მოულოდნელობის ეფექტის შექმნას. რუსებმა უკვე იციან უკრაინელების დაჯგუფება, შემადგენლობა, მიახლოებით შეტევის სავარაუდო მიმართულებები. ტაქტიკურ დონეზე კი, შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელოს, ან შეცდომაში შეიყვანოს, ან ორივე ერთად. შესაძლოა, ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ. ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებს ამის არეალი შემცირებული
აქვთ.

  • პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა და ისინი პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხია.

მთავარი მიზანია ისევ, რომ დაღალოს მოსახლეობა, შეასუსტოს წინააღმდეგობის სურვილი. რუსებმა ტაქტიკა ძირითადად შეცვალეს იმ გაგებით, რომ დრონებს იყენებენ რაკეტებთან ერთად, ცდილობენ, რომ გადატვირთონ საჰაერო თავდაცვის რადარები, ზედმეტ მზადყოფნაში მოიყვანონ, დაახარჯინონ რესურსი, ხოლო როცა დრონებით ყურადღება გადატანილია, განახორციელონ სარაკეტო დარტყმები.

  • მაღალი სიზუსტის რა შეიარაღება დარჩა ამ ეტაპზე რუსეთს?

რუსეთმა თავისი საავიაციო ბომბების ადაპტირება მოახერხა: FAB-500, FAB-1500, FAB3000-ს დაუყენეს ფრთები და GPS, რაც საშუალებას იძლევა, პლანირებადი ბომბი გახდეს – საჭიროა თვითმფრინავით ჰაერში, მაღლა ასვლა და ბომბის ჩამოგდება, მერე უკვე ჰაერში პლანირებით თავისით მირინავს. ეს ბომბები საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ რუსებს. ამიტომაც, უკრაინელების სუსტი მხარე ამ კონტრშეტევის დროს იქნება საჰაერო მხარდაჭერა.

უკრაინას ძალიან უჭირს საჰაერო მხარდაჭერის კუთხით. საკმარისი საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, უკრაინას საკმაოდ შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს, თუმცა რუსების ბრძოლისუნარიანობის შემხედვარე, შეიძლება ვიქონიოთ უკეთესის იმედი.

  • დასავლეთი აპირებს, რომ მისცეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები?

უკრაინას აძლევენ ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და არა საჰაერო მხარდაჭერის საშუალებებს, უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. ამაზე იყო საუბარი, მაგრამ შეჩერდა ეს პროცესი, ახლა ისევ არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლომდე მისცემენ.

მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა – თუ არ იქნება დასავლეთის შესაბამისი მხარდაჭერა, არ იქნება წარმატება. უკრაინამ უნდა აჩვენოს გარკვეული წარმატება ამ კონტრშეტევის დროს დასავლეთს. ამიტომაც, თუკი ეს კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, ეს გამოიწვევს ოპერატიულ ჩიხს და ომი გადავა დაუმთავრებელ, გაყინულ და დაუსრულებელ დაპირისპირებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: