მთავარი,სიახლეები

ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ

15.03.2023 • 1391
ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ

„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ.

ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ.

სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს.

„მაგალითად, თავს ვარიდებ, კომფორტულად არ ვარ, როდესაც ბავშვები ცენტრალურ პარკში მიმყავს.

მე არ მომიგონია, ადამიანები წლებია წერენ, რომ პარკში დენის სადენებია ამოშვერილი. არ ვიცი, შეიძლება არიან უშიშარი მშობლები, ვისაც ამ ყველაფრის არ ეშინიათ, მაგრამ ალბათ ზედმეტად ფრთხილი ვარ იმისთვის, რომ ასეთ ადგილებში ბავშვები გავუშვა და მე წყნარად ვიჯდე.

პირიქით, ყირაზე ვარ გადასული, არიქა, იმასთან არ მივიდნენ, აქ არ გამოვიდნენ და ა.შ. დასვენების მაგივრად ვიღლები ხოლმე ადგილებში, სადაც ასეთ საფრთხეებს ვგრძნობ. გარდა ამისა, ტბაც რომ მოუწესრიგებელია და საშინელი სუნი დგას, ესეც ძალიან დიდი დისკომფორტია,“ – ამბობს სალომე.

საბავშვო მოედნების და ატრაქციონების უსაფრთხოებაზე სალომე აქამდეც ხშირად საუბრობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბათუმში უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის ძნელი საპოვნელია.

12 მარტს, საღამოს, ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის გასწვრივ მდებარე ბატუტი ქარმა გაიტაცა. ბატუტზე ორი ძმა – 9 წლის დავითი და 3 წლის დანიელი – თამაშობდა. 9 წლის დავითი მიღებული ტრავმებისგან დაიღუპა, 3 წლის დანიელის გადასარჩენად კი ოჯახი და ექიმები იბრძვიან. დანიელი 15 მარტს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეში დატრიალდა, საზოგადოებაში სულ უფრო ხმამაღლა ისმის კითხვა – არის თუ არა უსაფრთხო სხვა სათამაშო მოედნები და ატრაქციონები?

ერთ-ერთმა ბათუმელმა მშობელმა, ნინო ჩხაიძემ პეტიცია შექმნა. ახლა ბათუმელი მშობლები პეტიციით ითხოვენ, „ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ შემოწმდეს ყველა გასართობი ატრაქციონი, დაიწეროს და გამოქვეყნდეს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. მითითებულ იქნას ყველა ატრაქციონზე მოქცევის წესები წერილობით.“ პეტიციაზე  ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამოწმებენ თუ არა ბათუმში მდებარე საბავშვო ატრაქციონებს? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ გააგზავნა ყველა სახელმწიფო უწყებაში [ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, აჭარის მთავრობა], რომელთაც პირდაპირ ან ირიბად ეხებათ ქალაქის პარკებსა და ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ატრაქციონების მონიტორინგი.

საჯარო უწყებები ზეპირ კომუნიკაციაზე არ გვთანხმდებიან. როგორც კი „ბათუმელები“ მათ პასუხებს მიიღებს, მკითხველს შევთავაზებთ. მონიტორინგის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს არც ბათუმის მერს.

„სადაც ფაქტი მოხდა, მაგ ტერიტორიაზე დამყავს ბავშვები სასეირნოდ. მეც ხშირად შემიშვია ბავშვი ბატუტზე და გულშიც კი არ გამივლია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ქარს შეიძლება აეფრიალებინა ბატუტი და ბავშვის სიცოცხლე მოესპო.

ამ ფაქტის შემდეგ ნამდვილად აღარ დავსვამ ბავშვს ბატუტზე. მაქსიმალურად ვეცდები, რომ სადაც ე.წ. ატრაქციონებია, არ მივიყვანო ბავშვები. ხშირად იჭედება, ხშირად ჩერდება ეს ატრაქციონები. იმიტომ, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს. დარწმუნებული ვარ, რაც დადგეს, იმის მერე ძრავაში არ ჩაუხედავს არავის.

ეს ატრაქციონები სადაცაა, იქ ყრია დენის კაბელები. სასეირნო ბილიკზეა, უშუალოდ ამ ატრაქციონების გვერდით. ყურადღებას არავინ აქცევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იზი კონცელიძე.

იზი სამი შვილის დედაა და მას კითხვები აქვს ყველა იმ პასუხისმგებელ პირთან, ვისაც საბავშვო ატრაქციონების მონიტორინგი ევალება.

ორი წლის და 3 თვის შვილი ჰყავს სალომე მამულაიშვილს. ბავშვს ხშირად ასეირნებს ცენტრალურ პარკში, თუმცა ამ სეირნობას მუდამ დაჰყვება შიში.

„ბავშვთა უსაფრთხოება აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული, რომ ჩვენი შვილების აქ ცხოვრების არ გვეშინოდეს. ეს უნდა უზრუნველყოს თითოეულმა იმ პირმა, ვისაც ეს ეხება, როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე საჯარო ორგანიზაციებმა.

შეძრწუნებული ვარ ამ ამბით. ცენტრალურ პარკში რამე სახიფათო აქამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ სულ მაქვს შიშის განცდა. არ ვიცი, ეს შეიძლება მშობლის რეალური შიშია.

ერთი ატრაქციონია პარკში, რომელზეც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ბავშვი არ დავსვა. მაღლა რომ ადის და ქვემოთ უცებ ვარდება, მაგას ვგულისხმობ.

პატარაა ჩემი შვილი, იმ ატრაქციონზე, რომელზეც ვსვამ, მეც მივყვები ხოლმე. სატრიალებელი ცხენებია. თხემით ტერფამდეო რომ ამბობენ, ყველა დეტალს ვაკვირდები იმ ატრაქციონზე. იმისათვის, რომ რა პერიოდშიც ვსარგებლობთ, ჩემი შვილიც და სხვისი შვილიც, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველას შვილი შვილია, მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს,“ – ამბობს სალომე მამულაიშვილი.

ორი შვილის დედა სალომე გეგეშიძე კი უსაფრთხოებასთან ერთად მოძველებულ და დაჟანგულ ატრაქციონებზეც აკეთებს აქცენტს.

„მგონი, აღარსად ცივილურ სამყაროში აღარაა რკინის და პლასტმასის კონსტრუქციები, ყველგან არის ხისგან გაკეთებული აბსოლუტურად უსაფრთხო მასალა ბავშვებისთვის. ჩვენთან ატრაქციონებსაც ვერ დავარქმევ, აზრზე არ ვარ რა ჰქვია მაგათ, ისეა დაჟანგული, ფეხი რომ წამოიკრა, უნდა წახვიდე და ტეტანუსის აცრა გაიკეთო.

შედარებით უსაფრთხო გარემო ისევ ბულვარშია, ოღონდ, საკუთარი ძალებით თუ მოაწყობ პიკნიკს. იმიტომ, რომ გასართობი მოედნები რაცაა, აბსოლუტურად არაა მორგებული ბავშვების საჭიროებებს. აი, უბრალოდ არის საჩვენებლად, რომ ბულვარში გვაქვს რაღაც.

სისუფთავეზე არაფერს აღარ ვამბობ, გასართობ მოედანთან ახლოსაც კი ყრია გამოყენებული შპრიცები,“ – ამბობს სალომე.

ის გამოსავალს კითხვების ხმამაღლა დასმასა და მუდმივად პროტესტში ხედავს, იმისათვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მუდმივი მონიტორინგი აწარმოონ.

„პროტესტი საჭიროა. რადგან სახლიდან რომ გავალთ, უკან ჯანმრთელები დავბრუნდეთ ან უბრალოდ დავბრუნდეთ. ჯანმრთელზე აღარ მაქვს ლაპარაკი, სახლში რომ დავბრუნდეთ“ – ამბობს სალომე გეგეშიძე.

ამავე თემაზე: 

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: