კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

18.12.2016 • 6327
სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი ნებით ერთ-ერთმა აფთიაქმა „ფარმადეპომ“ ვიდეოკამერის ჩანაწერი ადვოკატებს გადასცა. გამამართლებელი განაჩენის დადგომისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქს უჩივლა.

28 წლის თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ხარაზი მელიქიშვილის ქუჩაზე „ფარმადეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პოლიციელთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, „ფარმადეპოს“ ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ნახა, რაც სასამართლოს ადვოკატებმა წარუდგინეს და რითაც სამართალდამცველების ნათქვამი საეჭვო გახდა.

კერძოდ, პოლიციელების მიერ აღწერილი დაკავების დეტალები, მაგალითად, რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, დაკავებიდან რა დროის შემდეგ მივიდა გამომძიებელი, სად გამოკითხეს თორნიკე ხარაზი და ასე შემდეგ, არ დაემთხვა ვიდეოფირზე დაფიქსირებულს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც პროკურატურამ ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგინა. ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევდა პოლიციელთა ჩვენებებს. ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დასრულდებოდა, ადვოკატებმა – რამინ პაპიძემ და მერი ცინარიძემ „ფარმადეპოსგან“ ვიდეოჩანაწერის მოპოვება შეძლეს. სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველომ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა.

„შეტყობინების საფუძველზე აპარატმა ჩაატარა შემოწმება და მიიჩნია, რომ ჩანაწერის გადაცემა კანონდარღვევით მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აფთიაქმა გაასაჩივრა სასამართლოში და წარმოადგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერით კონკრეტული ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. სასამართლომ გაიზიარა აფთიაქის პოზიცია,“ – მოგვწერეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან.

„ჩვენ ეს ჩანაწერი გავეცით კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს დადასტურდა სასამართლო გადაწყვეტილებით,“ – გვითხრა სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ იურისტმა, შოთა იმნაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან 500 ლარით დაჯარიმებულ „ფარმადეპოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიუმართავს. სასამართლომ დაადგინა, რომ აფთიაქიდან ვიდეოჩანაწერის გაცემა კანონის დაცვით მოხდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთჯერადად საჩივრდება. შესაბამისად, ამ საქმის წარმოება უკვე დასრულებულია.

„შსს-მ და პროკურატურამ სცადეს ხელები გადაეგრიხათ აფთიაქისთვის, რომელმაც საქმე წააგებინათ,“ – მიიჩნევს დამოუკიდებელი იურისტი, ემზარ პაქსაძე. მისი თქმით, სამართალდამცველები მსგავს სიტუაციაში იმის დასჯით კი არ უნდა დაკავდნენ, ვინც სიმართლის გამოაშკარავებას უწყობს ხელს, არამედ უნდა ინტერესდებოდნენ, რატომ არ ამბობენ პოლიციელები სიმართლეს: „ფაქტია, რომ პროკურატურა ავალებს  პოლიციელებს, თქვან ჩვენების სახით ის სიმართლე, რაც ბრალდების მხარეს სჭირდება. ამ გასაჩივრებით შეეცადა პროკურატურა თავისი სახის შენარჩუნებას, თითქოს უჩივლეს და რაღაც გააკეთეს… გარდა ამისა, თუკი საბოლოოდ სასამართლო ამ ჩანაწერის გადაცემაზე კანონდარღვევას დაადგენდა, პროკურატურა შემდეგი ინსტანციის სასამართლოში იტყოდა, რომ დაცვის მხარემ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებით მოიგო საქმე პირველ ინსტანციაში“.

კამერები (3)გადასცემს თუ არა იგივე „ფარმადეპო“ ვიდეოჩანაწერს ადვოკატებს სხვა შემთხვევაში? – „ფარმადეპოში“ ჩვენს სხვა შეკითხვებს აღარ უპასუხეს. ადვოკატი მერი ცინარიძე იხსენებს, რომ აფთიაქის იურისტმა ხარაზის საქმისთვის ტელეფონით კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან გაიარა და ჩანაწერში სხვა ფიზიკური პირების სახეები, რომლებიც საქმესთან კავშირში არ იყვნენ, დაიბურა. რამდენიმე დღის წინ თორნიკე ხარაზის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძემ გამამტყუნებელი განაჩენით დაასრულა. თორნიკე ხარაზის ადვოკატებისთვის ჯერ უცნობია, რა დასაბუთებით შეცვალა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციამ.

თორნიკე ხარაზის საქმე არ არის პირველი შემთხვევა, სადაც პოლიციელების ჩვენებები ვიდეოკამერის ჩანაწერებმა გახადეს საეჭვო. მარტში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შალვა ქორიძეს გამოუტანა გამამართლებელი განაჩენი. ამ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებმა დაადასტურეს სამართალდამცველების სიყალბე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამჟამად რამდენიმე საქმე განიხილება, სადაც ადვოკატები კატეგორიულად მოითხოვენ ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერების ამოღებას, რაზეც პროკურატურა უარს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ ჩანაწერები აღარ არსებობს. თავად კერძო კომპანიები კი, სადაც კამერებია განთავსებული, ადვოკატებს ნებაყოფლობით ჩანაწერის გადაცემაზე უარს ეუბნებიან.

ერთ-ერთი ბოლო საინტერესო შემთხვევა ბათუმში, 6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე იყო. მკვლელობის გარდა, არჩილ ფეტიძეს პროკურატურა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ფეტიძე გორგილაძის ქუჩაზე, საშაურმესთან დააკავეს, სადაც არის ვიდეო-სათვალთვალო კამერა. მოწმეებისა და კამერის არსებობის მიუხედავად, პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე  მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ ნაწილში არ გაიზირია პროკურატურის მტკიცება და არჩილ ფეტიძე უდანაშაულოდ ცნო.

რატომ არ სურს ხელისუფლებას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა

48437

საკონსტიტუციო სასამართლო

22 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლო ნადია ხურციძის საქმის არსებითად განხილვას იწყებს. ნადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოიპოვოს რომელიმე ობიექტიდან ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების უფლება შესაბამისი განჩინების საფუძველზე. ნადია ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. ნადია ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და ამას დაკავების ადგილზე კომპანია „მაგთი კომის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი დაადასტურებს. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებულია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის ნორმა, რომლის მიხედვითაც, „დაცვის უფლება გარანტირებულია“, ასევე „სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე“.

ბათუმში მომუშავე ადვოკატები მიიჩნევენ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა ხელისუფლებას მიზანმიმართულად არ სურს.

ადვოკატი ზაზა პაპიძე: „ვიდეომტკიცებულება ხშირად თავიდან ბოლომდე ანგრევს საქმეს. ეს აშინებს პროკურატურას. ვიდეოკამერის ჩანაწერი არის ყველაზე მკაფიო და მყარი მტკიცებულება, რის შემდეგაც სადავო ხშირად აღარაფერი რჩება. მოქალაქეებში არსებობს განცდა, რომ ეს ჩანაწერი ადვოკატს არ უნდა მისცენ, ნებაყოფლობით ამის მოპოვება იშვიათია. ასევე არის შემთხვევები, როცა პოლიციელი შემთხვევის ადგილზე მიდის და ვიდეო-სათვალთვალო კამერების მფლობელებს ჩანაწერს აშლევინებს.“

ადვოკატი მერი ცინარიძე: „თუკი აქვს ბრალდების მხარეს მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა, იმავეს უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს დაცვის მხარეს? შეგნებულად ეს საჯაროდ დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერის ამოღება მიაკუთვნეს კანონმდებლობით ფარულ საგამოძიებიო მოქმედებას, რომლის წარმოების უფლება პროკურატურას აქვს. ფარული საიდანაა, როცა აშკარად, პირდაპირ აფიქსირებს ესა თუ ის ობიექტის კამერა პროცესს და იქვეა მითითებული – „ვიდეოკონტროლი“.

ადვოკატი რამინ პაპიძე: „ამას მოსამართლეებს ვერ დავაბრალებთ. ფაქტია, რომ კანონმდებლობის მიხედვით ისინი ვერ მოგვანიჭებენ ვიდეოჩანაწერის კომპიუტერული სისტემიდან ამოღების უფლებას. სასამართლო პირდაპირ გვითითებდა, რომ თუკი მფლობელი ნებაყოფლობით გადმოგვცემდა ინფორმაციას, გვქონდა მისი მტკიცებულებად გამოყენების საშუალება, მაგრამ 99 % შემთხვევაში კერძო მესაკუთრეები უარს გვეუბნებიან. კანონს მიზანმიმართულად არ ცვლის პარლამენტი იმიტომ, რომ დაცვის მხარე უნდათ ხელ-ფეხშეკრული დარჩეს.“

ყოფილი ადვოკატი და ახლა უკვე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სასამართლოებს უნდა დაედგინათ სწორი პრაქტიკა: „მხოლოდ პროკურორია უფლებამოსილი კომპიუტერული მონაცემის გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ეს წინა ხელისუფლების დროს გაიწერა ასე… როგორც ვიცი, ამაზე საკონსტიტუციოშიც არის სარჩელი შეტანილი და საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. საჭიროა მხარეებს თანაბრად ჰქონდეთ შესაძლებლობა მოიპოვონ მტკიცებულებები. ამიტომ სხვა პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით სასამართლოებს უნდა დაედგინათ სწორი პრაქტიკა. რადგან არსებობს პრობლემა, რასაც დაცვის მხარე აყენებს, საჭიროა, ამ საკითხზე მუშაობა და მე მზად ვარ ვიმუშაო კომიტეტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.“

ეკა ბესელიამ ეს განმარტება წერილობით მოგვაწოდა. სხვა კითხვებზე, რაც ამ კომენტარიდან გამომდინარე გაგვიჩნდა, მას აღარ უპასუხია.

სასამართლო პრაქტიკაზე იურიდიული ფირმების ასოციაციამ წელს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საერთო სასამართლოები ამ საკითხზე ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგალითად, თუკი გორის სასამართლო დაცვის მხარეს ვიდეოჩანაწერის მოპოვებაზე უარს ეუბნება, იმავე უფლებაზე განჩინების გამოცემა არ უჭირს თელავის სასამართლოს. კვლევაში ასევე მოყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაც, სადაც 2014 წელს დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მიაწოდეს ადვოკატს. 2015 წელს ანალოგიურ მოთხოვნაზე იგივე სასამართლომ დაცვის მხარეს უარი უთხრა, ჩანაწერის მოპოვება მხოლოდ პროკურატურის საქმეაო.

სათვალთვალო კამერები

სათვალთვალო კამერები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: