განათლება,მთავარი,სიახლეები

წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

04.04.2023 • 5048
წალენჯიხაში პირველკლასელებს უფასოდ კვებავენ – როგორ მოახერხა ეს მერიამ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, რომელმაც პირველკლასელებისთვის უფასო კვების პროგრამა დანერგა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პროგრამა საპილოტეა, ორი თვეა, რაც დაინერგა და დადებითი გამოხმაურება აქვს.

პროგრამის მიხედვით, მოსწავლის ბარათზე ყოველდღიურად ირიცხება 4 ლარი, რომელიც ბავშვს  სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლია გამოიყენოს. წალენჯიხაში ამ დროისთვის უფასო კვების პროგრამაში 300 ბავშვია ჩართული.

„გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა გარკვეული კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები გვქონდა სკოლებში უფასო კვების დანერგვისთვის.

აღმოვაჩინეთ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 35 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლას აქვს ბუფეტი, დანარჩენს – არა.

ამიტომ სხვა გზით წავედით, გავაკეთეთ ბავშვების პირადი ანგარიშები ბანკში და მათ ანგარიშზე ყოველდღე ჩაირიცხება 4 ლარი, კვირაში გამოდის 20 ლარი, თვეში – 80 ლარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი ანგარიში, რომელიც შეუძლიათ მხოლოდ კვებაზე გამოიყენონ, რადგან თამაშებზე და ტოტალიზატორებში კოდით არის დაბლოკილი“, – გვითხრა თამარ ბელქანიამ, წალენჯიხის ვიცე-მერმა.

თამარ ბელქანია, წალენჯიხის ვიცე-მერი

მისი თქმით, მშობელს ასევე შეუძლია ბავშვის ანგარიშიდან გამოიტანოს ეს 20 ლარი და თავად გაუმზადოს საკვები ბავშვს სკოლაში წასაღებად, ეს თანხა გადაანაწილოს 5 სასწავლო დღეზე სურვილისამებრ ან ბავშვს შეუძლია თავად გამოიყენოს ეს თანხა, თუ სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო.

„საკრებულოში წარვადგინეთ პროექტი და დაგვიმტკიცეს. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ უკვე მეორე თვეა სატესტო რეჟიმში ყველა სკოლის 300 პირველკლასელი ჩართულია უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში.

რატომ მხოლოდ პირველკლასელებიო მკითხეთ და რადგან ისინი საბავშვო ბაღიდან გამომდინარე მიჩვეულნი არიან მოწესრიგებულ, ასაკობრივ კალორაჟზე გათვლილ კვებას, გადავწყვიტეთ, რომ ეს წყვეტა არ ჰქონოდათ.

ეს შეუწყობს ხელს სოციალურ თანასწორობას, სწავლის ხარისხსაც, რადგან მშიერი არ იქნება ბავშვი გაკვეთილზე.

არის შემთხვევები, როცა მშობელს ლარიც კი არ შეუძლია გაატანოს ბავშვს სკოლაში, ამიტომ ეს საკმაოდ კარგი მხარდაჭერაა ამ ეტაპზე მშობლისა და ამ ბავშვებისთვის.

ჩვენ მშობელს ვენდობით, რომ ამ 20 ლარს ის გამოიყენებს იმისთვის, რომ ყველი, პური და წყალი მაინც გაატანოს ბავშვს სკოლაში. დანარჩენი უკვე მშობელზეა დამოკიდებული, რას როგორ იზამს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

როგორც წალენჯიხის ვიცე-მერი ამბობს, 4 ლარი საშუალო არითმეტიკულია იმ თანხის, რაც საბავშვო ბაღში იხარჯება ერთი ბავშვის კვებისთვის.

„ბაღში ჩვენ დავამატეთ ორაგული და ეს თანხა 5-6 ლარამდე ავიყვანეთ. სკოლისთვის ავიღეთ საშუალო არითმეტიკული.

გავითვალისწინეთ, რომ ჩვენთან ბავშვები დადიან აფხაზეთიდან, ფახულანში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოდის „მარშრუტკა“ ყოველ დილით. 11 ბავშვი მოჰყავს და იქიდან ნაწილდებიან ზოგი – სკოლაში, ზოგი – ბაღში.

იქ, სადაც არც მიგრაციაა ძალიან მაღალი, სადაც დასაქმების პრობლემაა, დამერწმუნეთ, დღეში 4 ლარი ბავშვზე საგრძნობი ეკონომიკური მხარდაჭერაა ოჯახისთვის.

თქვენ უნდა ნახოთ, როგორი მიტოვებულია რეგიონების სკოლები, მათი ინფრასტრუქტურა, მათი კვების ბლოკი პრაქტიკულად გაპარტახებულია.

ამიტომ, ეს პროგრამა საპილოტეა და რასაც ვხედავთ, ამართლებს. ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია დანერგილი, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო“, – ამბობს თამარ ბელქანია.

მისი თქმით, პროგრამას მშობლების დადებითი გამოხმაურება აქვს.

„პერიოდულად მივდივარ სკოლებში, ვათვალიერებ, ვეკითხები ხალხს და მათთვის სასიხარულო ამბავია, რომ მათ შვილებს გამოკვების საშუალება აქვთ სკოლაში.

ჩვენი გაანგარიშებით, განათლების სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ დანერგოს უფასო კვების პროგრამა ყველა სკოლაში, ბიუჯეტის მხოლოდ 0.66 პროცენტი იქნება საჭირო“, – ამბობს ის.

საქართველოს განათლების სამინისტრო სამი წელია, რაც სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე საუბრობს. გასულ წელს ითქვა, რომ სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად მუშაობდა სხვა ქვეყნების გამოცდილების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე სამინისტროს არც ერთი მოდელი არ წარმოუდგენია სკოლებში უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით.

განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მშიერი ბავშვი ვერ სწავლობს ხარისხიანად და არის გაკვეთილზე გულის წასვლის შემთხვევებიც.

თამარ ბელქანიას თქმით, გარდა უფასო კვების პროგრამისა, წალენჯიხაში ასეთივე წარმატებული პროექტი იქნება „იუვენტუსის“ ახალგაზრდული აკადემიის გახსნაც, რაც სპორტული მოედნების გარდა, სამედიცინო პუნქტის დაარსებასაც ითვალისწინებს.

„იუვენტუსის ამბავი, რა თქმა უნდა, პრეცედენტულია, რადგან მთელ რეგიონში (სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ) ჯუნიორთა პირველი რეგიონული აკადემია იქნება.

ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და მივაღწიეთ ამ სკოლის გახსნას.

„იუვენტუსის“ ჯუნიორთა აკადემია მსოფლიოს 90 ქვეყანაშია და 91-ე იქნება წალენჯიხა.

ბაზაში იქნება სასწავლო ცენტრი, 40-კაციანი სასტუმრო, სარელაქსაციო ცენტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ ვითარდებიან ჩვენი შვილები, სქოლიოზი ხომ არ არის, ბრტყელტერფიანობა ხომ არ ვითარდება, მხედველობას შეამოწმებენ და ჩათვალეთ, რომ ეს არის უნივერსალური პროექტი“, – ამბობს თამარ ბელქანია.

მისი თქმით, მაისის ბოლოს „იუვენტუსის“ მთელი შემადგენლობა დაესწრება რეგიონული აკადემიის გახსნას.

„პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარია, რომელიც მთლიანად მამუკა ხაზარაძემ დააფინანსა. ბავშვები ივარჯიშებენ უფასოდ და ყველა შეკრებაზე შეძლებენ წასვლას, რომელიც ამ 90 ქვეყანაში გაიმართება.

ეს არა მხოლოდ ბავშვების მიგრაციას შეაჩერებს, ჯანმრთელ თაობას აღზრდის და მშობლებს მისცემს რწმენას, რომ სახელმწიფო მათ შვილებზე ზრუნავს“, – ამბობს თამარ ბელქანია.

_____________

ფოტო: pixels

გადაბეჭდვის წესი


ასევე: