მთავარი,სიახლეები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

16.03.2023 • 9684
მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – რას ამბობენ გეოლოგები

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები თოვლის დნობისა და წვიმიანი ამინდის პარალელურად გააქტიურდა.

აჭარაში მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე „ბათუმელები“ მამუკა ფუტკარაძეს ესაუბრა, აჭარის გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, გეოლოგთა ჯგუფთან ერთად, ხულოში, შუახევსა და ქედაში მეწყრულ ზონებს სწავლობდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა.

მამუკა ფუტკარაძის თქმით, ნალექმა იმდენად შეუწყო ხელი მეწყრული პროცესების გააქტიურებას, რომ მაღალმთიან აჭარაში ახლა მეწყრის არამხოლოდ მიძინებულ, არამედ ახალ კერებსაც ვხვდებით.

მისი თქმით, გეოლოგთა ჯგუფმა ამ დროისთვის მოინახულა ყველა კრიტიკული ადგილი მუნიციპალიტეტებში და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებსაც ამ კვირის ბოლოს გაუგზავნიან მუნიციპალიტეტებს, შესაბამისი რეკომენდაციებით.

„ხულოში, სოფელ ძმაგულაში, ბოძაურსა და რიყეთში იყო დიდი მეწყრები. ასევე, დეკანაშვილებსა და ოქრუაშვილებშიც იყო [მეწყრული პროცესები], მაგრამ ისეთი კატასტროფული სიტუაცია არ არის. ჩვეულებრივად, აჭარის მაღალმთიანეთის გეომორფოლოგიური პირობებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესებია.

რაც შეეხება შუახევს, ახლა ვართ ფურტიოში, ავდივართ ბარათაულში, ბუთურაულში. ვიყავით ჯაბნიძეებში, სადაც გზაზე იყო მეწყერი. ასევ ვიყავით ჭვანაში, ხაბელაშვილებში. მოვინახულებთ ტუნაშვილებსაც.

ყველაზე უფრო მოწყვლადი წელს მეწყრული პროცესების მხრივ, ქედის მუნიციპალიტეტია. სოფელ კოკოტაურში სახლი წაიღო მეწყერმა და დაახლოებით 6 ოჯახია მეწყერსაშიშ ზონაში.

დიდი მეწყერი გვაქვს ახოშიც, სადაც დაახლოებით 7 ოჯახია ყველაზე მაღალი რისკის ზონაში. შემდეგაა გეგელიძეები, სადაც 3 ოჯახს ემუქრება საფრთხე.

სოფელ გულებში მთელი სოფელია დანაპრალებული. აქ უკვე სხვა რეკომენდაციები იქნება გაცემული. ასევე, დიდი მეწყერი იყო და ისევ გააქტიურდა სოფელ ოქტომბერში“, – გვითხრა მამუკა ფუტკარაძემ.

მისი თქმით, დანარჩენი გეგმური შემოწმებები მაღალმთიან აჭარაში მაშინ განხორციელდება, როდესაც სრულად გადნება თოვლი.

მამუკა ფუტკარაძე გვეუბნება, რომ წინასწარ რთულია განსაზღვრა, სად რა მოხდება: „აი, ხულოში კრიტიკული უბნები ვნახეთ, მაგრამ შეიძლება თოვლის დნობის პროცესმა ისევ გააქტიუროს რაღაც ადგილები. ძალიან რთულია პროგნოზირება.

თოვლის დნობის პროცესზე ინტენსიურმა ნალექმა წვიმის სახით აჭარის მთიანეთისთვის ძალიან რთული და დამანგრეველი ეფექტი მოიტანა“.

როგორც მამუკა ფუტკარაძე ამბობს, იქ, სადაც რაიმე სახის მეწყრული პროცესი დაწყებულია, მუნიციპალიტეტები უსაფრთხოების მიზნით უზრუნველყოფენ ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებში გადაყვანას – „სანამ პროცესს შევისწავლით და ჩვენი დასკვნა იქნება, რადგან უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რისკის გაწევას თავის დაზღვევა აჯობებს“ – გვითხრა მან.

მისი თქმით, ბევრი რამ უწყობს ხელს მეწყრული პროცესების გააქტიურებას, განსაკუთრებით კი სოფლებში მასობრივად მოშლილი სანიაღვრე არხები, რის გამოც დამდნარი თოვლი და წვიმის წყალი ფერდობებზე უსისტემოდ მოედინება.

„ადრე ყურადღებას აქცევდა ხალხი, რომ მათ საცხოვრებელ გარემოში სანიაღვრე არხები გამართული ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას უკვე ყურადღება აღარ ექცევა.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას თუ გზის გაყვანის დროს ჩამოჭრილი ფერდობები გამაგრებული არ არის და მათი ჩამოშლა ხდება“.

საუბრის ბოლოს, მამუკა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ იქ, სადაც დაწყებულია მეწყრული პროცესები, უსაფრთხოების მიზნით, აჯობებს ოჯახი გაერიდოს ადგილს, დროებით მაინც, სანამ რეკომენდაცია მომზადდება.

„თუ მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიება არის შესაძლებელი დაიგეგმოს და განხორციელდეს, ეს კარგია და შესაძლოა ამის განხორციელებამდე იყოს ოჯახი ქირით გაყვანილი, ან თოვლის დნობის პროცესის დამთავრებამდე და ა.შ.

მრავალი ასპექტია ამის განსასაზღვრად, სტანდარტულად ვერ მიუდგები“, – გვითხრა მამუკა ფუტკარაძემ.

„ბათუმელები“ ესაუბრა გეოლოგ ტარიელ ტუსკიასაც, რომელიც წლებია აჭარაში მეწყრულ პროცესებს აკვირდება. მისი თქმით, ჩვენს რეგიონში გეოლოგიურად მუდმივად რთული სიტუაციაა.

„ყველაზე მეტად მეწყრულ პროცესებს ადგილობრივი მოსახლეობა აქცევს ყურადღებას, მის ყველა გააქტიურებას, გაჩენილ ახალ ნაპრალებს ისინი აფიქსირებენ და შეძლებისდაგვარად აკეთებენ იმ ღონისძიებებს, რამაც შეიძლება შეაჩეროს მეწყერი, თუმცა გამორიცხვა შეუძლებელია.

ყველა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ძალიან ძვირადღირებულია და საბოლოოდ, მაინც არ გამორიცხავს მეწყერს, შესაძლოა 10-15 წლის შემდეგ გააქტიურდეს ისევ“, – გვითხრა ტარიელ ტუსკიამ.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: