მთავარი,სიახლეები

რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“

10.05.2023 • 2519
რა ღირს მიწის დამუშავება – „ხარჯი და შემოსავალი რომ შევაჯამო, გული გამისკდება ალბათ“

თუ მაღალმთიან აჭარაში მოხვდებით, ცენტრალური გზიდანაც მარტივად შენიშნავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლებ მიწას ამუშავებს ახლა, ვიდრე გასულ წლებში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა არის ამის მიზეზი, რა ღირს მიწის დამუშავება, სხვადასხვა კულტურის შეწამვლა, მოვლა და რამდენად შეესაბამება ეს ხარჯი მიღებულ შემოსავალს სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში, სოფელ კორტოხში მცხოვრებ დათო პაქსაძეს ესაუბრა.

  • ბატონო დათო, რამდენი წელია, რაც მიწას ამუშავებთ და ძირითადად რომელი კულტურები მოგყავთ?

46 წლის ვარ და ბავშვობიდან მიწას ვამუშავებ. ადრე ძირითადად კარტოფილი, სიმინდი მოგვყავდა. ახლა კენკროვანი კულტურებიც შემოვიდა. დიდი რაოდენობით, დაახლოებით 3-4 ტონამდე სალათის ფურცელს ვაწარმოებთ. მყავს ფუტკარი. მაქვს ჟოლო, შემოვიტანე მარწყვის ახალი ჯიშის 500-მდე ძირი. ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი კულტურები მქონდეს, რადგან ერთფეროვანი არ ამართლებს.

  • ამ დროის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვნად თუ შეიცვალა მიწის დამუშავების მეთოდები?

რაც წინ წავედით, ევროკავშირის დაფინანსებით შემოვიდა ტექნიკა, სახნავი ტრაქტორები, მოსაცელი. აღარ ვართ ხარზე და სხვა რამეზე დამოკიდებული, განვითარდა, წინ წავედით.

  • წელს რა ფართობის მიწაც დაამუშავეთ, ამდენივეს ამუშავებდით წინა წლებშიც?

წინა წლებში დაახლოებით 8 000 მეტრ მიწას ვამუშავებდი, მაგრამ როდესაც შედეგი არ იყო, მიწის დამუშავებაც შევამცირეთ. ახალგაზრდები სოფლიდან წავიდნენ, იმიტომ, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს მიწაზე მუშაობას.

ჩვენთან სახნავი მიწების 80% ჭალებად იქცა. ხომ გეუბნებით, ადრე 8 000 მეტრზე მხოლოდ კარტოფილს ვთესავდი. ახლა მხოლოდ 4 000 მეტრამდე მიწას ვამუშავებ და მხოლოდ კარტოფილს კი არ ვთესავ აქ – კარტოფილს, დაახლოებით, 500 მეტრში. ვთესავ სალათის ფოთოლს, გარდა ამისა, მოგვყავს ხახვი, კომბოსტო. ვცდილობთ, ბაზარზე არ ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენი საარსებო გვქონდეს.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ ყველა იმ ხარჯის შესახებ, რაც მიწის დამუშავებისთვის გჭირდებათ? აი, მაგალითად, ჯამში რამდენი ლიტრი საწვავი გჭირდებათ, სასუქი და ა.შ.

ამ ყველაფერს იმდენი გასავალი აქვს, რომ შესაბამისი შემოსავალი არ გვაქვს. აზოტს შევიძენთ, საწვავს, ამ ყველაფრის ტრანსპორტირება, შემდეგ მოსავლის ბაზარში გადატანა და ამიტომაც შეამცირა ხალხმა დამუშავებული მიწის ფართობები. არ უღირთ სოფლად მუშაობა და წავიდნენ ქალაქში. აი, ასეა.

მე ჩემი ფულით შევიძინე მარწყვისა და მაყვლის ახალი კულტურები. პირადად არასდროს მიმიღია რაიმე სახის დაფინანსება. მიწას უკვე უფრო მეტი გასავალი აქვს, ვიდრე შემოსავალი.

  • აქამდე ყველა ის ხარჯი, რასაც მოსავლის აღებამდე და შემდეგ უკვე მისი რეალიზებისთვის სწევთ, ხომ არ შეგიჯამებიათ?

შეჯამებით ნამდვილად არ შემიჯამებია. ეს რომ შემეჯამებინა, გული გამისკდებოდა ალბათ, რადგან ისედაც ზუსტად ვიცი, რომ შემოსავალზე მეტი გასავალია.

როდესაც დათესვა, სასუქი, შეწამვლა და ეს ყველაფერი დასრულდება, ამ ყველაფრის ხარჯს რომ ერთად მოუყარო თავი, ნებისმიერ ოჯახს 5 000 ლარი ეხარჯება და ამასობაში შემოსავალი 1500-დან 2000-მდე ლარია.

  • მაინც რაში გეხარჯებათ ყველაზე მეტი თანხა?

საწვავსა და სასუქში, რისი ფასებიც გაიზარდა. სასუქს ვყიდულობდით 30-35 ლარად. ჯერ ერთი, აზოტის შემცველობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. 33 პროცენტი აწერია და ამ დროს შეიცავს 18 პროცენტს. 1 ტომარა აზოტი 75-80 ლარი ღირს. ემატება ტრანსპორტირების 5 ლარი და ჯამში ერთი ტომარა აზოტის შეძენა 85 ლარი ჯდება.

ჩემი ტრაქტორით 4 000 მეტრი რომ დავხნა, დაახლოებით 30 ლიტრი საწვავი მჭირდება. ჩემი ტრაქტორი რახან მაქვს, არ ვჩქარობ და ესეც ამიტომ. 4 000 მეტრ მიწაში 10 ტომარა აზოტი ყველა ვარიანტში გჭირდება, აზოტის გარდა ფოსფორს ვიყენებთ, იმიტომ, რომ მიწები უკვე გამოიფიტა და თუ არ მიეცი ფოსფორი, არაფერი გამოვა. 1 ტომარა ფოსფორი 150 ლარი ღირს, ამავე ფართობზე 3-4 ტომარას მაინც ვიყენებთ.

ძირითადი ხარჯი ამით არ მთავრდება, შემდეგ შეწამვლა უნდა კარტოფილია თუ სხვა კულტურა, რაც დაახლოებით 400-500 ლარი ჯდება.

მაგალითად, კარტოფილის მოსავლის აღება ისევ საწვავს უკავშირდება და სულ ცოტა 20 ლიტრს მაინც გახარჯავ. 1 ტომარა ანუ 50 კილოგრამი კარტოფილის ბათუმში ჩატანა სულ ცოტა 4 ლარი ღირს, ანუ 500 ლარი კარტოფილის გადატანაში გჭირდება.

მოსავალმა ზოგადად იკლო. ადრე 17-18 ტონა კარტოფილს ვიღებდი, ახლა საჭმელად აღარ გვყოფნის, უხარისხოა.

  • თქვენი დაკვირვებით, თქვენს თანასოფლელებსაც იგივე მდგომარეობა აქვთ? ხარჯისა და შემოსავლების შედარებაზე თუ საუბრობთ ხოლმე და რაზე ჯერდებით?

გასავალი რომ მეტია, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ამიტომაც ვუფრთხით ბევრი მიწის დამუშავებას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ახალგაზრდობა სულ გაიკრიფა, იმის გამო, რომ შემოსავლების პერსპექტივა აქ არ არის, არ უღირთ არც კარტოფილის და არც სხვა კულტურების მოყვანა.

გასულ წელს 1 კილოგრამი სალათის ფურცლის ფასი 2 ლარი იყო. ამ ფასად რა უნდა გააკეთო? მითუმეტეს, რომ ბაზარს გადამყიდველები არიან დაუფლებულები და თუ თვითონ არ მოიგეს, შენ რას მოგცემენ?! ძალიან იკლო სალათის ფურცლისგან მიღებულმა შემოსავალმაც. ადრე კილოგრამი 6-7 ლარი ღირდა, ახლა ყველაზე მაღალი ფასი 2.50 ლარია. ამასთან, ერთ ტომარაში დაახლოებით 25 კილოგრამამდე სალათის ფურცელი ეტევა და მისი ბათუმში ჩატანა 4 ლარი გვიჯდება.

  • როგორც დასაწყისში ახსენეთ, მაქსიმალურად ცდილობთ სხვადასხვა კულტურა აწარმოოთ. თუ გაიზარდა ამ გზით თქვენი შემოსავლები?

ერთი როცა არ ამართლებს, სხვა უნდა სცადო. ცოტ-ცოტა კი გაიზარდა ჩემი შემოსავლები, მაგრამ ჯერ იმ ხარჯსაც არ ამოვსულვარ, რაც ამ ახალი კულტურების მოტანაში გადავიხადე. ახლა დავიწყე ახალი კულტურების გაშენება.

დათო პაქსაძე მარწყვის ახალ ჯიშებთან

მასწავლებელი ვარ და ალბათ, მასწავლებლის ხელფასი რომ არ მქონდეს, აქ არ გავჩერდებოდი. დაახლოებით 100-კომლიანია ჩემი სოფელი, მაგრამ დღეს 25-30 კომლი ვცხოვრობთ, დაიცალა, ყველა წავიდა, მეტწილად – ამ ხარჯების გამო.

  • ვინ შემორჩით სოფელს? ვისაც გარდა სოფლის მეურნეობისა სამსახურიც აქვს, თუ არამხოლოდ?

სოფელს შემორჩა ის, ვინც დასაქმებულია, დავუშვათ, სკოლაში და/ან ბაგა-ბაღში. დანარჩენი – ძალიან ნაკლებად. ან ის ოჯახები, რომლებსაც ბათუმში საცხოვრებელი არ აქვთ და ვერც ქირას ვერ გასწვდებიან.

დასალევი და სარწყავი წყალი 25 კილომეტრის დაშორებითაა სოფლისგან. სოფლის მოსახლეობა მივდივართ და ვაკეთებთ. ახლა ხალხის სიმცირის გამო ამის გაკეთებაც გვიჭირს და ალბათ, წყლით როცა აღარ მომარაგდება სოფელი, ყველა წავა აქედან, სრულიად დაიცლება სოფელი.

ვინ ამოვა ბათუმიდან? მოსახლეობის სიმცირის გამო ეს საკითხი ძალიან გართულდა. მე მგონი, მინიმუმ 6-7 კომლი მაინც გამოაკლდება წელსაც სოფელს.

  • კორტოხის მეზობელი სოფლებიც იცლება?

მეზობელი სოფელია ბეღლეთი და გარკვეულწილად იქიდანაც წავიდა ხალხი, მაგრამ სოფელ გელაძეებიდან და პაქსაძეებიდან – მასიურად. მით უმეტეს, რომ წელს დიდი მეწყრული ზონები განვითარდა და რა მიწის ნაკვეთებიც ჰქონდათ, თითქმის აღარ აქვთ, წაიღო მეწყერმა და იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ, თუმცა ისედაც მიდიოდა ხალხი.

შემოსავლების არქონის გამო არის მიგრაცია.

  • მიგაჩნიათ, რომ ბოლო წლებში სოფელში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა? თუ ასეა, რატომ?

გართულდა. პირველ რიგში, შემოსავლების კუთხით, მატერიალური თვალსაზრისით. ვერ დააკმაყოფილა ოჯახის მოთხოვნები შემოსავლებმა და წავიდა ხალხი. ბათუმიდან არ ამოიტანოს კაცმა ფქვილი, გზის ხარჯი არ გადაიხადოს… იქვე, ბათუმში შეჭამს ბარემ. ამ ტრანსპორტირებამ იმდენი წაიღო …

  • რას უკავშირებთ ტრანსპორტირების გაზრდილ დანახარჯებს?

გზის პრობლემები გვაქვს. მეც მძღოლი ვარ, მანქანა მყავს და არ მიღირს ჩემი მანქანით ტრანსპორტირება, იმიტომ, რომ თუ რაღაც 2 თეთრი უნდა გააკეთო, ის შემდეგ მანქანის ხარჯს არ ჰყოფნის.

გადაადგილება გაუსაძლისია. არც შიდა სასოფლო და არც ცენტრალური გზა არ გვივარგა. სოფლის გზა ახლა მოაბეტონეს, მაგრამ არის გარკვეული ადგილები, სადაც საერთოდ არ არის ბეტონი და გადაადგილება ძალიან რთულია. ცენტრალური გზაც ასეა. ცალკე საკითხავია, რა მდგომარეობაშია ხულო-ახალციხის გზა.

ახლა მთა-ბარობა [მემთეურების გადასვლა იალაღებზე] იწყება და როგორ უნდა გადავადგილდეთ? ბარგის ატანა და ა.შ. დაგვჭირდება. გზებზე ძალიან ცუდი ვითარებაა გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით.

  • ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობა, პირუტყვის შენახვა, გარდა თავის რჩენისა, თუ გაძლევთ საშუალებას, რომ ფული სხვა საჭიროებებისთვისაც მოიტოვოთ?

როგორ ფიქრობთ, ასე რომ იყოს, აქედან ხალხი წავა?!

1 პირუტყვის შენახვა [წელიწადში] 700-800 ლარი ჯდება და ამდენი ფული სადაა. პირუტყვს ამდენი არც ერთ შემთხვევაში არ შემოაქვს და თუ გაყიდი, საერთოდ აღარ გეყოლება, ხომ?!

უბრალოდ რა არის იცით, ვცხოვრობთ აქ და მაინც უნდა გყავდეს საქონელი, რომ ვინმე თუ გესტუმრება, ბორანო გაუკეთო. აი, ამიტომ ვინახავთ ჩვენ, თორემ როგორც ასეთი [რძის პროდუქტი] ბაზარზე რომ გავიტანოთ, რა დაგვრჩება? რა ღირს ბალახი? [ერთი შეკვრა] ხმელი ბალახი 10-დან 15 ლარამდე ღირს, 1 ტომარა ქატო – 23 ლარამდე, 3-4 ლარიც ბათუმიდან მისი ამოტანა ჯდება, 27 ლარი და რა მოგება გრჩება? – არაფერი.

  • ბოლო წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ნივთის შეძენა შეძელით?

არა. რომ შემძლებოდა, აქ არ გავჩერდებოდით პირველ რიგში. რასაც ვშოულობთ, აზოტსა და ამისთანა ამბებში ვდებთ.

გეუბნებით, რომ აქ არის თავის გატანაზე. მეტი შემოსავალი არ არის, რომ რაღაც ფული იშოვო და დავუშვათ, რამე შეიძინო. ხალხი მიჯაჭვულია ბანკებზე და ბანკებსაც ისეთი მაღალი პროცენტები აქვთ, ვერ აუდიან და მოსახლეობა გაქცეულია, ან საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული, ან ბათუმში მშენებლობაზე მუშაობს და ასე. მოსახლეობის 80%-ს ვალი აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: