ბათუმის საკრებულოს წევრი „გახარია – საქართველოდან“ ბათუმის სკოლებში კვების დაფინანსებას ითხოვს. ამ საკითხზე აკაკი გვიანიძემ დღეს, 9 მაისს, ბრიფინგი გამართა. მანამდე ის საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.
„კენჭს არ ვუყრით მაგას, კოლეგებო, კენჭი ვუყაროთ დღის წესრიგს“ – განაცხადა 29 აპრილს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას, რამდენიმეწუთიანი სიტყვა-პასუხის შემდეგ. ამას მოჰყვა კენჭისყრა, შესაბამისად საკრებულომ ბათუმის სკოლებში ბავშვთა კვების დაწესებაზე წინასწარ დარეგისტრირებული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა.
საკითხის უგულებელყოფას სხდომაზე ორი ძირითადი ახსნა მოუძებნეს: „განათლების სამინისტროს არ გადავეკვეთოთ“ და „სამართლებრივად გამართული არ არის“.
„საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვებით უზრუნველყოფის“ შესახებ საკითხის დარეგისტრირება საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ 2023 წლის 21 აპრილს მოითხოვა, მან ამის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად აცნობა.
როგორც სხდომაზე თქვეს, საკითხი, რომელიც ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფასო კვების დანერგვისთვის პროცედურის დაწყებას ემსახურებოდა, განიხილეს როგორც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ასევე კომისიების სხდომებზე, თუმცა ის სხდომაზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალში მაინც არ ჩასვეს.
აკაკი გვიანიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოს ყველა წევრს ოფიციალური წერილით აცნობა საკითხის დარეგისტრირების თაობაზე და მათ სამუშაო ვერსიაც გადაუგზავნა.
მისივე თქმით, სამუშაო ვერსიასთან ერთად, თანდართული დოკუმენტების სახით, საკრებულოს წევრებს გადაეგზავნათ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა“ და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი – „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებისა და პერსპექტივების“ შესახებ.
„გითხარით, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ გააკეთა მაგაზე განმარტება-მეთქი – ეს ერთი და მეორე, აჭარაში არის განათლების სამინისტრო.
არ მინდა, რომ ჩვენ რაღაც ისე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ვიღაცას გადავეკვეთოთ, ან ვიღაცას ხელი შევუშალოთ ისეთი პროექტის გაკეთებაში, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს ბავშვებთან მიმართებაში.
ეს საკითხი ვიცი დეტალურად და ბავშვს რა კვება სჭირდება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება სკოლებში ბავშვებთან მიმართებაში ისე, როგორც ბავშვებს სჭირდებათ პირველ რიგში. ეს იცოდე ყოველთვის, რა“ – მიმართა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ აკაკი გვიანიძეს.
„გასაგებია, რომ ვიღაცამ რაღაც განცხადება გააკეთა“ – უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი გვიანიძემ, რომელიც დაჟინებით ითხოვდა საკითხის დღის წესრიგში შეტანას.
საკრებულოს წევრებს მინისტრის „ვიღაცად“ მოხსენიება არ მოეწონათ – „შენი საუბარი დემაგოგიურია.“
„მე თანამდებობის პირებზე ასე მოწიწებით ვერ ვსაუბრობ და ბოდიში, მაპატიეთ“ – ასე უპასუხა შენიშვნას აკაკი გვიანიძემ.
საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხზე 20 წუთზე მეტ ხანს იკამათეს.
„ფორმულირება გამიკეთე, როგორ შევიტანოთ ეს დღის წესრიგში. თქვენ იცით, რომ ბავშვზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და მაგის სწავლება არ გვჭირდება და მეორე – მინდა გითხრათ, რომ საქართველოს განათლების მინისტრმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განმარტება. თქვენ იცით, რომ საქართველოში მთლიანად 400-მდე სკოლას უკეთდება რეაბილიტაცია და ნაწილი შენდება. ყველა სასადილო, სადაც ბავშვები უნდა იკვებებოდნენ… იქნება ღირსეული კვება“ – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გვიანიძეს.
საკრებულოს წევრს არ უკითხავს, რა შუაშია რეაბილიტირებული სკოლა და სასადილო უფასო კვებასთან. მან კიდევ ერთხელ სცადა აეხსნა, რატომ უნდა შეეტანათ საკითხი დღის წესრიგში.
საკრებულოს თავმჯდომარემ დააზუსტა, განმარტებებს საზოგადოებისთვის ვაკეთებ – „ქალაქი გვისმენს“, თორემ ჩვენ დეტალურად გვაქვს ეს საკითხი გავლილიო და იმის დასადასტურებლად, რომ საკითხი სხდომაზე დასამტკიცებლად მზად არ იყო, განმარტება საკრებულოს იურისტს სთხოვეს.
საკრებულოს იურისტმა პაატა შარაძემ განმარტა: „განცხადება, რაც დეპუტატებმა მიიღეს პირად ფოსტაზე, არ წარმოადგენს საფუძველს, რომ ის დღის წესრიგში შევიდეს. სამართლებრივი ფორმით სჭირდება მას უფრო სხვა ტიპის დოკუმენტის მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ აკაკის აქვს ინიციატივა და მას აქვს 45- ე მუხლის შესაბამისად ინიციატივის დაყენების უფლება, თუმცა ეს არის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ ეს დღის წესრიგში უნდა შევიდეს. ეს არის „ვ“ ქვეპუნქტი, სადაც წერია, რომ განკარგულების ან დადგენილების პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი“ [სტილი დაცულია].
საბოლოოდ პაატა შარაძემ თქვა, რომ არსებული ფორმით საკითხი დღის წესრიგში ვერ შევიდოდა.
რას ამბობს მუხლი, რომელიც აკაკი გვიანიძემ საკითხის დასარეგისტრირებლად გამოიყენა?
თვითმმართველობის კოდექსის 45-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წარადგინოს წინადადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
„ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, რაზეც საკრებულოს იურისტი მიანიშნებდა, საკრებულოს წევრს უფლება აქვს, წარადგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
როგორც სხდომაზე მოვისმინეთ, აკაკი გვიანიძის ინიციატივის შესახებ უმსჯელიათ კომისიებისა და ბიუროს სხდომაზეც და საინტერესოა, რატომ არ იმუშავა აპარატმა საკრებულოს ინიციატივის ავტორთან ერთად მის მომზადებასა და სამართლებრივად გამართვაზე.
თვითმმართველობის კოდექსის 31- ე მუხლის მიხედვით საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აპარატი.
რას აკეთებდა აპარატი, რომელშიც შედის იურიდიული სამსახური, 21 აპრილიდან, როცა საკრებულოს წევრმა ოფიციალურად მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, 29 აპრილამდე, საკრებულოს სხდომის გამართვამდე? რატომ ვერ უზრუნველყო აპარატმა საკრებულოს წევრისთვის შესაბამისი განმარტებების მიცემა ან საკითხის სხდომისთვის მომზადება? – ამასთან დაკავშირებით სხდომაზე არაფერი მოგვისმენია.
კიდევ ერთი მნიშვნელობანი დეტალი.
მსგავსი საკითხის დამტკიცება ავტომატურად მოითხოვს ბიუჯეტში ცვლილებას. შესაბამისად საკრებულოს მერიის თანხმობაც სჭირდება, თუმცა იმ ფონზე, როცა „ოცნება“ ბიუჯეტის გაზრდითა და გადასახადების ნაწილში გეგმების გადაჭარბებაზე აპელირებს, ხოლო ბიუჯეტში წლიდან წლამდე მილიონობით ნაშთი რჩება, სკოლებში კვების დაფინანსების საკითხის უფრო სერიოზულად განხილვა პრობლემა არ უნდა იყოს.
მაგრამ ამ ამბავს კიდევ ორი მხარე აქვს. ერთი ის არის, რომ რეგიონში ცენტრთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ: „არავის გადავეკვეთოთ“ და კიდევ ის, რომ ამ და წინა მოწვევის საკრებულოშიც, ყოველთვის პრობლემა იყო საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის საკითხის დღის წესრიგში ჩასმა, საკითხის დამტკიცება ხომ, საერთოდ, წარმოუდგენელია. საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ საკითხს მხარს არ დაუჭერს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, როცა ეს საკითხი ოპოზიციონერის წარდგენილია – ამ დრომდე ასეთია პრაქტიკა.
ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც.
____________
ფოტოზე: აკაკი გვიანიძე საკრებულოს სხდომაზე [მარცნიდან მეორე].