14 ადამიანი დაიღუპა კიევში, დნეპრსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოთხშაბათს, დილის 7 საათიდან ხუთშაბათის დილის 7 საათამდე, რუსეთმა კომბინირებული თავდასხმების ორი ტალღა წამოიწყო, 44 რაკეტისა და 659 დრონის გამოყენებით და დარტყმები 24-ზე მეტი საათი გრძელდება.

16 აპრილის დილის ცნობებით, ამ დროისთვის რუსეთის თავდასხმას 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო 48 დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ნამსხვრევები 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულს მოხვდა, ხოლო კიდევ ერთი დრონი 18-სართულიან შენობას შეეჯახა.

კიევში, პოდილსკის რაიონში კიდევ ერთმა რაკეტამ საცხოვრებელი შენობების ფასადები ჩამოანგრია. მაშველების ცნობით, ერთ-ერთი შენობის ნანგრევების ქვეშ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 12 წლის ბავშვის.

რუსეთის შეტევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა ოდესაში. ქალაქში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

მასშტაბური შეტევა იყო ქალაქ დნეპრზეც, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

დრონებით შეუტიეს  ხარკოვსაც.

________________

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური

 

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა.

„ბაზისბანკი, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა,“ – ნათქვამია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი ავრცელებს ოფიციალურ რელიზს და ორივე ბანკის დირექტორის კომენტარს და იქვე განმარტავს, რომ ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.

„აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.  ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ – ამბობს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,“ – თქვა ორი ბანკის გაერთიანების შესახებ ბექა გოგიჩაიშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.

მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

  • ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.

2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს.  მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.

  • ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი.  ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, ჯერჯერობით უცნობია. ბაზის ბანკის მთავარი მფლობელი ჩინური ჰუალინგ ჯგუფია.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 315 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 866 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 391 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 40 046 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 738 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 347 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 240 598 ერთეული [+1 357]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 537 ერთეული [+20]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 89 761 ერთეული [+208]
  • სპეცტექნიკა – 4 126 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

14 ადამიანი დაიღუპა კიევში, დნეპრსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თურქეთში 14 წლის მოსწავლე სკოლას დაესხა თავს – დაიღუპა 9 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 15 აპრილს, სამხრეთ პროვინცია ქაჰრამანმარაშში მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

დაღუპულთაგან 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია.

თურქული მედიის „ჰურიეთის“ ინფორმაციით, კაჰრამანმარაშის გუბერნატორის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 14 წლის მოსწავლე, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იარაღი თავდამსხმელის მამას, ყოფილ პოლიციელს, ეკუთვნოდა.

14 წლის მოსწავლემ ჯერ სკოლის ეზოში ისროლა, შემდეგ კი – შენობაში.

სროლის შემდეგ მან თავი მოიკლა.

მედიის ცნობით, ადგილზე ჩავიდნენ თურქეთის შს, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები.

ეს არის სკოლაში სროლის მეორე შემთხვევა თურქეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში.

სკოლაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა გუშინ, 14 აპრილს, ქაჰრამანმარაშის პროვინციის მეზობელ რეგიონში,  შანლიურფას პროვინციაში მოხდა, სადაც 19 წლის ბიჭის თავდასხმის შედეგად სკოლაში 16 ადამიანი დაშავდა.

“სი-ენ-ენ თურქის” ინფორმაციით, დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი სკოლის მოსწავლის მშობლები.

ფოტო: „ანადოლუ“

ამავე თემაზე: 

თურქეთში 19 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა – დაშავდა 16 ადამიანი

როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

როგორ აისახა ირანის ომის საქართველოში ტურიზმზე? – ბათუმის სასტუმროებსა თუ ტურისტულ სააგენტოებში ამ შეკითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ყველაფერს საქართველოს აეროპორტების დაფაზე გაუქმებული ფრენების ჩამონათვალი აჩვენებს, მათ შორის, ისრაელიდან, საიდანაც შემოსული ტურისტები სოლიდურ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში.

„ჯავშნები შემცირებულია“, – გვითხრეს, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. ერთ-ერთი ტუროპერატორი, ლაშა ბერეკაშვილი კი გვესაუბრა, ასეთი რთული პერიოდი კორონას პერიოდს მახსენებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასაც, ირანის ომი პირდაპირ და ნეგატიურად აისახა ჩვენს შემოსავლებზეო.

დღეს, 15 აპრილს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა: მილიონამდე გაიზარდა საერთაშორისო ტურისტის ვიზიტების რაოდენობა და „რეკორდული მაჩვენებელი“ დაფიქსირდაო.

„2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით [38 582 ვიზიტით] მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ – ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ამ სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში – ანუ ირან-ისრაელ-აშშ-ს ომის და გაუქმებული ფრენების პარალელურად – ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა.

  • რა გვითხრეს ტურიზმის სექტორში? 

„ქვეყნებიდან, სადაც კონფლიქტია, რა თქმა უნდა, შეიზღუდა შემოსვლა – გაუქმდა ყველა გაყიდული პაკეტი, გაუქმდა სასტუმროს ჯავშნები,“ – გვიყვება ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი. მას ძირითადად უცხოეთში მიჰყავს ტურისტები საქართველოდან, ასევე ჩამოჰყავს უცხოელები. იგი განმარტავს, რომ ფრენების გაუქმება და ომის დაწყება ირანში ყველა სერვისზე აისახა.

„გვქონდა ჯავშნები თბილისში, სხვადასხვა ქალაქში, ორიენტირებული ვიყავით არაბეთის ქვეყნებიდან შემოსვლაზე – ეს ყველაფერი გაუქმდა. კონფლიქტი ჯერ კიდევ წინაა. რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის.

არაბეთის ქვეყნებში საკმაოდ ბევრი ჯგუფი გვყავდა დაორგანიზებული – დაახლოებით 20-25-კაციანი ჯგუფების გამგზავრება საქართველოდან. ბევრი ჯგუფი ჩარჩენილიც კი, გამოვიყვანეთ, საელჩოს დახმარებით დაბრუნდნენ. იორდანიის, კატარის და ემირატების ტურები გაუქმდა. ეს საკმაოდ დიდი ზარალი იყო ჩვენთვის, ანუ უკვე დაჯავშნილი პაკეტების, გაყიდული პაკეტების გაუქმება. საკმაოდ დიდი ზარალია კოვიდის შემდეგ. რუსეთ-უკრაინის ომიც ერთ-ერთი დიდი ზარალი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ გვქონდა ჯავშნები უკრაინიდანაც შემოსვლის მხრივ,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

იმის იმედად, რომ ომი მალე დასრულდება და ზღვის სეზონი ტურისტულად „ჩავარდნილ“ გაზაფხულს დააკომპენსირებს, პირდაპირ ზარალსა და დეტალებზე საუბარი უჭირთ სასტუმროების წარმომადგენლებს, ტუროპერატორებს ბათუმში. ტელეფონით გასაუბრების დროს ისინი ადასტურებენ, რომ ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, ზაფხულის ბედი  გაურკვეველია.

„ჯავშნები შემცირებულია, სხვა დეტალებზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრა, მაგალითად, „ჰილტონის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა.

ტუროპერატორებმა კი, გასაუბრების დროს ებრაელი ტურისტების „მაღალ მხარჯველუნარიანობას“ გაუსვეს ხაზი.

„შესაძლოა, იზრდება რუსი და ყაზახი ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ისრაელიდან შემოსული ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავდნენ. ისინი დადიოდნენ ძირითადად კაზინოებში, ზოგიერთი კაზინო ახლა დახურვის პირასაა, დადიოდნენ ძვირადღირებულ რესტორნებში, ყიდულობდნენ ბინებს და ასე შემდეგ,“ – გვითხრეს ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში.

„უკვე რამდენი დრო გავიდა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია განცხადება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ განცხადებას ჩვენს პარტნიორებთან, ტურისტებთან გამოვიყენებდით კარგ არგუმენტად, რომ საქართველო არის უსაფრთხო. ეს გააკეთეს, მაგალითად, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა…

ჩვენთან ყოველთვის აცდენილი არიან ტურიზმის საჭიროებებს და მოთხოვნებს,“ – ამბობს ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი.

  • რას ამბობს კვლევები ომის გავლენაზე? 

„2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადი შეიძლება შემცირდეს 6-27 %-ით, რასაც თან ახლავს ვიზიტორთა ხარჯების მნიშვნელოვანი კლება,“ – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიერ 2026 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში: „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე“.

ამ კვლევის მიხედვით, თუ ომი 1-2 თვეში დასრულდება, ტურიზმის სექტორის შემოსავლები საქართველოში 220 მლნ აშშ დოლარით შემცირდება, ხანგრძლივი კონფლიქტის შემთხვევაში კი, „არასტაბილურობა გამოიწვევს მოგზაურობისგან თავის არიდებას და ტურისტულ ნაკადებზე ხანგრძლივ ზეწოლას“.

ტურიზმის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მლნ დოლარით შეამცირა Galt & Taggart-მა. საინვესტიციო ბანკი ირანის ომამდე 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა, განახლებული შეფასებით კი, საერთაშორისო მოგზაურებისგან წელს ქვეყანა 4.9 მლრდ დოლარს მიიღებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შარშან საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი – 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, მესამე ადგილზეა ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%.

  • რას აჩვენებს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკა? 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, [38 582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ – აღნიშნულია ტურიზმის სტატისტიკაში.

ტურიზმის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს ირანში მიმდინარე ომსა და გაუქმებულ ფრენებზე. ადმინისტრაციის ცნობით სამი ქვეყნიდან გვაქვს ნეგატიური მაჩვენებელი:

  • ირანი -48.8%
  • ინდოეთი -29.5%
  • ისრაელი -17.5%

თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2026  წლის I კვარტალში, ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა:

  • საუდის არაბეთი +36.3%
  • ბაჰრეინი +20.9%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%
  • ქუვეითი -18.7%
  • კატარი -7.4%
  • ომანი +1.1%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა  შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:

  • ჩინეთი +48.6%
  • ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%
  • კორეის რესპუბლიკა +67.2%
  • შვეიცარია +33.7%

ამ სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში თურქეთიდან დაფიქსირდა – 238 368.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, დაფიქსირებულია ვიზიტორთა ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც:

„ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან:  აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით +30.2%-ით მეტია:

  • გერმანია +37.6%
  • პოლონეთი +34.3%
  • გაერთიანებული სამეფო +45.7%
  • იტალია +70.7%
  • საბერძნეთი +21.7%
  • საფრანგეთი +24.7%
  • სლოვაკეთი +87.6%
  • ლიეტუვა +29.9%
  • ესპანეთი +44.4%
  • ნიდერლანდები +25.8%

„სექტორის წარმომადგენლები აქტიურად წერენ კომენტარებს: ეს ციფრი – 1 მილიონი ვიზიტორი საიდან მოვიდა?“

ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილისთვის არ არის დამაჯერებელი სტატისტიკა, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

„რაღაც ძალიან დიდი აცდენაა სექტორსა და ოფიციალურ წყაროს შორის. საკმაოდ დიდი ნაპრალია. თუ ჩვენ გვინდა ზუსტი მონაცემები მივიღოთ, ტურიზმის დეპარტამენტმა უნდა ამოიღოს სტატისტიკა Booking-იდან, Airbnb-იდან, ასევე ტურების დაჯავშნის სისტემა Tripadvisor-იდან, სადაც კარგად ჩანს, რამდენი ღამე გაათია ტურისტმა ამა თუ იმ ქალაქში, რეგიონში; რამდენი ტურისტი შემოდის და რამდენ თანხას ტოვებს? Tripadvisor-ის სტატისტიკა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, დავითვალოთ, რამდენი ადამიანი ინტერესდება საქართველოში მოგზაურობით, რამდენს ხარჯავენ,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი „ბათუმელებთან“.

ტუროპერატორი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს რეალურად ტურიზმის განვითარება და მართლაც მდგრადი განვითარება სურს, ევროპელების დაინტერესებაზე უნდა იზრუნოს, რასაც ტურიზმის დღევანდელი ადმინისტრაცია არ აკეთებს.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა არის ევროზონა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ტურიზმისთვის.

არასაკმარისად მუშაობს ტურიზმის ადმინისტრაცია: არასწორი მესიჯებია, პიარკამპანიების დაგეგმარების კუთხით პრობლემებია… როდესაც სახელმწიფო საკმაოდ მნიშვნელოვნად აფინანსებს ტურიზმის ცენტრებს, შედეგიც უნდა იყოს საყოველთაო, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.

ზაფხული მოდის და ამის იმედი გვაქვს მხოლოდ, რომ რაღაც აქტივობა იქნება. თუმცა ზამთრის სეზონში კვლავ ველოდებით რთულ მდგომარეობას, იმიტომ რომ როცა მოგზაურობის ინტენსივობა იკლებს, შემოდგომის ბოლოდან ველოდებით ამ პრობლემების გამწვავებას,“ – აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

რატომ განაახლა ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში ნედლი ნავთობის გადაზიდვა

ყაზახეთიდან, თენგიზის საბადოდან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვა განახლდა.

ნედლი ნავთობის თენგიზის საბადოდან გადასაზიდად ყაზახეთი აქამდე ნოვოროსიისკის პორტს იყენებდა, სადაც ნავთობი კასპიის მილსადენის – CPC [Caspian Pipeline Consortium] საშუალებით ხვდებოდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინა არაერთგზის დაესხა თავს დრონებით ნოვოროსიისკის პორტს, ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ძველი, ორჯერ ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო გზა გაიხსენა – საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები განაახლა.

„ყაზახეთის მილსადენის კომპანია „ყაზტრანსოილმა“ განაცხადა, მიმდინარე წლის მარტში თენგიზის ნავთობსაბადოდან 94 000 ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავდა,“ – ნათქვამია როიტერსის მიერ 17 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ყაზტრანსოილი“ ნავთობის სატრანსპორტო ოპერატორია, რომელიც შვილობილი კომპანიის, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით მართავს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს.

„2019 წელს ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის გადაზიდვები საქართველოს რკინიგზით ფაქტობრივად განულდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ  ნავთობი გადაიქაჩებოდა რუსეთის გავლით, კასპიის მილსადენით – CPC. ყაზახური ნედლი ნავთობის დაკარგვა უარყოფითად აისახა, როგორც საქართველოს რკინიგზაზე, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალზე.

რკინიგზამ ვერ შეძლო ნავთობის ნაცვლად მშრალი ტვირთებით დაბალანსება და შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა მისი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყაზახური ნედლი ნავთობის დაბრუნება ნამდვილად სტრატეგიული, აუცილებელი და საჭირო გადაზიდვაა შუა დერეფნისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.

ის ხსნის სქემას, თუ როგორ ხვდებოდა და როგორ მოხვდება ნედლი ნავთობი ყაზახეთის თენგიზის საბადოდან, ბათუმის პორტში.

მარტივად, ყაზახეთიდან, ნავთობის მომპოვებელ თენგიზის საბადოდან, ნედლი ნავთობი ჯერ მილსადენით მიდის პორტში, შემდეგ იტვირთება ტანკერზე, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას და ჩადის ბაქოში. ბაქოში ტანკერიდან გადმოტვირთული ნავთობი იტვირთება ვაგონ-ცისტერნებში და აზერბაიჯანი-საქართველოს რკინიგზის გამოყენებით ხვდება ბათუმის ნავთობტერმინალში.

ეს მარშრუტი გაცოცხლდა მას შემდეგ, რაც კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმით CPC – ნედლი ნავთობის გადაზიდვა შეფერხდა.

„ამ გადაზიდვების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის, რომელსაც, პირველ რიგში, სჭირდება სტაბილური ფინანსური შემოსავალი.

მაგრამ არსებობს კითხვა – რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენად სტაბილური იქნება და რამდენად უსაფრთხო.

მარტის თვეში იყო 94 000 ტონა. ეს გაგრძელდება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და როგორ იწევს ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი, მიუხედავად ასეთი ძვირადღირებული ლოჯისტიკური გადაზიდვისა, ვფიქრობ მაინც გაგრძელდება.

ლოჯისტიკურად დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო ძვირია რკინიგზით გადაზიდვა ბათუმის ნავსადგურამდე, ვიდრე თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის პორტამდე.

ჯერჯერობით ნოვოროსიისკის გზა, სადაც მილსადენით გადაჰქონდათ ნედლი ნავთობი, აღდგენილი არაა. კონკრეტულად, არ არის აღდგენილი სპეციალური ტივტივა ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც უნდა გადაიტვირთოს გემებში.

ამასთან პერიოდულად გრძელდება სხვადასხვა გზით თავდასხმა ნოვოროსიისკის პორტზე და მისი ინფრასტრუქტურის დაზიანება.

ეს ყველაფერი გვაძლევს იმ პროგნოზის საშუალებას, რომ ნედლ ნავთობს, ჯერჯერობით, საქართველოს რკინიგზის გამოყენებით გადაზიდავენ,“ – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, ყაზახეთი კარგა ხანია ფიქრობს, ნედლი ნავთობის გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედებაზე. მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა 2023 წელს თავის საპროგრამო დოკუმენტში ისაუბრა ყაზახური ნავთობის გადაზიდვის გზების დივერსიფიკაციაზე.

შესრულდა თუ არა მარტის თვის გეგმა (94 ათასი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა), როგორც ეს  „ყაზტრანსოილს“ ჰქონდა დაანონსებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის ნავთობტერმინალს.

ასევე დავინტერესდით, როგორია აპრილის თვის გეგმა და რა ოდენობის ნედლი ნავთობის გადაზიდვას გეგმავს კომპანია მიმდინარე წლის აპრილში.

„ბათუმის ნავთობტერმინალიდან“ პასუხის მიღების შემთხვევაში, მას აქვე შემოგთავაზებთ.

ის, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვანია, მიმდინარე წლის 7 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.

„ყაზტრანსოილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: „KazMunayGas“-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბულატ ზაკიროვი; „KazTransOil“-ის აქტივების მმართველი დირექტორი რუსლან იბრაიმოვი და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი ულან ტლეუგალი. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დასაქმებული თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე, აგრეთვე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

„შეხვედრის მთავარი აქცენტი იყო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად და არსებული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის.

კერძოდ, მხარეებმა განიხილეს №9 ნავმისადგომის გაფართოების გამოყენების პრაქტიკული საკითხები, დამატებითი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, ასევე საქართველოს რკინიგზასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გაცვლა.

ამ ინიციატივების განხორციელება მოსალოდნელია, რომ გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს და კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას,“-  ნათქვამია „ყაზტრანსოილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

„საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა.

2026 წლის 6 აპრილს კი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. უწყება საკითხის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ „ამბასადორი“ პროექტის დეტალებს დააზუსტებს.

სკრინინგის პროცედურა საჭიროა იმისთვის, რომ სააგენტომ გადაწყვიტოს – საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარება იმ საქმიანობაზე, რომელიც „ამბასადორს“ უკვე დაწყებული აქვს.

სააგენტოს მიერ „ამბასადორისთვის“ გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკრინინგის განცხადება ეხება ბათუმში სასარგებლო წიაღისეულის [გაბრო-დიორიტი], სასაქონლო ბეტონის და ბლოკის საწარმოების ექსპლუატაციას, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ წარმოადგინა გათვლები იმის შესახებ, თუ რა სიმძლავრის ხმაური იქნება საწარმოების მუშაობისას.

თუმცა, სახელმწიფო უწყება ითხოვს დაზუსტებას, კონკრეტულად დღის რომელ მონაკვეთში იმუშავებენ ქარხნები. კანონით დღისით ხმაურის ერთი ნორმაა დაშვებული, ღამით კი – გაცილებით მკაცრი. ვინაიდან კომპანია ამბობს, რომ „აუცილებელ შემთხვევაში“ შეიძლება ღამითაც იმუშაონ, მისგან ზუსტი სამუშაო განრიგის წარდგენას ითხოვენ.

„სკრინინგის განცხადების თანახმად, ბეტონის საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი წყლების შეკრებისთვის, ტერიტორიაზე მოწყობილია სალექარი, რომელშიც გაწმენდილი წყალი ისევ საწარმოო პროცესებში ბრუნდება.

ვინაიდან ბეტონის წარმოების პროცესში წყლის გამოყენება გათვალისწინებულია კომპონენტის სახით, გაუგებარია რა იგულისხმება „ბეტონის საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილ წყლებში“. ასევე დაზუსტებას საჭიროებს სალექარის ეფექტურობა“, – წერს სააგენტო „ამბასადორს“.

ამასთან, „დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლების პოტენციური დაბინძურების წყაროების არსებობის და ასეთის შემთხვევაში, შემდგომი მართვის შესახებ“.

სკრინინგის განცხადებაში კანონმდებლობის შესაბამისად „არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ [კოდები, დასახელებები, რაოდენობები, შემდგომი მართვის ღონისძიებები].

სააგენტო მიიჩნევს, რომ კომპანიამ გარემოზე ზოგადი ხასიათის ინფორმაცია წარადგინა.

„კერძოდ, დოკუმენტში არ არის მოცემული ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის სახეობრივი შემადგენლობის შესახებ, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული და საერთაშორისო მნიშვნელობის სახეობებზე.

შესაბამისად, სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების მასშტაბის და მნიშვნელობის შეფასების შესაძლებლობას“, – წერს სააგენტო.

„ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში განმარტავს, რომ კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“.

ამ თემაზე

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით.

დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

დღევანდელ პროცესზე პროკურორმა, აკაკი მოქერიამ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან არსებობს „მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“.

„დანაშაული შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ არ უცდია გაქცევა“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, შემდეგ ბრალდებული პოლიციელის ახლობლებით სავსე დარბაზს გამოხედა და დასძინა: „პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელია, შეეძლო მიმალულიყო, მაგრამ მან თანხაც უკან დააბრუნა… სხვათა შორის, ბატონ პროკურორს არ უხსენებია შემამსუბუქებელი გარემოება,“ – თქვა ადვოკატმა.

ადვოკატმა ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლება მოსამართლეს 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე სთხოვა. თუ საჭიროდ ჩათვლით, თანხის ოდენობა შეიძლება გაზარდოთო, მიმართა მოსამართლეს.

„განიცდის… უარყოფითად აისახება მის კარიერაზე, ეს იყო ამოუხსნელი ნაბიჯი, როგორ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ტარიელ რიჟვაძე პატიმრობაში დატოვა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად მიიჩნიეს და სადავოდ – ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებებს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვლევენ და მოსამართლეს თითოეული მოწმის მოსმენა მოუწევს, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. ადვოკატი და პროკურორიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესოს გაფორმება არ განიხილება.

ბრალდებულის დუმილის მიუხედავად, ადვოკატის პროცესზე გაჟღერებული პოზიცია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელი აღიარებს ყაჩაღობის ჩადენას? – ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვიდრე ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ამავდროულად, ადვოკატი გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ პოლიციელი აზარტულ თამაშზე იყო დამოკიდებული.

„საქმეში მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება აღნიშნული, თავს შევიკავებ,“ – თქვა პროკურორიმა აკაკი მოქერიამ პოლიციელის აზარტულ თამაშებით გატაცებაზე.

პროკურორ აკაკი მოქერიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე გავესაუბრეთ.

„2915 ლარი გასტაცა მაღაზიის მენეჯერს, აღნიშნული თანხის დაუფლების შემდეგ მან დატოვა მარკეტის ტერიტორია… მაღაზიის მენეჯერი იყო ადგილზე, რომელსაც ხელში ეჭირა თანხა, მას ნავაჭრი თანხა უნდა გადაერიცხა კომპანიის ანგარიშზე, როდესაც ის დახლთან მივიდა, აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული თანნაქონი საკანცელარიო დანის გამოყენებით ახორციელებს თავდასხმას… დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

საქმეში მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი: თმაში ხელი მოკიდა და ამ გზით წაართვა აღნიშნული თანხა. ამან გამოიწვია ტკივილი, როგორც დაზარალებული განმარტავს…“ – გვითხრა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

პროკურორს ვკითხეთ მითვისებული თანხის დაბრუნებაზეც. პროკურორი განმარტავს, რომ პოლიციელმა შემთხვევის ადგილი დატოვა, მაღაზიიდან 112-ზე დარეკეს და ამის შემდეგ გააჩერეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ტარიელ რიჟვაძე მაღაზიასთან ახლოს.

„თანხის ამოღება საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოხდა,“ – დასძინა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც უკვე ამოღებულია.

გამოძიებას ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა. რა პოზიცია დააფიქსირა ტარიელ რიჟვაძემ ყოფილ კოლეგებთან?

„ვინაიდან იგი იყენებს დუმილის უფლებას, ბრალდებულის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ, საქმის არსებითი განხილვის დროს იგი რა პოზიციას დააფიქსირებს,“ – გვითხრა პროკურორმა.

____

ამ თემაზე:

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა

ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ზეგავლენა „საქაერონავიგაციამ“ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაფასოს.

ეს შეფასება 2026 წლის 31 მაისამდე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა „ოცნების“ მთავრობამ 8 აპრილის დადგენილებით ეს ვადა გადაწია.

ახალი დადგენილებით:

„ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ [„საქაერონავიგაციამ“], ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და რეგულარულობაზე ზეგავლენის შეფასებისა და ბათუმის აეროდრომის დაცვის არის პოტენციური მოდიფიცირების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენა“.

სააერნაოსნო კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს.

მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „საქაერონავიგაციას“ 2026 წლის 27 მარტს მისცა.

„საქაერონავიგაცია“ თანხმობის მიღების ეტაპზე სააგენტოს წერდა, რომ აღნიშნული ტიპის კვლევის განხორციელებისთვის საჭირო იყო 7 თვე და ვადის 31 დეკემბრამდე გადაწევის შუამდგომლობა უკვე დაყენებული იყო მთავრობაში.

ეს „მიზნად ისახავს რეალისტური და შესრულებადი ვადის განსაზღვრას, ისე, რომ არ შეილახოს არც კვლევის ხარისხი და არც ფრენის უსაფრთხოების სტანდარტები“, – წერდა მაშინ „საქაერონავიგაცია“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის „საქაერონავიგაციას“ აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.

გამარტივებული შესყიდვა ტენდერების ჩავარდნის შემდეგ გადაწყდა. „საქაერონავიგაციამ“ კვლევის ჩატარებაზე გასულ წელს ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

სააერნაოსნო კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება.

ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ „ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად ურბანულ განვითარებას / ქალაქის ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

ამავე თემაზე:

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

 

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, თავის დროზე ოპოზიციას აქაც რომ ევლო კარდაკარ, მისულიყვნენ თითოეულ ადამიანამდე, ჩვენც იგივე შედეგი გვექნებოდაო. რა შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს უნგრეთის მაგალითი ქართულ ოპოზიციას და რაში – არა?

მადიარის სტრატეგიას და მის კამპანიას თუ ვნახავთ, ცხადია არის რაღაც ელემენტები, რომლის გამოყენება საქართველოშიც შესაძლებელია. პირველ რიგში ეს ეხება მოქალაქეების მობილიზაციას და პირდაპირ კომუნიკაციას მოქალაქეებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ოპოზიციის ალიანსიც შეთანხმებულია.

როდესაც ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავაანონსეთ, პირველი აქცენტი სწორედ მაგაზე გავაკეთეთ, რომ მეტი პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო მოქალაქეებთან. თუმცა ის, რომ საქართველოშიც ისეთივე სიტუაციაა, რაც უნგრეთში და რომ მადიარმა რაც გააკეთა, საქართველოშიც გაკეთდებოდა და იმსვე შედეგზე გავიდოდა, მე ამის არ მჯერა.

  • რატომ?

საქართველო არ არის უნგრეთი. ბელარუსსა და რუსეთთან შეიძლება გავავლოთ პარალელები, ვიდრე უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. ადამიანი, რომელმაც არჩევნები მოიგო, მათ შორის იყო ევროპარლამენტის წევრი.

ცხადია, რაღაც მსგავსებები შეიძლება დავინახოთ, რადგან ორბანს მორგებული ჰქონდა საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე, მართლმსაჯულების სისტემას აკონტროლებდა სრულად, იქაც იყო მედია სრულად კონტროლის ქვეშ, მაგრამ არის ბევრი განსხვავებაც. ძალადობის ის მასშტაბი, რაც საქართველოშია, იქ არ ყოფილა და ის, რომ უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, ამ ქვეყანას რაღაც კალაპოტში აქცევდა, რომელსაც ორბანიც კი ვერ გასცდა. საბოლოო ჯამში კი, მას მოუწია არჩევნების დათმობა.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მადიარმა გააკეთა, ყველაფერი არარელევანტურია – არა. ბევრი რაღაც შეიძლება რელევანტური იყოს საქართველოში, ოღონდ რაღაც გზები იქნება მოსაფიქრებელი, როგორ შეიძლება გაკეთდეს იგივე და სხვანაირად. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რასაც მადიარი ახერხებდა, საქართველოში უფრო რთულია.

  • იარეთ კარდაკარ, სცადეთ და არ გამოვიდა? 

კარდაკარ სიარულიც მიცდია, რეგიონებში შეხვედრებიც მიცდია არაერთხელ, მაგრამ არ მუშაობს ბევრი მიზეზის გამო. იყო ტიტუშკების პრობლემაც, მაგრამ მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ თუ მსხვილ დასახლებაში არ შედიხარ, სოფლებში ფაქტობრივად აღარ არის მოსახლეობა, დაცლილია. დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია. ყველა ოჯახიდან ვიღაც გასულია ქვეყნიდან. რაღაც ნაწილი წამოსულია თბილისში ან შეიძლება წასული იყოს ბათუმში ან ქუთაისში.

ადამიანებს არ აქვთ დასაქმების ალტერნატიული წყარო, გარდა იმისა, რომ დასაქმდეს საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან ივანიშვილის რომელიღაც ფეოდალის ბიზნესში. ეს შეიძლება იყოს ინერტული მასალების მოპოვება მაგალითად. შესაბამისად, ამ ხალხს ეშინია გამოჩენის, კამერებზე დაფიქსირების – შეიძლება მისი ოჯახის წევრებმა დაკარგონ სამუშაო ადგილი და ერთადერთი შემოსავალი.

თუ სადმე მოახერხებ შეხვედრას, იქ, ცხადია, ჩნდებიან ხოლმე ტიტუშკები. ასეთი შემთხვევების გამო რთულია ხალხის გამოყვანა – ფიქრობს, რომ გავიდე, შეიძლება ვიღაცამ დამარტყას, ქვა შეიძლება მომხვდეს თავში. ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

ამიტომ, მაინც და მაინც ასე პირდაპირ ვერ გადმოიღებ მადიარის მაგალითს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად გზა არის არასწორი. გზა სწორია, პირდაპირი კომუნიკაციის გზები არის მოსაძებნი. უბრალოდ, ამ ფორმით საქართველოში მგონია, რომ არ გამოვა და იდენტური გამოცდილება აქვთ სხვებსაც, რასაც ვუყურებ.

  • თუმცა მოქალაქეების რაღაც ნაწილს მაინც აქვს განცდა, რომ ოპოზიცია არ მიდის მათთან. „ესენი ტალახში ფეხს როგორ დაისვრიან“, „მადიარივით სატვირთო მანქანაზე ხომ არ დადგებიან?“ და მსგავს ფრაზები გვესმის.

ეს შესაძლოა სამართლიანად მიემართებოდეს გარკვეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლა არ კადრულობენ ადამიანებთან მისვლას, მაგრამ ნიკა მელიას, რომელიც ახლა ციხეშია, საკუთარი ფეხით აქვს შემოვლილი მთელი საქართველო. მინახავს, როგორ დადიოდა და მეც დავყვებოდი საარჩევნო კამპანიის დროს. მასთან ერთად მაქვს მოვლილი სამეგრელო, იმერეთი, აჭარა და სხვა რეგიონები და ველაპარაკებოდით ხალხს.

კი, 2024 წლის არჩევნების წინ ხდებოდა ეს. თავისთავად სტრატეგია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია იყოს მოქალაქეებთან, ჩემი აზრით, ძალიან სწორია და მადიარმა ეს გააკეთა. უბრალოდ, ეს ფორმები მე მაქვს ნაცადი, ნანახი და ამ ქვეყანაში შეიძლება არ მუშაობდეს. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ კომუნიკაციაზე უარი უნდა ითქვას. უბრალოდ, გზებია მოსაძებნი, როგორ შეიძლება გააკეთო იგივე სხვანაირად. საბოლოო ჯამში გამარჯვების გზა გადის მოქალაქეების მობილიზებაზე.

  • რაიმე ისეთი ტექნოლოგია თუ გამოიყენა მადიარმა ამ არჩევნებზე, რომელიც თქვენთვისაც სიახლე იყო, მაგალითად და შესაძლებელია ქართულ რეალობაშიც გამოგვადგეს?

კი, როგორ არა. მე რაც მომეწონა, იყო ის, რომ უჯრედები შექმნა რეგიონებში და დასახლებებში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ჩართეს ახალგაზრდები. გეიმიფიკაციის ელემენტები აქვს ამ აპლიკაციას, რამაც საინტერესო და მიმზიდველი გახადა ახალგაზრდებისთვის ეს აქტივობები. კონკურენციაც გაჩნდა, ვინც რაიმე აქტივობას ჩაატარებდა ამ დასახლებებში, რაღაც ქულები ეწერებოდათ.

მსგავსი შეიძლება აქაც გაკეთდეს და სხვათა შორის, გვქონდა ლაპარაკი ალიანსის შიგნით, რომ  მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც მოვიფიქროთ.

  • თუმცა, ამას დასჭირდება ფინანსური რესურსები. რამდენად გასწვდება ალიანსი?

ფინანსური რესურსები დამატებითი პრობლემაა, მაგრამ ადამიანური რესურსები არსებობს და ხშირად, მოხალისეობრივ საწყისებზე გვეხმარებიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიების ცოდნა.

მე მაინც მგონია, რომ 2024 წლის არჩევნებში ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთეს და ჯამში, ოთხმა კოალიციამ მოიგო ეს არჩევნები, უბრალოდ რეჟიმმა დაიწერა ის ციფრები, რაც უნდოდა. გამოიყენეს გაყალბების ყველა გზა – ძველიც და ახალიც. ამის მიუხედავად, ადამიანებმა მაინც დაძლიეს შიში და უმრავლესობამ ამ ქვეყნისთვის სწორი არჩევანი გააკეთა.

  • ხალხმა ოპოზიციას მისცა ხმა ბოლო არჩევნებზე, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ ხმების დაცვა. იყო ხალხის დიდი მობილიზაციაც, მაგრამ მაინც არ დადგა შედეგი. დღეს უკვე ამ ყველაფერს ემატება რეპრესიული კანონები. რა დარჩა მაშინ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად. რა იქნება ის სიახლე, რის გამოც მოხერხდება კვლავ დიდი მობილიზაცია?

ჩემი აზრით, კომუნიკაციის ფორმები უნდა იყოს ახალი და ოპოზიციური ალიანსი გააკეთებს ამას. უახლოეს დღეებში გამოჩნდება რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არჩევნებამდე მივალთ. უბრალოდ, ამ არჩევნებს თუ ისევ „ოცნება“ ჩაატარებს, ეს აღარ იქნება არჩევნები და იქნება მასკარადი. თუ არჩევნებს ჩაატარებს თავისუფალი საზოგადოება, რეჟიმი დამარცხდება. უფრო სწორად, არჩევნებამდე დამარცხდება რეჟიმი.

რეჟიმი რომ ჩამოიშალოს, ამას სჭირდება ბევრი ადამიანის მობილიზება და ურყევი ნების დემონსტრირება. საქართველო უნგრეთი არ არის და ჩვენ ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში ვართ. მადიარმა, უბრალოდ, არჩევნებზე გაიფორმა გამარჯვება თორემ, რეალურად, ორბანი დამარცხებული იყო მანამდე, როცა მთელი უნგრეთი დადგა ფეხზე. როცა დადგება მთელი ქვეყანა ფეხზე, ერთ მუშტად შეიკვრება, დამარცხდება ივანიშვილიც.

ივანიშვილზე უარესი რეჟიმები დაუმარცხებიათ ადამიანებს. ეს გაუკეთებია ამ ქვეყანასაც. ორჯერ გვაქვს ეს ნანახი – ერთხელ 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მეორე, ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე.

  • თქვენ თქვით, რომ სოფლები იცლება და აქტიური საზოგადოებაც გადის ქვეყნიდან. ეს პროცესი ხომ არ შეუშლის ხელს საყოველთაო მობილიზებას, რისი იმედიც გაქვთ?

საბოლოო ჯამში ეს მათემატიკამდე დადის – ამ ქვეყნის ცივილური, განვითარებული ევროპული მომავლის მომხრე მინიმუმ ორჯერ მეტი ვართ ქვეყანაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ახლა პროპაგანდით და ფულით ჰყავს მიბმული რეჟიმს.

ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან ყოველ ერთ გაქცეულ „ოცნების“ მხარდამჭერზე, აქეთა მხრიდან უნდა გაიქცეს „ოცნების“ სამი მოწინააღმდეგე, რომ ეს ბალანსი შეიცვალოს. მაგრამ ასე არ ხდება. სინამდვილეში „ოცნების“ მხარდამჭერები უფრო გარბიან ქვეყნიდან.

ამიტომ, მე ამის შიში არ მაქვს, რომ ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლება.

  • პეტერ მადიარი იყო გამოკვეთილი ფიგურა, რომელმაც მოიპოვა ხალხის ნდობა. ეს დილემა, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს სჭირდება გამოკვეთილი ლიდერი, ნაწილი კი შესაძლოა კოალიციასაც იღებდეს ლიდერად, მაინც რჩება პრობლემად ქართულ რეალობაში. ამაზე რას ფიქრობთ?

მესმის, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი განწყობა აქვთ. ზოგი ელოდება ერთი ლიდერის გამოჩენას, თუმცა ჩემ გარშემო ადამიანების დიდი ნაწილი აღარ ფიქრობს ასე, რადგან ის ერთი ლიდერი, ძალაუფლებას როცა ჩაიგდებს ხელში, პრობლემა ხდება ქვეყნისთვის.

ამიტომ არის კოალიციური მმართველობა უფრო მნიშვნელოვანი. განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე.

ალიანსის ფარგლებში საკმაოდ კარგად ვახერხებთ უკვე, რომ რაღაც აზრებზე შევჯერდეთ. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით და ახლა გაცილებით უკეთესად ვახერხებთ და უფრო სწრაფად მივდივართ საერთო აზრამდე, ვიდრე მაშინ, როცა დავიწყეთ ამ ალიანსის კეთება.

66 წლის კაცი მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს შს სამინისტრო.

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 313 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 864 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 390 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 40 003 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 736 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 346 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 239 241 ერთეული [+1 388]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 89 553 ერთეული [+253]
  • სპეცტექნიკა – 4 125 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს.

ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა.

საწყისი ფასის მიხედვით, კვ. მეტრის ფასი 262 ლარია, ამ ფასად კვარიათში მიწის ნაკვეთის ყიდვა ზღვის ხედით ფაქტობრივად შეუძლებელია. რა იქნება გაყიდვის პირობა, ჯერჯერობით, არ ვიცით. ეს ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში და მის განმარტებით ბარათში მოცემული არ არის.

მყიდველი, სავარაუდოდ, შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ იქნება, რადგან სწორედ ეს კომპანია ფლობს გასაყიდი მიწის ნაკვეთის მეზობლად მიწის ნაკვეთებს.

კომპანიის ასი პროცენტი შპს „აჭარა ლენდს“ ეკუთვნის. ამ კომპანიის 80 პროცენტი სტანისლავ ცეცხლაძის საკუთრებაა, 20 პროცენტი კი არმაზ ხოზრევანიძის სახელზეა.

წითელი ფერით მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა, მის ირგვლივ მონიშნული ნაკვეთები კი შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯის“ საკუთრებაა.

კომპანიამ თავის საკუთრებაში არსებულ 6 მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით მერიას გეგმარებითი დავალების გაცემის თხოვნით უკვე მიმართა. თან აცნობა, რომ აქ ერთი 17-სართულიანი სასტუმროს და 18 ერთეული დასასვენებელი კოტეჯის აშენებას გეგმავს. დაგეგმილი აქვს ასევე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაც.

კომპანია მერიას ასევე სწერს, რომ „საპროექტო ტერიტორიის არეალი წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3) და მასში დადგენილი კ2 კოეფიციენტი სამშენებლოდ დასახული მიზნის სრულყოფილად ხორცშესხმის საშუალებას არ იძლევა“.

შესაბამისად, კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს.

„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ

რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, ახერხებს იმავეს ქართული ოპოზიცია და თუ არის შესაძლებელი საქართველოს კონტექსტში იმ პოლიტიკის წარმოება, რაც გამოადგა თუნდაც მადიარს არჩევნების მოგებაში?

ზოგადად, საგარეო პოლიტიკას და მით უმეტეს, საშინაო პოლიტიკას არ უყვარს პირდაპირი პარალელები. პირდაპირი პარალელები შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ ისეთ ზოგადსაკაცობრიო კონცეფციებსა და ფენომენებში, როგორიცაა პატრიოტიზმი, მოქალაქეების სამსახური, კანონის უზენაესობა, ევროპისკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ეს მუშაობს კარგად და, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ხალხის არჩევანს. ყველა სხვა მოცემულობა ძალიან კონტექსტურია, შესაბამისად, ინდივიდუალური ქვეყნის მაგალითიდან უნდა ამოვიდეთ.

მე, როგორც საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი, არ მივესალმები პირდაპირ პარალელებს, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ კარგად ნასწავლ გაკვეთილებზე ამ ორ ვითარებაში.

  • რატომ არ იმუშავებს სხვისი გამოცდილება, მაგალითად, ჩვენთან?

იმიტომ, რომ კონტექსტი და მოცემულობა განსხვავდება. სხვისი გამოცდილება შეიძლება რელევანტური იყოს, შეიძლება – არა. ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც შეიძლება რაღაც მსგავსებებზე ვისაუბროთ და ასევე ვისაუბროთ განსხვავებებზეც. აი, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში რაც სიახლე და განსაკუთრებული მოცემულობა იყო, არის ის, რომ [პეტერ მადიარი] ორბანის მთავრობიდან წამოსული პიროვნებაა, რომელმაც ახალი პარტია გააკეთა.

საქართველოს შემთხვევაშიც იყო ასეთი მოცემულობა, როცა გახარია წამოვიდა მთავრობიდან და ცალკე პარტია გააკეთა, რომელიც მონაწილეობდა 2024 წლის არჩევნებში, არც კოალიციას შეუერთდა, მაგრამ მაინც არ იმუშავა ამ ფაქტორმა, ანუ არ იყო საკმარისი სიახლე ამომრჩევლისთვის. თუმცა სხვა სიტუაციაში შეიძლება რაღაც სხვამ იმუშაოს.

ეკა აკობია

დიდმა კოალიციამ არც უნგრეთში იმუშავა 2022 წელს და დავინახეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ისეთი ფართო კოალიცია, როგორიც უნგრეთში იყო, არც გვქონია. თუმცა, რომც გვქონოდა, შესაძლოა უნგრეთის ბედი გაეზიარებინა, ანუ ზედმეტ იდეოლოგიურ სიჭრელეს შესაძლოა პირიქით – უარყოფითი შედეგი მოეტანა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი უნგრეთ-საქართველოს შორის არის ის, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია. შესაბამისად, უნგრეთი მაინც რჩებოდა ელექტორალურ დემოკრატიად, ანუ იქ არჩევნებს თავისი არსი დაკარგული არ ჰქონია.

იქ არსებობს ინსტიტუციები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია და ძლიერი ადგილობრივი პოლიტიკა. დეცენტრალიზაცია შედარებით დაწინაურებულია, საქართველოსგან განსხვავებით. საქართველოში ზედმეტად ცენტრალიზებულია პოლიტიკა და პრაქტიკულად საერთო შედეგს ყოველთვის პირდაპირპროპორციულად აირეკლავს ადგილობრივი პოლიტიკა, უნგრეთში ასე არ არის ბოლომდე. 16 წლის მანძილზე ორბანმა აქაც სერიოზული გარდატეხა შეიტანა, მაგრამ მაინც.

ევროკავშირის წევრობამ და ამდენი წლის განმავლობაში დემოკრატიის მშენებლობაში ჩადებულმა რესურსმა მოიტანა ის შედეგი, რომ არჩევნები, მიუხედავად მრავალწლიანი ავტოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებებისა, უნგრეთში მაინც ფეთქავდა და გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

საქართველო ჯერ არც კი იყო გადასული წესიერად ევროკავშირთან პირობითობის ეტაპზე, ისე შეაჩერეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები – 2024 წლის ნოემბრის იმ საბედისწერო განცხადებით, რომ 2028 წლამდე არ მივმართავდით ევროკავშირს ამ საკითხზე.

ჩვენ ეს – სერიოზული განმავითარებელი ეტაპი, რაც უნგრეთმა თავის დროზე გაიარა, არც არასდროს გაგვივლია. შესაბამისად, აქ მეტად მოწყვლადია ინსტიტუტები და პოლიტიკურ პარტიებსაც ფუნქციონირების იმხელა ისტორია არ გააჩნიათ, როგორც უნგრეთში.

აუცილებელია აღინიშნოს საზოგადოებრივი განწყობებიც. უნგრელები მთლიანობაში ბევრად უფრო ღია არიან დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ბევრად უფრო გათავისებული აქვთ თანასწორობის მნიშვნელობა, უმცირესობების უფლებები, რელიგიური თავისუფლება, ვიდრე ქართულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იქაც ხდებოდა ფორსირებულად კონსერვატიული ღირებულებების არა მარტო წინ წამოწევა, არამედ მწვავე დაპირისპირება ევროკავშირის ფასეულობებთან და პოპულისტურ ინსტრუმენტად გამოყენება.

ზუსტად ასე აქვს კოპირებული საქართველოშიც „ქართულ ოცნებას“. უბრალოდ, ჩვენთან უფრო დრამატულ შედეგებს ვიღებთ სწორედ ამ განსხვავებული საწყისი წერტილებიდან გამომდინარე.

  • მაშინაც შეეძლო პროპაგანდას ასე ეფექტურად ემუშავა, თუ ოპოზიცია სათანადოდ შეძლებდა ხალხთან ურთიერთობას?   

მე ვაკვირდები პოლიტიკას და ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაშიც ყოფილა აქტიური კარდაკარისა და რეგიონებში გასვლის პერიოდები, მაგრამ ბოლო წლები და ბოლო არჩევნები იმდენად ეგზისტენციალური პრობლემებით იყო გაჯერებული, იმდენად პოლარიზაციის და ამავდროულად სუპერცენტრალიზაციის პირობებში ტარდებოდა, რომ გასაკვირი არ არის, ოპოზიციას არ ჰქონოდა თავისუფალი წვდომა რეგიონებთან.

იმდენად ბევრი ცვლილებაა შესული საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ ეს მნიშვნელოვნად აუარესებს სამოქმედო გარემოს პოლიტიკოსებისთვის.

მეორე მხრივ, ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათთან ინფორმაციის აქტიურად მიტანა აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური დღის წესრიგი ააგონ შიდა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. გასაგებია, რომ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი აქცენტი კეთდება საგარეო საფრთხეებზე, საგარეო ორიენტაციაზე, თუმცა ეს არ უნდა ანაცვლებდეს შიდა პოლიტიკურ საჭიროებებს და უფრო აქტიურად უნდა იყოს წინ წამოწეული ოპოზიციური პოლიტიკოსების და პარტიების ხედვები განვითარების მომავალ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

  • რეპრესიული კანონების ფონზე დარჩა დღეს ოპოზიციას ის რესურსი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შეცვალოს ხალხთან დიალოგით?

ამ თვალსაზრისით ვითარება რთულია იმიტომ, რომ ზოგადად, პარტიულ აპარატებს განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ თანასწორი გარემო, როგორც კანონის, ასევე რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს საქართველოში სერიოზული პრობლემაა, კანონებში შეტანილი მთელი რიგი ცვლილების გამო,

იცით, რომ მეწარმეებს და ბიზნესის წარმომადგენლებსაც კი ეზღუდებათ მათთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერა უნგრეთისგან განსხვავებით. ეს არის სწორედ ის განმაპირობებელი გარემოებები, რაც ხელს უშლის ოპოზიციას. მაგრამ, ჩემი აზრით, შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო აქტიური კომუნიკაცია ხალხთან.

უნგრეთშიც ბოლომდე იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს ორბანი და „ფიდესის“ ადგილობრივი წარმომადგენლობები, მაგრამ საქართველოს არ გაუვლია ევროინტეგრაციის ეტაპი. შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხი და ინსტიტუციური მდგრადობა აქ ისეთი მაღალი არ არის, როგორც უნგრეთში და მოსახლეობის მოწყვლადობაც უფრო მაღალია, ვიდრე უნგრეთში.

ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იქნება ეს თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, მრავალწლიანი მიზანმიმართული საქმიანობის შედეგია და გასაკვირი არ არის, თუ ოპოზიცია დასუსტებულია.

უნგრეთის მაგალითი შეიძლება განმეორდეს იმ შემთხვევაში, თუ ფხიზლად და დაკვირვებულად იქნება, როგორც პოლიტიკური აქტივი, ასევე საზოგადოება. თუ საზოგადოება გაიაზრებს ცვლილებების მნიშვნელობას და საჭიროებას, თავის როლსაც დაინახავს ამ პროცესში და ასევე დაინახავს ოპოზიციური ფლანგის სისუსტის რეალურ მიზეზებსაც.

  • თქვენ თქვით, რომ უნგრეთში არჩევნებს ფუნქცია არ დაუკარგავს და ამიტომ დადგა ეს შედეგი. თუ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შანსები აღარ არსებობს, მაშინ როგორ იმუშავებს ოპოზიცია?

ხშირად, საბოლოო შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჩემი აზრით, ქვეყანაში დღეს პროტესტი ზუსტად იმაზეა, რომ არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ჩატარდეს უფრო თანაბარ და გაუმჯობესებული საკანონმდებლო პირობებში. თუ იგივე პირობებში ჩატარდება, იმავე შედეგს მივიღებთ. ამიტომ, ამის ასე დავიწროება, რომ  არჩევნებს აზრი არ აქვს, არასწორია – ასე ცალსახად და ხაზგასმით არ დგას საკითხი.

საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებული კანონმდებლობით, მათ შორის ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამას მიემართება ეს მასშტაბური აქციები, რომელიც 500 დღეზე მეტია იმართება. მარტო არჩევნების დღე არ არის პოლიტიკური ბრძოლის ნიშანსვეტი. მნიშვნელოვანია ყოველდღიური ბრძოლა მეტი თანასწორობისთვის, კანონის უზენაესობისა და სხვა აუცილებელი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

ცხადია, ოპოზიციური სპექტრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო სოციალურად აქტუალურ თემებზე და მათი ხედვა იმაზე, ეს საკითხები როგორ უნდა გაიმართოს, რა გზით, რა შედეგებამდე მივალთ.

თუმცა, მარტო პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას ვერ განავითარებენ ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არაერთ საგარეო საფრთხესთან დგას პირისპირ. უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც უნგრეთში მოქალაქეებმა გაიყვანეს თავიანთი ქვეყანა უსაფრთხო ფონზე და დააბრუნეს ევროპულ რელსებზე, ზუსტად ასევე უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც.

უნდა შედგეს სიმბიოზი პოლიტიკურ ალტერნატივებსა და ამომრჩეველს შორის.

„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ.

ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკარო არიან, „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ღიად საუბარი უჭირთ, მათ შორის, ამ თემაზე: „ოცნების ქალაქის“ შემდეგ „ოცნება“ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დაქვემდებარებას ხომ არ ცდილობს?

საგულისხმოა ისიც, რომ, მაგალითად, ქობულეთში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ორ მრავალსართულიან კორპუსში ბინებს 2028 წელს გადასცემენ – მომავალი საპარლამენტო არჩევნების წელს. ეს რომ ასეა, სატენდერო დოკუმენტებითაც ჩანს და ქობულეთის მერიის პრესცენტრშიც გვითხრეს: ბინების გადაცემა 2028 წლისთვის იგეგმებაო.

ბათუმში უსახლკაროების ნაწილს ბათუმის მერია ქირის ფულს უხდის დროებით და აიმედებს: შეიძლება ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინა მოგიწიოთო. ამ ადამიანებს ოზთურქისთვის ჩამორთმეული ბინების გადაცემას „ოცნება“ 2026 წლის იანვარში დაჰპირდა.

ამ დრომდე „ოცნების“ მთავრობას არ შეურჩევია ოჯახები, ვინ მიიღებს ბინას, ასევე, არ გამოცხადებულა ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2026 წლის 27 იანვარს უსახლკაროებს უთხრა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს: „საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო“.

რა ეტაპზეა ოზთურქისთვის ჩამორთმეული ბინების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემის პროცესი? მიიღო ექსპლუატაციაში მერიამ 7 კორპუსი, რომლებიც თავის დროზე უკანონოდ აშენდა და ამის გამო ბათუმის მერიას ოზთურქის კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა ჰქონდა? გამოცხადდა ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე? – შეკითხვებით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა დღის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია.

თამაზ ბაკურიძე, სამოქალაქო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ საუბრის დროს პარალელს „ოცნების ქალაქთან“ ავლებს და არ გამორიცხავს, რომ უსახლკაროებმა ბინები მართლაც 2028 წელს მიიღონ. თამაზ ბაკურიძე ხშირადაა უსახლკაროების აქციებზე და მათ პრობლემებზე საუბრობს.

საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან, თუმცა წლებია მათი საცხოვრებელი პირობებით, შემოსავლებით, ან მოთხოვნის რეალურობით „ოცნების“ მთავრობა არ დაინტერესებულა.

„არაფერი არ ხდება ამ ეტაპზე, არანაირი სამუშაოები არ დაუწყიათ,“ – გვიყვება თამაზ ბაკურიძე. – „არ არის კრიტერიუმები, ვის როგორ მისცემენ. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პირველ მაისამდე მერია იღებს განცხადებებს.

ჩემი ინფორმაციით, უპირატესობას მიანიჭებენ ეკომიგრანტებს და დევნილებს. 160 დევნილი ოჯახია დასაკმაყოფილებელი, ამას დაემატება ეკომიგრანტები. უსახლკაროები, როგორც ასეთი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება, ვინც ბინას მიიღებს.

საბოლოოდ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებითაც არ შექმნილა კომისია, უფრო სწორად, მანამდე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია, მაგრამ სახელმწიფომ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კიდევ კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა გაანაწილეს ეს ბინები. აქაც არ იქნებიან მიწვეული სამოქალაქო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ან წითელი ჯვარი, სახელმწიფო გადაწყვეტს, ვის როგორ უნდა მისცეს…

პირველ მაისს არის დაგეგმილი უსახლკაროების შეკრება, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

ბათუმის მერია ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს. ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას, მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, ჯამში, 373 ათას 860 ლარს გადაუხდიან. „მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა,“ – წერს ბათუმის მერია დასაბუთებაში, როცა მან ტენდერის გარეშე ითხოვა მომსახურების შესყიდვა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის ქ. №11] დაცვის მომსახურების განხორციელების მიზნით, დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა,“ – წერია ბათუმის მერის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანებაში.

ბათუმში, გოგოლის ქ. №11-ში მდებარე კორპუსები საჯარო რეესტრის მიხედვით, ჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებად დარეგისტრირებული არ არის. ბათუმის საკუთრებად რეესტრში მხოლოდ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მასზე მდებარე შენობები არ არის მითითებული. შენობები არც ოზთურქის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც არის თურქეთის და საქართველოს მოქალაქე, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები 2025 წლის ბოლო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ჩამოართვეს. „ოცნებასთან“ საქმის გაფუჭების შემდეგ, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს გაასამართლეს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პარალელურად, პროკურატურამ მას ბრალი ფინანსურ დანაშაულზე წარუდგინა.

გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2025 წლის 27 ივნისს გათავისუფლდა, ფინანსურ დანაშაულზე კი, საპროცესო შეთანხმება 2025 წლის დეკემბერში შედგა. ბოლო საპროცესო შეთანხმებით ჩამოართვეს ოზთურქის 7 კორპუსი გოგოლის ქუჩაზე.

ჩამორთმეულ კორპუსში დაახლოებით 500-მდე ოჯახს მოუწევს ბინა.

რაც შეეხება ქობულეთს: პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი თავდაპირველად 2023 წელს გამოაცხადა. პირველი ტენდერი შეწყდა და 2025 წელს შესყიდვა ხელახლა გამოცხადდა. სოციალურ სახლებს ქობულეთში 23 მილიონ 348 014 ლარად აშენებს შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედი საქართველოს ფილიალი“.

სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ 2028 წლის იანვარში უნდა დაასრულოს.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის შეირჩევიან კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში მოუწევთ ბინა.

——————

უფლებადამცველების შეფასებით, „ქართული ოცნება“ რეალურად არასდროს არ ინტერესდება სოციალური პრობლემების მოგვარებით. ამის ნათელი მაგალითია „ოცნების ქალაქი“ – „ოცნების“ მთავრობა 10 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს ე.წ. მუყაოს ქალაქში, სადაც ასეულობით ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით ახლაც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. 2022 წელს კი, „ქართულმა ოცნებამ“ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი ბათუმში პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა – ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია – შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

„ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად მაშინ არჩევნებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მას დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. რამაზ ჯინჭარაძე ახლა „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ნაწილს ბინები დაურიგეს, ნაწილი ბინებს ისევ ელოდება.

__

ამ თემაზე:

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

„არჩევნები აღარაა და გლეხები ისევ აღარ სჭირდება მთავრობას?“ – კითხულობენ ფერმერები, რომლებმაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს.

ისინი უკვე გააფრთხილეს, წელს სუბსიდიას აღარ დაელოდოთო.

მაგალითად, ქობულეთში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც თხილის ბაღებია, მეთხილეები სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ.

ასევე აღარ დაფინანსდება ხვნა-თესვის სამუშაო – საყანე ფართობები გლეხებმა თავიანთი ფულით უნდა დაამუშაონ.

პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და გლეხების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული და ბიუჯეტიდან თანხა იხარჯებოდა, გაჩერდა.

ფერმერებს არავინ განუმარტა, რატომ გაჩერდა მხარდაჭერის პროგრამები?

რატომ გაჩერდა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა? ამჯერად რას სთავაზობს სოფლის სამინისტრო მეთხილე ფერმერებს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრს.

პრესცენტრში განმარტეს, რომ კომენტარს თუ ვინმე გააკეთებდა, ინფორმაციას მოგვაწვდიან. სამუშაო დღის დასრულებამდე სამინისტროდან არ დაურეკავთ.

„ეს პროგრამა წელს აღარ არის მიმდინარე. რატომ აღარ არის, ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ, ჩვენ მხოლოდ ვახორციელებდით ამ პროგრამას,“ – გვითხრეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პრესცენტრში.

სააგენტოს პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ აპრილის ბოლოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროგრამებს წარმოადგენს.

ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ამ პროგრამებში თხილის წარმოების ხელშეწყობა რაიმე ფორმით. ფაქტია, რომ 2026 ბიუჯეტში „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე“ თანხა გამოყოფილი არ არის.

ეს პროგრამა ფინანსდებოდა 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით.

2020 – 2024 წლებში ამ პროგრამაზე ჯამურად დაახლოებით 44 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

სუბსიდიის ოდენობა თხილის ბაღის ფართობის სიდიდეზე იყო დამოკიდებული.

საშუალოდ, ფერმერი წლიურად 1000 ლარამდე სუბსიდიას იღებდა.

რაც შეეხება ყანების დახვნას – ეს პროგრამა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა წლებში ჰქონდა.

მაგალითად, 2025 წელს აჭარის რეგიონში საყანე ფართობების დახვნისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 275 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს სამუშაოები აპრილიდან იწყება და 15 ივნისამდე გრძელდება.

წელს ამ პროგრამასაც ვეღარ იპოვით აჭარის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტში.

რატომ გადაწყვიტა „ოცნების“ მთავრობამ, რომ საყანე ფართობების დახვნა-დათესვაში 2026 წელს – არასაარჩევნო წელს გლეხებს მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ? – შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის სოფლის სამინისტროს პრესცენტრმა მოგვაწოდა სამინისტროს პოზიცია:

„2020 წლიდან, სამინისტროს მიერ ნიადაგის უფასო დამუშავების პროგრამის განხორციელება განპირობებული იყო კორონავირუსის პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, მემცენარეობის პროდუქციის წარმოების დონის შენარჩუნების მიმართულებით მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი განახლებული პროგრამული მიმართულებები სრულად მოერგო ფერმერთა საჭიროებებს და გაორმაგდა პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების წილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ნიადაგის უფასო დახვნის ცალკე პროგრამის სახით გაგრძელების მიზანშეწონილობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.

პუტინს ჯარის გაგზავნის უფლება ექნება უცხოეთში გასამართლებული რუსების დასაცავად – ახალი კანონი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის გამოყენების ნებართვას იძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში.

კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დებულება შექმნილია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად მათი დაპატიმრების ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში საზღვარგარეთ.

შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.

რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მოქმედი ნორმების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მათი პირდაპირი დანიშნულებისგან განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენოს, თუმცა ახალი ინიციატივის ავტორები გამოდიან წინადადებით, დადგინდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურს, სხვა საკითხებთან ერთად, შეეძლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები წარგზავნოს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად უცხოური და საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან დევნისგან“.

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე.

„ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა.

როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი უსაფრთხოების გამოა შეზღუდული.

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეების „უმრავლესობას ესმის ამის აუცილებლობა“.

დღეს, 14 აპრილს, „ბლუმბერგმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტის შეზღუდვებთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვას განიხილავს, რადგან ინტერნეტის შეზღუდვა პუტინის რეიტინგს აზიანებს.

სააგენტოს წყაროების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა შეაჩეროს რეპრესიები, რაც პოპულარულ სოციალურ ქსელს, Telegram-ს რუსეთში ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

„როსკომნადზორმა“ (რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტო) 10 თებერვალს დაიწყო Telegram-ის  მესენჯერის მუშაობის შეზღუდვა.

Telegram-ი ერთ-ერთი უკანასკნელი მესენჯერია რუსეთში, რომელიც დღემდე ლეგალურად მუშაობს. WhatsApp, FB/მესენჯერი, ინსტაგრამი და სხვა სოცქსელები ყველა უკვე დაბლოკილია. აკრძალულია youtube-იც.

ტელეგრამის გარდა, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა.

თურქეთში 19 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა – დაშავდა 16 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 14 აპრილს, თურქეთში, შანლიურფას პროვინციაში მდებარე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი — 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და ბუფეტის ერთი თანამშრომელი.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, სტაბილურია.

თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, იმავე იარაღით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც მხოლოდ მე-9 კლასში სწავლობდა აღნიშნულ სკოლაში.

თვითმხილველების თქმით, ის მოულოდნელად შევიდა კლასში და რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

შანლიურფას გუბერნატორმა განაცხადა, რომ შემთხვევის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

___________________

ფოტო: „ჰურიეთი“/hurriyetdailynews.com

რესტორანსა და კაფეში პლასტმასის ბოთლით წყალს ივლისიდან ვეღარ შეიძენთ

რესტორნებსა და კაფეებში წყალს, ლიმონათს ან ლუდს პლასტმასის ბოთლით პირველი ივლისიდან ვეღარ შეიძენთ.

ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 14 აპრილს განცხადება გაავრცელა.

მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

2026 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის – პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება.

„ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა.

2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის,“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის და სოფლის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივლეს – საია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სახელით საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

იმის გამო, რომ ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა „ოცნების“ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს.

გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.

„აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით – რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

საიას განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად, როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი, ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები.

  • საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი, უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა.
  • მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია განცხადებაში არნიშნავს იმასაც, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაჭიანურებულია, მაგალითად, სასამართლო უკვე მეორე წელია არსებითად არ განიხილავს სარჩელს „რუსულ კანონზე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზე არაერთი რეზონანსული საქმეა – საქმეები, რაზეც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა დამოკიდებული.

ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ქეისი „მოსმენების კანონია“ – საქართველოში ნებისმიერს უსმენენ და სუსს, მოქმედი კანონების პირობებში, ხელს არაფერი უშლის. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა თითქმის 7 წლის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეები ასეთ მნიშვნელოვან საქმეზეც კი, გადაწყვეტილებას არ იღებენ.

მთავარი ფოტო: ქართველი ემიგრანტების აქცია სტრასბურგში, საფრანგეთში, 2024 წელი

ამ თემაზე:

საკონსტიტუციომ გაუქმებული ნორმა გააუქმა – რუსული კანონისთვის ისევ ვერ მოიცალა

ბათუმში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +22 და +25 გრადუსს მიაღწევს.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 863 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 389 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 39 953 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 732 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 346 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 237 853 ერთეული [+2459]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 89 300 ერთეული [+201]
  • სპეცტექნიკა – 4 123 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას შეცვლის ივანიშვილი თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა, კონტრაგიტაცია…“ – უნგრეთში ავტორიტარიზმის პირობებში ჩატარებულ წარმატებულ არჩევნებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი. მისი აზრით, უნგრეთის არჩევნების მთავარი მიღწევა ისაა, რომ ხალხმა არამხოლოდ უნგრეთში, არამედ ყველგან დაინახა, რომ ავტორიტარიზმის შემოტრიალება დემოკრატიისკენ შესაძლებელია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავარი ფაქტორი მაინც ევროკავშირია: „ძალიან მნიშვნელოვანია, შენ იყო რაღაც უფრო დიდი გაერთიანების მყარი წევრი, საიდანაც ხდება შენი მონიტორინგი, შენი და ქვეყნის მიმართულებების განსაზღვრა. ევროკავშირის წევრობა მუხრუჭივით არის – არ აძლევს საშუალებას ქვეყანას, მოწყდეს და როგორც უნდა, ისე წავიდ-წამოვიდეს. უნგრეთს ეს მუხრუჭი ჰქონდა. მე ვიტყოდი, რომ ამან გადაარჩინა უნგრეთი საბოლოო ჯამში,“ – გვიყვება კახა გოგოლაშვილი.

რამდენად არის უნგრეთში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა მაგალითი საქართველოსთვის?

„ვინც კარგად იცნობს უნგრეთს, ყველა ამბობდა, რომ ორბანს ძალიან დიდი შანსი აქვს, რეგიონული მანდატებით მოიგოს არჩევნებიო, ანუ ერთმანდატიანი ოლქებით. მაგალითად, წინა არჩევნებზე უმეტესად ერთმანდატიანი ოლქების 82 % ორბანმა მოიგო. ახლა ოპოზიციამ მოიგო იმავე ოლქების 90 %. ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ერთიანი კანდიდატები. არ გაიყო ხმები და არ ჩატარდა მეორე ტურები.

ორბანმა მაინც არჩევნების მოგება დააპირა ნახევრად დემოკრატიული, ლეგალისტური მეთოდებით – კანონები მიიღო ისეთი, რომელიც მას აძლევდა უპირატესობას. ამას დაუმატა პროპაგანდა, ტელევიზიები მიითვისა და გამოიყენა მოქრთამვა, დაშინება. ყველაფერი მიდიოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან ამ ყველაფერს დაემატა პირდაპირი გაყალბება…“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ბათუმელებმა“ კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარია.

  • ბატონო კახა, რამდენად მოულოდნელია თქვენთვის ორბანის დამარცხება, რას ნიშნავს ეს მარცხი? 

რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მოულოდნელი და დიდი გამარჯვება, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა. მოულოდნელი იმიტომ კი არა, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდა ოპოზიციას, არამედ იმიტომ, რომ სისტემა და ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა იყო შექმნილი უნგრეთში, ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო ოპოზიციის გამარჯვება.

ორბანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა სოფლის მოსახლეობას, რეგიონებს, სადაც ძალიან  დიდი აგიტაცია მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული რესურსი ძალიან ძლიერი ჰქონდათ იქ. საბოლოო ჯამში, ორბანს ისე ჰქონდა საარჩევნო კოდექსი გადაკეთებული 2012 წლიდან, რომ უფრო მეტი მანდატი პარლამენტში მოდიოდა სწორედ სოფლის მოსახლეობაზე, ანუ ერთმანდატიან ოლქებზე. მაგალითად, 106 ერთმანდატიანი ოლქიდან მხოლოდ 16 ოლქია ბუდაპეშტში. ბევრი ქალაქი დაკავშირებულია სოფელთან და ჯამურად სოფლები ჭარბობდნენ.

ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოფლებშიც კარგად იმუშავეს და რეგიონებშიც – დაუპირისპირეს ორბანის პროპაგანდას კონტრაგიტაცია…

ბევრმა ფაქტორმა იმუშავა, მათ შორის, ირანის ომმა. ორბანი იძახდა მშვიდობა, მშვიდობაო, ტრამპიც მხარს უჭერდა და ამ დროს გამოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ ყოფილა მშვიდობისმყოფელი.

კახა გოგოლაშვილი

ორბანი ამბობდა, რომ ევროპიდან ახერხებდა ფულის წამოღებას და ამით სოფლის მოსახლეობას იბირებდა. სინამდვილეში, ეს იყო ფული სტრუქტურული ფონდებიდან, რაც ისედაც ერგებოდა უნგრეთს, როგორც ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულს. ის 13 მლრდ ევრო მას შემდეგ შეუჩერა უნგრეთს ევროკავშირმა, როცა ცალსახად გამოჩნდა, რომ დემოკრატიას ებრძვის ორბანი, ასევე იყო კორუფციული სკანდალები.

  • ორბანის კორუფციული სქემების მხილება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა? 

დიახ. ამან ძალიან იმოქმედა, მათ შორის, სოფლის ამომრჩეველზე, რომელსაც შეუმცირდა სუბსიდიები, სხვადასხვა დაფინანსება.

  • კიდევ რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც პეტერ მადიარის წარმატება მოუტანა?

ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით გამოვიდა ყველგან, რეგიონებში.

ვინც კარგად იცნობს უნგრეთს, ყველა ამბობდა, რომ ორბანს ძალიან დიდი შანსი აქვს რეგიონული მანდატებით მოიგოს არჩევნებიო, ანუ ერთმანდატიანი ოლქებით. მაგალითად, წინა არჩევნებზე უმეტესად ერთმანდატიანი ოლქების 82 % ორბანმა მოიგო. ახლა ოპოზიციამ მოიგო იგივე ოლქების 90 %.

ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ერთიანი კანდიდატები. არ გაიყო ხმები და არ ჩატარდა მეორე ტურები.

  • გაერთიანება მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენთანაც უნდა მოეხერხებინა ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე? 

საერთო კანდიდატებზე რომ შეთანხმებულიყვნენ, ადგილობრივი არჩევნებიც პრაქტიკულად მოგებული იყო საქართველოში. ყოველ შემთხვევაში დიდ ქალაქებში…

ორბანმა მაინც არჩევნების მოგება დააპირა ნახევრად დემოკრატიული, ლეგალისტური მეთოდებით – კანონები მიიღო ისეთი, რომელიც მას აძლევდა უპირატესობას. ამას დაუმატა პროპაგანდა, ტელევიზიები მიითვისა და გამოიყენა მოქრთამვა, დაშინება. ყველაფერი მიდიოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან ამ ყველაფერს დაემატა პირდაპირი გაყალბება. პირდაპირ გაყალბებას, როგორც ჩანს, ადგილი არ ჰქონდა უნგრეთის  არჩევნებში.

  • აქ მნიშვნელოვანია ის, რომ უნგრეთი შუაგულ ევროპაშია, ევროკავშირის წევრია და ეს პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუ რატომ? 

რა თქმა უნდა, ორბანის ავტორიტარიზმი შეზღუდულია იმით, რომ ევროკავშირის წევრია ეს ქვეყანა და არსებობს მონიტორინგი.

საქართველოში, პოლიტიკურ ელიტებში არის ძალიან ბევრი ავტორიტარული მიდრეკილებები – ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ადრე თუ გვიან ცდილობს, ავტორიტარულად მართოს ქვეყანა, ხომ? ამიტომაც, ასეთი კულტურის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, იყო რაღაც უფრო დიდი გაერთიანების მყარი წევრი, საიდანაც გამონიტორინგებენ, შენი და ქვეყნის მიმართულებებს განსაზღვრავენ. აი, ეს არის ევროკავშირის წევრობა, მუხრუჭივითაა – არ აძლევს საშუალებას ქვეყანას, მოწყდეს და როგორც უნდა, ისე წავიდ-წამოვიდეს.

უნგრეთს ეს მუხრუჭი ჰქონდა, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი, რომ ამან გადაარჩინა უნგრეთი საბოლოო ჯამში.

  • საქართველოსგან განსხვავებით უნგრელებისთვის შეიძლება გასაგები ყოფილიყო, რატომ დაბლოკა ორბანმა, მაგალითად, სანქციები პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად – უკრაინის გამო რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთს შეუწყვიტეს, ასევე, მოვისმინეთ ზელენსკის მუქარა ორბანის მიმართ… 

არა მგონია, რომ ორბანის მიმართ მუქარა ვინმემ სერიოზულად აღიქვა. ორბანმა ეს გამოიყენა პოლიტიკურად, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ხუმრობა, უხეში ხუმრობა.

უნგრეთის მოსახლეობას უკვე ყელში აქვს ამოსული ორბანის ავტორიტარული მმართველობა. ორბანი და მისი ოჯახი უმდიდრესი ადამიანები გახდნენ. ამ დროს ქვეყანა ბოლო წლებში გაღარიბდა.

ამჯერად, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ეს პრობლემა მოიხსნება. იმ 13 მილიარდსაც მისცემენ უნგრეთს, როგორც კი რაღაც რეფორმები გატარდება და დემოკრატიას დაუბრუნდება უნგრეთი. დაფინანსებები აღდგება და ეს უნგრეთის ეკონომიკას დაეტყობა ძალიან მალე… უნგრეთი დაუბრუნდება ევროპულ პოლიტიკას. იგი ევროკავშირის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და არ იქნება „ტროას ცხენი“, როგორც აქამდე იყო.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ეს შედეგი აუცილებლად იქონიებს გავლენას სლოვაკეთსა და ჩეხეთზეც. ეს მაგალითი იქნება მათთვის, დააშინებს ეს სიტუაცია და მგონია, რომ შეცვლიან მიდგომებს. არჩევნების ეს შედეგი უნგრეთში სასიკეთოდ იმოქმედებს ბევრ სხვა პროცესზე.

  • ევროკავშირი აქამდე ვერ ასანქცირებდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ორბანის წინააღმდეგობის გამო. ამჯერად უნდა ველოდეთ „ოცნების“ მიმართ სანქციებს? 

რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მოცემულობამ იმოქმედოს სანქციებთან დაკავშირებით და აღარ დაიბლოკოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა „ქართული ოცნების“ მოსათვინიერებლად.

უნგრეთის არჩევნების შედეგი ჩვენთვისაც ძალიან კარგი მაგალითია, პირველ რიგში, ეს ინსპირაციაა: ხალხი დარწმუნდა, რომ ავტორიტარიზმის შემობრუნება დემოკრატიისკენ შესაძლებელია არჩევნების გზით. აუცილებელი არაა რევოლუცია. საჭიროა, ხალხი დადგეს ფეხზე, მობილიზება მოხერხდეს და ამ შემთხვევაში შეუძლებელია, გააყალბო არჩევნები, როცა ორჯერ მეტი ხარ, ვიდრე შენი მოწინააღმდეგე. შეიძლება, ეს იყოს ინსპირაცია ჩვენთვის: არჩევნების გზით როგორ შეიძლება დაამარცხო ავტორიტარული რეჟიმი.

  • არ უშვებთ, რომ ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში? საქართველოში კი, რამდენად შეიძლება იგივე მოხდეს, როცა უკვე ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ ადამიანებს? 

დიახ, ბევრი ამბობს ამას, რომ ჩვენთან სხვა სიტუაციაა, ამიტომაც, ჩვენთან, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვსო. ჩემი აზრით, არჩევნებში მონაწილეობას ყოველთვის აქვს აზრი. ბოიკოტირებით ხილვადობას კარგავენ ოპოზიციური პარტიები, საბოლოო ჯამში, უფრო აძლიერებენ ამით ავტორიტარიზმს, ვიდრე ასუსტებენ.

ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა უფრო მეტი მობილიზება, ადამიანებთან კარდაკარ სიარული და საუბარი.

ამ კონტექსტში არჩევნებია არამარტო ხელისუფლების შეცვლის საშუალება, არამედ ხალხის მობილიზების საშუალება: ინფორმაციის მიწოდების, პარტიებსა და ხალხს შორის მეტი კონტაქტის, მეტი ურთიერთობის განვითარების საშუალება. ცხადია, არავინ არ უშლის პარტიებს წინასაარჩევნო აგიტაციას და რეგიონებში ჩასვლას, მაგრამ გაქვს მიზეზი – არჩევნებია და ჩადიხარ. ახლა რომ ჩახვიდე, მიზეზს ვერ ხედავს ხალხი, როცა ელაპარაკები: რას მთავაზობ?

ახლა თუ ესაუბრები, რას შეცვლი იმ მოქალაქისთვის, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ?

  • პროევროპული მოძრაობის მთავარი გზავნილი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებია. ავტორიტარიზმის პირობებში არჩევნები საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე რეალურია? 

შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ, ჩემი აზრით, არჩევნების გზით ხალხის მობილიზება და აქტიური კამპანიის წარმოება ყოველთვის სარგებლის მომტანია. იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბებულია, ცუდი გარემოა და ასე შემდეგ, შეიძლება, ვერ გაიმარჯვო არჩევნებში, კი ბატონო, ამის დიდი შანსია, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს, ამ პარტიას რა იდეები აქვს, რომ მას უნდა მშვიდობიანად შეცვალოს ხელისუფლება, გაიგოს, რა გაყალბდა და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე სწორედ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად.

  • კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც უნგრეთში გადაარჩინა დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია? 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მხარს უჭერდა ორბანს, იზოლაცია ევროპის მასშტაბით და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან საერთოდ მსოფლიოში, დამთრგუნველი იყო უნგრელი ხალხისთვის მთლიანობაში.

მნიშვნელოვანი იყო სკანდალი რუსეთთან: აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრებოდა ლავროვს ევროკავშირის საბჭოს სხდომების დროს – ევროკავშირის მტერს აწვდიდა ინფორმაციას და უზიარებდა, რა სანქციებზე იყო, მაგალითად, საუბარი. ეს საუბარი იყო დახურულ შეხვედრებზე. ეს ღალატია. ამიტომაც, ლოზუნგი გახდა: რუსებო, წადით! ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც იმართება მოსკოვიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი.

ასევე, უნგრეთის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ გართულდა ბოლო წლებში. ამას ადამიანები აბრალებენ, რა თქმა უნდა, არასწორ პოლიტიკას, მათ შორის კორუფციას, ინვესტიციების შემცირებას. ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი სკანდალია აგორებული უნგრეთის ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, როცა არ ენდობიან უნგრეთის სასამართლოებს, ბუნებრივია, შემცირდა ინვესტიციები.

  • ორბანის მარცხი როგორ აისახება რუსეთზე, თქვენი დაკვირვებით? პუტინმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა, ამჯერად ევროკავშირში. 

ცხადია, რუსეთი ამყარებდა ძალიან დიდ იმედებს უნგრეთზე და არამარტო რუსეთი, მთლიანობაში, მემარჯვენე პოპულისტური ძალები. რუსეთი ექსტრემალური მაგალითია ამ ძალების, მაგრამ გნებავთ ტრამპი და სხვა ბევრი არის ულტრამემარჯვენე პოპულისტი. ბაბიშიც [ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი] უნგრეთის გავლენით მოვიდა ხელისუფლებაში. ეს ძალები გერმანიაშიც არიან და საფრანგეთშიც იგივე ლე პენის პარტიის სახით, ნიდერლანდებშიც არიან, დიდ ბრიტანეთში. ამ ძალებს ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ უნგრეთი აი, გაიტანს თავისას და დააჩოქებს ევროკავშირს. ამიტომაც, არჩევნების ეს შედეგი ულტრამემარჯვენე ძალებს სერიოზულად დაასუსტებს.

საქართველოში ძალიან დიდი აგიტაცია მიმდინარეობდა იმაზე, რომ აი, ნამდვილი ევროპა არის ორბანი, ორბანმა ააყვავა უნგრეთი და ვითომ ორბანი არის ძლიერი მმართველი. გვეუბნებოდნენ, რომ დანარჩენი ევრობიუროკრატია ებრძვის ორბანს. აღმოჩნდა, რომ ორბანს ვერ იტანს საკუთარი ხალხი. ორბანი ევრობიუროკრატიამ კი არ ჩამოაგდო იქიდან, არამედ საკუთარმა ხალხმა გაისტუმრა.

ეს მითი დაიმსხვრა მთლიანობაში. ხალხმა დაინახა, რომ ასე არ არის საქმე. დაინახა, რომ ავტორიტარიზმი ვერ სჯობნის ლიბერალურ დემოკრატიას. სინამდვილეში, ლიბერალურ დემოკრატიას შეუძლია მობილიზება, შეუძლია კარგად დაგეგმვა ყველაფრის და დიდი ფულის და დიდი რესურსის წინააღმდეგაც კი გამარჯვება იმიტომ, რომ ის ემსახურება თავის ხალხს.

ალბათ ბევრი გადააფასებს თავის შეხედულებებს, რაც მათ ჰქონდათ აქამდე.

  • ივანიშვილი რას შეცვლის თავის საგარეო პოლიტიკაში ორბანის მარცხის შემდეგ, თქვენი აზრით? 

ივანიშვილი ხომ არანაირი იდეოლოგიური აქტორი არ არის. იდეოლოგია ივანიშვილისთვის უცხო ხილია. ის არის ოპორტუნისტი. ამიტომაც, ივანიშვილი შეეცდება გადააათამაშოს ყველაფერი, ახალი მოკავშირეები მოძებნოს. ივანიშვილმა შეიძლება მთავრობაშიც შეცვალოს ხალხი, მაგალითად, ორბანთან ძალიან მეგობრობდა ირაკლი კობახიძე. არ არის გამორიცხული გადაწყვიტოს: მოდი, კობახიძეს შევცვლი იმიტომ, რომ ძალიან არის ასოცირებული ორბანთან.

ვფიქრობ, ის გზა, რაც ჰქონდა არჩეული ივანიშვილს – ევროპასთან კონფრონტაცია, ევროკავშირის იძულება და დათმობაზე წამოეყვანა, ეს გზა ჩავარდა, ახლა ევროპა ბევრად უფრო ხისტი გახდება და მომთხოვნი. ასე რომ, ევროკავშირი არაფერს არ დაუთმობს ფიცოს, ან ბაბიშს.

  • შეიძლება ამ მოცემულობაში საქართველო კვლავ გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგის ნაწილი, რომ ევროკავშირი ივანიშვილის მიმართაც გახდეს უფრო ხისტი და მომთხოვნი? 

მართალი გითხრათ, ცოტა რთული დროა და არ გამოვრიცხავ, ასე გადაწყვიტონ: მოდი, საერთოდ დავანებოთ თავი საქართველოს! ვერ გეტყვით, ზუსტად როგორ მოხდება. ამიტომაც, საჭირო აქტიური პოლიტიკური მოძრაობა, რომ არ დაგვივიწყონ საერთოდ.

ბათუმის მერია ჯავახიშვილზე მიწის ნაკვეთს ყიდის, დაინტერესებულია „ოცნების“ შემწირველი

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ფიროსმანის, ასევე ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ერთ კვარტალში ოთხ საკადასტრო ერთეულ მიწის ნაკვეთს, ჯამში 980 კვ. მეტრს და მასზე მდებარე ძველ შენობებს გაყიდის. ოთხივე ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ქონებას მერია აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანს და, საერთო ჯამში, მათი ფასი 4 მილიონ 370 800 ლარი იქნება. ამას დაემატება ბიჯების ოდენობაც.

მონიშნულია გასაყიდი ადგილი და ქონება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ქონების შეძენა „ოცნების“ შემწირველ კომპანიას – შპს „აჭარა ბურჯს“ სურს, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. ამ კომპანიას გვერდით მდებარე კერძო ქონების დიდი ნაწილი უკვე გამოსყიდული აქვს.

შპს „აჭარა ბურჯი“ 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა – მისი 50 პროცენტი მურად დუმბაძეს, 50 პროცენტი კი ბესარიონ ბაჯელიძეს ეკუთვნით.

ბესარიონ ბაჯელიძემ 2016 წლიდან დღემდე „ოცნებას“ 250 000 ლარი შესწირა.

გასაყიდი ფართობის მოპირდაპირედ, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან კომპლექსის მშენებლობას შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ გეგმავს.

ბათუმი, ფიროსმანის #1
პროექტის რენდერი

აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ამ თემაზე:

ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა

 

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება.

შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა.

„აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კორესპონდენციები, რომლებიც ეხება 2026 წლის 19-26 აპრილს, ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით დაგეგმილი გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერის საკითხს.

სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მიერ დეტალურად იქნა შესასყიდი მომსახურების აღწერილობა გაწერილი, დადგენილ იქნა მომსახურების საბაზრო ღირებულება, თუმცა მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გზით არ ესწრება“, – წერს სამინისტრო.

აჭარის კულტურის სამინისტრომ ფედერაციის წერილები, რომლებსაც ამავე ფედერაციის პრეზიდენტი და „ოცნების“ პარლამენტარი ლაშა ტალახაძე აწერს ხელს, 25 და 31 მარტს მიიღო.

თუმცა, მანამდე, 2026 წლის 18 მარტს, სამინისტროში აჭარის მთავრობის განკარგულებაც მიუღიათ იგივე თხოვნით, ანუ – „2026 წლის 19-26 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“

„წარმოდგენილი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 250 000 ლარს გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით“, – წერს ელისო ბოლქვაძეს ამავე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე.

„ცერემონიას დაესწრებიან როგორც სპორტსმენები, ასევე, მოწვეული სტუმრები, მათ შორის დელეგაციების წარმომადგენლები და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ჩემპიონატის პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე, მუსიკალური ნომრები.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ჩემპიონატის პოპულარიზაციას, ასევე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქვეყნის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე“, – წერს სამინისტრო.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წერილით ირკვევა, რომ „ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია იგეგმება 20 აპრილს“.

———————————————

მთავარი ფოტო არქივიდან

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა:

  • Tisza – მადიარის პარტია: 138 მანდატი
  • Fidesz – ორბანის პარტია: 55 მანდატი
  • MH – ულტრამემარჯვენე პარტია: 6 მანდატი

„ბიბისი“ წერს, რომ 45 წლის პეტერ მადიარი ბუდაპეშტელი იურისტების ელიტარული ოჯახიდანაა. მადიარის ბაბუა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და პოპულარული შოუს – „იურიდიული საქმეების“ წამყვანი იყო. იურისტები იყვნენ მისი მშობლებიც, ხოლო ნათლია, ფერენც მადლი იყო ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი და 2000 წლიდან 2005 წლამდე – უნგრეთის პრეზიდენტი.

მადიარიც ორბანის პარტიის, „ფიდესის“ წევრი იყო. იგი ამ პარტიას სტუდენტობისას, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეუერთდა, როგორც მედია წერს, სოლიდარობის ნიშნად.

2009 წელს მადიარი ბრიუსელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი ცოლი, ორბანის პარტიის წევრი, ჯუდიტ ვარგა უნგრელი ევროპარლამენტარის, იანოშ ადერის, ასისტენტი იყო. 2012 წლიდან მადიარი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და უნგრეთის ევროკავშირის წარმომადგენლობაში მცირე თანამდებობებს იკავებდა.

2018 წელს ოჯახი ბუდაპეშტში დაბრუნდა, სადაც მადიარის ცოლს, ჯუდიტ ვარგას ორბანის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, შემდეგ წელს კი იგი იუსტიციის მინისტრად დანიშნეს.

ამავე პერიოდში პეტერ მადიარს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, სახელმწიფო ბანკში ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2023 წელს მადიარი და ჯუდიტ ვარგა განქორწინდნენ.

პეტერ მადიარი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად იქცა უნგრეთში მომხდარი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლში პედოფილიის დაფარვის მცდელობისა და მსხვერპლზე ზეწოლის გამო. ინფორმაცია შეწყალების შესახებ 2024 წელს გახმაურდა, ხელისუფლებამ სკანდალის გადაფარვა ვერ შეძლო და პრეზიდენტი გადადგა.

ნოვაკის გადადგომის შესახებ განცხადებიდან მეორე დღეს პეტერ მადიარი დამოუკიდებელი YouTube არხის Partizan-ის სტუდიაში მივიდა და თითქმის ორსაათიანი ინტერვიუ მისცა, რამაც მისი პოპულარობა მკვეთრად გაზარდა.

„ვიდეომ სწრაფად მიაღწია 2 მილიონ ნახვას – ფანტასტიკური შედეგი უნგრეთისთვის, 10-მილიონიანი ქვეყნისთვის.

ინტერვიუში არ იყო კონკრეტული ბრალდებები: მადიარი უფრო მეტად საუბრობდა თავად უნგრეთის მთავრობის გახრწნასა და და კორუფციაზე. თუმცა, ეს უკვე სენსაცია იყო ქვეყანაში, სადაც სისტემის ცოდვებს მხოლოდ ოპოზიციის აღიარებული ფიგურები ან, საუკეთესო შემთხვევაში, დამოუკიდებელი მედიები განიხილავდნენ. თავის მხრივ, მადიარი უფრო იმედგაცრუებულ ინსაიდერს ჰგავდა, ვიდრე რევოლუციონერს – ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს უნგრეთის სისტემა, როგორ ერწყმის პოლიტიკა საიდუმლო სამსახურებსა და ბიზნესს და რომელსაც აღარ შეუძლია არასწორ სისტემაში ცხოვრება. 

ერთი სიტყვით, ინტერვიუმ ფურორი მოახდინა“, – წერს „ბიბისი“. 

2024 წლის 15 მარტს, უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის დღეს, მადიარმა უნგრელებს ბუდაპეშტის ცენტრალურ გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა. უნგრული მედია წერდა, რომ შეიკრიბა 30 000-ზე მეტი ადამიანი, უფრო მეტი, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ახერხებდნენ ბოლო წლებში. აქციაზე მადიარმა განაცხადა, რომ ქმნიდა საკუთარი პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც გაწევრიანება შეეძლო ყველა უნგრელს, რომელსაც სურდა „საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა“.

2024 წლის აპრილში პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ევროპარლამენტში კენჭს იყრიდნენ პარტია „ტისას“ შემადგენლობაში, რომელიც 4 წლით ადრე იყო რეგისტრირებული სხვა პირების მიერ და უნგრული მედია მას „ორკაციან პარტიას“ უწოდებდა. ტისა ევროპის თითქმის ათასკილომეტრიანი მდინარის სახელწოდებაა, დუნაის მთავარი შენაკადის.

„ტისას“ შემდეგ  მადიარმა გამოაცხადა გუნდების შერჩევის დაწყებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ, ევროპარლამენტის და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

„ბიბისი“ წერს, რომ მადიარის წარმატების მთავარ ფაქტორზე საუბრისას, უნგრული საზოგადოების ვიქტორ ორბანის ხანგრძლივი მმართველობით დაღლის გარდა სპეციალისტები ასახელებენ მადიარის შრომისუნარიანობასა და შეუპოვრობას. „ტისა“ უნგრეთის ქალაქებსა და სოფლებში დადიოდა და მადიარი ამომრჩევლებთან დღეში ოთხ, ხუთ ან თუნდაც ექვს შეხვედრას მართავდა.

მადიარი ჩადიოდა პატარა ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ორბანის მხარდამჭერად ითვლებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრებისას მადიარი აუცილებლად მიმართავდა მათ, პასუხობდა სპონტანურ შეკითხვებს და ფოტოს იღებდა ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. მადიარი ხუმრობდა, რომ უნგრეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი სელფი მას ჰქონდა გადაღებული.

ევროპარლამენტის არჩევნების ორთვიანი კამპანია „ტისას“ წარმატებით დასრულდა. პარტიამ ხმების თითქმის 30% მიიღო და შვიდი წარმომადგენელი შეიყვანა ევროპარლამენტში, რომელსაც თავად პეტერ მადიარი ხელმძღვანელობდა.

ცხადი გახდა, რომ „ტისას“ მთავარი მიზანი იყო 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები და მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

2025 წელს „ტისას“ საარჩევნო კამპანია უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ფოკუსირდა. მადიარი ჩადიოდა ისეთ შორეულ ადგილებშიც, სადაც პოლიტიკოსები იშვიათად უნახავთ. საუბრისას ის ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რაშიც ორბანის მთავრობა სუსტი იყო.

მადიარმა შექმნა „ტისას კუნძულების“ ქსელი – ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში კამპანიას უჭერდნენ მხარს. „ტისას კუნძულის“ შექმნა მინიმუმ 5 მოხალისისგან იყო შესაძლებელი.

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მადიარის წინააღმდეგ არაერთი პოლიტიკური სკანდალის ფონზე, მას უწოდებდნენ ბრიუსელის აგენტსაც, თუმცა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსი ამან ვერ დააზარალა.

პეტერ მადიარი მემარჯვენე პოლიტიკოსია, მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას უჭერს მხარს და ძალიან ფრთხილად საუბრობს ლგბტ უფლებებზე. მის გუნდში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

მადიარის წარმატების შეფასებისას მიმომხილველები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად უნგრელების უკეთესის მოლოდინსა და ცვლილებების იმედს ასახელებენ.

12 აპრილს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მადიარმა განაცხადა, რომ მათ გაათავისუფლეს უნგრეთი.

„ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მან პირობა დადო, რომ წარმოადგენს „ყველა უნგრელის ინტერესებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა უნგრელების“.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, 12 აპრილს მადიარს გამოსვლას დროდადრო აწყვეტინებდა მხარდამჭერთა შეძახილები, რომლებიც სკანდირებდნენ: „ევროპა! ევროპა!“

მადიარმა უკვე განაცხადა, თუ სად შედგება მისი პირველი საგარეო ოფიციალური ვიზიტი. მან თქვა, რომ პირველი გაჩერება პოლონეთი, ვარშავა იქნება და დასძინა, რომ აღადგენს და გააფართოებს თანამშრომლობას ვიშეგრადის ჯგუფში, რომელშიც შედიან: უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

„ბუდაპეშტი ევროკავშირისა და ნატოს ძლიერი მოკავშირე იქნება“, – თქვა მან.

_________________

ფოტოზე: პეტერ მადიარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/BOGLARKA BODNAR

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დღეს, 13 აპრილს შეუწყდა. როგორც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში“ განმარტეს, გაზის შეწყვეტა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულ დაზიანებას უკავშირდება.

გაზის მიწოდება ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუწყდათ.

სმს შეტყობინებაში, რომელიც „სოკარის“ აბონენტებმა მიიღეს, აღნიშნულია, რომ აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 14 აპრილიდან, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე, თუმცა კომპანია „სოკარში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდება შესაძლოა დღესაც აღდგეს.

„სოკარი“ მოუწოდებს აბონენტებს გაზის დანადგარები და ონკანები ჰქონდეთ ჩაკეტილი.

 

როგორ ეხმარებიან ხალხს NGO-ები დევნის პირობებში

ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, სადაც ბოლო 3 წელია საიას ოფისი ფუნქციონირებს, ყოველდღე არაერთი ადამიანი მიდის საბუთებით ხელში იმისათვის, რომ სიას იურისტებისგან მიიღოს არამხოლოდ კვალიფიციური კონსულტაცია, არამედ შესაბამისი დახმარებაც, სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში [საია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია].

ზოგს „ბიუროკრატიის ლაბირინთებიდან“ გამოსვლა უნდა, ზოგს განცხადება აქვს დასაწერი უწყებაში წარსადგენად, ზოგი კი დავის დასაწყებად ემზადება.

როგორც თავად გვიამბეს, სახელმწიფო დაწესებულებებშიც კი ეუბნებიან, რომ მივიდნენ საიაში, „იქ დაგაწერინებენო“, ანუ საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეებს ისევ საიაში აგზავნიან.

მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური იურისტის დახმარებას უფასოდ იღებდნენ, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ რუსული კანონისა და ასევე ე.წ. ფარას კანონის მიღების შემდეგ. როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ ოფისებში იურისტებს მოქალაქეთა დასახმარებლად დრო აღარ რჩებათ.

კრიზისი რეგიონებში უფრო შესამჩნევია – საიას აღარ აქვს შესაძლებლობა სამოქალაქო დავებში იმ დოზით ჩაერთოს, როგორც ამას რუსული და სხვა დრაკონული კანონების დამტკიცებამდე აკეთებდა.

„2024 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც პირველი რუსული კანონი მიიღეს, რომელიც ე.წ. გამჭვირვალობის კანონის სახელით არის ცნობილი, დაიწყო რეპრესიული კლიმატის შექმნა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დაუდო საფუძველი ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც წნეხის ქვეშ არიან არა მარტო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, არამედ ინდივიდებიც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ. რუსული კანონი, რომელიც 2024 წელს მიიღეს, თუ სამიზნედ აქცევდა ორგანიზაციას, 2025 წელს მიღებულმა „ფარას კანონმა“ მიზანში ამოიღო ინდივიდები – ის ინდივიდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

მათ შორის გრანტების კანონთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი გრანტი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, ანუ სახელმწიფოს ავტორიზაციის გარეშე არ უნდა იქნას მიღებული. აი, ამ ყველაფერმა ერთიანობაში შექმნა ძალიან მკაცრი კლიმატი არასამთავრობო ორგანიზაციების ოპერირებისთვის. ამას დაემატა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრეს ე.წ. საბოტაჟის საქმის ქვეშ, ანუ ფიქციური საქმე. ერთიანობაში ამან გააძლიერა წნეხი, რომელიც არსებობს სექტორზე“, – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.

რუსული კანონის, ე.წ. ფარას და სხვა კანონების დამტკიცებამდე ბათუმში საიას ოფისის შესასვლელ კართან ხშირად ათეულობით მოქალაქე საათობით იდგა რიგში. ბათუმში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, საია იცავდა მოქალაქეებს, ვისაც მათ წინააღმდეგ ჩადენილი უკანონობის შემდეგ დაცვის სხვა შესაძლებლობა არ გააჩნდათ. მათ შორის არაერთი გახმაურებული საქმე იყო.

ვიდრე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, საიას აჭარის ფილიალს კონსულტაციისთვის უფრო ხშირად ქონებრივ, შრომით და საოჯახო საკითხებზე მიმართავდნენ.

ევროკავშირისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საია აჭარაში მონაწილეობდა ქალებზე ძალადობის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ არაერთ ღონისძიებაში. საიას ჰქონდა ასევე სტაჟირების პროგრამა ახალკურსდამთავრებული იურისტებისთვის – ეს შესაძლებლობა მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ დაკარგეს.

საპროტესტო აქციებზე დაკავებებისა და დაჯარიმებების შემდეგ კი, ბათუმში საიას და კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტებს ათეულობით მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება-დაჯარიმების საქმეები დაემატათ.

  • რას ნიშნავს ორგანიზაციის მუშაობა კრიზისულ რეჟიმში?

დაახლოებით ერთი თვის წინ, 2026 წლის 14 მარტს, საიამ განაცხადა, რომ „ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში დროებით კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე გადადის“:

„31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“.

საიას განცხადებაშია ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით გააგრძელებს.

„ის აქტივობები, რომელიც ამ კლიმატის შექმნამდე იყო შესაძლებელი, დღეს შეუძლებელია, მათ შორის სამართლებრივი დახმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას არ ვაგრძელებთ. კრიზისულ რეჟიმზე გადასვლა ჩვენი მხრიდან სწორედ ეს გზავნილი საზოგადოებისთვის: ყველაფერი, რაც ამ კლიმატის ჩამოყალიბებამდე არსებობდა, დღეს მოითხოვს სხვაგვარ მიდგომას – ჩვენ ვაგრძელებთ უფლებადარღვევების სტრატეგიულ სამართალწარმოებას და დოკუმენტირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუტინულად ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი დახმარების გაცემას პირადი კონსულტაციების სახით.

მკითხველმაც რომ წარმოიდგინოს, ქვეყნის მოქალაქე იქნებოდა თუ არამოქალაქე პირი, მას შეეძლო, ჩვენი ქვეყნის 9 რეგიონში საიას ოფისის კართან მოსულიყო და მიეღო კონსულტაცია. დღეს ეს შეუძლებელია და იმ კლიმატის შედეგია, რაც სახელმწიფოში გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი.

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის განმარტებით, „ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც ამ კანონების არსებობამდე „მოდუს ოპერანდი“ იყო ორგანიზაციებისთვის, როგორიც, მაგალითად რუტინული სამართლებრივი დახმარება, რასაც ჩვენ Legal Aid-ს ვეძახით [იურიდიული დახმარება], ეს დღეს შეუძლებელია. გრანტების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ყველა გრანტი იყოს ავტორიზებული საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ეფექტიანად კეტავს ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობებს.

ჩვენ ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული და მივიჩნევთ, რომ ასეთი ცვლილების მიღება გაერთიანების თავისუფლებაში არათანაზომიერი ჩარევაა – ორგანიზაციის დავალდებულება გრანტის მიღებისთვის ჰქონდეს თანხმობა.“

„დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებულმა არაკონსტიტუციურმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასა და ან მის სრულად ელიმინაციაზეა მიმართული, მნიშვნელოვნად შეავიწროვა უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე.
გარდა ამისა, რეპრესიულმა გარემომ სამოქალაქო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტა ან მკვეთრად შეემცირებინა საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლის რეჟიმი დაამკვიდრა.
არსებულმა გარემომ გავლენა მოახდინა საია-ს საქმიანობაზეც. ორგანიზაციას დროებით მოუხდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის, დაზიანდა ის პროგრამები, რომლებიც მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფდა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც წლიურად ყოველდღიური უფასო პირადი, სატელეფონო თუ ონლაინ კონსულტაციებით, დოკუმენტების მომზადებითა და საპროცესო წარმომადგენლობით იღებდა.
31-წლიანი გამოცდილებითა და საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობით, საია ასევე აგრძელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, დარღვევების დოკუმენტირებას და მათზე საჯარო, მკაფიო და დასაბუთებულ რეაგირებას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
რუსული კანონების მიღებამდე საია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია იყო საქართველოში. ის უფასო სამართლებრივ დახმარებას მოქალაქეებს უწევდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, 31 წლის განმავლობაში, მოქალაქეები ახერხებდნენ საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში.
დაარსებიდან დღემდე, საიას იურისტებმა 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწიეს.

ალბათ სწორედ ამიტომაც, ბათუმში, საიას ოფისში მისული ზოგი მოქალაქე უკმაყოფილებას ვერ მალავს და გაბრაზებული ბრუნდება უკან – მათ სურთ საია იგივე დატვირთვით ჩაერთოს საქმეებში, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საქართველოში არასამთავრობოების წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონების შესახებ არაფერი სმენიათ.

მართალია, საიას იურისტები დღემდე გასცემენ სატელეფონო კონსულტაციებს, ზოგჯერ სარჩელებსაც ამზადებენ, თუმცა ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამოუწურავი მხარდაჭერა, რაც ამ დრომდე მოქალაქეებს უფასოდ ჰქონდათ, ახლა შეფერხებულია.

ახლა მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთს ვერ ირეგისტრირებენ ან მიაჩნიათ, რომ ჯარიმა უკანონოდ დააკისრეს, სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, სამუშაო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენეს, ქონებას ართმევენ, ავიწროებენ და ასე შემდეგ… უწევთ „ბოლო თეთრები“ გადაიხადონ იურისტის დახმარების მისაღებად – იურისტის მომსახურება კი საქართველოში დიდ ფინანსებს უკავშირდება.

საიას მსგავსად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისიც წლების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერებს დაეხმარა ქონების, ძირითადად მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაში – ორგანიზაციის იურისტები წლობით დავობდნენ სასამართლოში იმ ფონზე, როცა სოფლად მცხოვრები ადამიანებს სახელმწიფო ხელოვნურად აბრკოლებდა მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე, განსაკუთრებით კი ზღვისპირა დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს.

ვინც ისარგებლა არასამთავრობოების უფასო მომსახურებით, ამბობენ, რომ მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ და „ეს არის სიკეთე, რომელიც არ უნდა გაჩერდეს, რომ ხვალ სხვებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ სიკეთით ისარგებლონ.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ დახმარებით 86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო. კიდევ ერთმა 80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო. 

ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა ბენეფიციარზე, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეისყიდა ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზანკაში, თუმცა მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა. წლები დასჭირდათ, თუმცა ნოდარ აბაშიძემ იურისტ ანა ბერძენიშვილთან ერთად დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

ანა ბერძენიშვილი და მისი ბენეფიციარი „გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისთან
წლების ბრძოლის შემდეგ ანამ საჯარო რეესტრის ამონაწერი ჩარჩოში ჩასვა და ისე გადასცა ნოდარ აბაშიძეს.

ერთ-ერთი საქმის მსვლელობის დროს ანა ბერძენიშვილი 86 წლის ბენეფიციარის, ლადო მჟავანაძის აქტივობას აღწერს:

„ტელეფონზე თუ არ ვუპასუხე, ვაიბერით რეკავს, აქაც თუ არ ვუპასუხე, ვოთსაპზე, მერე მესინჯერზე გადადის და მერე სიგნალითა და ტელეგრამით ამთავრებს“.

ლადო მჟავანაძე 10 წელზე მეტხანს იბრძოდა საკუთარი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის. მან კარგად იცოდა, რომ გაუჭირდებოდა „გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობის გარეშე, ამიტომაც სწერდა მადლობის წერილებს „მთავარ იურისტს“, ანა ბერძენიშვილს. ერთ-ერთი ასეთი წერილი ანას გამოქვეყნებულიც ჰქონდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც ლადო მჟავანაძე მას სწერს, კიდევ უნდა გთხოვოთ დახმარება, რადგან გონიოს მოსახლეობას თქვენს გარეშე არ შეგვიძლიაო:

ლადო მჟავანაძის წერილი

ანა ბერძენიშვილის, როგორც „გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს, არაერთი საქმე ჰქონდა, რომელიც პენსიონერი მოქალაქისთვის კუთვნილი პენსიის დაბრუნებას ითვალისწინებდა. ანა მსგავს საქმებზე ხუმრობით წერდა, დიდი ძალისხმევის გაღება მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ როგორც „კეისარს კეისრისა, პენსიონერს თავისი უნდა მიეცეს.“

ევროკავშირის დაფინანსებით, საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს ახორციელებდნენ შშმ პირები და მათი ორგანიზაციები. გარდა ამისა, ისინი მონიტორინგს უწევდნენ ბიუჯეტის დაგეგმვას, დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას და ეფექტურობას.
„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე.
დეა ერემაშვილი
ამ პროექტების დაფინანსება შეჩერდა, ორგანიზაციები კი დახურვის ზღვარზეა, არაერთმა საგანმანათლებლო ორგანიზაციამ კი  მუშაობა უკვე შეაჩერა. 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 312 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 861 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 386 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 39 915 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 728 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 346 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 235 394 ერთეული [+1 528]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 89 099 ერთეული [+185]
  • სპეცტექნიკა – 4 123 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო.

კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.

თუმცა, ასე არ მოხდა.

საინტერესოა, ამდენხანს რატომ არ იმოქმედა მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად? – პასუხი არ გვაქვს.

ბოლო წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ [თუ ბათუმის ახალი მერი, მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამ პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს], დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადონ ელექტრონული აუქციონი საკურორტო სეზონზე – პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრონულ პროცედურას თავისი ვადები აქვს. გარდა ამისა, მომავალ მოიჯარეებს ინფრასტრუქტურის გასამართად დრო დასჭირდებათ, საკურორტო სეზონს მომზადებულები რომ შეხვდნენ.

მართლა ცდილობს მერია გონიო-კვარიათში მსუბუქი საპლაჟო ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ამას კანონი ითხოვს, თუ ფულიანი ბიზნესმენები ისევ მიაღწევენ თავის მიზანს – პლაჟზე ჩადგან შეუსაბამო მასშტაბის შენობები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

მანამდე მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ 35 ობიექტის მფლობელი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა:

„ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.“

მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.

სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში.

ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.

„2026 წლის 27-29 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH) პარტნიორობით იგეგმება მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და ღონისძიების ფარგლებში მაღალი დონის მინისტერიალის ჩატარება სასტუმრო „Paragraph Freedom Square, a Luxery Collection Hotel“-ში.

აღნიშნული მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება 50-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის/მინისტრის მოადგილის, ასევე, მთავარი ვეტერინარების, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის და ამავე ორგანიზაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების მოწვევა.

27 აპრილს მოხდება დელეგაციების ჩამოსვლა და აეროპორტში დახვედრა, ხოლო 29 აპრილს დელეგაციების გაცილება. 3 დღის განმავლობაში იგეგმება ასევე კულტურული გასვლითი არაერთი ღონისძიების ჩატარება“, – წერს სურსათის სააგენტო.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ მათ „ხშირად სტუმრობს მაღალი რანგის დელეგაციები, სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რაც თავისთავად საჭიროებს საპროტოკოლო მომსახურებას.

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს ავტოპარკში არ არის არცერთი წარმომადგენლობითი/საპროტოკოლო კლასის ავტომობილი, ვფიქრობთ საქართველოში მოწვეული სტუმრების, მნიშვნელობისა და სტატუსის ხაზგასმით აღსანიშნავად, მათი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შეძენილ იქნას: ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის, სედანის ტიპის ავტომანქანა და ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის მინივენი არაუმეტეს 6+1 ადგილიანი.“

სურსათის სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ ავტომობილების გადაუდებელი აუცილებლობით შეძენა ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული „ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 2026 წლის იანვარში“.

„სტუმრების სათანადოდ ვერ დახვედრა და მომსახურება არასასურველ გავლენას მოახდენს სააგენტოსა და ქვეყნის რეპუტაციაზე“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

განახლება: მოგვიანებით სააგენტომ ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მაისს მთავრდება. 

სურსათის სააგენტოს სასტუმრო „პარაგრაფთან“ ცალკე 116 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 218,3 აშშ დოლარის ღირებულების 55-ერთადგილიანი ნომრის და 354 აშშ დოლარის ღირებულების 5 უმაღლესი კლასის ნომრის დაჯავშნას 2026 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილამდე პერიოდში.

„116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ბიძინას სასტუმროს – წაგებაზე მუშაობს სასტუმროო და დაირაზმნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, იქნებ ამოქაჩონ“, – დაწერა სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ.

ამ თემაზე: სურსათის სააგენტომ „პარაგრაფს“ 116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა

ვინ აწყობს ოღროჩოღრო ტროტუარს ვარშანიძის ქუჩაზე – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ

„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა.

მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ:

„აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“.

ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი კი აპროტესტებს:

„საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა გაკეთდეს ვინმეს ან ჩემი სურვილის მიხედვით. უნდა გაკეთდეს ისე, როგორც საზოგადოებრივ სივრცეს შეეფერება, რომ ყველასთვის იყოს უსაფრთხო. თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სახლი არ მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ უნდა გავიარო? ბავშვი არ უნდა  გავატარო? – არ მესმის. ნუთუ ოცდამეერთე საუკუნეში არ არის შესაძლებელი ტროტუარი ისე გაკეთდეს, რომ ხალხს ჭიშკარში შესასვლელიც ჰქონდეს და ტროტუარიც უსაფრთხო იყოს. ამბობენ, რომ ეს არ შეუძლიათ? “ 

ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, პარალელურად აწყობენ ტროტუარს. აქ ქუჩის ერთი მხარე მომაღლოა, რომლის გასწვრივაც მოსახლეობა კერძო, ეზოებიან სახლებში ცხოვრობს. ამ მხარეს ახალდაგებული ტროტუარი უსწორმასწოროა. რიგ შემთხვევებში ფორმას იცვლის, დაბლდება ან მაღლდება, რიგ შემთხვევებში კი მკვეთრად დამრეცია.

აქ მცხოვრებთა ერთი ნაწილი ტროტუარის ასეთი ფორმით მოწყობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, რომლის გამოყენებაც უსაფრთხოდ არ იქნება შესაძლებელი.

ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა
ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა

ახალდაგებული ტროტუარი დეფორმირებულია #13 -ე სკოლის წინაც.

აქ მონდომებით ამტკიცებენ, რომ ტროტუარების ამ ფორმით მოწყობა აუცილებელი იყო, რადგან სხვანაირად კერძო სახლების ეზოებში შესასვლელები უქმდებოდა.

„ხომ ხედავთ ტროტუარი მაღალია, ქუჩიდან ხომ არ ამოვხტები, ეზოში ხომ უნდა შევიდე, მანქანა არ შევიყვანო? – მითხარით აბა როგორ შევიყვან“.

 

ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა
ბათუმი ვარშანიძის ქუჩა

დახრილ ტროტუარს დახრილად მიჰყვება უსინათლოთა ბილიკიც.

ალბათ არც დამკვეთმა, ბათუმის მერიამ და არც შემსრულებელმა, გამოცდილმა კომპანიამ არ იცის, რომ ეს ოღროჩოღრო ტროტუარი ვერ იქნება სტანდარტული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობას შეძლებს ბავშვი, შშმ პირი, ეტლით მოსარგებლე, უსინათლო, ასაკოვანი…

ვარშანიძის ქუჩა

ქუჩის მეორე მხარეს, სადაც ადგილი შედარებით დაბალია, ტროტუარიც უკეთესია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სწორია, ადგილზე ხელოსანმა გვითხრა, რომ ჯერ მუშაობენ და უნდა ვაცალოთ, თან დაამატა: „მაი, რომ გაწვიმდება დაჯდება.“

ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, რომელიც ადგილზე მუშაობდა, ქუჩის ზედა მხარეს, სადაც ადრე რკინიგზის ლიანდაგი გადიოდა, იმდენად მყარად იყო ჩაბეტონებული, რომ გაუჭირდათ მისი ამოჭრა და გასწორება: „არ იცით, რომ აქ ლიანდაგი გადიოდა?“

ქუჩის მეორე, შესადარებით დაბალი და სწორი ნაწილი

ვარშანიძის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ გამოყურება ახლადდაგებული ტროტუარი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბათუმის მერია შეგვპირდა, რომ ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებდნენ – „ვნახეთ ვიდეო და ვარკვევთო“. ერთი დღე უშედეგოდ ველოდეთ.

უქმე დღეების გამო პრესსამსახურმა შესაბამისი სამსახურებისგან განმარტების მიღება და ჩვენთვის მოწოდება ვეღარ მოახერხა.

ვარშანიძის ქუჩაზე გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ბონდი 2009“ აწარმოებს.

ბათუმის მერიას ვკითხეთ ამ შემთხვევაშიც ხომ არ მუშაობს კომპანია კონტრაქტის გარეშე, რადგან შესყიდვების სააგენტოს მონაცემებში, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ვერცერთ ჩამონათვალში ეს ქუჩა ვერ ვიპოვეთ.

ამ დროისთვის კომპანიას ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოსთან ორი მიმდინარე ხელშეკრულება აქვს, ერთ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 15 ქუჩაზე უნდა აწარმოოს სამუშაოები. მეორე ხელშეკრულების მიხედვით კი, რომელიც ასევე გასულ წელს არის გაფორმებული, კომპანიას ქალაქის ქუჩების  სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, ქუჩები სატენდერო დოკუმენტებში დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ვარშანიძის ქუჩა არ არის მიღება- ჩაბარების დოკუმენტებში, სადაც შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია.

___

 

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

 

ვალდაის რეზიდენციაში, სადაც კაბაევა და პუტინის ვაჟები დიდ დროს ატარებენ Панцирь-ის 7 ახალი კოშკურა დაამატეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვალდაის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე Панцирь-С1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას.

თანამგზავრული ფოტოების თანახმად, შვიდი ახალი საჰაერო თავდაცვის კოშკურების მშენებლობა ერთ დღეს – 17 მარტს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი კი უკვე აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.

ისევე, როგორც მოსკოვის გარშემო განლაგებული „პანცირის“ რაკეტების შემთხვევაში, ვალდაის საჰაერო თავდაცვის სისტემები რეზიდენციის გარშემოც  დიდი და პატარა დიამეტრად, ორ ჯაჭვადაა განლაგებული.

როგორც პროექტ „სისტემას“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აქამდე გამოარკვიეს, ვალდაის რეზიდენციაში ალინა კაბაევა და პუტინის ვაჟები დიდ დროს ატარებენ, ხოლო თავად პუტინისთვის იქ კრემლის ოფისის ზუსტი ასლი ააშენეს.

საქმე ისაა, რომ Панцирь-ს დრონების უკეთ აღმოჩენა შეუძლია.

თუმცა, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს ჰაერსაწინააღმდეგო რადარი, მას არ შეუძლია დედამიწის სიმრუდით დაფარული ყველა სამიზნეის აღმოჩენა. გარდა ამისა, შენობებსა და ტყეებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღელვა ღამით 2- 3 ბალი, დღისით 4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 აპრილს ღამით მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა, დღისით და მომდევნო ორ დღეს [15 და 16 აპრილს] უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 311 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 859 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 384 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 39 871 ერთეული [+73]
  • MLRS – 1 727 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 345 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 350 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 233 866 ერთეული [+2 081]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 517 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 88 914 ერთეული [+216]
  • სპეცტექნიკა – 4 121 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version