„ტალღებია, ბათუმს უხდება“, „ეს თანამედროვე ინჟინერიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს“, „ომი გინდათ?“… – ასე გამოეხმაურა მკითხველი ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ახალდაგებული ტროტუარის კადრებს, რომელიც „ბათუმელებმა“ 11 აპრილს გამოაქვეყნა.
მათ შორის არიან ვარშანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც წერენ, რომ სხვა შესაძლებლობა არ იყო და ასე უნდა გაეკეთებინათ:
„აბა ხალხმა ეზოებში მანქანა როგორ შეიყვანოს?“.
ამავე ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილი კი აპროტესტებს:
„საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა გაკეთდეს ვინმეს ან ჩემი სურვილის მიხედვით. უნდა გაკეთდეს ისე, როგორც საზოგადოებრივ სივრცეს შეეფერება, რომ ყველასთვის იყოს უსაფრთხო. თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სახლი არ მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ უნდა გავიარო? ბავშვი არ უნდა გავატარო? – არ მესმის. ნუთუ ოცდამეერთე საუკუნეში არ არის შესაძლებელი ტროტუარი ისე გაკეთდეს, რომ ხალხს ჭიშკარში შესასვლელიც ჰქონდეს და ტროტუარიც უსაფრთხო იყოს. ამბობენ, რომ ეს არ შეუძლიათ? “
ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, პარალელურად აწყობენ ტროტუარს. აქ ქუჩის ერთი მხარე მომაღლოა, რომლის გასწვრივაც მოსახლეობა კერძო, ეზოებიან სახლებში ცხოვრობს. ამ მხარეს ახალდაგებული ტროტუარი უსწორმასწოროა. რიგ შემთხვევებში ფორმას იცვლის, დაბლდება ან მაღლდება, რიგ შემთხვევებში კი მკვეთრად დამრეცია.
აქ მცხოვრებთა ერთი ნაწილი ტროტუარის ასეთი ფორმით მოწყობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, რომლის გამოყენებაც უსაფრთხოდ არ იქნება შესაძლებელი.

ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა

ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა
ახალდაგებული ტროტუარი დეფორმირებულია #13 -ე სკოლის წინაც.
აქ მონდომებით ამტკიცებენ, რომ ტროტუარების ამ ფორმით მოწყობა აუცილებელი იყო, რადგან სხვანაირად კერძო სახლების ეზოებში შესასვლელები უქმდებოდა.
„ხომ ხედავთ ტროტუარი მაღალია, ქუჩიდან ხომ არ ამოვხტები, ეზოში ხომ უნდა შევიდე, მანქანა არ შევიყვანო? – მითხარით აბა როგორ შევიყვან“.

ბათუმი, ვარშანიძის ქუჩა

ბათუმი ვარშანიძის ქუჩა
დახრილ ტროტუარს დახრილად მიჰყვება უსინათლოთა ბილიკიც.
ალბათ არც დამკვეთმა, ბათუმის მერიამ და არც შემსრულებელმა, გამოცდილმა კომპანიამ არ იცის, რომ ეს ოღროჩოღრო ტროტუარი ვერ იქნება სტანდარტული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობას შეძლებს ბავშვი, შშმ პირი, ეტლით მოსარგებლე, უსინათლო, ასაკოვანი…

ვარშანიძის ქუჩა

ქუჩის მეორე მხარეს, სადაც ადგილი შედარებით დაბალია, ტროტუარიც უკეთესია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სწორია, ადგილზე ხელოსანმა გვითხრა, რომ ჯერ მუშაობენ და უნდა ვაცალოთ, თან დაამატა: „მაი, რომ გაწვიმდება დაჯდება.“
ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, რომელიც ადგილზე მუშაობდა, ქუჩის ზედა მხარეს, სადაც ადრე რკინიგზის ლიანდაგი გადიოდა, იმდენად მყარად იყო ჩაბეტონებული, რომ გაუჭირდათ მისი ამოჭრა და გასწორება: „არ იცით, რომ აქ ლიანდაგი გადიოდა?“

ქუჩის მეორე, შესადარებით დაბალი და სწორი ნაწილი

ვარშანიძის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ გამოყურება ახლადდაგებული ტროტუარი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბათუმის მერია შეგვპირდა, რომ ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებდნენ – „ვნახეთ ვიდეო და ვარკვევთო“. ერთი დღე უშედეგოდ ველოდეთ.

უქმე დღეების გამო პრესსამსახურმა შესაბამისი სამსახურებისგან განმარტების მიღება და ჩვენთვის მოწოდება ვეღარ მოახერხა.
ვარშანიძის ქუჩაზე გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ბონდი 2009“ აწარმოებს.
ბათუმის მერიას ვკითხეთ ამ შემთხვევაშიც ხომ არ მუშაობს კომპანია კონტრაქტის გარეშე, რადგან შესყიდვების სააგენტოს მონაცემებში, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ვერცერთ ჩამონათვალში ეს ქუჩა ვერ ვიპოვეთ.
ამ დროისთვის კომპანიას ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოსთან ორი მიმდინარე ხელშეკრულება აქვს, ერთ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ 15 ქუჩაზე უნდა აწარმოოს სამუშაოები. მეორე ხელშეკრულების მიხედვით კი, რომელიც ასევე გასულ წელს არის გაფორმებული, კომპანიას ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, ქუჩები სატენდერო დოკუმენტებში დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ვარშანიძის ქუჩა არ არის მიღება- ჩაბარების დოკუმენტებში, სადაც შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია.
___
უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს






