მთავარი,სიახლეები

სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

12.04.2026
სურსათის სააგენტო ვეტერინარიის დღეს „პარაგრაფში“ აღნიშნავს, რისთვისაც საპროტოკოლო მანქანებს ყიდულობს

სურსათის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც ორ საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილს შეისყიდის. ღონისძიების ჩასატარებლად კი სასტუმრო „პარაგრაფი“ აქვს დაჯავშნილი თბილისში.

ავტომობილების შეძენას სააგენტო 275 ათას 300 ლარად გეგმავს, „პარაგრაფთან“ კი ხელშეკრულება 116 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ფულს სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

სურსათის სააგენტო გამარტივებული წესით ავტომობილების შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.

„2026 წლის 27-29 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH) პარტნიორობით იგეგმება მსოფლიო ვეტერინარიის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და ღონისძიების ფარგლებში მაღალი დონის მინისტერიალის ჩატარება სასტუმრო „Paragraph Freedom Square, a Luxery Collection Hotel“-ში.

აღნიშნული მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება 50-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის/მინისტრის მოადგილის, ასევე, მთავარი ვეტერინარების, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის და ამავე ორგანიზაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების მოწვევა.

27 აპრილს მოხდება დელეგაციების ჩამოსვლა და აეროპორტში დახვედრა, ხოლო 29 აპრილს დელეგაციების გაცილება. 3 დღის განმავლობაში იგეგმება ასევე კულტურული გასვლითი არაერთი ღონისძიების ჩატარება“, – წერს სურსათის სააგენტო.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ მათ „ხშირად სტუმრობს მაღალი რანგის დელეგაციები, სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რაც თავისთავად საჭიროებს საპროტოკოლო მომსახურებას.

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს ავტოპარკში არ არის არცერთი წარმომადგენლობითი/საპროტოკოლო კლასის ავტომობილი, ვფიქრობთ საქართველოში მოწვეული სტუმრების, მნიშვნელობისა და სტატუსის ხაზგასმით აღსანიშნავად, მათი კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შეძენილ იქნას: ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის, სედანის ტიპის ავტომანქანა და ერთი ერთეული საპროტოკოლო დანიშნულების, ბიზნეს კლასის მინივენი არაუმეტეს 6+1 ადგილიანი.“

სურსათის სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ ავტომობილების გადაუდებელი აუცილებლობით შეძენა ვერ იქნებოდა წინასწარ განსაზღვრული „ვინაიდან მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 2026 წლის იანვარში“.

„სტუმრების სათანადოდ ვერ დახვედრა და მომსახურება არასასურველ გავლენას მოახდენს სააგენტოსა და ქვეყნის რეპუტაციაზე“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

განახლება: მოგვიანებით სააგენტომ ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 5 მაისს მთავრდება. 

სურსათის სააგენტოს სასტუმრო „პარაგრაფთან“ ცალკე 116 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 218,3 აშშ დოლარის ღირებულების 55-ერთადგილიანი ნომრის და 354 აშშ დოლარის ღირებულების 5 უმაღლესი კლასის ნომრის დაჯავშნას 2026 წლის 26 აპრილიდან 29 აპრილამდე პერიოდში.

„116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ბიძინას სასტუმროს – წაგებაზე მუშაობს სასტუმროო და დაირაზმნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, იქნებ ამოქაჩონ“, – დაწერა სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ.

ამ თემაზე: სურსათის სააგენტომ „პარაგრაფს“ 116 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: