მთავარი,სიახლეები

კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს

12.04.2026
კომერციული ობიექტების დაშლა გონიო-კვარიათის სანაპიროზე – მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა მეპატრონეებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებას ატყობინებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპიროზე უნებართვო ობიექტების დემონტაჟს იწყებს. მანამდე მესაკუთრეები გავაფრთხილეთ, რომ თუ ადგილების გათავისუფლებას თავად არ უზრუნველყოფენ, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთო.

კომერციული ობიექტების მეპატრონეებს ბულვარის ადმინისტრაციასთან ძირითადად 4-თვიანი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. მათი უმეტესობა გასული წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო მათ გასული წლის ოქტომბრიდან უნდა გაეთავისუფლებინათ.

თუმცა, ასე არ მოხდა.

საინტერესოა, ამდენხანს რატომ არ იმოქმედა მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად? – პასუხი არ გვაქვს.

ბოლო წლების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ [თუ ბათუმის ახალი მერი, მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამ პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს], დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადონ ელექტრონული აუქციონი საკურორტო სეზონზე – პლაჟზე კომერციული საქმიანობისთვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრონულ პროცედურას თავისი ვადები აქვს. გარდა ამისა, მომავალ მოიჯარეებს ინფრასტრუქტურის გასამართად დრო დასჭირდებათ, საკურორტო სეზონს მომზადებულები რომ შეხვდნენ.

მართლა ცდილობს მერია გონიო-კვარიათში მსუბუქი საპლაჟო ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ამას კანონი ითხოვს, თუ ფულიანი ბიზნესმენები ისევ მიაღწევენ თავის მიზანს – პლაჟზე ჩადგან შეუსაბამო მასშტაბის შენობები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

მანამდე მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ 35 ობიექტის მფლობელი დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა:

„ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.“

მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: