დანგრეული „რესპუბლიკური“ და შეწყვეტილი 6,6 მლნ ტენდერი – ვინ ააშენებს სასწრაფოს შენობას

ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟსა და ამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 676 011 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი სამმართველომ შეწყვიტა და აღარ გამოუცხადებია.

„რესპუბლიკურის“ შენობა კი უკვე დაანგრიეს.

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მერიის სამმართველოს 146 299 ლარი აქვს გადახდილი, ინდმეწარმე ლერი ვერძაძისთვის.

ლერი ვერძაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ შენობა მისი პროექტით არ დაუნგრევიათ. მან არ იცის, ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოიყენებენ თუ არა მის მიერ მომზადებულ პროექტს, თუნდაც შეცვლილს.

„პროექტი ჩემგან შეისყიდა მერიის სამმართველომ და მისი საკუთრებაა. უნდა მომმართავს კორექტირებისთვის, უნდა თავად შეიტანს ცვლილებებს. ჩემთვის დღემდე არ მოუმართავთ. რას იზამენ არ ვიცი, ახალი შენობა ჩემი პროექტით თითქოს ოდნავ გადადიოდა იქვე რესპუბლიკურის სკვერშიო და სკვერზე შეხების უფლება არ მისცესო, ვერ გეტყვით“, – გვითხრა ლერი ვერძაძემ.

დემონტაჟის პროექტის მიხედვით, რომლითაც ტენდერი იყო გამოცხადებული, „საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის, გათვალისწინებული იყო გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ“.

ეს პროექტი დემონტაჟისას არ გამოიყენეს, იქვე არსებული მრავალწლიანი ნარგავების უმეტესობა კი, გაჩეხეს:

ყოფილი რესპუბლიკურის ტერიტორია ბათუმში, სადაც ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ [ფოტოზე მარჯვნივ] ყველა ხე გაჩეხილია / 24.06.2023
გაჩეხილი ხეები ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში – 24.06.2023

ვინ დაანგრია შენობა? იყო თუ არა დემონტაჟის პროექტი და ნებართვა, მათ შორის ხეების გაჩეხვაზე? ვინ უნდა ააშენოს ახალი შენობა და რა პროექტით? რა ბედი ეწევა პროექტს, რომელშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 146 ათასი ლარია გადახდილი? რაში დაიხარჯება ის 6,6 მილიონი ლარი, რაც აქ ბათუმის ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო?  – ამ და სხვა კითხვებზე დეტალური პასუხების მისაღებად „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც მიმართა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც. არცერთი ამ უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა „საბა კონსტრაქშენმა“ დაანგრია. ეს ის კომპანიაა, რომელმაც „რესპუბლიკურის“ ახალი შენობა ააშენა.

ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობა თავდაპირველი ხელშეკრულებით 2018 წლის 18 მაისამდე უნდა აშენებულიყო. ის 2020 წლის 16 აპრილს გაიხსნა, – თავდაპირველად, როგორც ცხელების ცენტრი და შემდეგ კოვიდკლინიკა.

„საბა კონსტრაქშენს“ ჰქონდა დემონტაჟის ვალდებულება თავის დროზე და ახლა დაანგრევინეს. მგონი ქვეკონტრაქტორს დაანგრევინა. ვის, არ ვიცით“, – გვითხრეს „რესპუბლიკურში“.

„საბა კონსტრაქშენთან“ 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დემონტაჟთან დაკავშირებით აღნიშნულია:

თუ ვალდებულება ჰქონდა კომპანიას, მაშინ რატომ გადაიხადა ფული ბათუმის მერიამ [სამმართველომ] ცალკე დემონტაჟის პროექტში, რომლითაც არ უსარგებლიათ? იყო თუ არა და რატომ, კომუნიკაცია მერიას და სამინისტროს შორის? – პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს.

აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გამოდის, რომ „საბა კონსტრაქშენს“ დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები 1 ლარად გადასცეს.

ბათუმის „რესპუბლიკურის“ შენობის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მეორადი მასალების გარკვეული ნაწილი / 24.06.2023

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2023 წლის 9 იანვარს გამოაცხადა და ის, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე, 20 თებერვალს შეწყვიტა.

ამ ტენდერში შპს „დს კონსტრაქშენი“ მომსახურებას [ძველი შენობის დემონტაჟს და სასწრაფოს ახალი შენობის აშენებას] მერიის სამმართველოს 6 609 251 ლარად სთავაზობდა.

სამმართველოს სატენდერო კომისიის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ 20 თებერვალს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მიიღეს წერილი, რომ „შესაძლოა ახალი შენობის პროექტში საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა“:

სამმართველოს სატენდერო კომისიის 20 თებერვლის ოქმიდან

„ეს იყო მერიის ქვეპროგრამა, რომელიც გაუქმდა და აღარ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას. შესაბამისად, არც ფინანსები გადანაწილებულა სადმე სხვა მუხლებში. დეტალები შეგიძლიათ მერიაში მოიკითხოთ“, – გვითხრეს სამმართველოში.

გამოდის, რომ სამმართველომ 6,6-მილიონიანი ტენდერი ისე გამოაცხადა, ფული არ ჰქონდა. ჰქონდა თუ არა ფული ქალაქის მერიას, ან თუ ჰქონდა, რომელ ღონისძიებებზე გადაანაწილა, ამ დროისთვის არც ეს ვიცით.

  • ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, „რესპუბლიკურის“ არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის ქვეპროგრამისთვის 2023 წელს 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო [ბიუჯეტში იყო შენიშვნა, რომ ეს „მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2023-2024.წ.) შეადგენს 4 500 000 ლარს“].
  • ქალაქის ბიუჯეტში 13 თებერვლის ცვლილებით, შენიშვნა ასე შეიცვალა: „სამუშაოების საერთო ბიუჯეტი (2023-2024.წ.) შეადგენს 6 676 011,36 ლარს“.
  • 28 აპრილის ცვლილებით კი, ეს ქვეპროგრამა – [„ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარება“] – ქალაქის ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღეს.

სამმართველომ ტენდერი 20 თებერვალს შეწყვიტა. მომდევნო დღეს, 21 თებერვალს კი, აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ სასწრაფოსთან ერთად, ბათუმის #1 პოლიკლინიკის ახალი შენობაც აშენდებოდა – „რესპუბლიკურის“ ეზოში.

განახლებული სკვერი ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში / 24.06.2023

ბათუმის „რესპუბლიკურის“ ეზოში იყო სკვერი, რომელიც ახალი შენობის მშენებლობისა თუ ძველის დემონტაჟის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მთლიანად შეინარჩუნეს. სკვერის რეაბილიტაციაში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 246 785 ლარი გადაიხადა. ტენდერი 302 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.

მერიის სამმართველოს მიერ შეწყვეტილი ტენდერის დეტალები კი, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია

აჭარის ზღვის სანაპიროზე არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა ოფიციალურად არის აკრძალული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა უმეტეს ადგილებში მაინც ბანაობენ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი სარფშია, ზღვაში მდებარე კლდეებთან.

ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად აქ ერთ-ერთ დიდ ლოდს:

სარფი / 25.06.2023 / ამ ლოდებთან ბანაობა აკრძალულია / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

[red_box]ზღვაში ბანაობა აკრძალულია:[/red_box]

  • სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ
  • სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში
  • კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები
  • ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში
  • მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ
  • მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
  • სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ
  • ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან
  • მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს]

[yellow_box]ზღვაში ბანაობა არარეკომენდებულია:[/yellow_box]

  • კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე
  • მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე
  • ციხისძირის სანაპირო ზოლში – სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ქობულეთის მიმართულებით, სადაც სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი
  • ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია

როგორ ერთობიან ქვაომხაზე სარფში

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2021 წელს წერილობით გამოითხოვა. გასული წლის ზღვის სეზონზე იმავე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკრძალვების კუთხით არაფერი შეცვლილა.

ზაფხულის სეზონი ბათუმში ფესტივალით, ოფიციალურად 2023 წლის 3 ივნისს გაიხსნა.

მთავარი ფოტო: სარფი/25.06.2023

ამავე თემაზე:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს.

სააგენტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხსნის.

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

 

 

 

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ბათუმში დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილის 9 საათზე, ბათუმის საზღვაო აკადემიიდან სტუდენტთა მსვლელობით დაიწყო, სასულე ორკესტრის თანხლებით. მსვლელობა ნამისადგომზე დასრულდა, სადაც საზეიმო ცერემონია და სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები
მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023
მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023

დღეს, საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები ალექსანდრე ცეცხლაძე, ავთანდილ ქვარიანი, დურსუნ ცინცაძე.

ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს: ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გეგენავა; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის დეკანი მზია დიასამიძე. ჯილდო გადასცეს ასევე ექიმ ჯემალ ქიქავას.

SOLO-მ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 11 სტუდენტს სრულად დაუფინანსა 2023-2024 სასწავლო წლის საფასური.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის სტუდენტს მარიამ ტუსკიას სრულად დაუფინანსა ერთი წლის სწავლის საფასური.

მადლობის სიგელები გადასცეს გემის SEN MS ENOLA – ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს თემურ ქავთარაძეს და გემის ARCHE ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ლევან გოგიშვილს.

„ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა ანრიმ“ თავის სამ წარჩინებულ პროფესიულ სტუდენტს: ბაქარ აფხაზავას, აკაკი ესაძეს და რეზო პაქსაძეს გადასცა სიგელები და ერთჯერადი სტიპენდია.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ოქროს სპონსორმა – კომპანია “DMISS”-ის წარმომადგენელმა აკაკი ლოჩოშვილმა მადლობის სიგელები გადასცა გემის FRONT SAMARA -ს ეკიპაჟის დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს ვლადიმერ შელიას და CHEM PATRIOTI – ეკიპაჟის წევრებს, კაპიტან მიხეილ ცინცაძეს და მატროსს ირაკლი რამიშვილს.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადასცეს შორეული ნაოსნობის კაპიტანს რუსლან გოგიბერიძეს.

„ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დააწესა, რომელსაც ყოველ წელს გადასცემს მეზღვაურებს ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის.

მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები
მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023
მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა.

მეზღვაურთა დღე / ბათუმი/ 25.06.2023

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

აჭარის შიდამთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27-28 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმის მერია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან სასეირნო ბილიკის სეზონურად გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია ზღვის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მდებარე სასეირნო ბილიკის ნაწილის სარგებლობის უფლებით გადაცემას გეგმავს, რისთვისაც 1 კვ.მ ფართობის საწყის წლიურ საიჯარო ქირად 45 ლარი განსაზღვრა. აღნიშნული საფასური ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხს 27 ივნისის სხდომაზე გაიტანენ.

„მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს  გამოყენებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა [23.05.2023 წ.].  დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 801,88 ლარს, საიჯარო ქირა კი, 40,09 ლარს; საბოლოოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს არანაკლებ 5 პროცენტისა, ანუ 45 ლარით.“ – აღნიშნულია მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ პროექტში.

„პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მითითებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის  შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით“ – თვლის მერია.

საკრებულოს მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ბათუმის მერს მიეცემა უფლება „ქონების სარგებლობაში განკარგვის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება“.

მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობაში გადაცემასაც მერია გეგმავს, ჯამში 3 376 კვადრატული მეტრია და ის ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

სარგებლობაში გადასაცემი ტერიტორია მონიშნულია წითელი ფერით

რა პირობებით და პერიოდით აპირებს მერია სასეირნო ბილიკის [პრომინადის] ნაწილის გასხვისებას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

„იგეგმება ნაკვეთის დროებით სარგებლობისთვის სეზონურად გასხვისება, ძირითადად, მსუბუქი კონსტრუქციების განსათავსებლად. კონკრეტული ვადა და სხვა დეტალები მოგვიანებით განისაზღვრება“ – გვითხრეს მერიაში.

აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი პოპულარულია ბათუმში, სადაც პერიოდულად უამრავი ადამიანი იკრიბება თვითმფრინავების მიმოფრენის ფოტო თუ ვიდეო გადაღებებისთვის.

ხელოვნური პლაჟი და დამცავი ნაგებობა ბათუმში,იმ ნაკვეთის მიმდებარედ, რომელსაც მერია სარგებლობის უფლებით სეზონურად გაასხვისებს / ადამიანები თვითმფრინავის კადრებს იღებენ

ამ ადგილზე, გასულ წელს, Bus Stop Batumi-ს წითელი ავტობუსი „სოხუმიც“ იდგა:

კაფე წითელ ავტობუსში, საიდანაც თვითმფრინავების მიმოფრენას აკვირდებიან – Bus Stop Batumi

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 224 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 4 030 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 7 806 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 4 034 ერთეული [+19]
  • MLRS – 624 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 385 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 472 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 259 ერთეული [+41]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 735 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 552 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 779 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 228 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 179 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ევგენი პრიგოჟინი, მისი „ვაგნერის“ ჯგუფის თითქმის ერთდღიანი „ამბოხის“ შემდეგ, ბელარუსში გაემგზავრება, განაცხადა 24 ივნისს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა: „ამბოხი“ დასრულდა – რა ბედი ეწვევა პრიგოჟინს?

როგორ ვითარდებოდა მოვლენები 23-24 ივნისს, ნახეთ ამ ბმულზე:

ამავე თემაზე:

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

 

 

„უკვე ვართ დაზარალებული“ – დისკუსია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციაზე

დღეს, 24 ივნისს ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ ინიციატივით დისკუსია გაიმართა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე.

მათ შორის, ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება, პარკინგების არარსებობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, დაუსრულებელი და არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რუსეთის მოქალაქეების ქაოტურად შემოდინებით გამოწვეული ეკონომიკური და ურბანული კრიზისი.

„ბათუმელები“ დისკუსიაში მონაწილე რამდენიმე პირს ესაუბრა.

ჯამლატ გვიდიანი, „რეფორმებისა და კვლევების ჯგუფის“ სამართლის დოქტორანტია.  მისი აზრით, ბათუმთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის „რუსი ტურისტების“ მოზღვავება.

„მათი აქ დაფუძნება ოჯახებით, ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის მომსახურების სფეროში, მცირე თუ სხვა ბიზნესში, ხელს უწყობს როგორც უკონტროლო ფულის შემოდინებას, ასევე კორუფციას.

იმატებს ფასები როგორც  უძრავ ქონებაზე, ასევე საკვებზე და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც თავიდან ფიქრობდა რომ მათი შემოსვლით ეკონომიკურად იხეირებდა, სინამდვილეში აღმოჩნდება დაზარალებული და უკვე ვართ კიდეც დაზარალებული.

რადგან გაგვიძვირდა უძრავი ქონება, საქართველოს მოქალაქეებს რომ დაგვჭირდეს ბინის შეძენა ბათუმში ან თბილისში, ვეღარ შევიძენთ და ვეღარც ვიქირავებთ ხელმისაწვდომ ფასად“-ამბობს ჯამლატ  გვიდიანი.

საქართველოს მოქალაქეების თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მისი აზრით, ლარიც ხელოვნურად არის დღეს, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს პირადი გადმორიცხვები რუსეთიდან, რაც დიდხანს არ გაგრძელდება.

„ამ ყველაფერს ემატება არასწორი ურბანული განაშენიანება, ერთიანი განვითარების ხედვის არარსებობა ქვეყანაში, ქალაქის განვითარების, დაპროექტების, დაგეგმარების ხედვა არ გააჩნია არც ბათუმს და არც თბილისს და ეს ყველაფერი აზარალებს ამ ქალაქს და მოსახლეობას.

ყველაფერი გათვლილია მცირე, მოკლემეტრაჟიან ხედვაზე, მხოლოდ დღევანდელი დღით არსებობაზე და იმაზე, ინდივიდუალურად ესა თუ ის ბიზნესი და მათი მფარველები იხეირებენ თუ არა“-ამბობს ჯამლატ გვიდიანი.

ჯამლატ გვიდიანი შეხვედრაზე ბათუმში

მისი თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ჯერ აღიაროს ხელისუფლებამ პრობლემა, მათ შორის რუსი მიგრანტების შემოდინებით გამოწვეული პრობლემებიც.

„მოახდინონ იდენტიფიცირება, ვინ ტურისტია და ვინ არა, რადგან თუ რუსეთის მოქალაქეები კიდევ ასე უკონტროლოდ შემოვლენ ქვეყანაში როგორც აქამდე, ეს გამოიწვევს დემოგრაფიული სურათის ცვლილებას საქართველოში.

მათ ჰყავთ ბავშვები, რომელთან დასჭირდებათ სკოლები, ბაღები, შესაბამისი სპეციალისტები, დასჭირდებათ სამედიცინო მომსახურება მათსავე ენაზე და გახსნეს კიდეც თბილისში ერთი კლინიკა, ასევე დაწყებული აქვთ ბაღების და სხვადასხვა ცენტრების გახსნა.

ხელისუფლება კი ამ ფონზე, კონტროლის გამკაცრების ნაცვლად საუბრობს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე, რაც სრულიად გაუგებარია.

სახელმწიფო მოთხოვნა იყო რომ მოქალაქეობის მსურველებს ჩაებარებინათ გამოცდა ენაში, სახელმწიფო ისტორიაში და სამართალში. ახლა გამარტივება რას გულისხმობს და რატომ მარტივდება?

ახლა უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის შიგნითაც აირია პოლიტიკური სიტუაცია, გადატრიალების მცდელობაა და თუკი ამის ფონზე კიდევ მოაწყდებიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრებს, ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება.

ამ ქვეყანაში ჩვენს ახალგაზრდებს ისედაც არ ეძლევათ დასაქმების, რეალიზების შესაძლებლობა და ეს გამოიწვივეს ჩვენი მოსახლეობის კიდევ უფრო გადინებას ქვეყნიდან და ამის ფონზე, გამოთავისუფლებული ადგილი შეივსება ვითომდა ტურისტებით. ცოტა ხანში კი, თბილისსა და ბათუმში გაგვითანაბრდებიან კიდეც ეთნიკური რუსები“-ამბობს ჯამლატი.

მისი აზრით, სახელმწიფო ან არ აკონტროლებს ამ პროცესს, ან ვერ აკონტროლებს.

„თუ ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ნაწილია ჩვენს წინააღმდეგ, რეალობა გვაქვს ის, რომ არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდება მოსახლეობაც და მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოება.

ეკონომიკური და სოციალური ტვირთი უკვე ავიკიდეთ, ამის შემდგომი კატასტროფული ნაბიჯი იქნება ის, რომ უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“- ამბობს ჯამლატ გვიდიანი.

დისკუსიაზე იმყოფებოდა მეგი დიასამიძე, მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტი.

მეგი დიასამიძე

მისი თქმით, ის გარკვეული ხანია რაც ბათუმში იმყოფები და ხედავს თუ რამდენად ადვილი შესამჩვენია დემოგრაფიული სურათის ცვლილება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ.

„რასაც ვაკვირდები არის ის, რომ სამწუხაროდ, სამოქალაქო აქტივიზმი ამ ქალაქში ძალიან დაბალია. მაშინ როცა, ბათუმში აბსოლიტური ქაოსია ბევრი მიმართულებით და ამას არ სჭირდება ექსპერტობა, ადვილად აღქმადია, რადგან ყველგან გესმის მხოლოდ რუსული ხმები და მათი აქტიურობა.

ეკონომიკურადაც რთული სიტუაციაა და ამ ყველაფერზე არ აქვთ ადამიანებს რეაქცია.

რუსეთის მოქალაქებს სჭირდებათ სივრცე სადაც დამკვიდრდებიან და რეალურად მკვიდრდებიან კიდეც აქ.

ქუჩაში რომ გავიარე, სულ რუსული კაფე-ბარებია, ფაქტობრივად კონკურენციას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების სფეროშიც.

ჩამოდიან, თავს იმკვიდრებენ ისე, რომ არც კი გეკითხებიან მოგწონს თუ არა აქ,  ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების დამკვიდრება. არც სახელმწიფო ენის შესწავლას ცდილობენ“-ამბობს მეგი.

მისი აზრით, ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება სოციალური პრობლემები, რადგან გაძვირდა უძრავი ქონება, საკვები პროდუქტები და „ახლა, როცა ითქვა, რომ სამხედრო გადატრიალება შეიძლება მოხდეს რუსეთში, როგორც გავიგე ყველა ბილეთი გაყიდულია თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავებზე.

ეს იქნება ძალიან დიდი მიგრაციის დასაწყისი და ჩვენ აღმოვჩნდებით კრიზისში. ხელისუფლებას კი ამაზე არანაირი რეაქგირება არ აქვს. ჩვენ კი სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს“-ამბობს მეგი.

დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდები ხვალ, 25 ივნისს, ევროპის მოედანზე აპირებენ სამოქალაქო პროტესტს იმ მოთხოვნით, რომ გაუქმდეს რუსეთიდან ფრენები და დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების თქმით, ეს გამოწვევს არა მარტო ბათუმის ურბანულ და ეკონომიკურ კატასტროფას, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ვის უმღეროდნენ ნუცა ბუზალაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

დღეს, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, გიტარისტი – ხვიჩა მაღლაკელიძე, მომღერალი მიშა სულუხია და სხვები, მოსკოვში კონცერტს მართავდნენ.

კადრებში ჩანს სოსო პავლიაშვილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია, მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც მართავდა რუსეთში კონცერტებს და ღიად პრორუსი, კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი საქართველოში „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი, კონსტანტინე მორგოშია.

ნუცა ბუზალაძე, ცოტა ხნის წინ, ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი. მას შოუს მიმდინარეობისას, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ამიტომ მისმა გამოჩენამ მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტების გარემოცვაში, კრიტიკული კითხვები გააჩინა.

ნუცა ბუზალაძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

„ბათუმელები“ ხვიჩა მაღლაკელიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ქართველი მომღერლები მოსკოვში და კონკრეტულად რას აღნიშნავდნენ.

ხვიჩა მაღლაკელიძე ამბობს, რომ ის მოსკოვში პირველად არ ყოფილა და ამჯერად მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

„მე თავად ვიყავი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე. (პირველი არაა ჩემი რუსეთში ჩასვლა) მე თვითონ არ ვიცი სხვა იქ როგორ აღმოჩნდა. ეს არ იყო კონცერტი. რამოდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა ეს ყველაფერი.

უამრავი ქართველი და ჩემი დიდი სამეგობრო სამწუხაროდ წლებია რუსეთში არიან. მტრის ზურგში ჩასვლა და ქართულად სიმღერა შეძლო არაა ადვილი საქმე“-გვწერს ხვიჩა მაღლაკელიძე.

მას ვკითხეთ, უკრაინაში მიმდინარე ომის და საქართველოს ოკუპაციის ფონზე,  უქმნის თუ არა მას უხერხულობას მოსკოვში სიმღერა და როგორ აღმოჩნდა მათ გვერდით თუნდაც მორგოშია?

„რა თქმა უნდა, პროტეტს იწვევს (რუსული აგრესია), მაგრამ რუსეთი არაა და არც ყოფილა ჩემთვის country of dream. მეგობრობა ჩემთვის უპირველესია და ამ მეგობრობისთვის ბევრ ტალახს ავიტან.

ვიმეორებ, ეს არ იყო არანაირი კონცერტი (სადაც გამორიცხულია მიმეღო მონაწილეობა), ეს იყო დაბადების დღე. თავად გაოცებული დავრჩი ამდენი მომღერლის ნახვით. სოსოც და მორგოშიაც პირველად ვნახე იქ“-ამბობს მაღლაკელიძე.

რუსეთში მცხოვრები მეგობრის ვინაობას კი არ ასახელებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ქართველი მომღერლები მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, მას 30 ივნისს ბათუმშიც აქვს კონცერტები დაგეგმილი კლუბ „სფეროში“ და ამ დროისთვის ბილეთები გაყიდულია.

როგორც კლუბში გვითხრეს, ბუზალაძის მოსკოვში ყოფნის გამო დადგება თუ არა მისი კონცერტის გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

„დღევანდელი ინფორმაციით ვიცი, რომ კონცერტი ჩატარდება და მომდევნო კვირას რა იქნება, ჩაიშლება თუ ჩატარდება კონცერტი, ვერ გეტყვით“-გვიპასუხეს კლუბში.

„საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“- პრეზიდენტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ფეისბუქზე ეხმიანება. ის ეწერს, რომ საქართველოს საზღვრები უნდა გაკონტროლდეს, რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების გამო.

„ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.
ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“-ამბობს ზურაბიშვილი.
ამის შესახებ მან twitter-ზეც დაწერა.
რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“  ლიდერი ევგენი პრიგოჟინი დაუპირისპირდა, გუშინ გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ უკვე როსტოვშია და ისინი აკონტროლებენ ქუჩებს და სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებას ითხოვენ პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან და პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, დროულად მოიწვიონ უშიშროების საბჭო.

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცეცხლი გაჩნდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო  ჯგუფები.

როგორც „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ცეცხლი გამწოვ მილში გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.

„უნდა შეწყდეს ფრენები და დაიკეტოს საზღვარი“ – ახალი საფრთხეები რუსეთიდან

რუსეთი სამხედრო გადატრიალების წინაშეა.

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“  ლიდერი ევგენი პრიგოჟინი გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ „ვაგნერი“ უკვე როსტოვშია და ისინი აკონტროლებენ ქუჩებს და სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს.

იმ შემთხვევაში თუკი რუსეთში მდგომარეობა დაიძაბება, ამან შესაძლოა რუსეთიდან  ლტოლვილთა ახალი ნაკადი წარმოშვას საქართველოს მიმართულებით.

უნდა ჩაიკეტოს თუ არა რუსეთთან საზღვარი და გაუქმდეს პირდაპირი ფრენები სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფონზე?

პარლამეტის წევრი თეონა აქუბარდია, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო 2014-2018 წლებში და ახლა „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელია, „ბათუმელებთან საუბარში ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს უშიშროების სხდომა და იმსჯელოს რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გაუქმებაზე.

„რა თქმა უნდა, სამხედრო გადატრიალების პროცესი, თუ მცდელობა, რასაც ვხედავთ ახლა რუსეთში, საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს და როგორც წესი, რუსეთში ხელისუფლებები შიდა გადატრიალებით იცვლება ხოლმე და უკრაინასაც ეხმარება ეს პროცესი, საქართველოსთვის საფრთხე არის შემდეგი:

პირველი ეს არის ჩრდილოეთ კავკასია და კადიროვი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი მძლავრი დასაყრდენია რუსეთში. მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამიტომ ჩრდილოეთ კავკასიიდან კადიროვის საფრთხე რეალურია, რადგან მისი მუქარები საქართველოს მიმართ არცთუ ისე იშვიათი იყო.

მეორე, ეს არის რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების ახალი ნაკადის მოწოლა საქართველოზე.

ლარსი არ არის მხოლოდ პრობლემა, პირდაპირი ფრენები უნდა შეწყდეს თუნდაც დროებით ამ ვითარებაში.

უამრავი სპექტრია საფრთხეების და ამას სჭირდება მსჯელობა, განხილვა არა იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ინფორმაცია არ აქვთ, არამედ ინსტიტუტების დონეზე. ჩვენ გვყავს დაზვერვის სამსახური, რომელიც საგარეო საფრთხეებზე მუშაობს, სუს-ი, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა მუშაობდეს წესით და რაც მთავარია კოორდინირება ამ პროცესის და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დაიწყო ეს ყველაფერი, ამას სჭირდება სიტუაციის შეფასება, რისკების გათვლა და შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკის ნაბიჯების დაგეგმვა.

ამას სჭირდება არა ოპერატიული თათბირები, რომელზეც საუბრობდა გომელაური უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, როცა ვითხოვდით რომ მოეწვიათ უშიშროების სხდომა, არამედ ყველა უწყების მონაწილეობა, სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება“-ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, თურქეთში გადატრიალების მცდელობის დროს, ხუთ საათზე შეიკრიბა უშიშროების სხდომა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან პირდაპირი საფრთხეები არ არსებობდა. რუსეთის შემთხვევაში კი ეს საფრტხეები არსებობს.

„დღეს ბევრად მეტი საფრთხეა საქართველოსთვის და ამ მოცემულობაში სრული დუმილია საქართველოს ხელისუფლებაში. არაფორმალურად არის ეს ყველაფერი და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამიტომ არ ველოდები სწორ ნაბიჯებს ამ ხელისუფლების მხრიდან, გამომდინარე იქედან, რომ მათ უკრაინის წინააღმდეგ რომ ომი დაიწყო, მაშინაც არ შეუკრებიათ უსაფრთხოების საბჭო.

ჩვენ უკვე დავაყენეთ ეს საკითხი დღის წესრიგში, თუმცა ეს არის მთავრობის კომპეტენცია. კანონის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს.

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა არის პრემიერის კონსტიტუციური ვალდებულება და შესაბამისად, პრემიერმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

ვერც ოპოზიცია, ვერც მოქალაქეები ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუ პრემიერის მხრიდან არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია.“-ამბობს თეონა აქუბარდია

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 223 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 4 024 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 804 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 4 015 ერთეული [+30]
  • MLRS – 619 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 383 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 308 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 460 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 228 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 731 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 548 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 775 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 319 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 131 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 218 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 152 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

  • „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა და შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც ერთი მხარის – როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.

ამავე თემაზე:

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს: „…ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერალი დაახლოებით 10 დღეში ელის სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას, თუმცა ნაკლებად მოელის ხელშესახებ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს და შესაბამის აღჭურვილობას არ მიაწვდიან.

„ჰაერში უპირატესობა თუ არ გაქვს – ბატონობას არ ვამბობ – ასევე, თუ არ გაქვს საარტილერიო, საცეცხლე უპირატესობა, როგორ გინდა, ჩაახშო მოწინააღმდეგე და ეშელონირებული თავდაცვა გაარღვიო? ეს 2 – 3 თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ოქტომბრის წვიმების დაწყებამდე. შემდეგ ისევ დაიწყება წვიმის სეზონი, „რასპუტიცა“ და ისევ ხელი შეეშლება უკრაინას…,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ცოტა ხნის წინ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ „უკრაინის კონტრიერიში ნამდვილად დაიწყო, მთავარი შეტევა – არა“ ორი დღის წინ კი, ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილმა სარდალმა „ნიუსვიკს“ უთხრა, რომ შესაძლებელია უკრაინამ ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის გაათავისუფლოს. თქვენი დაკვირვებით, ეს რამდენად მიღწევადია?

ბენ ჰოჯესს ცოტა ოპტიმისტური განცხადებები აქვს. შარშანაც ამბობდა, რომ წლის ბოლომდე გაათავისუფლებენო, თუმცა ბენ ჰოჯესი თვლის, რომ დასავლეთი მიაწვდის ყველაფერს უკრაინას, რაც მას სჭირდება. უკრაინას რომ მიაწოდონ იმ პოტენციალით აღჭურვილობა, რაც მას სჭირდება, შესაძლებელია მაშინ ამაზე ლაპარაკი. დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ტემპებით კი, ოპტიმისტურად მეჩვენება ეს განცხადება, რომ ერთ და ორ თვეში ყირიმს დაიბრუნებენ.

დიდი ხანია ვამბობ, რომ თვითმფრინავების გარეშე ძალიან გაუჭირდება უკრაინას ამ კონტრშეტევის განხორციელება – ჰაერში უპირატესობა თუ არ გაქვს – ბატონობას არ ვამბობ – ასევე, თუ არ გაქვს საარტილერიო, საცეცხლე უპირატესობა, როგორ გინდა, ჩაახშო მოწინააღმდეგე და ეშელონირებული თავდაცვა გაარღვიო?

დიდი ალბათობაა, რომ ამ ზაფხულში თვითმფრინავები უკრაინას არ ექნება.

  • უკრაინის ინფორმაციით, მისი თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. რა ვითარებაა ახლა ფრონტის  ხაზზე და რამდენად ხელშესახებია უკრაინის მიერ მიღწეული წარმატება?

უკრაინას ლოკალური წინსვლა აქვს. წარმოიდგინეთ, ფრონტის ხაზი, რომელიც 800-900 კილომეტრია. ჩრდილოეთით: კრემენოისთან და სვიატოვოსთან რუსების შეტევებია, მარინკაში რუსეთის შეტევაა და უკრაინელების – კონტრშეტევები, სამხრეთით უკრაინელების შეტევებია და რუსების – კონტრშეტევები. საუბარია იმაზე, რომ 700 მეტრით, ან ერთი კილომეტრით წაიწიეს წინ.

ამ ეტაპზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზიც არ არის გადალახული.

  • თავდაცვის პირველი ხაზი რა მონაკვეთს გულისხმობს? 

პირველი ხაზი არის დაახლოებით უგლედარიდან რომ ავიღოთ, მაგალითად, 10 – 15 კილომეტრი დაახლოებით, სხვადასხვა სიღრმეა. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს თავდაცვის უზრუნველყოფის ზოლშიც- საბჭოთა ტერმინოლოგიით, ნატოს ტერმინებით კი ეს უსაფრთხოების რაიონია.

  • ფრონტის მთელ პერიმეტრზე სად არის უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ვითარება? – უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზე.

რუსები კონცენტრაციას განახორციელებენ უკრაინელების შესაბამისად. რუსები რომ ფართომასშტაბიან შეტევაზე ვერ წამოვლენ, ფაქტია. ისინი ძირითადად ცდილობენ, გაასწორონ ფრონტის ხაზი ლიმანთან და სვიატოვოსთან, ემზადებიან თავდაცვისთვის. ფაქტია, რომ რუსები შეტევისთვის არ ემზადებიან.

რუსები აირეკლავენ იმას, თუ როგორ მოქმედებენ უკრაინელები. ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელები სად აკეთებენ კონცენტრაციას და სად მოახერხებენ რუსების შეცდომაში შეყვანას.

ძალიან გული შემტკივა იმ შეცდომებზე, რაც დაუშვეს უკრაინელებმა ოპერატიული თვალსაზრისით: შეცდომა იყო ის, რომ ვერც ერთხელ უკან დახეული რუსები ვერ მოაქციეს ალყაში. ეს შეიძლებოდა იზიუმთან, ლიმანთან. განსაკუთრებით დაუშვებელი იყო ხერსონიდან 20-ათასიანი დაჯგუფების უვნებელი გასვლა.

შემდეგ მოუწიათ უკრაინელებს ამ თავისუფლად გასულ დანაყოფებთან ბრძოლა ბახმუტთან და უგლედართან. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ბახმუტში ძალების დახარჯვა. ბახმუტში ბრძოლამ საშუალება მისცა რუსებს, ეს დრო გამოეყენებინათ თავდაცვის ზღუდეების ასაგებად. ეს კლასიკაა: როცა მოწინააღმდეგის მხრებზე ახორციელებ კონტრშეტევას, ანუ უკანდახეულ მოწინააღმდეგეს მიყვები, მას არ აძლევ საშუალებას, რომ გამაგრდეს. ამ დროსაა წარმატების მეტი პირობა შენს ხელში. როცა მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევ, ღრმად ეშელონირებული თავდაცვა მოაწყოს, შემდეგ ათმაგად გირთულდება საქმე.

წინა ინტერვიუებში ვამბობდი ასევე, რომ უკრაინა თუ არ მიღწევდა სწრაფ და წარმატებულ შედეგს, სჯობდა საერთოდ არ დაეწყოთ კონტრშეტევა. გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ კონტრშეტევა, მაგრამ საჰაერო ძალების გარეშე ძალიან რთულია ამ ამოცანის შესრულება.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ სკიბიცკის თქმით, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში იქნება აქტიური სამხედრო მოქმედებები. ეს რას ნიშნავს სამოქალაქო ენაზე?

რა თქმა უნდა, ეს 2 – 3 თვე იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ოქტომბრის წვიმების დაწყებამდე. შემდეგ ისევ დაიწყება წვიმის სეზონი და ისევ ხელი შეეშლება უკრაინას. ჩემი აზრით, ჯობდა, თამამი განცხადებები არ გაკეთებულიყო აქამდე და მოსახლეობაში ეს მოლოდინი არ გაჩენილიყო – დავიწყებთ და დავამთავრებთ. აჯობებდა მოზომილი განცხადებები. ვინაიდან ძალიან ვგულშემატკივრობ უკრაინას, ამიტომაც მინდა, რეალური სურათი ვიცოდეთ და არ ვილაპარაკოთ ისე, რომ უბრალოდ ყველას გაგვიხარდეს.

  • BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრშეტევა ადვილი არ არის, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი დანაღმულია რუსული ჯარის მიერ. ასეთ ვითარებაში, საერთოდ რამდენად შესაძლებელია კონტრშეტევის დაწყება?

რა თქმა უნდა, თავდაცვას როცა აწყობ, ის ტერიტორია დანაღმულიც იქნება. დანაღმული ველის შემდეგ მოდის ტანკსაწინააღმდეგო თხრილი. თხრილის შემდეგ მოდის ბოძკინები, მოწინავე პოზიციები, ძირითადი პოზიციები, მომკვეთი პოზიციები და ასე შემდეგ. თავდაცვა შედგება სულ 5 სისტემისგან: ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, ცეცხლის სისტემა, საინჟინრო წინაღობების სისტემა, ჰაერსაწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო სისტემა, პოზიციების და თავდაცვითი ნაგებობების სისტემა. ეს ყველაფერი ექნებათ გათვალისწინებული რუსებს და ისეთ სიბრიყვეებს აღარ გააკეთებენ, რასაც ომის დასაწყისში აკეთებდნენ.

ეს წინააღმდეგობები რომ გადალახო, გჭირდება იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ჰქონდათ, მაგალითად, ერაყის ოპერაციის დროს კოალიციის ჯარებს: ბატონობა ჰაერში და ამას მოყვა შემდეგ ღამით ბრძოლების წარმოება, საინჟინრო საშუალებების მაქსიმალურად გამოყენება და ასე შემდეგ.

უკრაინელებმა მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს დაკვამლიანებების გამოყენება, საინჟინრო ტექნიკასაც ახლა უფრო აქტიურად აწვდიან დასავლეთიდან, თუმცა ეს ყველაფერი რომ განახორციელო, ჰაერში უპირატესობა უნდა გქონდეს – მოწინააღმდეგეს არ უნდა მიეცეს საშუალება, შენი საინჟინრო ტექნიკა არტილერიის ცეცხლის ქვეშ ჰყავდეს, ან საჰაერო დარტყმით ანადგურებდეს.

ტექნოლოგიურად რაშიც უნდა ჰქონდეს უპირატესობა უკრაინელებს დასავლეთის მხარდაჭერით, ეს არის ღამით ბრძოლის წარმოება. ეს არის წარმატების წინაპირობა, მაგრამ ეტყობა ღამის ბრძოლის საშუალებების საჭირო რაოდენობა ამ ეტაპზე ჯერ არ  ჩანს, უკრაინელებს შესაბამისი მხარდაჭერის  თვითმფრინავებიც არ აქვს. ასევე ჯავშანჯგუფთან ერთად უნდა მოძრაობდეს დაჯავშნილი, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც ტანკებთან და ჯავშანტექნიკასთან ერთად გადაადგილდება. ამ კუთხითაც დახმარება სჭირდება უკრაინას.

ძირითადი დამაზიანებელი უკრაინისთვის არის ნაღმები და ვერტმფრენები. როცა დაჯგუფება შეჩერდება დანაღმულ ველზე, მასზე საცეცხლე დარტყმის განხორციელება ადვილდება.

ამ ეტაპზე უკრაინელები ეძებენ რაღაც გასასვლელებს და ღრიჭოებს რუსების თავდაცვაში. ასე კონტრშეტევა ძალიან გრძელი პროცესი იქნება.

  • რუსეთმა უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებაზე ისე გააქტიურა საუბრები – ზელენსკიც საუბრობდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ახლა რისი გამოძახილია ეს მუქარა და ღია წყაროების თანახმად, რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე?

საუბარია იმაზე, რომ დანაღმეს რუსებმა ელექტროსადგური. რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ იქ რომ რაღაც აფეთქება მოხდეს, ეს იქნება რადიაციული გამოფრქვევა და ცალმხრივი არ იქნება ეს: რუსეთი თავის ტერიტორიას რას უპირებს? გამოფრქვევის ქვეშ მოჰყვება ყირიმი და როსტოვიც… რადიაცია წავა ყველა მიმართულებით, მარტო უკრაინისკენ ხომ არ წავა ეს რადიაცია? თუ ეს მოხდა, მიმდებარე ლუგანსკს და დონეცკს, ან როსტოვს და კრასნოდარს რას უპირებენ?

  • უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთმა 3-4 ჯერ გაზარდა მაღალი სიზუსტის რაკეტების – „კალიბრის“, X-101“-ის და ჰიპერბგერითი რაკეტის – „კინჯალის“ წარმოებაც კი. ეს რას ნიშნავს ამ ომში?

ამას იყენებენ უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების დროს. ეს ნიშნავს, რომ სანქციებმა, რაც იყო დაწესებული რუსეთის მიმართ, ბოლომდე ვერ იმუშავა, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია.

  • UNDP-ის უკრაინის გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, „ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა“. საუბარია ე.წ. ფოთოლა ნაღმებზე. თქვენი შეფასებით,რამდენად უსაფრთხო იქნება საქართველოს სანაპიროები, რას უნდა ველოდოთ?

ეს არის PFM-1 „ლეპესტოკი“, ქვეითსაწინააღმდეგო, ფუგასური ნაღმი დაწოლითი ზემოქმედებით. შესაძლებელია, მასით მხოლოდ 80 გრამი, დისტანციურად იყოს გამოყენებული საჰაერო ან  საარტილერიო საშუალებებით. ეს არის PFM- 1, რომელსაც არ აქვს თვითლიკვიდაცია და PFM 1 S – რომელსაც აქვს თვითლიკვიდაციის უნარი, როცა თვითონ ნადგურდება 1-40 საათის განმავლობაში.

შავი ზღვის მთავარი დინება არის საათის ისრის საწინააღმდეგოდ. გამოდის, რომ ამ ნაღმმა უნდა გაიაროს უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მოვიდეს საქართველომდე. ამას გარდა, შავ ზღვაში კიდევ ორი წრიული დინებაა ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით და აღმოსავლეთით – ესეც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. არაა გამორიცხული, ქარმა ზედაპირზე ცოტათი დააჩქაროს მოტივტივე სხეულის გადმოტანა. არა მგონია, ეს მყისიერად საქართველოში მოხვდეს, თუმცა ყურადღება მისაქცევია. ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს.

ზოგადად ამათი განაღმვა არ ხდება –  ნადგურდება ადგილზე. საერთაშორისო კონვენცია ითხოვს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვას, რასაც რუსეთმა მოაწერა ხელი და უკრაინამაც, მაგრამ რუსები იყენებენ აქტიურად – მილიონობით იყო რუსეთში, რუსულ საწყობებში დარჩენილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.  ასევე ყურადსაღებია პლასტიკის კორპუსიანი PMN-4 (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დაწოლითი), რომელიც მხოლოდ 300 გრამს იწონის, და რომელიც ასევე მრავლად გამოიყენეს რუსებმა დნეპრის ნაპირების დასანაღმად.

  • ბუდანოვი – რა უნარები აქვს ამ გენერალს და რატომ სძულთ რუსეთში ყველაზე მეტად? ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ, მას უძღვნიან გადაცემებს. გასულ კვირას იზეიმეს კიდეც მისი მოკვლა თუ დაჭრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბუდანოვი ისევ ცოცხალია.

ბუდანოვი გამოირჩევა თავისი ეფექტურობით და განცხადებებით. ვიღაცის საჩვენებელი დასჯა რუსეთის სტილია. ჯერ ვერაფერი უქნეს და ამდენი გენერალი დაეხოცათ რუსებს.

ყველა გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა არის რუსების სამიზნე.

  • კონტრშეტევა დაწყებულია. თქვენ არ ელოდებით კონკრეტულ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს არ მიაწვდიან? 

უკრაინელები ამჟამად ახდენენ ძალების ისეთ კონცენტრაციას, რომ ერთ კვირაში,10 დღეში განახლდება აქტიური მოქმედებები. მე ვამბობ იმას, რომ საჰაერო საშუალებების გარეშე უკრაინას გაუჭირდება რაღაც  მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა.

  • ეს შედეგი რა შეიძლება იყოს წვიმების სეზონის დაწყებამდე ყველაზე კარგ შემთხვევაში? 

ადრეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ: ყველაზე კარგი შედეგი იქნება ზაპოროჟიეს რაიონში აზოვის ზღვაზე გაჭრა და რუსების დერეფნის გადაკვეთა.

  • ასე ყირიმიც ხელმისაწვდომი გახდება?

ეს არ ნიშნავს ყირიმის აღებას. ყირიმი რომ აიღო, მაშინ ხერსონიც უნდა აიღო, თუმცა ასეთ შემთხვევაში, დარტყმებს რომ განახორციელებ ყირიმის მიმართულებით, გასაგებია.

როგორ ცდილობს 13 წლის სერგი დანდალოდან თავისი სოფლის პოპულარიზაციას

„კავიანის ციხის ერთი ნაწილიდან მეორეში თამარ მეფე მშვილდს ისროდა, ჯარის მდგომარეობის გასაგებად, მშვილდზე წერილს ამაგრებდნენ და უკან უგზავნიდნენ მეფეს“, – გვიყვება 13 წლის სერგი მანველიძე, მერვე კლასის მოსწავლე დანდალოდან.

სერგიმ მის მიერ გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა და მოგვწერა, რომ მისი აზრით, სილამაზე, რომელიც თავად  ფოტოაპარატის ობიექტივში დააფიქსირა, სხვებმაც უნდა ნახონ. იმ დღეს სერგის ბებიასთან ერთად კავიანის ციხე დაულაშქრია, ციხემდე ტყეში გამავალი ბილიკებით მისულა.

დანდალო. კავიანის ციხესთან მისასვლელი ბილიკი – ფოტო: სერგი მანველიძე
სოფელი დანდალო/ ფოტო: სერგი მანველიძე

გზად ბებიამ უამბო თქმულება ციხის შესახებ. ამ ამბავმა 13 წლის სერგიზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, გადაწყვიტა იზრუნოს, რომ თავისი სოფელი მაქსიმალურად ბევრს გააცნოს.

„პირველად ვნახე მეც, ბებოსთან ერთად დავლაშქრე ციხე. ისე დავიბენი, ისე გამაკვირვა ამ ბუნებამ და შენობებმა, რომ ისევ ვაპირებ დავლაშქრო ეს ადგილები. თუ მოხვალთ, მე გაგიწევთ გიდობას.“

სერგი გვიყვება, რომ ციხე ცუდ მდგომარეობაშია, ქვები ცვივა და რესტავრირება სჭირდება.

ციხე კავიანი / ფოტო: სერგი მანველიძე

სერგიმ გვიამბო ასევე თამარის ხიდებზეც, რომლებიც დანდალოშია შემორჩენილი და ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

სერგი ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალებს, თქმულებებს აგროვებს სოფელში, უნდა თავისი სოფლის პოპულარიზებისთვის სოციალურ ქსელში გვერდი შექმნას და ყველაფერი იქ განათავსოს.

მე გაგიწევთ გიდობას ამ ხეობაში.

სერგის თქმით, სოფელში ბევრი ტურისტი ადის, თამარის ხიდებისა და კავიანის ციხის სანახავად. თუმცა სერგი ამავდროულად მიიჩნევს, რომ სოფელი უფრო მეტმა უნდა გაიცნოს და ყველამ უნდა ნახოს ის სილამაზე, რომელიც ამ სოფელშია.
ფოტო: სერგი  მანველიძე

სერგის თქმით, ციხე ცუდ მდგომარეობაშია და რესტავრაცია სჭირდება, „ქვებს ცვენა აქვს დაწყებული.“

სოფელი დანდალო. ფოტო: სერგი მანველიძე

 

სოფელი დანდალო.ფოტო: სერგი მანველიძე

წყაროების მიხედვით, კავიანის ციხე კავიანი სერზე მდინარე ჭვანისწყალსა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ის აუგიათ როგორც საფორტიფიკაციო [სამხედრო დანიშნულების] ნაგებობა.

ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სპეციალისტების დახასიათებით, ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება.  ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, პირველი განყოფილება შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო.

კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით.

ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 მ²-ია, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა.

კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ რიყის ქვებიც გვხვდება.

სოფელი დანდალო/ფოტო: სერგი მანველიძე

 

პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან

ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ.

ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა.

17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის მოსწავლეების შექმნილი სამოქალაქო კლუბ „ინოვატორის“ თანადამფუძნებელი და აქტიური წევრია. თამთა გვიყვება, რომ მეგობრებთან ერთად ბევრ პროექტში მონაწილეობდა და ბევრგან გაიმარჯვეს კიდეც. მოიპოვეს სხვადასხვა დაფინანსება და შეიძინეს ინვენტარი, რომელიც იქამდე სკოლაშიც არ ჰქონდათ.

„ჩვენ ერთ-ერთ პროექტში მოვიგეთ ლეპტოპი, დინამიკები, პროექტორი და ყველაფერი ის, რაც საჭიროა ტრენინგების ჩასატარებლად თუ სხვა სახის შეხვედრებისთვის ტექნიკური მხარის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობი ნივთების ნაწილიც: შპალერი, პუფები, წიგნები და სხვა ბევრი რამ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს სივრცე, სადაც განვათავსებთ ამ ინვენტარს და გამოვიყენებთ შესაბამისად.

ინვენტარის ნაწილი გვაქვს სკოლაში, ნაწილი – მეჩეთში, ნაწილი – სახლში… ზოგს ვინ პატრონობს და ზოგს ვინ. იმის გამო, რომ ეს ნივთები მიმობნეულია, ზოგი თაგვმა დააზიანა, ზოგი თავისით გაფუჭდა და ზოგიც კიდევ უფუნქციოდ ყრია.

ახალ პროექტებში მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის მოტივაცია აღარ გვაქვს. აღარ გვაქვს მოტივაცია უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ იმ მოცემულობის გამო, რომელიც ახლა გვაქვს. ვიწვალეთ, ამდენი რამ მოვიპოვეთ და რა?!

ვფიქრობ, რომ ყველა სოფელში და მათ შორის, ჩვენთანაც აუცილებელია სივრცე, რომელიც დაეთმობა არაფორმალურ განათლებას“, – გვეუბნება თამთა შავაძე.

თამთა შავაძე
თამთა

თამთას თქმით, ბოძაურელ ახალგაზრდებს ხშირად იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ წიგნები თავისუფლად იკითხონ, რადგან მრავალსულიანი ოჯახები ვიწროდ ცხოვრობენ და ხელი ეშლებათ. სწორედ ამიტომ მათ უნდათ, რომ ახალგაზრდული სივრცე სამკითხველოდაც გამოიყენონ.

„ძალიან გვტკივა, რომ ჩვენთვის სივრცის გამოყოფა ვერ ხერხდება, რომ ამ ნივთებმა თავიანთი ფუნქცია შეიძინონ. მით უფრო მაშინ, როცა სკოლის მიღმა ჩვენს სოფელში საერთოდ არაფერი ხდება.

თავშეყრის ადგილი მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა ახალგაზრდებს. ჩვენს მშობლებსა და ბებია-ბაბუებსაც სჭირდებათ თავისუფალი სივრცე, სადაც სოფლისთვის თუ თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ და არა მარტო“, – ამბობს თამთა.

ლია ხოზრევანიძეზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ის 17 წლისაა და თავისი არც თუ სასიამოვნო გამოცდილების შესახებ გვიყვება.

ძალოსნების სავარჯიშო ოთახში იყო მოწყობილი კლასიც, სადაც მე ვსწავლობდი და ნამდვილად არაკომფორტული იყო ეს, რადგან სპორტსმენები ამ სივრცეს ვარჯიშისას სულ სხვანაირად აწყობდნენ. აი, მე თუ მჭირდებოდა მერხი და სკამი, მათ მიჰქონდათ იმ ადგილას შტანგა და როცა სკოლაში მივდიოდი, მე მიწევდა ოთახის დალაგება“, – გვითხრა ლიამ.

ლიას მონათხრობი აჩვენებს, რომ სკოლას თავისუფალი სივრცე არ აქვს, რომელსაც ახალგაზრდებს დაუთმობდა. ლიას თქმით, სხვადასხვა ტრენერის გადაწყვეტილება, ბოძაურში ავიდნენ, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო შეხვედრები ჩაატარონ, ძალიან ახარებთ, მაგრამ სივრცის არ ქონის გამო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ შეკრებას, ჩიხში ექცევიან ხოლმე.

„მუდმივად შეხვედრის ადგილის ძებნაში ვართ, რაც ძალიან დიდ დროს გვართმევს. სულ სხვადასხვა ადგილას ვგეგმავთ შეხვედრებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ძალოსნების დარბაზი არ არის დაკავებული, მას ტრენინგების მოსასმენადაც ვიყენებთ და თუ ვარჯიში აქვთ, სხვა გზა არ გვრჩება ახალი ადგილის მოძებნის გარდა. ხანდახან ერთმანეთის სახლებშიც ვიკრიბებით.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენთვისაც და სხვა ახალგაზრდებისთვისაც შეიქმნას სივრცეები, სადაც თავისუფლად შევძლებთ შეკრებას, რადგან ჩაკეტილ სივრცეებში, შესაძლოა, საერთოდ შევწყვიტოთ ცვლილებებზე ფიქრი ახალგაზრდებმა”, – გვეუბნება ლია.

ლია ხოზრევანიძე

ბოძაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და ძალოსნობის მწვრთნელმა, ვარლამ ხოზრევანიძემ გვითხრა, რომ სკოლას არ აქვს თავისუფალი ოთახი, რომელსაც ახალგაზრდებს დაუთმობდა.

მოსწავლეების მსგავსად მასწავლებელიც ფიქრობს, რომ სოფელში თავისუფალი სივრცის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველაფერი აქვთ ახალგაზრდებს ამ სივრცის მოსაწყობად და სათანადოდ აღჭურვისთვის.

ოკუპირებულ მარიუპოლში 4 რუსი ოფიცერი ააფეთქეს – მედია

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აფეთქება მოხდა, ლიკვიდირებულია 4 რუსი ოფიცერი – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს მარიუპოლის წინააღმდეგობის მოძრაობაზე დაყრდნობით.

„დილა მშვიდობისა! დღეს უბრალოდ მივულოცეთ რუსებს პორტთან ახლოს. მინუს ოთხი ოფიცერი“ – წერს მარიუპოლის წინააღმდეგობის მოძრაობა ტელეგრამზე და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელზეც ჩანს აფეთქება სანაპიროზე.

მარიუპოლში აფეთქების შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ და რუსულმა ტელეგრამარხებმაც გაავრცელეს.

__________________

ფოტოზე: კადრები გავრცელებული ვიდეომასალიდან

 

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ სამსახურში

ონკოლოგიაში 60-წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი -„ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარაში აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკაა აქვს მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამორჩეულია პაციენტებზე მორგებული კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტად აღიარებული პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით – PET-CT Discovery 710.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ფინანსდება 90%-100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც უხილავია მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა რადიოლოგიური დიაგნოსტირებისას.

PET-CT Discovery 710 იძლევა წარმონაქმნის ზუსტი აღწერის შესაძლებლობას და ავლენს უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც. მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას. პაციენტი იღებს მცირე სხივურ დატვირთვას. აღნიშნულ აპარატზე კვლევა ტარდება ეფექტურად მინიმალურ დროში.

ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში უალტერნატივო პოზიტრონ ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს შემდეგი ჩვენებები:

  • ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების ხარისხის დადგენა
  • დაავადების რეციდივისა და/ან განგრძობითი ზრდის დადგენა
  • მეტასტაზური პროცესის და/ან პარანეოპლაზიური სინდრომის დროს პირველადი კერის დადგენა
  • კეთილთვისებიანი/ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება
  • მკურნალობის (ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, კომბინირებული) ეფექტურობის შეფასება
  • ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა
  • ქირურგიული მკურნალობის დაგეგმარება
  • სხივური თერაპიის დაგეგმარება

როგორ ტარდება კვლევა?

პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია. იზოტოპის დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ აქვს. პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით ფიქსირდება იზოტოპის განაწილება ორგანიზმში.

მნიშვნელოვანი გახლავთ ის , რომ პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში პაციენტი მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას იღებს.

პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება ზუსტი დიაგნოსტირებისა და ონკოლოგიურ პაციენტებში მკურნალობის ზუსტი ტაქტიკის განსაზღვრისათვის. კვლევას უძღვებიან მოწვეული და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები და რადიოლოგები.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე – ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაცულია რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმები.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის მისამართია: ბათუმი, ტბეთის ქუჩა #4

ტელ: +995 588 88 23 23

24/7 +995 514 91 27 27

http://innovative.ge/Pet-CT.html

რუსეთი დელფინებს იყენებს სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად – ბრიტანული დაზვერვა

2022 წლის ზაფხულიდან რუსეთმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში ინვესტიცია ჩადო – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 23 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.

დაზვერვის ცნობით, ეს მოიცავს ბადეების მინიმუმ ოთხ ფენას და ბარიერებს სევასტოპოლის ნავსადგურის შესასვლელთან. ბოლო კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, ეს თავდაცვა ასევე გაძლიერდა გაწვრთნილი ზღვის ძუძუმწოვრების რაოდენობის გაზრდით, სავარაუდოდ, საუბარია დელფინებზე.

„გამოსახულება გვიჩვენებს ნავსადგურში მცურავი ძუძუმწოვრებისთვის განკუთვნილი გალიების თითქმის გაორმაგებას, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფებიან აფალინები [შავ ზღვაში გარცველებული დელფინები].

არქტიკულ წყლებში საზღვაო ფლოტი ასევე იყენებს ბელუგებსა და სელაპებს. რუსეთს მომზადებული ჰყავს გაწვრთნილი ცხოველები სხვადასხვა მისიისთვის, მაგრამ ისინი, რომლებიც შეიყვანეს სევასტოპოლის ნავსადგურში, დიდი ალბათობით, გამიზნულია მტრის მყვინთავებთან დასაპირისპირებლად“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და ანგარიშს თან ურთავს ფოტომასალას.

ფოტო: twitter

ახალ ბულვართან ადაპტირებული იქნება პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები – სანაპიროს გაამაგრებენ

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის.

რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს „ბათუმელებმა“ ტენდერის გამოცხადების შემდეგ მიმართა.

„კომენტარს ტენდერის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“ – მხოლოდ ეს გვითხრეს მაშინ მერიის სამმართველოში.

დღევანდელი მონაცემებით ტენდერი უკვე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

„ბათუმელები“ კვლავ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, სადაც დღეს, 23 ივნისს, გვითხრეს, რომ „მშენებლობის დროს შშმ პირებისთვის პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსების მოწყობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დანგრეული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში მონაწილე შპს „გზა“, სამმართველოს სამუშაოების შესრულებას 15 659 000 ლარად სთავაზობს. მონაწილეობდნენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში და ვისთან გააფორმებს სამმართველო ხელშეკრულებას, ეს სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას და საბოლოოდ, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

თუ პროცედურა დროში არ გაიწელა და ხელშეკრულებაც გაფორმდა, როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალი ბულვარის მიმდებარედ სამუშაოების დაწყება კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დღიდან დაევალება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ბულვართან სამშენებლო ტერიტორია ამ საბანაო სეზონზეც შემოისაზღვრება. გადაადგილებისთვის კი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ველობილიკის ზოლი დარჩება. იმედია, უსაფრთხოების მიზნით არც ამ ზოლს გადაკეტავენ.

ამავე თემაზე:

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

ფეხით სიარული, როგორც გულის წამალი

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების ალბათობას. ფეხით სიარული სასარგებლოა არა მარტო პრევენციისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის  უკვე არსებული პრობლემების დროსაც. 

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი, მარიამ გველესიანი განმარტავს, რომ სეირნობა უშუალოდ გულის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ზეგავლენას, მაგალითად: სიარულის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, იზრდება გულის კუმშვადობა, გულისცემის სიხშირე, რეგულირდება მეტაბოლიზმი, იკლებს სისხლში შაქრის შემცველობა.

„დღეში საშუალოდ 30 ან მეტი წუთი სიარული ამცირებს გულის დაავადების, ინსულტის რისკს 35%-ით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის – 40%-ით“ – ავსტრალიის გულის ეროვნული ფონდი.

ექიმი განმარტავს, რომ რეგულარულად ფეხით სიარული გვეხმარება ქოლესტერინის დონის მოწესრიგებაში.

„ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით, კვირაში 5 დღე, დღეში 30 წუთი ფიზიკური აქტივობა ზრდის სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის (ე.წ კარგი ქოლესტერინი) და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის (ე.წ ცუდი ქოლესტერინი) დონეს, ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის რისკს” – ამბობს მარიამ გველესიანი.

ასევე, „ფეხით სიარული აქვეითებს ქოლესტერინს ფერმენტების სტიმულირებით, რომლებსაც “ცუდი ქოლესტერინი” გადააქვთ სისხლიდან ღვიძლში. ეს ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას “ცუდი ქოლესტერინის” მოშორებაში“ – MillenniumPhysicianGroup.

ამერიკის გულის ასოციაცია, კვლევების საფუძველზე, მოუწოდებს ექიმებს, პაციენტებს ოდნავ ან საშუალოდ მომატებული არტერიული წნევით ან/და ამდენითვე მომატებული ქოლესტერინის დონით, „გამოუწერონ“ ფიზიკური აქტივობა. 

„პრაქტიკიდან არაერთი პაციენტი შეგვიძლია გავიხსენოთ, ვისთანაც მედიკამენტის გარეშე ნორმის ფარგლებში ჩამდგარა ქოლესტერინის მაჩვენებელი. უმეტესად ეს ეხებათ ახალგაზრდა პაციენტებს, მცირედ მომატებული ქოლესტერინის დონით. ცხადია, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მათ ეძლევათ რეკომენდაცია დაიცვან დიეტა“- ამბობს კარდიოლოგი მარიამ გველესიანი. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, კვირაში 5 დღე რეგულარული სიარული, დღეში 1 საათის მანძილზე, მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს.

ავსტრალიის ეროვნული გულის ფონდის რეკომენდაციით, 18-64 წლის ყველა ზრდასრული ადამიანი კვირაში 150 წუთი (კვირაში ხუთი დღე, 30 წუთი )  უნდა ასრულებდეს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას. “ზომიერად” ითვლება აქტივობა, თუ მის შესრულებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. თუ ფიზიკურად აქტიური არ ხართ, დასაწყისისთვის საკმარისია 10-წუთიანი სწრაფი სიარული 

მარიამ გველესიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას ასევე ხაზს უსვამს, რომ სიარული გვმატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ჰორმონ მელატონინის გამოყოფას, რომელიც არეგულირებს ძილს.

ფეხით სიარული, შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, გულის რეაბილიტაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. სიარული ასევე მნიშვნელოვანი აქტივობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის დაავადება ან გადატანილი აქვთ გულის შეტევა, თუმცა აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა ისწავლოთ, როგორ გაზარდოთ [ეტაპობრივად] უსაფრთხოდ თქვენი აქტივობის ინტენსივობა.

„ხშირად არის შემთხვევა, როდესაც პაციენტებს გადატანილი ინფარქტით, ჩატარებული კორონარული სტენტირებით ან კორონარული შუნტირებით ჰგონიათ, რომ ეკრძალებათ ყველანაირი ფიზიკური აქტივობა,  მუდმივად უნდა იყვნენ სახლში და ჰქონდეთ წოლითი რეჟიმი.

სინამდვილეში პირიქით – აღნიშნული პროცედურების შემდეგ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მიჰყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, იარონ ფეხით, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, იკვებონ ჯანსაღად“ – ამბობს მარიამ გველესიანი. 

ავსტრალიის ეროვნული გულის ფონდის რჩევები ფეხით სიარულისთვის: 

  • გამოიყენეთ სწორი ტექნიკა – იარეთ სტაბილური ტემპით, თავისუფლად ამოძრავეთ ხელები და დადექით რაც შეიძლება სწორად. ფეხი უნდა დააბიჯოთ ქუსლიდან თითებისკენ მოძრავი მოქმედებით.
  • მოუსმინეთ თქვენს სხეულს –  გზა, იმის მისახვედრად, თუ რამდენად სწრაფად დადიხართ,  10 ბალიანი შკალა, სადაც: 0 -არის მოსვენებული მდგომარეობა და 10 ძალიან ინტენსიური აქტივობა. იმისთვის, რომ მიიღოთ ჯანმრთელობის სარგებელი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თქვენი სიარული უნდა იყოს სადღაც სამ (ზომიერად) და ექვს (შედარებით მძიმე) ქულას შორის. შეისვენეთ მაშინვე, როგორც კი ამას საჭიროდ მიიჩნევთ.
  • ფეხსაცმელი და წინდები – ატარეთ კომფორტული ბამბის წინდები და კომფორტული და მსუბუქი ფეხსაცმელი, კარგი საყრდენით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით, უმეტეს რაიონში, დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 ივნისს ბათუმში და მთელ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე ტორნადოს ტრაქტორით „კანონის შესაბამისად“ გადაუარა?

კვარიათის პლაჟზე კაფე „ტორნადოს“ დემონტაჟს უხმაუროდ არ ჩაუვლია, პირველი მცდელობისა და ერთ-ერთი მფლობელის რადიკალური წინააღმდეგობის შემდეგ, ინსპექციამ დროებით უკან დაიხია. ამ დროისთვის გონიო-კვარიათის პლაჟზე ათეულობით კაფეს დემონტაჟი უკვე დასრულებული იყო.

მათ შორისაა ისეთი კაფეებიც, რომელთა მესაკუთრეებსაც პლაჟზე მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეთანხმების ხელშეკრულებების ვადები ამოეწურათ და ისეთებიც, რომლებმაც თავიდანვე შენობები, ჯიხურები, სახლები… უნებართვოდ განათავსეს.

პირველი მცდელობიდან რამდენიმე დღეში კვარიათის პლაჟზე კაფე „ტორნადო“ ღამით დაშალეს. ადგილზე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად პოლიციაც მივიდა. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რომლებიც შენობის მფლობელმა მოგვაწოდა. უფრო მეტიც, დაცვის პოლიციის ინფორმაციით, რომელსაც შენობა ჰქონდა ჩაბარებული, ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

მესაკუთრე გვიყვება, რომ ინსპექციის წარმომადგენლებმა შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული 4 კამერა და 6 შიდა კამერა შენობაში შესვლისთანავე  გათიშეს, მაგრამ შიდა სივრცეში დარჩა ერთი კამერა, რომელზეც დენის წყაროს კვების ბლოკი იყო დამაგრებული და ისე იყო შეფუთული, რომ ინსპექციას მისი არსებობა გამორჩა, სწორედ ამ კამერამ ჩაიწერა კადრები.

კაფე „ტორნადო“ მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაშალეს, დაცვის პოლიციამ ვერაფერი მოიმოქმედა, ვერ დაიცვა ის ნივთებიც კი, რომლებზე პასუხისმგებლობასაც ახლა შპს „ტორნადოს“ აკისრებს.

კადრებში ჩანს, როგორ აღებენ კარს და როგორ შედის შენობაში მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე, შემდეგ კი მისი თანამშრომლები, პირები, რომლებსაც ინსპექციის სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ. კადრებში ჩანს ასევე პირი, რომელსაც პოლიციელის ფორმა აცვია.

კაფეს მფლობელი მერიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი დაზიანებული ქონებაა. ის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დაზიანებულია შენობის კონსტრუქცია, დამსხვრეულია შუშები, რომლებიც, მესაკუთრის თქმით, სპეციალურად შემოიტანა თურქეთიდან მსუბუქი, გამჭვირვალე შენობის მოსაწყობად, დაკარგულია ძვირადღირებული ნივთები…

ფოტო გადაღებულია კაფეს დანგრევიდან რამდენიმე დღეში

მესაკუთრის ადვოკატის ინფორმაციით, დაკარგულ საგნებს შორის არის მოწყობილობები, რომლებიც კამერების ჩანაწერებს ინახავდა. ასევე დაკარგულია დაცვის პოლიციის მიერ დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობა, რომლის მოვლა-პატრონობაზეც პასუხისმგებლობა შპს „ტორნადოს“ ჰქონდა დაკისრებული.

ახლა დაცვის პოლიცია, რომელმაც ნგრევისას ადგილზე საკუთარი ნივთების დაცვაც ვერ მოახერხა, თავის ნივთებს „ტორნადოს“ სთხოვს და წერილობით ატყობინებს, ზარალი 5 სამუშაო დღეში უნდა ამინაზღაუროო:

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ტორნადოს“ მაკა გოგიტიძე ფლობს, კაფეს მისი მეუღლე კობა მანველიძე მართავს.

შპს „ტორნადოს“ ინტერესებს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მთავარი უკანონობა, რასთანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს, დემონტაჟის წესების დარღვევაა.

„დემონტაჟი არის შენობის ორგანიზებული დაშლა. ამ  შემთხვევაში კი მუნიციპალურმა ინსპექციამ სრულად გაანადგურა შენობა-ნაგებობა“, – განმარტავს ადვოკატი.

  • რას ამბობს კანონი დემონტაჟზე

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ზოგადად განსაზღვრავს, რომ დემონტაჟი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ორგანიზებულად დანგრევა/დაშლას გულისხმობს, ასევე ადგენს დემონტაჟის წესებს კონკრეტულ შემთხვევებში.

რაც შეეხება უნებართვოდ აშენებულ ან განთავსებული შენობის დემონტაჟს, კანონის მიხედვით,  მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო, ამ შემთხვევაში „მუნიციპალური ინსპექცია“ უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, თუ მშენებლის ვინაობა გარკვეულია, ხოლო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა…

დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება ან უწყება უნდა გააცნონ მხარეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება ამ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

კანონი ადგენს გასაჩივრების წესსაც. გასაჩივრების შემდეგ შესაძლოა მომჩივანისთვის სასარგებლო შედეგი არც დადგეს, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია პროცესის დროში გასაჭიანურებლად. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ათასობით მაგალითი გვაქვს, როცა სასამართლოს ერთი ინსტანციიდან მეორეში საქმის დასრულებამდე კომპანია, ბათუმის ძველ ბულვარშიც კი, წლების განმავლობაში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას უკანონო შენობაში.

კაფე „ტორნადო“ ამ ადგილზე 2016 წლიდან ფუნქციონირებდა

შპს „ტორნადოს“ ადვოკატი ამბობს, რომ „ტორნადოს“ საქმეში  „მუნიციპალური ინსპექცია“ თანმიმდევრული არ იყო.

„როდესაც მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქისგან კანონის დაცვას ითხოვს და მოქმედებს, როგორც კანონის აღმსრულებელი, კანონის დამცველი სუბიექტი, მას არ აქვს უფლება, კანონის დაცვის სახელით დაარღვიოს ის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფლებამოსილების გადამეტებასა და საკუთრების უფლების ხელყოფასთან. არგუმენტი, რომ მას აქვს უკანონო შენობის დაშლის უფლება, მას არ ანიჭებს უფლებას, უკანონობას ებრძოლოს უკანონობით“.

რატომ არ გაიტანა „ტორნადომ“ უკანონო შენობიდან თუნდაც ძვირადღირებული საგნები, როცა მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ამჯერად არ აპატიებდნენ? – ამ კითხვის პასუხად ადვოკატი განმარტავს, რომ შენობა უკანონოდ ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მფლობელმა ის განაახლა და კეთილმოაწყო მოქმედი ხელშეკრულების პირობებში. გარდა ამისა, მან მიმართა მუნიციპალიტეტს წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიზნით და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადა.

„კომპანიამ თავისი ხარჯით უზრუნველყო კომუნიკაციების შეყვანა, ამ საქმიანობების დროში გაჭიანურების გამო მან საიჯარო ვადა თავისი საქმიანობისთვის ვერ გამოიყენა. დრო დაიკარგა აუცილებელი ინფრასტრუქტურის გასამართად. ამ პროცესის შემდეგ კი უკვე კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ითხოვს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რისთვისაც დაიკარგა დრო და რესურსი“, – განმარტავს ადვოკატი.

გიორგი ხიმშიაშვილი აქცენტს აკეთებს ასევე კომუნიკაციაზე მერიასთან დადგენილების გამოცემიდან შენობის დანგრევამდე:

„მესმის ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა გარკვეული საკითხებისადმი, მაგრამ „ტორნადოს“ შემთხვევაში გვქონდა საგამონაკლისო ვითარება, ჩვენ მერიასთან ვართ სამართლებრივ დავაში. მუნიციპალურ ორგანოსთან გვქონდა კომუნიკაცია და ვაცხადებდით, რომ შენობის დემონტაჟი საჭიროებდა ფინანსურ რესურსს, რაც იმ დროისთვის კომპანიას არ ჰქონდა. ამიტომ სჭირდებოდა დრო. ასევე მინდა ვთქვა, რომ დემონტაჟის პროცესი დაწყებული იყო და ეს კადრებშიც ჩანს.“

ყველას შეუძლია თქვას, რომ დემონტაჟის დასაწყებად რესურსი არ აქვს და დრო გაწელოს. რატომ უნდა გაეწია ანგარიში მუნიციპალურ ორგანოს „ტორნადოსთვის“, ვკითხეთ ადვოკატს.

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით „ტორნადომ“ სასამართლოს მიმართა და 30-დღიანი ვადა მოითხოვა, რომ ჩაეტარებინა ექსპერტიზა კომპანიის ხარჯისა და ზარალის დასათვლელად: „ამისთვის ჩვენ გვჭირდებოდა შენობის ფიზიკური არსებობა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოცემულ  ვადაში შეფასება ვერ დაასრულა.“

კომპანიის მმართველი, კობა მანველიძე ნამდვილად აქვეყნებდა ფოტო-ვიდეომასალებს, რასაც უნდა დაედასტურებინა, რომ კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო.

„გადასახადის გადამხდელს ხელი უნდა შეუწყო, მე მერიამ გამანადგურა“ – ამბობს კაფეს მმართველი კობა მანველიძე

„ტორნადოს“ მმართველი კობა მანველიძე გვიყვება, რომ 2022 წელს, კვარიათში მიწის ნაკვეთების საიჯარო წესით გამოცხადებულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც სხვები, თავადაც მიიჩნევდა, რომ მერიამ აუქციონები დაგვიანებით გამოაცხადა. მისივე თმით, სწორედ ეს დაგვიანება გახდა აუქციონების უმეტესობის ჩაშლის მიზეზი.

აუქციონი მიწის 4 თვით სარგებლობას ითვალისწინებდა.

აუქციონში გამარჯვების შემდეგ, შპს „ტორნადოს“, 2022 წლის 15 ოქტომბრამდე ვადით, სარგებლობაში გადაეცა იგივე ნაკვეთი, სადაც შენობა ადრეც ჰქონდა.

„ხელშეკრულების საფუძველზე მოვითხოვე წყლის, საკანალიზაციო სისტემისა და ელექტროენერგიის შეყვანა. კომუნიკაციები შემოიყვანეს 7 ნოემბერს, როცა უკვე სეზონი დასრულებული, ხელშეკრულებას ვადა კი გასული იყო. სამუშაოებში მონაწილეობდა მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბათუმის წყალი. მანამდე ტექნიკური მოკვლევა ჩატარდა, 4000 ლარი გადავიხადე მოსაკრებელი. ასეთ ვითარებაში, მე როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს, მქონდა ნდობა, რომ წელს თუ არა, მომავალში გამოვიყენებდი კომუნიკაციების ამ საშუალებებს“, – ამბობს „ტორნადოს“ მმართველი.

კობა მანველიძის ინფორმაციით, მიღება- ჩაბარების აქტი 7 ნოემბრით თარიღდება.

ბათუმის წყლის თანამშრომლები კაფე „ტორნადოს“ წყლის სისტემის გაყვანის სამუშაოებზე

კობა გვიყვება იმ პრაქტიკაზე, რომელიც მერიას 2016 წლიდან დღემდე გონიო-კვარიათის პლაჟების სამართავად ჰქონდა დანერგილი:

„2016 წლიდან ვეწეოდი აქ სამეწარმეო საქმიანობას. აუქციონები ყოველთვის არ ცხადდებოდა, მერია ქირის თანხას ითხოვდა ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და გადასახადებს ვიხდიდით. ეს ყველაფერი გვაქვს დოკუმენტურად და ქვითრებით. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა სამართლებრივი მხარე მოგვეგვარებინა, არ გვინდოდა კანონის დარღვევა, მაგრამ მერია არ გვაძლევდა შესაძლებლობას, კანონის ჩარჩოში მოგვექცია ყველაფერი. ასევე, არ გვაძლევდა წინასწარი სამზადისის საშუალებას, რომ სეზონს მომზადებული შევხვედროდით.“

შპს „ტორნადოს“ შენობა 445 კვ.მეტრზე იყო განთავსებული. მესაკუთრე ამბობს, რომ მერიას ბევრჯერ სთხოვა, თუმცა ამ ადგილზე არ გამოაცხადეს გრძელვადიანი აუქციონი.

„მერთანაც მქონდა შეხვედრა 2021-ში. მითხრა, იქნებ სხვასაც უნდა ეს ადგილიო. მართლა მაინტერესებს, დაილია ადგილი პლაჟზე?- დიახ, გეთანხმებით, ყველაფერი იყო მიშვებული და ქაოსური. ერთი მხრივ, კონტროლი უნდა დაწესდეს, მაგრამ ვინც სტანდარტებში ჯდება, ხელი არ უნდა შეუწყო? – მე არ უნდა დამაზარალო, მე ვარ გადასახადის გადამხდელი, არ უნდა გამანადგურო. რაც გამიკეთეს, ეს არის განადგურება.

445 კვ.მეტრი შენობა 2022 წელს შევმინეთ, პარალელურად მივწერეთ მერიას ვადის გაგრძელებაზე, ვითხოვდით გრძელვადიან საიჯარო ხელშეკრულებას. ამის დამადასტურებელი განცხადებები არსებობს“.

მერიის ინსპექციის პასუხი

ბოლო ათი წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კონკრეტულ სამართალდარღვევაზე რეაგირების გაჭიანურებას ყოველთვის კანონით ხსნიდა; იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ინსპექციის ხელმძღვანელები ზეპირი განმარტებებისთვის თავს არ იწუხებენ, „ტორნადოს“ საქმის მასალები ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

ასევე ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ყოველთვის ამბობს, რომ მერიასა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ყველაფერი კანონის შესაბამისადაა. ამიტომაც ველოდით, რომ მთელ რიგ დოკუმენტებს მივიღებდით შესასწავლად, ფოტომასალების ჩათვლით: „ტორნადოს“ მიმართ განხორციელებულ ყველა პროცედურას, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით ახსნიდნენ და ყველა კითხვას ლოგიკური პასუხი გაეცემოდა.

თუმცა ინსპექციიდან მხოლოდ ერთგვერდიანი ზოგადი პასუხი მივიღეთ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე.

ამონარიდი ინსპექციის წერილიდან, რომელსაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

„მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე „ტორნადოს“ მიმართ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებები. არაერთხელ გაფრთხილდა სიტყვიერად კაფე „ტორნადოს“ მფლობელი გაეთავისუფლებინა  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ჩაბარდა წერილობითი გაფრთხილება საფოსტო გზავნილით, სადემონტაჟო ობიექტზე ადგილზე გასვლით ააიპ მუნიციპალური ინსპექციის მიერ იქნა გაკრული გაფრთხილების ფურცელი
გაეთავისუფლებინა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, რაც არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა.“

პასუხი არ შეიცავს თარიღებს, როდის გააფრთხილეს „ტორნადოს“ მესაკუთრე, როდის გამოაკრეს ადგილზე დადგენილება და ასე შემდეგ.

გონიო-კვარიათში მიმდინარე პროცესს „ბათუმელები“ დემონტაჟის დაწყების დღიდან აკვირდება. პროცესი 5 თვეზე მეტია გაგრძელდა. ამ პერიოდში ნებისმიერ ჩვენ დაინტერესებას ინსპექცია პასუხობდა განმარტებით, რომ მიმდინარეობდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. ინსპექციამ ამ პროცედურების დამადასტურებელი მასალები ვერ წარმოგვიდგინა. თუ ასეთი მასალები ინსპექციას არ აქვს, ეს სერიოზული სამართალდარღვევაა.

კვარიათში უნებართვო კაფე-ბარების დემონტაჟის პროცესის გაგრძელების თაობაზე ფოტომასალა ბოლოს მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. „ტორნადო“ 2023 წლის 3 ივნისს დაანგრიეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 223 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 4 017 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 798 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 3 985 ერთეული [+44]
  • MLRS – 617 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 379 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 307 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 447 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 214 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 708 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 545 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 751 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 129 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 204 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რუსეთი დელფინებს იყენებს სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად – ბრიტანული დაზვერვა

პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება

ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილ პოლიციელს, გიორგი აბდუშელიძეს, გამოძიება პოლიციის განყოფილებაში კურიერის ცემას ედავება – „ყვავილების ჩუქებისთვის პოლიციელის მხრიდან კურიერის ცემის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო.

განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ მუხლების დარღვევაშია პოლიციელი ბრალდებული. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის – 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 2 იანვარს მოხდა: პოლიციელის, გიორგი აბდუშელიძის ნათესავ გოგოს კურიერმა ყვავილები მიუტანა, მაგრამ გოგომ ვერ გაიგო, ვინ დაასაჩუქრა ის ყვავილებით.

პოლიციელი ამ კურიერს თბილისის მოედანზე შეხვდა და პოლიციის მე-3 განყოფილებაში გადაიყვანა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელმა განყოფილებაში მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა – ის კურიერს სთხოვდა ეთქვა, ვინ გაუგზავნა ყვავილები პოლიციელის ნათესავს.

ეს გამოძიების ვერსიაა.

ბრალდებული კი, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი ზურაბ კონცელიძე „ბათუმელებთან“ არ გამორიცხავს პროკურატურასთან მოლაპარაკების დაწყებას საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით.

„ვაკვირდებით დაზარალებულის პოზიციას, რომლის გარეშეც საპროცესო შეთანხმებას ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება. მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დააფიქსირებს დაზარალებული,“ – ამბობს ადვოკატი ზურაბ კონცელიძე და განმარტავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევამდე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ამ ეტაპზე დაცვის მხარე სადავოდ ხდის ყველა მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა. მოსამართლემ დაახლოებით 50 მოწმის ჩვენება უნდა მოისმინოს.

„რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიციელმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ის ცდილობდა ობიექტური გარემოებები დაედგინა: რა მოხდა, ვინ იყო, ვინ იდგა უკან, რომ ინკოგნიტოდ არ დარჩენილიყო.

შესაფასებელია, რამდენად შეესაბამება დისპოზიციას კონკრეტული ქმედებები, გარკვეული კითხვები არის,“ – ამბობს ზურაბ კონცელიძე.

საქმეშია ექსპერტიზის დასკვნებიც, რაც დაზარალებულად მიჩნეული კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს, დაზიანებებს, რაც პროკურატურის მტკიცებით, კურიერმა პოლიციელის განყოფილებაში მიიღო. კურიერს გაუარესებული აქვს სმენაც.

ადვოკატი სადავოდ მიიჩნევს კურიერის ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს.

„დასადგენია, როდის მიიღო მან ეს დაზიანება და შესაძლო ფაქტით გამოწვეული არის თუ არა ეს, დაისმება შესაბამისი კითხვები,“ – ამბობს ზურაბ კონცელიძე.

ზურაბ კონცელიძე – ადვოკატი

მოწმეების დაკითხვა მოსამართლეს ამ საქმეზე ჯერ არ დაუწყია.

დანაშაული[ს შეტყობინება] და სასჯელი – ამბავი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე, იურისტი, უფლებადამცველი

თუ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებასთან [ზურაბ გორგილაძის #54], 19 ივნისს 10:30 – 13:00 საათამდე ან 21 ივნისს 14:00 – 16:30 საათებში ჩაიარეთ, უკვე გეცოდინებათ, რომ მე, საქართველოს მოქალაქე, ნათია კაპანაძე ონლაინთაღლითობის და კიბერდანაშაულის (phishing) მსხვერპლი აღმოვჩნდი.  

ჩემი მიზნობრივი დაგროვებითი ანგარიშიდან – „ყურის ოპერაცია“ თანხა უბრალოდ აიღეს და სადღაც სატრანზიტო ანგარიშზე (e-Money) გადარიცხეს.  

ანუ გამქურდეს.

განყოფილებასთან ჩავლა შემთხვევით არ ვახსენე – მეორე განყოფილებაში განაცხადის შეტანის მცდელობაც კი პირადი მონაცემების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, დარღვევისა და გასაჯაროების ტოლია.

ქვეყანაში არსებული რეალობის, უფლებადამცველებზე გამოცხადებული ნადირობის (თუ იმიტომაც, რომ ოპერაციის დაგეგმვის ეს სურვილი საკუთარი თავის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის ყველაზე დიდი მცდელობაა) გამო, ეს შემთხვევა ძალიან მძიმე და მტკივნეული დასაწყისი აღმოჩნდა.

დასაწყისს იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი მართლაც მაშინ დაიწყო, თანხის მიტაცების დადასტურებებით, ამობეჭდილი მტკიცებულებებით და პირადობის მოწმობით ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში რომ შევედი. 

სივრცე სამი ოთახისგან შედგება. მიმღები დგას 10-12 გამომძიებლის სამუშაო მაგიდების დასაწყისში, სადღაც სამუშაო ოთახის კარი მოჩანს და შესასვლელიდან მარჯვნივ განყოფილების უფროსის ბორის ხაჟომიას კაბინეტია. 

მას შემდეგ, რას კანცელარიამ ომახიანად და ყველას გასაგონად გაიმეორა ჩემი დანაკარგის მოცულობა, სახელი და გვარი, უფროსის კაბინეტში გადამამისამართეს (!) კაბინეტში სამსახურებრივი და სამოქალაქო ფორმის ადამიანების გარემოცვაში, უფროსი ცდილობდა გადაეწყვიტა, უნდა მიეღო თუ არა შეტყობინება განყოფილებას. 

მისი პატარა კაბინეტი კითხვებით და სიგარეტის კვამლით მალე გაივსო. 

ალბათ, გახსოვთ, შენობაში აკრძალულია მოწევა – ასე ვცდილობდი კანონების შეხსენებას, რასაც „ჩემს კაბინეტში ყველაფერი შესაძლებელია“ მოჰყვა პასუხად. 

ჩემი მხრიდან ალერგიული ხველის გაგრძელება სიგარეტის ჩაქრობით დასრულდა.

შემდეგ კი მთხოვეს, გარეთ დავლოდებოდი. 

„მანქანით გადაგიყვანთ ქობულეთის განყოფილებაში, იქ გამოგკითხავენ და დაგაბრუნებთ ბათუმში“, – ეს ნახევარსაათიანი ლოდინის და დაზუსტებების მცდელობების შემდეგ, კაბინეტიდან გამოსულმა ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა.

ვუხსნიდი, რომ ჩემი ინტერესი იყო შეტყობინების გაკეთება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით:

  • მინდოდა, სახელმწიფოს სცოდნოდა, როგორ დაირღვა ჩემი უფლება
  • მინდოდა, დაედასტურებინათ, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება
  • რომ კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს, რომ …

პასუხად მითხრა, რომ უფროსის კაბინეტში შევსულიყავი და მასთან გამერკვია.

სხვათა შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამოძიების დაწყების პროცედურაზე მეორე განყოფილების თანამშრომლებისგან საკმაოდ განსხვავებული აზრისაა – „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს“ (მუხლი 100).

გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. თავის მხრივ, „დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული“. აქვეა შესაძლებლობა, რომ „პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა“. (მუხლი 101)

უფროსმა, რომელიც კაბინეტში სიგარეტის ახალ ნაფაზს ადევნებდა თვალს, მითხრა იგივე – ქობულეთამდე ტრანსპორტირების შესახებ. 

  • მე არ ვფიქრობ, სახელმწიფოს სახსრები (მანქანა, მძღოლი, საწვავი) დავხარჯო ჩემს საჭიროებაზე. მინდა, უბრალოდ, შეტყობინება გავაკეთო დანაშაულის შესახებ – ვცდილობდი ახსნას. 
  • ეს არ არის სახელმწიფო სახსრების არასწორი გახარჯვა, ამ გზით მართლმსაჯულებას ვემსახურებით – იყო პასუხი. 
  • თუ ეს მართლმსაჯულებისთვის აუცილებელია, თუ ჩემი უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებას არ დაიტოვებთ, ქობულეთში ან სხვა ტერიტორიაზე განაცხადის შეტანას თავად მოვახერხებ, სახელმწიფო რესურსების დახარჯვის გარეშე – იყო პასუხის პასუხი.

შემდეგ, ისევ მთხოვეს, დავლოდებოდი. 

ველოდი სივრცეში, სადაც ყველას ესმოდა, როგორ ჩიოდა დაზარალებული და საპენსიო სესხწართმეული მოხუცი, როგორ ელოდნენ უცხოელები გამომძიებლებს, როგორ მიჰყავდათ მოწმე პროცესზე, როგორ ათვალიერებდნენ საოჯახო ნივთებს, როგორ იდუღებდა ჩაის გამომძიებელი…

15 წუთის შემდეგ ისევ უფროსის კაბინეტში აღმოვჩნდი, ისევ მოთხოვნით, რომ პოლიცია გადამიყვანდა ქობულეთში გამოსაკითხად. 

  • აქედან სხვაგვარად არ გაგიშვებთ – იყო პოზიცია. 
  • მაპატიმრებთ თუ რას ნიშნავს? თუ აქ შესაძლებლობა არ არსებობს, წავალ და თავად გადავწყვეტ, როდის და სად შევატყობინებ სახელმწიფოს დანაშაულის არსებობას.
  • კარგით, გამოგკითხავთ გამომძიებელი. 

ამ პასუხიდან ნახევარი საათის შემდეგ გამომკითხეს, ერთ ფურცელზე და ერთ აბზაცში დანაკარგის და დანართების ჩატევა მოვასწარი. 

შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტი კი არ გადმომცეს. ვაიბერით ან ვოთსაპით გადმოგიგზავნითო, დამპირდნენ. 

დაპირება დოკუმენტი არ არის. ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ იმდენად გამომაცალა ძალა მოულოდნელმა და არალოგიკურმა ორსაათნახევრიანმა ბრძოლამ, წამოვედი. 

წამოვედი და ველოდე.  

ველოდე 2 დღე. 

მაგრამ არაფერი. საერთოდ არაფერი.

დასაწყისში, მეორე თარიღი, 21 ივნისის 14:00 – 16:30 საათის შუალედი რომ ვახსენე, ეს ზუსტად ის დროა, მეორე განყოფილებაში მეორედ მისვლის (თუ მეორედ მოსვლის). როცა ხელახლა გამოვცხადდი დანაშაულის შეტყობინების შესახებ რეგისტრაციის დადასტურების დოკუმენტი რომ მიმეღო მინიმუმ, რომ დამეზუსტებინა, სად და როდის გაგრძელდებოდა გამოძიება, რომ…

(ხომ გახსოვთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია 101-ე მუხლში როგორცაა: „პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა“.

გამომძიებელი დაახლოებით 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა.

„დანაშაულის შეტყობინების დადასტურების ცნობას აქ ვერ მიიღებთ. ამ ცნობისთვის ქობულეთში უნდა წაგიყვანოთ“. – ამ პოზიციით კიდევ უფრო დაშორდა საპროცესო კოდექსს გამომძიებელი. 

ჩემს დამატებით კითხვებს უფროსის გამოჩენა მოჰყვა, ანალოგიური ტექსტით და შემოთავაზებით. 

მე თქვენ შეგატყობინეთ დანაშაულის შესახებ და იქნებ დამიდასტუროთ, რომ შეგატყობინეთ. თუ გადაამისამართეთ ჩემი შეტყობინება, იქნებ მაცნობოთ, რომ გადაამისამართეთ – გავიმეორე თხოვნა.

ცხადია, არ დამავიწყდა შეხსენება, შეტყობინების დადასტურება რომ არ მიმიღია იმავე დღეს და არც ქობულეთიდან შემომეხმიანა გამომძიებელი. 

სხვათა შორის, საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნის შესახებაც აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს თავისი (და მეორე განყოფილების თანამშრომლებისგან განსხვავებული) შეხედულება: თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით (მუხლი 102). ამის შემდეგ კი აითვლება გამოძიების ვადა (მუხლი 103) გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.

  • ცნობას 10 დღეში მოგაწოდებთ – მიპასუხა ბოლოს უფროსმა. 
  • მე არ ვითხოვ საჯარო ინფორმაციას, ეს ჩემი პერსონალური მონაცემია! – მაშველი რგოლივით ჩავეჭიდე არასწორად, მაგრამ მაინც წამოსროლილ ვადას 10 დღის შესახებ. ხავსზე მეტი იყო იმ დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესოდან არგუმენტები საკმარისად საკმარისი არ აღმოჩნდა.   

და თუ მაინცადამაინც სზაკის სტანდარტი და მუხლი 40 უნდა გამოეყენებინათ, იქაც კი საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა – ეს ჩანაწერი გამონაკლის შემთხვევებზეა გაწერილი. რადგან მითხრეს, დავაზუსტე.

დავაზუსტე და ახალი კუთხიდან გაიხსნა ცეცხლი:

  • ქობულეთის განყოფილებიდან ვერ დაგიკავშირდნენ – მითხრა უფროსმა, რომელიც მოსაცდელ ოთახში გამოვიდა და დივანზე ჩამოჯდა. 
  • ტელეფონი მუდმივად ჩართული იყო – გავიმეორე. 
  • ვერ გიკავშირდებიან. მითხარით თქვენი ნომერი და გავუგზავნი – ამ პროცესს 10 ადამიანი მაინც ესწრება მეორე განყოფილების შესასვლელში.
  • ჩემი ტელეფონის ნომერი არ გახლავთ საჯარო – ვპასუხობ მთელი ამ არაკვალიფიციურობით და უმოქმედობით გაოგნებული.
  • მაშინ ჩაწერეთ თქვენი ნომერი – მაწვდის უფროსი საკუთარ ტელეფონს. 
  • ჩემი ნომერი არც ის ინფორმაციაა, თქვენს მოწყობილობაში რომ დავაფიქსირო – ვიმეორებ. 

უფროსის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა მარტო ვრჩები, მარტო არა, დაახლოებით 10 ადამიანის გარემოცვაში, მაგრამ მინიმუმ ფიქრის დრო მაქვს, ამ უცნაურ მოცემულობაზე ფიქრის დრო. არადა, მჭირდება მარტივი ცნობა დანაშაულის შეტყობინების შესახებ. 

მოულოდნელად დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი. არ ვიცი, ადმინისტრაციული კოდექსის, მეორედ მოსვლის საათნახევრიანი უცვლელი თხოვნის თუ სხვა ზებუნებრივი ძალების გავლენით, კიდევ 15-წუთიანი ტაიმაუტის შემდეგ, გამომძიებელმა თეთრი დროშასავით გამოაფრიალა დრაფტი, დანაშაულის შეტყობინების შესახებ ცნობის გაცემაზე თანხმობა და შინაარსის შეთანხმება დაიწყო. 

აღარც არის გასაკვირი, რომ პირველი შემოთავაზებული ვერსია ყოფნა-არყოფნას ჰგავდა: არ ეწერა, რა საკითხზე იყო ჩემი შეტყობინება, რა სიკეთე დაზიანდა, რატომ მივედი მეორე განყოფილებამდე, რატომ… და საბოლოოდ, გაჩნდა ეს ჩანაწერიც. 

მეორედ მისვლას ქობულეთიდან ზარიც მოჰყვა. პროცესი დაიწყო – ხელახლა გამოკითხვას მთავაზობენ.

ცხადია, ამბავი აქ არ სრულდება. ეს არ არის არც ფილმის ბოლო ნაწილი, არც წასაკითხი ბლოგის ბოლო წინადადება. გრძელდება.

ყველა ცუდ ისტორიაში რაღაც კარგიც ხომ ჩანს? – უნდა იცოდეთ, რომ მეორე განყოფილებას ჰყავს კვალიფიციური გამომძიებელი ქალი ლ. კვანტალიანი. გამოკითხვის და ცნობის გაცემის (და მეორე განყოფილების კანონთან დაახლოების) ტვირთი საბოლოოდ მას ერგო.

საქართველოს მოქალაქის მოწმობასთან ერთად, ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული და 2010 წლიდან მოქმედი ადვოკატის საერთო ლიცენზიაც თან მქონდა – ანუ ყველაფერი ის, რაც გამაჩნია. მაგრამ ამ დოკუმენტს უწყებებში სხვების უფლებების დასაცავად ვიყენებ. საკუთარ თავთან მიმართებაში, როგორც უფლებადამცველს, მაინტერესებს, რა ელოდებათ ადამიანებს, როცა პირისპირ და მარტო რჩებიან ძალაუფლების მატარებელი პირების წინაშე. რა ხდება ადვოკატების ან მედიის გარეშე საგამოძიებოში, სასამართლოში ან სხვა უწყებებში,  რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები იქ, სადაც უფლებების გადარჩენის და აღდგენის შანსი უნდა გვქონდეს? რატომ ვერ ვახერხებთ უკეთესი და დაცული ქვეყანა შევქმნათ?

ზუსტად ქვეყანაში არსებული რეალობის, უფლებადამცველებზე გამოცხადებული ნადირობის (თუ იმიტომაც, რომ ოპერაციის დაგეგმვის ეს სურვილი საკუთარი თავის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის ყველაზე დიდი მცდელობაა) გამო, ეს შემთხვევა ძალიან მძიმე და მტკივნეულია.

მაგრამ ღირს ძალისხმევად. 

ყველა ბრძოლაზე საჭირო, უფლებებისთვის ბრძოლაა.  

ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო გაგრძელებაც ექნება.

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ.

ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი].

ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, სერვერის დაზიანების გამო, 2023 წლის თებერვლიდან ეს საიტი გათიშულია, ამიტომ ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები ვერ ახერხებენ. შესაბამისად, უკვე 5 თვეა ამ საფასურს ვერავინ იხდის და ვერც ინსპექცია აჯარიმებს – პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი ვებგვერდი აღნიშნული მიზნით რომ გამოიყენოს, საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება უნდა შევიდეს. ცვლილების პროექტი კი, ბათუმის საკრებულოში შეტანილია და საკითხი 2023 წლის 27 ივნისს სხდომაზე უნდა განიხილონ.

პროექტის მიხედვით, ახალი წესი 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მას ამოქმედების ვადის შეუცვლელად დაამტკიცებს.

აქედან გამომდინარე, 1-ელი ივლისიდანვე გამართული უნდა იყოს ინსპექციის ახალი ვებგვერდიც და წესით, პარკირების საფასურის გადახდის პრობლემაც უნდა მოგვარდეს.

ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესში“ შედის, სადაც ჩაიწერება, რომ

  • „პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ [ინსპექციის] ოფიციალურ ვებგვერდზე, შესაბამის ველში“.

საკრებულოში ასევე წარდგენილია მეორე პროექტიც, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს დაჯარიმების წესში ითვალისწინებს.

აღნიშნულ წესში საკრებულომ ცვლილებები 2023 წლის 19 მაისსაც შეიტანა:

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „რიგ მუხლებში საჭიროა ცვლილების შეტანა, ასევე წესის გარკვეული პუნქტები საჭიროებს ახლებურად ჩამოყალიბებას“.

[toggle title=”დაჯარიმების წესში შესატანი ახალი ცვლილებების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №10-ში შესატანი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე–16 ნაწილებით, 125(3) მუხლის, 135-ე და 135(1) მუხლებით, 2093 მუხლის მე-2 ნაწილის, 239–ე მუხლის 27-ე ნაწილის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 შენიშვნის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 290(4) -290(6) მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილებით დამტკიცებული N1 დანართის:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით.

საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: —— ცხელი ხაზი: —— დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის №“.

ბ) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ დამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომელი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 125-ე მუხლის მე8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125(3) მუხლით და 135-ე და 135(1) მუხლებით, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“.

მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე.

[/toggle]

განახლება: „ბუთუმის მუნიციპალური ინსპექცია პარკირების ახალ პლატფორმაზე გადადის. პარკირებისა და ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აპარატებით აღიჭურვნენ, რომლებშიც ჩატვირთულია ახალი ელექტრონული პროგრამა. აღნიშნულის მეშვეობით ადგილზე მოხდება სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და მისივე სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე საჯარიმო ელექტრონული ქვითრით სრული ინფორმაციის გაგზავნა.

სამართალდამრღვევი თუ 10 დღის ვადაში დაფარავს დავალიანებას, 20%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს. ერთი თვის გადაუხდელობის შემდეგ ქვითარი 2-ჯერ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება რეგისტრირებულ მისამართზე; ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც 30 დღის შემდეგ ავტომატურად გულისხმობს ჩაბარებას.

საიტი ახლა იწყებს ფუნქციონირებას, შესაბამნისად მასზე მხოლოდ ახალი საჯარიმო სანქციები აისახება; აქვე შეძლებენ მოქალაქეები საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გადახდას. აგრეთვე შესაძლებელი იქნება პარკირების საფასურის გადამოწმება.

პარკირების ახალი სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სამართალდარვევაზე დაფიქსირებული ჯარიმების ეფექტურ აღსრულებას.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან 26 ივნისს.

ამავე თემაზე:

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

 

 

უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან: ყოველ ხუთშაბათს შევიკრიბებით

„ჩვენი მოთხოვნაა, აღარ იყოს უსახლკარო და მშიერი ადამიანი,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი. ის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედაა და 6 წელია ნაქირავებში ცხოვრობს 6 წლის შვილთან ერთად.

დღეს, 22 ივნისს, ბათუმის მერიის წინ – ვარდების სკვერში უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ყოველკვირეულ აქციებს იწყებენ, ვიდრე მინიმუმ მათ პრობლემებს არ მოისმენენ ხელისუფლებაში: „ყოველი კვირის ხუთშაბათს აქ რამდენიმე უსახლკარო ოჯახი გამოვა, ვიდრე ყურადღებას არ მოგვაქცევთ, სულ შევიკრიბებით“, – ამბობდნენ დღეს აქციაზე შეკრებილები.

„ძალიან რთულია, იცხოვრო სოციალური შემწეობით, ქირაც გადაიხადო და საჭმლის ფულიც დაგრჩეს, თან ბავშვთან იმდენი რამ გჭირდება,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი და ამატებს, დამლაგებლად რომ არ ვმუშაობდე სხვადასხვა სახლში, ქირას ვერ გადავიხდიდიო.

„სოცდაუცველი როცა ხარ, იაფი სახლის პროგრამითაც ვერ ისარგებლებ. ჩვენნაირ ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ბინა იყიდონ,“ – გვითხრა ნონა ხიმშიაშვილმა.

ეს არაა პირველი აქცია, რომელსაც უსახლკარო ადამიანები მართავენ ბათუმში. აქციების ორგანიზატორი „ფუხარას ხმაა“ და მას მერაბ ბლადაძე ხელმძღვანელობს – აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი.

მერაბ ბლადაძეს ვკითხეთ: წინა აქციის მსგავსად, არის თუ არა ისევ ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კორპუსების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემა?

„ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება ამ კუთხით – აშენებულ ბინებს ხომ ვერ დაანგრევენ?“ – კითხულობს მერად ბლადაძე. ის განმარტავს, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისგან უფასოდ არ ითხოვს საკუთრების დათმობას და მისი კეთილი ნების შემთხვევაში, კონკრეტული პირობებით, უსახლკარო ადამიანები მის შესყიდვას შეეცდებიან.

„ქირაში ამდენი თანხის გადახდას, მას გადაუხდიან. შესაძლებელია, ამ პირობებზე დავილაპარაკოთ,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიამ უსახლკარო ადამიანებზე მუშაობა, პირველ რიგში, დებულების შეცვლით უნდა დაიწყოს, რაც უკვე მიღებულია: „ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.

„იმდენად ბუნდოვანია დებულების პირობები, რომ ამ დებულების მიხედვით უსახლკარო ადამიანი დარეგისტრირებასაც ვერ შეძლებს,“ – დასძენს მერაბ ბლადაძე.

აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება.

დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – დავით მაღრაძეს.

მირდატ ქამადაძე 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მას და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“. 3 ივნისს დააკავეს ორი არასრულწლოვანიც.

აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძე კი შსს-მ თითქმის მაქსიმალური დროით – 48 საათით გააჩერა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებული არასრულწლოვნები – ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე კი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

წინა სასამართლო სხდომაზე მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ის აჭარის პოლიციის უფროსმა – დავით მაღრაძემ პირადი შურისძიებით დააკავა.

„…აგრესიით გამოირჩეოდა აქციაზე, მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, მან შეიგინა“, – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ლაშა ბერიძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„დიახ, მე შევიგინე, მაგრამ დამიდასტურეთ, როგორ დაირღვა ამით  საზოგადოებრივი წესრიგი? ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც იტყვის, რომ შეწუხდა“, – პოლიციელს მიუბრუნდა მირდატ ქამადაძე და შემდეგ მოსამართლეს განუმარტა, რომ სიტუაცია აქციის დასასრულს დაიძაბა, როცა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები დააკავეს.

„მე ვითხოვდი დავით მაღრაძისგან განმარტებას, რატომ დააკავეს არასრულწლოვნები“, – თქვა მირდატ ქამადაძემ.

პოლიციელმა ვიდეოჩანაწერიც აჩვენა მოსამართლეს იმის დასტურად, რომ მირდატ ქამადაძემ შეიგინა.

„ეს არ იყო ვინმე კონკრეტულის მისამართით“ – გაცხარდა მირდატ ქამადაძე. – „რუსთაველზე როცა ათასობით შეკრებილი ადამიანი უკაცრავად და იძახდა: პუტინ ხუილო, ამისთვის ნახევარ საქართველოს ხომ ვერ დააკავებთ? შეურაცხყოფა იქნება, ქუჩაში რომ ჩამოვუაროთ ვინმეს და სათითაოდ ვუთხრათ ასეთი ხარო“, – განმარტა მირდატ ქამადაძემ.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეაგინეთ, თქვენ შეიგინეთ… იქ იყვნენ ბავშვებიც, ბევრი ადამიანი მოძრაობს“, – მიმართა მირდატ ქამადაძეს დავით მაღრაძემ, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა და დააკონკრეტა, რომ არასრულწლოვნები აქციაზე საპატრულო პოლიციას არ დაუკავებია.

„სხვა დანაყოფმა დააკავა“, – დასძინა დავით მაღრაძემ.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებამდე მირდატ ქამადაძე აქციაზე აგრესიას გამოხატავდა პოლიციელების მიმართ:

„ზედმეტად აგრესიული იყო პოლიციის და ჩემ მიმართ, უპატივცემულობას გამოხატავდა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, ოპოზიციონერი მირდატ ქამადაძე, პოლიციელი ლაშა ბერიძე

რა არის, დათო, მოძრაობასაც ვერ აწესრიგებო? მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძის ქუჩა დატვირთულია და შევიწროებული, ვერ აკეთებთ საქმესო…“ – მოსამართლეს 3 ივნისის საღამოს მომხდარი ამბავი მოუყვა პოლიციის უფროსი.

დავით მაღრაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მას მირდატ ქამადაძის მიმართ პირადი შურისძიება არ აქვს.

„პირადულში გადმოდიხარ… ააჭრელეთ სოციალური ქსელი, რომ თითქოს შურისძიება იყო, რადგან მე მივეცი ჩვენება, როცა გიორგი კირთაძე იყო დაკავებული და მირდატ ქამადაძე იყო ადვოკატი… მე ჩემი მოვალეობა შევასრულე“, – თქვა დავით მაღრაძემ.

ოპოზიციონერის – მირდატ ქამადაძის მტკიცებით კი, „გიორგი კირთაძის საქმეზე“ დავით მაღრაძე ტყუილში გამოიჭირეს, რადგან მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

„მე აღარ მოვალ, დახვრეტაც რომ მომისაჯოთ“, – წყენა არ დამალა მირდატ ქამადაძემ. მოსამართლემ ოპოზიციონერს უთხრა, რომ დახვრეტას არ ითვალისწინებს კანონი.

„ეს დახვრეტის ტოლფასია, როცა გამოხატვის თავისუფლების გამო ასე ექცევით ადამიანებს… თქვენ არ გეხებათ ინდივიდუალურად, მაგრამ ყველაფერს „აპრავებს“ სასამართლო“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

„მე ინდივიდუალურად არ ვარ წარმოდგენილი, სასამართლოს წარმოვადგენ“, –  შეაჩერა ოპოზიციონერი მოსამართლემ.

ამ თემაზე:

პოლიციის უფროსმა პირადი შურისძიებით დამაკავა – წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებულთა სასამართლო 

 

ჯუმბერ ვარდმანიძე გაათავისუფლეს – ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველი იყო

ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის ყოფილი მერია. მან გუშინ, 21 ივნისს, მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.

ჯუმბერ ვარდმანიძემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ აზარტული თამაშების მომხმარებელი იყო. მისი თქმით, ნახევარი მილიონი ლარის ბიუჯეტიდან მითვისებაზე მან მხოლოდ პროკურატურიდან შეიტყო.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

 

რა ხდება ფრონტის ხაზზე – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაცია

უკრაინის თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება ჰქონდათ და მაგრდებიან ორი მიმართულებით: რივნოპოლი – სტარომაიორსკოე დონეცკის ოლქში და ბელოგოროვკა – დიბროვა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„როვნოპოლის – სტარომაიორსკოეს მიმართულებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას, მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე, არტილერიით უტევენ მტრის გამოვლენილ სამიზნეებს… მტერი იყენებს რეზერვებს, ცდილობს დაკარგული პოზიციის აღდგენას და ამავდროულად მძიმე დანაკარგები აქვს“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

გენერალური შტაბი იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას სამი მიმართულებით: მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ლიმანი.

ამავდროულად, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფრონტზე ლიმანის მიმართულებით სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ოფიციალურ მოხსენებაშია ნათქვამი და უკრაინის თავდაცვის ძალები პოზიციას კარგავენ კრემენნაიას მახლობლად მდებარე ტყეში.

________________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბაზარზე აღმოჩენილია ქიმიურად დაბინძურებული სათამაშოები – ზედამხედველობა

ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე აღმოჩენილია ბავშვების სათამაშოები, რომლებიც ქიმიურად დაბინძურებულია ან სათამაშომ შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა ან გაგუდვა.

ამავე წყაროს ცნობით, მაგალითად, ქიმიურად დაბინძურებულია ტყლარწი, რომელშიც ბორის მიგრაცია არის 585.9 მგ/კგ, რაც 1.953-ჯერ აღემატება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს – 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი.

ტყლარწი

სააგენტოს განცხადებით ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს სათამაშო თოფების ნაკრებიც.

სათამაშო ექვემდებარება სავაჭრო ქსელიდან ამოღებას

ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს გაგუდვა.

„აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2002 წლის 20 იანვრის დადგენილებას სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს“.

შემდეგი ასეთი სათამაშოა საჩხაკუნო, რომელიც განთავსებულია გამჭირვალე პარკში. სათამაშო განკუთვნილია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

საჩხაკუნო

სააგენტოს თქმით, ამ „სათამაშოს ძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები“.

სასროლი/სატყორცნი სათამაშოები.

„იარაღის ტყვიებს ძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ხორხში და გამოიწვიოს გაგუდვა“.

სათამაშოები ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ სტანდარტს.

სათამაშო მუსიკალური ინსტრუმენტები

„სათამაშოებს ძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის დროს შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები“.

 

 კიდევ ერთი სათამაშო, რომელიც სააგენტოს თქმით, არ აკმაყოფილებს ტექნიკურ სტანდარტს, არის წყლის სათამაშო თოფი.

„ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს გაგუდვა“.

სასროლი/სატყორცნი  და ცხოველების ფორმის საჩხაკუნო სათამაშოები:

„ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს გაგუდვა.

საჩხაკუნო სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები“, – წერს სააგენტო. 

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ივნისის 21 საათიდან 23 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია. მოსალოდნელია ღელვა – 2-4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 ივნისს ბათუმში და მთელ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქალი ათლეტების სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR-ი ავრცელებს. „ეს წუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე“ – წერს ორგანიზაცია.

საქმის პრეცედენტულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო პირველი საქმე, როდესაც სასამართლომ ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმე განიხილა.

6 ფეხბურთელი ქალი PHR-ს 2020 წელს დაუკავშირდა. ისინი მწვრთნელის მხრიდან სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ საუბრობდნენ და შევიწროების ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

დისკრიმინაციის დროს ექვსი ფეხბურთელიდან ოთხი არასრულწლოვანი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასამართლო დავის დაწყებისას ორი მოსარჩელე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

სასამართლო დავა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. სასამართლო განხილვა ერთ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ შევიწროებად მიჩნეული ფაქტები. მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა:

გასახდელში უნებართვოდ შესვლას; სექსუალური შინაარსის ვარჯიშების შესრულების მოთხოვნას, რომელთაც სპორტული დანიშნულება არ ჰქონდა; სხეულის ორგანოებზე შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარებს; ბავშვების სურვილის საწინააღმდეგოდ რესტორანში წაყვანას; რომანტიკული შინაარსის ურთიერთობის დაშვებას სხვა გარემოებებში. სპორტსმენი ქალების თვითშეფასების განადგურებას; ყვირილს, დამცირებას, გინებას, გარეგნობაზე კომენტარებს და სხვა.

2022 წლის 18 თებერვალს სასამართლომ სამი მოსარჩელის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და მწვრთნელს მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა თითოეული მათგანისთვის. დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ სასამართლომ ფაქტები ხანდაზმულად მიიჩნია (სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაშვება), თუმცა ამას მოსარჩელეები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი ქალი ათლეტების უფლებებისათვის ბრძოლისა საქართველოში. მან უნდა გამოიწვიოს სისტემური ცვლილებები: ფედერაციებმა უნდა დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შექმნაზე, რათა სპორტულ კლუბებს გასაჩივრების მექანიზმი გააჩნდეთ.

ასევე მნიშვნელოვანია, ფედერაციებმა გადაამზადონ მწვრთნელები, როგორც შევიწროების, ასევე არასრულწლოვან ათლეტებთან მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე. სპორტულ ფედერაციებსა და სპორტულ კლუბებს დღემდე არ გააჩნიათ სექსუალური შევიწროების პრევენციის ან გასაჩივრების მექანიზმები, სადაც სპორტსმენი ქალები და ბავშვები მიმართავდნენ“ – წერს PHR-ი.

ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება.

დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია].

ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს დღეს, რომელიც 2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ [IMO] მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა“.

წელს სააგენტო ღონისძიების ორგანიზებისთვის 345 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს, რაზეც თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული აქვს.

მომსახურებაში შედის: ღონისძიების შემეცნებით-კულტურული პროგრამა; საკონცერტო, გასართობი და სხვა მომსახურებები; თავისუფალი სიგნალის გავრცელებისა და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფა, დრონითა და ასევე ფოტო-ვიდეო გადაღება, ბრენდირებული ინვენტარის მიწოდება, ლოკაციების გაფორმება საზღვაო თემატიკის დეკორაციებით და სხვა.

„საქართველო მსოფლიო ეკონომიკისათვის მეზღვაურთა სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყანა და 15 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ ასობით გემზე არიან დასაქმებულნი. მათ უდიდესი როლი შეაქვთ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში.

მეზღვაურები პირდაპირ არიან ჩართულნი პროცესში, რომელიც არა მხოლოდ სანაოსნო ბიზნესს ამოძრავებს, არამედ გარანტიაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და განვითარებას.

ღონისძიების მიზანია საზღვაო დარგში მოღვაწე პირების წვლილის დაფასება და აღიარება, ასევე თავად ქართველი მეზღვაურების მოტივაცია. საზოგადოებაში საზღვაო დარგის პოპულარიზაციის გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზღვაო მიმართულების ბიზნესში ადამიანური რესურსის მოზიდვაზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრება სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, რის გამოც ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესს“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განაცხადში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მეზღვაურთა დღის აღნიშვნა „სააგენტოს ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სთხოვეს.

მთავარი ფოტო: მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე ბათუმში / 2.07.2022

2022 წელს მეზღვაურთა დღე ბათუმში უამინდობის გამო 2 ივლისს აღნიშნეს:

ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს [ფოტო]

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 222 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 4 013 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 783 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 3 941 ერთეული [+21]
  • MLRS – 617 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 376 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 307 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 438 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 214 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 678 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 539 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 740 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 129 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 193 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 110 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რა ხდება ფრონტის ხაზზე – უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაცია

წლიური ხელფასი 132 000$ – რას მიაღწიეს აშშ-ში მაღაროელებმა ორწლიანი გაფიცვით

2021 წლის პირველ აპრილს Warrior Met Coal-ის ნახშირის მაღაროებში მომუშავე დაახლოებით 1000 მაღაროელი გაიფიცა აშშ-ში, ალაბამას შტატში.

2016 წელს – მაღაროების მფლობელ კომპანიას სხვა სახელი ერქვა: Walter Energy. კომპანია კოტრდებოდა მსოფლიო ბაზარზე ნახშირის გაუფასურების გამო და სახელიც გადაირქვა. ახალმა კომპანია Warrior Met Coal-მა დასაქმებულებს სთხოვა დათანხმებოდნენ შემცირებულ ხელფასსა და შეღავათებს, რომ შახტები საერთოდ არ დახურულიყო.

პროფკავშირის განმარტებით, მაშინ ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ დასაქმებულები. ეს იმას ნიშნავდა, რომ გარდა ხელფასის შემცირებისა, ისინი მეტს გადაიხდიდნენ დაზღვევისთვისაც, 2500 პენსიონერ მაღაროელს კი სამედიცინო შეღავათები შეუმცირდებოდა. პროფესიული კავშირის შეფასებით, დასაქმებულები ამ ფორმით დაეხმარნენ კომპანიას გაკოტრებისგან თავის დაღწევაში.

აშშ-ის მაღაროელთა პროფკავშირისავე ცნობით, დასაქმებულთა ხელფასის შემცირების ხარჯზე ნახშირის მომპოვებელი კომპანიამ 1,1 მილიარდი დოლარი დაზოგა და გაკოტრების საფრთხეც დაძლია.

მიუხედავად ამისა. კომპანიის წარმომადგენლები დიდი მოგების შემდეგაც არ თვლიდნენ საჭიროდ მაღაროელებისთვის იგივე ხელფასი გადაეხადათ, რასაც გაფიცვამდე, 5 წლის წინ უხდიდნენ.

გაფიცულები კი ამბობდნენ, რომ კომპანია დასაქმებულებს წინანდელი ხელფასისა და შეღავათების ხუთ წელიწადში აღდგენას დაჰპირდა. თუმცა რეალურად, როცა 2021 წელს ახალი ხელშეკრულებები უნდა გაფორმებულიყო, მაღაროელებმა უარი თქვეს ხელი მოეწერათ შეთავაზებულ პირობებზე.

დასაქმებულები და პროფკავშირის ლიდერები ამბობდნენ, რომ ახალი კონტრაქტით მაღაროელები დაკარგული შემოსავლის კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ, შემოსავლისა, რომელიც მათ 2016 წელს დაკარგეს.

ასე დაიწყეს ალაბამელმა მაღაროელებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი, ორწლიანი გაფიცვა.

გაფიცვების დასაწყისში მაღაროელთა ანაზღაურება 23 დოლარი იყო საათში, რაც 6 დოლარით ნაკლები იყო 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით.

ფოტო: Reuters. ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.

დასაქმებულები 5 წლის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას და ძველი ხელშეკრულების პირობებს ითხოვდნენ.

პროტესტის მეშვიდე თვეს მაღაროელებმა ალაბამადან ნიუ-იორკში გადაინაცვლეს, მანჰეტენზე, კომპანია BlackRock-ის ოფისთან, რომელიც Warrior Met Coal-ის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია 14%-იანი წილით.

ნიუ-იორკში ამ დროს მაღაროელთა გაერთიანების ექვსი ლიდერი დააკავეს ხულიგნობისთვის. მათ შორის გაერთიანების პრეზიდენტი სესილი რობერტსიც.

აშშ-ის მაღაროელთა პროფკავშირის ცნობით, ალაბამას ეს შახტები მიწის ქვეშ 2000 ფუტის სიღრმეშია და ჩრდილოეთ ამერიკის მაღაროებს შორის ყველაზე ღრმაა.

გაფიცულები საუბრობდნენ შვებულების პრობლემებზეც, რომ მხოლოდ მადლიერების დღეს და შობას ისვენებდნენ მთელი წლის განმავლობაში, ყველა სხვა დღესასწაულზე კი მუშაობდნენ.

გაფიცულები სამართლიანად მიიჩნევდნენ მოთხოვნებს, რადგან კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და, მათი აზრით, ეს აუცილებლად უნდა ასახულიყო ხელფასზეც.

პროტესტის შედეგად Warrior Met Coal-ის ორი მაღაროდან ერთში ქვანახშირის მოპოვება საერთოდ შეჩერდა, მეორეში კი სამუშაო პროცესი შეფერხდა. კომპანია მაინც ახერხებდა საათობრივად დაექირავებინა სხვა მაღაროელები, რომლებიც არ იყვნენ პროფესიული კავშირის წევრები.

პროტესტის მეშვიდე თვეს აღმოჩნდა, რომ წინა წელთან შედარებით კომპანიას 40%-ით ნაკლები წიაღისეული ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ამ პერიოდში ქვანახშირის ფასი გაორმაგდა და წარმოების შემცირება ამით დააბალანსეს.

კომპანიის ცნობით, პროტესტის მეშვიდე თვეს გაფიცვებით გამოწვეული ზარალი 16 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

Warrior Met Coal-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აფასებდნენ თანამშრომლების მძიმე შრომას, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ხელფასს ვერ გაზრდიდნენ. ამ გადაწყვეტილებას კომპანია ქვანახშირის ინდუსტრიას არასტაბილურობით ხსნიდა. მათი აზრით, მაღაროელთა ხელფასის მატებით შესაძლოა თავად კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას შეჰქმნოდა საფრთხე.

გაფიცულებს 2 წლის განმავლობაში პროფკავშირი უმუშევრობის კომპენსაციას უხდიდა, რაც კვირაში 400 დოლარი იყო.

გაფიცვა მოლაპარაკების გარეშე დასრულდა თითქმის 2 წლის შემდეგ – 2023 წლის მარტში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნახშირის ფასი მსოფლიოში გაორმაგდა.

მაღაროელთა გაერთიანებული პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ლარი სპენსერი ნიუ იორკ თაიმსთან საუბრისას აცხადებდა, რომ პროტესტის ბოლო თვეებში კომპანიასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებების ფორმატი თითქმის მოიშალა.

ის დანანებით ამბობდა, რომ დასაქმებულებმა ვერ მიიღეს ისეთი შედეგი, როგორიც სურდათ, მაგრამ ამ ხანგრძლივმა გაფიცვამ აჩვენა, რომ მაღაროელები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად სოლიდარულები არიან.

2023 წლის გაზაფხულიდან პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილი დაუბრუნდა სამუშაო ადგილს, ნაწილმა კი დატოვა მაღარო და სხვა სამსახური იპოვა.

კომპანია Warrior Met-ი ავრცელებდა განცხადებას, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო გაფიცული მაღაროელების სამუშაო ადგილებზე დაბრუნების ხელშეწყობა.

მსოფლიოს ბევრმა პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა მხარი აშშ-ში ალაბამას მაღაროელთა პროტესტს, თუმცა პროტესტმა თავად ქვეყანაში ვერ მოიპოვა ვერც რესპუბლიკელების, ვერც დემოკრატების მხარდაჭერა.

ფოტო: Reuters. ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.

გაფიცვა დაზარალდა ასევე ნახშირის ფასის მკვეთრი ზრდით მსოფლიო ბაზარზე: კომპანია მართალია შეფერხებით მოიპოვებდა, მაგრამ სარფიანად ყიდდა ნედლეულს.

ალაბამას მაღაროების ნახშირი ფოლადის წარმოებაში გამოიყენება და მასზე მოთხოვნა მაღალია.

გაფიცვის დაწყებიდან პირველივე წლის განმავლობაში კომპანია Warrior Met-ის მოგება 150-დან 641 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 143%-ით გაიზარდა აქციების ფასიც.

აშშ-ის მუშათა გაერთიანების ყოფილი პრეზიდენტი, ლარი კოენი ამერიკულ მედიასთან საუბრობდა იმაზეც, რომ კომპანიებმა შეძლეს მაღაროელთა შემცვლელების დაქირავებაც.

გაფიცული მაღაროელების ჯგუფი მრავალფეროვანი იყო, ძირითადად ალაბამას შახტებთან ახლომდებარე სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან. გაფიცვისას ისინი დიდ სოლიდარობას ამჟღავნებდნენ, საკვებს, წყალს უნაწილებდნენ ერთმანეთს და არ თმობდნენ პოზიციებს.

კომპანია Warrior Met-მა გაფიცული მაღაროელების შემცვლელებს მისაზიდად საუკეთესო პირობები შესთავაზა: წლიური ხელფასი 132 000 და სახელფასო დანამატი 1900 დოლარი. ეს მხოლოდ იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ იყვნენ პროფესიული კავშირის წევრები.

ამერიკის მაღაროელთა გაერთიანების პრეზიდენტის, სესილი რობერტსის შეფასებით ეს ძალიან კარგი ხელფასია ალაბამაში დასაქმებულებისთვის და გაფიცვის გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა:

„ბედის ირონიაა, რომ ჩვენი წყალობით ახალდასაქმებული მაღაროელები იქცნენ ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მეშახტეებად“, – თქვა რობერტსმა გამოცემა ნიუ იორკ თაიმსთან 2023 წლის მარტის ინტერვიუში და დასძინა, რომ ის ელოდება გაფიცვის მონაწილე პროფკავშირის წევრმა მაღაროელებმაც მიიღონ ასეთივე მაღალი ანაზღაურება.

__

ფოტო Reuters: ამერიკელი მაღაროელების გაფიცვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე.
Exit mobile version