მთავარი,სიახლეები

რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შემდეგ? – ინტერვიუ ექსპერტთან

20.06.2023 • 14734
რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შემდეგ? – ინტერვიუ ექსპერტთან

„ეკოციდი“ – ასე შეაფასა უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ის შედეგები, რაც 6 ივნისს რუსეთის მიერ „ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქებამ მოიტანა.

ეკოციდის შედეგი უპირველესად შავი ზღვის ოდესის სანაპიროს შეეხო.

უკრაინული მედიის თანახმად, ოდესის პლაჟები გადაიქცა „ნაგავსაყარად და ცხოველების სასაფლაოდ“.

ოდესის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ოდესის პლაჟები გამოაცხადა „ცურვისათვის შეუფერებლად წყლის ხარისხის გაუარესების გამო“. ასევე ოდესის მცხოვრებებს აუკრძალა თევზისა და ზღვის პროდუქტების გაყიდვა.

რა გავლენა ექნება „ნოვა კახოვკის“ დამბის აფეთქებას საქართველოს სანაპიროებსა და ეკოსისტემაზე? ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი, კახა არცივაძე პასუხობს.

  • ბატონო კახა, „ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. რა ხდება ახლა კატასტროფის რეგიონში, რა შედეგები მოჰყვა?

კაშხლის დაზიანებას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა ეკოლოგიური კუთხით. შედეგები შეიძლება პირობითად გავყოთ ორ ჯგუფად.

პირველი – წყალდიდობის გამო ადამიანები დაიღუპნენ, დაინგრა სახლები და დაიხრჩო ცხოველები. მეორე კი არის ის, რომ ნგრევის შედეგად წყალმა დატბორა და გამორეცხა ძალიან ბევრი ისეთი ობიექტი, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ზიანის მიყენება ადამიანისთვის.

ეს არის, პირველ რიგში, ქიმიური ობიექტები, რომლებიც ბევრია ამ რეგიონში.

ეს შეიძლება იყოს ქიმიური საწარმოები, საწყობები, სადაც ინახებოდა ნავთობპროდუქტები და ზეთები. საუბარია, იმაზე, რომ დაახლოებით 150-170 ტონა ნავთობპროდუქტი მოხვდა ამ ტრაგედიის დროს წყალში და შემდეგ ჩავიდა ზღვაში.

კახა არცივაძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი

გარდა ამისა, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება და ინახებოდა საწყობებში, პესტიციდები, სასუქები, მოხვდა წყალში.

კიდევ ერთი პრობლემაა სასაფლაოები, ასევე ცხოველთა სამარხები, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ცხოველები იყო დამარხული. შეიძლება წყლის მასამ ასეთი პათოგენები გამოიტანოს.

დაზიანდა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის უფრო ლოკალური თემები, რომელიც ეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

ამან შეიძლება დაამძიმოს ვითარება ადგილზე და შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდეს. მაგრამ შანსი, რომ ამ ყველაფერმა იმოქმედოს ევროპის სხვა ქვეყნებზე და მერე საქართველოზე, არის დაბალი.

  • როგორ შეგვეხება ეს შედეგები ჩვენ? რა გავლენას მოახდენს ჩვენს სანაპიროებზე?

ნულოვანი არა, მაგრამ ძალიან დაბალია ჩვენზე გავლენის მოხდენის შანსი. რა თქმა უნდა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური და პრობლემატური იქნება უკრაინის ამ კონკრეტული რეგიონისთვის. შეიძლება რუმინეთსაც შეეხოს ან ბულგარეთს და თურქეთისკენაც შეიძლება ჩამოიწიოს. მაგრამ საქართველომდე ჩამოსაღწევად ძალიან შორი მანძილია.

დინება ისეა მოწყობილი შავ ზღვაში, რომ ნაკადები, რომლებიც დნეპრიდან გამოდის, იქ ყურეა, ამ ყურეში ჩერდება და მერე წყლის დინება მიემართება შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე საქართველოსკენ.

ეს ძალიან დიდი მანძილია.

შავ ზღვაში ეს ყველაფერი განზავდება. ბევრი პათოგენი წყალში ვერ გადარჩება, ვერ გაძლებს. რა თქმა უნდა, ეს რისკი არაა ნულოვანი, მაგრამ იმის საშიშროება, რომ აქ ზღვაში არ ვიბანაოთ და წყალში არ ჩავიდეთ, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ასეთი საფრთხეები გადაჭარბებულია.

უბრალოდ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.

ეს დაბინძურება ჩვენამდე მოვა თუ არა, საკითხავია.

ამ კატასტროფამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, სახეობებზე, თევზისა და ფრინველების პოპულაციაზე. ადამიანებზე.

უფრო დიდი რისკია ინფექციებით დაავადდნენ ის ადამიანები, ვინც კატასტროფის ადგილზე იყვნენ და მერე ამას ეპიდემიის სახე მიეცეს. ასეთი რისკები უფრო არის, ვიდრე ის, რომ ზღვით ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვიდეს.

სანამ ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვა, განზავდება. შავი ზღვის თავისი ბიოლოგიური გასუფთავების პროცესი არსად არ გამქრალა.

შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს წყლის ხარისხის მხრივ. მაგრამ მეეჭვება ისეთ დონეზე გაუარესდეს, რომ საფრთხედ იქცეს ადამიანებისთვის.

ასე, რომ ნუ შევაშინებთ ჩვენ თანამოქალაქეებს, სტუმრებს. ვფიქრობ, ჯერჯერობით სამაგისო სიტუაცია არ არის. ზედმეტი დრამატიზაცია არ არის საჭირო.

კატასტროფის ადგილზე ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ჩვენ სანაპიროს ჯერჯერობით ასეთი საფრთხეები, ჩემი აზრით, ნაკლებად ეხება.

ახლა მთავარია გარემოს მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ აწარმოოს წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგი. თუ გაუარესდა წყლის მდგომარეობა, დროზე შეატყობინოს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ბანაობისგან.

ასეთ ვარიანტს მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამის რისკი ძალიან დაბალია.

  • დაბინძურებული ოდესის სანაპიროს ფოტოები გავრცელდა. რუკას თუ დავხედავთ, ოდესის ქვემოთ არის რუმინეთი და შემდეგ ბულგარეთი. სად რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?

რუმინეთში რამდენიმე პლაჟია დაკეტილი ნაღმების საფრთხის გამო. მოგეხსენებათ, დნეპრის მთელი სანაპირო იყო დანაღმული, კახოვკის ზემოთაც და კახოვკის ქვემოთაც. ძალიან ბევრ ადგილას ნაღმები წყალმა წაიღო. არსებობს საშიშროება, რომ ეს ნაღმები გაირიყოს  სანაპიროზე და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებებია გატარებული, რომ ეს საფრთხეები თავიდან აიცილონ.

რამდენადაც ვიცი, ასევე ზღვის წყლის ხარისხის ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით რუმინეთში პრობლემები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ბულგარეთს, იქ არანაირი ღონისძიებები არაა ჯერ მიღებული, არც სანიტარული და არც სანაპიროები დაუკეტავთ.

  • თქვით, რომ წყალში აღმოჩნდა ნაღმები. 4 თვის წინ ბათუმში ზღვის სანაპიროზე აფეთქდა ნაღმი. ახლა რამდენადაა იმის საფრთხე, რომ ნაღმებმა ისევ მოაღწიოს ბათუმის სანაპირომდე?

მე მაგას ვერ გეტყვით, სამხედრო ექსპერტი არ ვარ. ასეთი შემთხვევები ხდება. ამის გამორიცხვა შეუძლებელია. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები ამოდის ხოლმე ხანდახან ზღვის ზედაპირზე და დაცურავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში დინებების თავისებურებას, ცირკულარული დინებების ფორმა აქვს ბევრ ადგილას. აი, ეს ცირკულარული დინებები მეტყველებს იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ იქნება უფრო ყირიმის სანაპირო, რუმინეთის სანაპირო. ამასთან შედარებით უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშ არის აღმოსავლეთ სანაპირო.

—————————

2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკას“ კაშხლები ააფეთქეს.

ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: