მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

დანაშაული[ს შეტყობინება] და სასჯელი – ამბავი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებიდან

22.06.2023 •
დანაშაული[ს შეტყობინება] და სასჯელი – ამბავი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე, იურისტი, უფლებადამცველი

თუ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებასთან [ზურაბ გორგილაძის #54], 19 ივნისს 10:30 – 13:00 საათამდე ან 21 ივნისს 14:00 – 16:30 საათებში ჩაიარეთ, უკვე გეცოდინებათ, რომ მე, საქართველოს მოქალაქე, ნათია კაპანაძე ონლაინთაღლითობის და კიბერდანაშაულის (phishing) მსხვერპლი აღმოვჩნდი.  

ჩემი მიზნობრივი დაგროვებითი ანგარიშიდან – „ყურის ოპერაცია“ თანხა უბრალოდ აიღეს და სადღაც სატრანზიტო ანგარიშზე (e-Money) გადარიცხეს.  

ანუ გამქურდეს.

განყოფილებასთან ჩავლა შემთხვევით არ ვახსენე – მეორე განყოფილებაში განაცხადის შეტანის მცდელობაც კი პირადი მონაცემების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, დარღვევისა და გასაჯაროების ტოლია.

ქვეყანაში არსებული რეალობის, უფლებადამცველებზე გამოცხადებული ნადირობის (თუ იმიტომაც, რომ ოპერაციის დაგეგმვის ეს სურვილი საკუთარი თავის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის ყველაზე დიდი მცდელობაა) გამო, ეს შემთხვევა ძალიან მძიმე და მტკივნეული დასაწყისი აღმოჩნდა.

დასაწყისს იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი მართლაც მაშინ დაიწყო, თანხის მიტაცების დადასტურებებით, ამობეჭდილი მტკიცებულებებით და პირადობის მოწმობით ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში რომ შევედი. 

სივრცე სამი ოთახისგან შედგება. მიმღები დგას 10-12 გამომძიებლის სამუშაო მაგიდების დასაწყისში, სადღაც სამუშაო ოთახის კარი მოჩანს და შესასვლელიდან მარჯვნივ განყოფილების უფროსის ბორის ხაჟომიას კაბინეტია. 

მას შემდეგ, რას კანცელარიამ ომახიანად და ყველას გასაგონად გაიმეორა ჩემი დანაკარგის მოცულობა, სახელი და გვარი, უფროსის კაბინეტში გადამამისამართეს (!) კაბინეტში სამსახურებრივი და სამოქალაქო ფორმის ადამიანების გარემოცვაში, უფროსი ცდილობდა გადაეწყვიტა, უნდა მიეღო თუ არა შეტყობინება განყოფილებას. 

მისი პატარა კაბინეტი კითხვებით და სიგარეტის კვამლით მალე გაივსო. 

ალბათ, გახსოვთ, შენობაში აკრძალულია მოწევა – ასე ვცდილობდი კანონების შეხსენებას, რასაც „ჩემს კაბინეტში ყველაფერი შესაძლებელია“ მოჰყვა პასუხად. 

ჩემი მხრიდან ალერგიული ხველის გაგრძელება სიგარეტის ჩაქრობით დასრულდა.

შემდეგ კი მთხოვეს, გარეთ დავლოდებოდი. 

„მანქანით გადაგიყვანთ ქობულეთის განყოფილებაში, იქ გამოგკითხავენ და დაგაბრუნებთ ბათუმში“, – ეს ნახევარსაათიანი ლოდინის და დაზუსტებების მცდელობების შემდეგ, კაბინეტიდან გამოსულმა ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა.

ვუხსნიდი, რომ ჩემი ინტერესი იყო შეტყობინების გაკეთება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით:

  • მინდოდა, სახელმწიფოს სცოდნოდა, როგორ დაირღვა ჩემი უფლება
  • მინდოდა, დაედასტურებინათ, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება
  • რომ კოდექსი ადგენს დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს, რომ …

პასუხად მითხრა, რომ უფროსის კაბინეტში შევსულიყავი და მასთან გამერკვია.

სხვათა შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამოძიების დაწყების პროცედურაზე მეორე განყოფილების თანამშრომლებისგან საკმაოდ განსხვავებული აზრისაა – „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს“ (მუხლი 100).

გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. თავის მხრივ, „დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული“. აქვეა შესაძლებლობა, რომ „პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა“. (მუხლი 101)

უფროსმა, რომელიც კაბინეტში სიგარეტის ახალ ნაფაზს ადევნებდა თვალს, მითხრა იგივე – ქობულეთამდე ტრანსპორტირების შესახებ. 

  • მე არ ვფიქრობ, სახელმწიფოს სახსრები (მანქანა, მძღოლი, საწვავი) დავხარჯო ჩემს საჭიროებაზე. მინდა, უბრალოდ, შეტყობინება გავაკეთო დანაშაულის შესახებ – ვცდილობდი ახსნას. 
  • ეს არ არის სახელმწიფო სახსრების არასწორი გახარჯვა, ამ გზით მართლმსაჯულებას ვემსახურებით – იყო პასუხი. 
  • თუ ეს მართლმსაჯულებისთვის აუცილებელია, თუ ჩემი უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებას არ დაიტოვებთ, ქობულეთში ან სხვა ტერიტორიაზე განაცხადის შეტანას თავად მოვახერხებ, სახელმწიფო რესურსების დახარჯვის გარეშე – იყო პასუხის პასუხი.

შემდეგ, ისევ მთხოვეს, დავლოდებოდი. 

ველოდი სივრცეში, სადაც ყველას ესმოდა, როგორ ჩიოდა დაზარალებული და საპენსიო სესხწართმეული მოხუცი, როგორ ელოდნენ უცხოელები გამომძიებლებს, როგორ მიჰყავდათ მოწმე პროცესზე, როგორ ათვალიერებდნენ საოჯახო ნივთებს, როგორ იდუღებდა ჩაის გამომძიებელი…

15 წუთის შემდეგ ისევ უფროსის კაბინეტში აღმოვჩნდი, ისევ მოთხოვნით, რომ პოლიცია გადამიყვანდა ქობულეთში გამოსაკითხად. 

  • აქედან სხვაგვარად არ გაგიშვებთ – იყო პოზიცია. 
  • მაპატიმრებთ თუ რას ნიშნავს? თუ აქ შესაძლებლობა არ არსებობს, წავალ და თავად გადავწყვეტ, როდის და სად შევატყობინებ სახელმწიფოს დანაშაულის არსებობას.
  • კარგით, გამოგკითხავთ გამომძიებელი. 

ამ პასუხიდან ნახევარი საათის შემდეგ გამომკითხეს, ერთ ფურცელზე და ერთ აბზაცში დანაკარგის და დანართების ჩატევა მოვასწარი. 

შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტი კი არ გადმომცეს. ვაიბერით ან ვოთსაპით გადმოგიგზავნითო, დამპირდნენ. 

დაპირება დოკუმენტი არ არის. ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ იმდენად გამომაცალა ძალა მოულოდნელმა და არალოგიკურმა ორსაათნახევრიანმა ბრძოლამ, წამოვედი. 

წამოვედი და ველოდე.  

ველოდე 2 დღე. 

მაგრამ არაფერი. საერთოდ არაფერი.

დასაწყისში, მეორე თარიღი, 21 ივნისის 14:00 – 16:30 საათის შუალედი რომ ვახსენე, ეს ზუსტად ის დროა, მეორე განყოფილებაში მეორედ მისვლის (თუ მეორედ მოსვლის). როცა ხელახლა გამოვცხადდი დანაშაულის შეტყობინების შესახებ რეგისტრაციის დადასტურების დოკუმენტი რომ მიმეღო მინიმუმ, რომ დამეზუსტებინა, სად და როდის გაგრძელდებოდა გამოძიება, რომ…

(ხომ გახსოვთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია 101-ე მუხლში როგორცაა: „პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა“.

გამომძიებელი დაახლოებით 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა.

„დანაშაულის შეტყობინების დადასტურების ცნობას აქ ვერ მიიღებთ. ამ ცნობისთვის ქობულეთში უნდა წაგიყვანოთ“. – ამ პოზიციით კიდევ უფრო დაშორდა საპროცესო კოდექსს გამომძიებელი. 

ჩემს დამატებით კითხვებს უფროსის გამოჩენა მოჰყვა, ანალოგიური ტექსტით და შემოთავაზებით. 

მე თქვენ შეგატყობინეთ დანაშაულის შესახებ და იქნებ დამიდასტუროთ, რომ შეგატყობინეთ. თუ გადაამისამართეთ ჩემი შეტყობინება, იქნებ მაცნობოთ, რომ გადაამისამართეთ – გავიმეორე თხოვნა.

ცხადია, არ დამავიწყდა შეხსენება, შეტყობინების დადასტურება რომ არ მიმიღია იმავე დღეს და არც ქობულეთიდან შემომეხმიანა გამომძიებელი. 

სხვათა შორის, საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნის შესახებაც აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს თავისი (და მეორე განყოფილების თანამშრომლებისგან განსხვავებული) შეხედულება: თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადააგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით (მუხლი 102). ამის შემდეგ კი აითვლება გამოძიების ვადა (მუხლი 103) გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.

  • ცნობას 10 დღეში მოგაწოდებთ – მიპასუხა ბოლოს უფროსმა. 
  • მე არ ვითხოვ საჯარო ინფორმაციას, ეს ჩემი პერსონალური მონაცემია! – მაშველი რგოლივით ჩავეჭიდე არასწორად, მაგრამ მაინც წამოსროლილ ვადას 10 დღის შესახებ. ხავსზე მეტი იყო იმ დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესოდან არგუმენტები საკმარისად საკმარისი არ აღმოჩნდა.   

და თუ მაინცადამაინც სზაკის სტანდარტი და მუხლი 40 უნდა გამოეყენებინათ, იქაც კი საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა – ეს ჩანაწერი გამონაკლის შემთხვევებზეა გაწერილი. რადგან მითხრეს, დავაზუსტე.

დავაზუსტე და ახალი კუთხიდან გაიხსნა ცეცხლი:

  • ქობულეთის განყოფილებიდან ვერ დაგიკავშირდნენ – მითხრა უფროსმა, რომელიც მოსაცდელ ოთახში გამოვიდა და დივანზე ჩამოჯდა. 
  • ტელეფონი მუდმივად ჩართული იყო – გავიმეორე. 
  • ვერ გიკავშირდებიან. მითხარით თქვენი ნომერი და გავუგზავნი – ამ პროცესს 10 ადამიანი მაინც ესწრება მეორე განყოფილების შესასვლელში.
  • ჩემი ტელეფონის ნომერი არ გახლავთ საჯარო – ვპასუხობ მთელი ამ არაკვალიფიციურობით და უმოქმედობით გაოგნებული.
  • მაშინ ჩაწერეთ თქვენი ნომერი – მაწვდის უფროსი საკუთარ ტელეფონს. 
  • ჩემი ნომერი არც ის ინფორმაციაა, თქვენს მოწყობილობაში რომ დავაფიქსირო – ვიმეორებ. 

უფროსის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა მარტო ვრჩები, მარტო არა, დაახლოებით 10 ადამიანის გარემოცვაში, მაგრამ მინიმუმ ფიქრის დრო მაქვს, ამ უცნაურ მოცემულობაზე ფიქრის დრო. არადა, მჭირდება მარტივი ცნობა დანაშაულის შეტყობინების შესახებ. 

მოულოდნელად დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი. არ ვიცი, ადმინისტრაციული კოდექსის, მეორედ მოსვლის საათნახევრიანი უცვლელი თხოვნის თუ სხვა ზებუნებრივი ძალების გავლენით, კიდევ 15-წუთიანი ტაიმაუტის შემდეგ, გამომძიებელმა თეთრი დროშასავით გამოაფრიალა დრაფტი, დანაშაულის შეტყობინების შესახებ ცნობის გაცემაზე თანხმობა და შინაარსის შეთანხმება დაიწყო. 

აღარც არის გასაკვირი, რომ პირველი შემოთავაზებული ვერსია ყოფნა-არყოფნას ჰგავდა: არ ეწერა, რა საკითხზე იყო ჩემი შეტყობინება, რა სიკეთე დაზიანდა, რატომ მივედი მეორე განყოფილებამდე, რატომ… და საბოლოოდ, გაჩნდა ეს ჩანაწერიც. 

მეორედ მისვლას ქობულეთიდან ზარიც მოჰყვა. პროცესი დაიწყო – ხელახლა გამოკითხვას მთავაზობენ.

ცხადია, ამბავი აქ არ სრულდება. ეს არ არის არც ფილმის ბოლო ნაწილი, არც წასაკითხი ბლოგის ბოლო წინადადება. გრძელდება.

ყველა ცუდ ისტორიაში რაღაც კარგიც ხომ ჩანს? – უნდა იცოდეთ, რომ მეორე განყოფილებას ჰყავს კვალიფიციური გამომძიებელი ქალი ლ. კვანტალიანი. გამოკითხვის და ცნობის გაცემის (და მეორე განყოფილების კანონთან დაახლოების) ტვირთი საბოლოოდ მას ერგო.

საქართველოს მოქალაქის მოწმობასთან ერთად, ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული და 2010 წლიდან მოქმედი ადვოკატის საერთო ლიცენზიაც თან მქონდა – ანუ ყველაფერი ის, რაც გამაჩნია. მაგრამ ამ დოკუმენტს უწყებებში სხვების უფლებების დასაცავად ვიყენებ. საკუთარ თავთან მიმართებაში, როგორც უფლებადამცველს, მაინტერესებს, რა ელოდებათ ადამიანებს, როცა პირისპირ და მარტო რჩებიან ძალაუფლების მატარებელი პირების წინაშე. რა ხდება ადვოკატების ან მედიის გარეშე საგამოძიებოში, სასამართლოში ან სხვა უწყებებში,  რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები იქ, სადაც უფლებების გადარჩენის და აღდგენის შანსი უნდა გვქონდეს? რატომ ვერ ვახერხებთ უკეთესი და დაცული ქვეყანა შევქმნათ?

ზუსტად ქვეყანაში არსებული რეალობის, უფლებადამცველებზე გამოცხადებული ნადირობის (თუ იმიტომაც, რომ ოპერაციის დაგეგმვის ეს სურვილი საკუთარი თავის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის ყველაზე დიდი მცდელობაა) გამო, ეს შემთხვევა ძალიან მძიმე და მტკივნეულია.

მაგრამ ღირს ძალისხმევად. 

ყველა ბრძოლაზე საჭირო, უფლებებისთვის ბრძოლაა.  

ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო გაგრძელებაც ექნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: