მთავარი,სიახლეები

„უკვე ვართ დაზარალებული“ – დისკუსია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციაზე

24.06.2023 •
„უკვე ვართ დაზარალებული“ – დისკუსია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციაზე

დღეს, 24 ივნისს ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ ინიციატივით დისკუსია გაიმართა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე.

მათ შორის, ქალაქის არასწორი ურბანული განვითარება, პარკინგების არარსებობა, ეკოლოგიური მდგომარეობა, დაუსრულებელი და არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რუსეთის მოქალაქეების ქაოტურად შემოდინებით გამოწვეული ეკონომიკური და ურბანული კრიზისი.

„ბათუმელები“ დისკუსიაში მონაწილე რამდენიმე პირს ესაუბრა.

ჯამლატ გვიდიანი, „რეფორმებისა და კვლევების ჯგუფის“ სამართლის დოქტორანტია.  მისი აზრით, ბათუმთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის „რუსი ტურისტების“ მოზღვავება.

„მათი აქ დაფუძნება ოჯახებით, ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის მომსახურების სფეროში, მცირე თუ სხვა ბიზნესში, ხელს უწყობს როგორც უკონტროლო ფულის შემოდინებას, ასევე კორუფციას.

იმატებს ფასები როგორც  უძრავ ქონებაზე, ასევე საკვებზე და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც თავიდან ფიქრობდა რომ მათი შემოსვლით ეკონომიკურად იხეირებდა, სინამდვილეში აღმოჩნდება დაზარალებული და უკვე ვართ კიდეც დაზარალებული.

რადგან გაგვიძვირდა უძრავი ქონება, საქართველოს მოქალაქეებს რომ დაგვჭირდეს ბინის შეძენა ბათუმში ან თბილისში, ვეღარ შევიძენთ და ვეღარც ვიქირავებთ ხელმისაწვდომ ფასად“-ამბობს ჯამლატ  გვიდიანი.

საქართველოს მოქალაქეების თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მისი აზრით, ლარიც ხელოვნურად არის დღეს, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს პირადი გადმორიცხვები რუსეთიდან, რაც დიდხანს არ გაგრძელდება.

„ამ ყველაფერს ემატება არასწორი ურბანული განაშენიანება, ერთიანი განვითარების ხედვის არარსებობა ქვეყანაში, ქალაქის განვითარების, დაპროექტების, დაგეგმარების ხედვა არ გააჩნია არც ბათუმს და არც თბილისს და ეს ყველაფერი აზარალებს ამ ქალაქს და მოსახლეობას.

ყველაფერი გათვლილია მცირე, მოკლემეტრაჟიან ხედვაზე, მხოლოდ დღევანდელი დღით არსებობაზე და იმაზე, ინდივიდუალურად ესა თუ ის ბიზნესი და მათი მფარველები იხეირებენ თუ არა“-ამბობს ჯამლატ გვიდიანი.

ჯამლატ გვიდიანი შეხვედრაზე ბათუმში

მისი თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ჯერ აღიაროს ხელისუფლებამ პრობლემა, მათ შორის რუსი მიგრანტების შემოდინებით გამოწვეული პრობლემებიც.

„მოახდინონ იდენტიფიცირება, ვინ ტურისტია და ვინ არა, რადგან თუ რუსეთის მოქალაქეები კიდევ ასე უკონტროლოდ შემოვლენ ქვეყანაში როგორც აქამდე, ეს გამოიწვევს დემოგრაფიული სურათის ცვლილებას საქართველოში.

მათ ჰყავთ ბავშვები, რომელთან დასჭირდებათ სკოლები, ბაღები, შესაბამისი სპეციალისტები, დასჭირდებათ სამედიცინო მომსახურება მათსავე ენაზე და გახსნეს კიდეც თბილისში ერთი კლინიკა, ასევე დაწყებული აქვთ ბაღების და სხვადასხვა ცენტრების გახსნა.

ხელისუფლება კი ამ ფონზე, კონტროლის გამკაცრების ნაცვლად საუბრობს საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე, რაც სრულიად გაუგებარია.

სახელმწიფო მოთხოვნა იყო რომ მოქალაქეობის მსურველებს ჩაებარებინათ გამოცდა ენაში, სახელმწიფო ისტორიაში და სამართალში. ახლა გამარტივება რას გულისხმობს და რატომ მარტივდება?

ახლა უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის შიგნითაც აირია პოლიტიკური სიტუაცია, გადატრიალების მცდელობაა და თუკი ამის ფონზე კიდევ მოაწყდებიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრებს, ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება.

ამ ქვეყანაში ჩვენს ახალგაზრდებს ისედაც არ ეძლევათ დასაქმების, რეალიზების შესაძლებლობა და ეს გამოიწვივეს ჩვენი მოსახლეობის კიდევ უფრო გადინებას ქვეყნიდან და ამის ფონზე, გამოთავისუფლებული ადგილი შეივსება ვითომდა ტურისტებით. ცოტა ხანში კი, თბილისსა და ბათუმში გაგვითანაბრდებიან კიდეც ეთნიკური რუსები“-ამბობს ჯამლატი.

მისი აზრით, სახელმწიფო ან არ აკონტროლებს ამ პროცესს, ან ვერ აკონტროლებს.

„თუ ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ნაწილია ჩვენს წინააღმდეგ, რეალობა გვაქვს ის, რომ არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდება მოსახლეობაც და მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოება.

ეკონომიკური და სოციალური ტვირთი უკვე ავიკიდეთ, ამის შემდგომი კატასტროფული ნაბიჯი იქნება ის, რომ უსაფრთხოება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“- ამბობს ჯამლატ გვიდიანი.

დისკუსიაზე იმყოფებოდა მეგი დიასამიძე, მოძრაობა „ჯიუტის“ აქტივისტი.

მეგი დიასამიძე

მისი თქმით, ის გარკვეული ხანია რაც ბათუმში იმყოფები და ხედავს თუ რამდენად ადვილი შესამჩვენია დემოგრაფიული სურათის ცვლილება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ.

„რასაც ვაკვირდები არის ის, რომ სამწუხაროდ, სამოქალაქო აქტივიზმი ამ ქალაქში ძალიან დაბალია. მაშინ როცა, ბათუმში აბსოლიტური ქაოსია ბევრი მიმართულებით და ამას არ სჭირდება ექსპერტობა, ადვილად აღქმადია, რადგან ყველგან გესმის მხოლოდ რუსული ხმები და მათი აქტიურობა.

ეკონომიკურადაც რთული სიტუაციაა და ამ ყველაფერზე არ აქვთ ადამიანებს რეაქცია.

რუსეთის მოქალაქებს სჭირდებათ სივრცე სადაც დამკვიდრდებიან და რეალურად მკვიდრდებიან კიდეც აქ.

ქუჩაში რომ გავიარე, სულ რუსული კაფე-ბარებია, ფაქტობრივად კონკურენციას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების სფეროშიც.

ჩამოდიან, თავს იმკვიდრებენ ისე, რომ არც კი გეკითხებიან მოგწონს თუ არა აქ,  ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების დამკვიდრება. არც სახელმწიფო ენის შესწავლას ცდილობენ“-ამბობს მეგი.

მისი აზრით, ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება სოციალური პრობლემები, რადგან გაძვირდა უძრავი ქონება, საკვები პროდუქტები და „ახლა, როცა ითქვა, რომ სამხედრო გადატრიალება შეიძლება მოხდეს რუსეთში, როგორც გავიგე ყველა ბილეთი გაყიდულია თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავებზე.

ეს იქნება ძალიან დიდი მიგრაციის დასაწყისი და ჩვენ აღმოვჩნდებით კრიზისში. ხელისუფლებას კი ამაზე არანაირი რეაქგირება არ აქვს. ჩვენ კი სიმშვიდის საფუძველი არ გვაქვს“-ამბობს მეგი.

დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდები ხვალ, 25 ივნისს, ევროპის მოედანზე აპირებენ სამოქალაქო პროტესტს იმ მოთხოვნით, რომ გაუქმდეს რუსეთიდან ფრენები და დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების თქმით, ეს გამოწვევს არა მარტო ბათუმის ურბანულ და ეკონომიკურ კატასტროფას, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: