მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

10.01.2023 • 4190
ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია.

პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და ყველა საჭირო დამხმარე ნაგებობებით.

„საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის კი, გათვალისწინებულია გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ“ – აღნიშნულია პროექტში.

[რესპუბლიკურის ეზოში, რომელიც დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრია – სკვერის რეაბილიტაცია ცალკე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს].

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟის და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 6 676 011 ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 30 იანვარს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, სასწარაფოს ახალი შენობაც მართვაში, დიდი ალბათობით, აღნიშნულ ცენტრს გადაეცემა.

წარწერა სასწრაფოს ახალ შენობაზე / რენდერი პროექტიდან

 

სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 35 000 000 ლარის ოდენობით;

ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობით“.

ტერიტორია, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები, სკვერი და სხვა ნაგებობები დგას, ჯამში 22 109 კვადრატული მეტრია [ამ ნაკვეთიდან ცალკე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ბათუმის N1 პოლიკლინიკაა განთავსებული. პოლიკლინიკის შენობა კი, რომლის ფასადი აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].

ბათუმის რესპუბლიკურის მთელი ეს ტერიტორია და შენობაც, რომელიც უნდა დაანგრიონ, რეესტრის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ამასთან, ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“.

ამ კომპანიების მესაკუთრეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა წილები მართვაში სამედიცინო ჰოლდინგზეა გადაცემული. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა:

დაწყებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ხელშეკრულება შპს „ალსოფ“-თან 259 441 ლარზე აქვს გაფორმებული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სკვერის რეაბილიტაცია დაწყებულია / 10.01.2023

ტენდერი სკვერის რეაბილიტაციაზე რესპუბლიკურს 302 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა / 10.01.2023

გადაბეჭდვის წესი


ასევე: