მთავარი,სიახლეები

აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

22.06.2023 • 6808
აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება.

დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – დავით მაღრაძეს.

მირდატ ქამადაძე 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მას და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“. 3 ივნისს დააკავეს ორი არასრულწლოვანიც.

აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძე კი შსს-მ თითქმის მაქსიმალური დროით – 48 საათით გააჩერა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებული არასრულწლოვნები – ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე კი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

წინა სასამართლო სხდომაზე მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ის აჭარის პოლიციის უფროსმა – დავით მაღრაძემ პირადი შურისძიებით დააკავა.

„…აგრესიით გამოირჩეოდა აქციაზე, მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, მან შეიგინა“, – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ლაშა ბერიძემ, შსს-ს წარმომადგენელმა.

„დიახ, მე შევიგინე, მაგრამ დამიდასტურეთ, როგორ დაირღვა ამით  საზოგადოებრივი წესრიგი? ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც იტყვის, რომ შეწუხდა“, – პოლიციელს მიუბრუნდა მირდატ ქამადაძე და შემდეგ მოსამართლეს განუმარტა, რომ სიტუაცია აქციის დასასრულს დაიძაბა, როცა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები დააკავეს.

„მე ვითხოვდი დავით მაღრაძისგან განმარტებას, რატომ დააკავეს არასრულწლოვნები“, – თქვა მირდატ ქამადაძემ.

პოლიციელმა ვიდეოჩანაწერიც აჩვენა მოსამართლეს იმის დასტურად, რომ მირდატ ქამადაძემ შეიგინა.

„ეს არ იყო ვინმე კონკრეტულის მისამართით“ – გაცხარდა მირდატ ქამადაძე. – „რუსთაველზე როცა ათასობით შეკრებილი ადამიანი უკაცრავად და იძახდა: პუტინ ხუილო, ამისთვის ნახევარ საქართველოს ხომ ვერ დააკავებთ? შეურაცხყოფა იქნება, ქუჩაში რომ ჩამოვუაროთ ვინმეს და სათითაოდ ვუთხრათ ასეთი ხარო“, – განმარტა მირდატ ქამადაძემ.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეაგინეთ, თქვენ შეიგინეთ… იქ იყვნენ ბავშვებიც, ბევრი ადამიანი მოძრაობს“, – მიმართა მირდატ ქამადაძეს დავით მაღრაძემ, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა და დააკონკრეტა, რომ არასრულწლოვნები აქციაზე საპატრულო პოლიციას არ დაუკავებია.

„სხვა დანაყოფმა დააკავა“, – დასძინა დავით მაღრაძემ.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებამდე მირდატ ქამადაძე აქციაზე აგრესიას გამოხატავდა პოლიციელების მიმართ:

„ზედმეტად აგრესიული იყო პოლიციის და ჩემ მიმართ, უპატივცემულობას გამოხატავდა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი, ოპოზიციონერი მირდატ ქამადაძე, პოლიციელი ლაშა ბერიძე

რა არის, დათო, მოძრაობასაც ვერ აწესრიგებო? მოგეხსენებათ, მემედ აბაშიძის ქუჩა დატვირთულია და შევიწროებული, ვერ აკეთებთ საქმესო…“ – მოსამართლეს 3 ივნისის საღამოს მომხდარი ამბავი მოუყვა პოლიციის უფროსი.

დავით მაღრაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მას მირდატ ქამადაძის მიმართ პირადი შურისძიება არ აქვს.

„პირადულში გადმოდიხარ… ააჭრელეთ სოციალური ქსელი, რომ თითქოს შურისძიება იყო, რადგან მე მივეცი ჩვენება, როცა გიორგი კირთაძე იყო დაკავებული და მირდატ ქამადაძე იყო ადვოკატი… მე ჩემი მოვალეობა შევასრულე“, – თქვა დავით მაღრაძემ.

ოპოზიციონერის – მირდატ ქამადაძის მტკიცებით კი, „გიორგი კირთაძის საქმეზე“ დავით მაღრაძე ტყუილში გამოიჭირეს, რადგან მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვა.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

„მე აღარ მოვალ, დახვრეტაც რომ მომისაჯოთ“, – წყენა არ დამალა მირდატ ქამადაძემ. მოსამართლემ ოპოზიციონერს უთხრა, რომ დახვრეტას არ ითვალისწინებს კანონი.

„ეს დახვრეტის ტოლფასია, როცა გამოხატვის თავისუფლების გამო ასე ექცევით ადამიანებს… თქვენ არ გეხებათ ინდივიდუალურად, მაგრამ ყველაფერს „აპრავებს“ სასამართლო“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

„მე ინდივიდუალურად არ ვარ წარმოდგენილი, სასამართლოს წარმოვადგენ“, –  შეაჩერა ოპოზიციონერი მოსამართლემ.

ამ თემაზე:

პოლიციის უფროსმა პირადი შურისძიებით დამაკავა – წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებულთა სასამართლო 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: