მთავარი,სიახლეები

ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება

21.02.2023 • 5579
ბათუმში #1 პოლიკლინიკას ახალი შენობა ექნება

ბათუმში სამ სამედიცინო დაწესებულებას – ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის N1 პოლიკლინიკას და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა.

სამივე შენობა სახელმწიფო საკუთრებაშია.

იანვრის თვეში „ბათუმელებმა“ დაწერა სასწრაფო დახმარების ახალი შენობის პროექტის შესახებ, რომელიც ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ადგილას აშენდება.

ამავე ტერიტორიაზე, ტბელ აბუსერიძის 2 ნომერში, მდებარეობს ბათუმის #1 პოლიკლინიკა, რომელსაც, როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, ახალი შენობა ექნება.

„ბათუმის I პოლიკლინიკას, სადაც ყველაზე მეტი ბენეფიციარი იღებს მომსახურებას, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ პოლიკლინიკის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ პროექტის ფარგლებში 50 000-ზე მეტ ჩვენს თანაქალაქელს და მოქალაქეს გაუუმჯობესდება როგორც პირობები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი გაუმჯობესება“,  – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პირველი პოლიკლინიკაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე აშენდება. პოლიკლინიკა ამ ტერიტორიაზე ცალკე შენობად განთავსდება თუ ერთიან კონცეფციაში მოიაზრება, ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, იგი ამჟამად თაბუკაშვილის 17 ნომერში მდებარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტუბერკულოზის ცენტრი ინფექციური საავადმყოფოს შენობაში განთავსდება, რომელიც ჯემალ ქათამაძის 11 ნომერში მდებარეობს და რომელსაც ასევე რემონტი ჩაუტარდება.

„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟის და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე“ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.

რა ვადებში იგეგმება ინფექციური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია და ტუბერკულოზის ცენტრის მიერთება, ჯერ არ არის ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: