მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს

17.02.2022 • 2150
რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს

ზუსტად ორი თვის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს აცნობა ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ სრულდება.

სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კანონი ავალებთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან რეაგირებას გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, უბრალოდ დუმილს არჩევენ, ან ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.

„დანაშაული სახეზეა, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ ამ დანაშაულზე, სხვა უწყებების მხრიდანაც არ ჩანს ეფექტური რეაგირება. ცალსახად ეს არის შერჩევითი სამართალი, რაც სერიოზული საფრთხეა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე უკანონო მშენებლობის შეჩერება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე? – მით უფრო ახლა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს და არ არსებობს რომელიმე სხვა ინსტიტუცია, რომელიც დაადგენს, რომ უკანონო მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

კითხვა თავდაპირველად ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დავუსვით.

„მშენებლობის შეუჩერებლობის გამო „მეტრო ტერმინალის“ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება. კომპანია მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის დაწყებიდან დღემდე 53-ჯერ დააჯარიმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს სამშენებლო პროცესს, რაც საკანონმდებლო სისტემაში შესული ცვლილებების საფუძველზე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებში და აღსრულების ბიუროში“, – მოგვწერეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში „ბათუმელების“ კითხვა იმაზე, თუ რატომ არ ხდება რეაგირება დანაშაულზე, უპასუხოდ დატოვეს.

„ინფორმაციას მესამე პირებზე არ გავცემთ,“ – მოკლედ მოგვიშორეს აღსრულების ეროვნული ბიუროდანაც. აქ არ განმარტეს, რა გააკეთა აღსრულების ბიურომ იმისთვის, რასაც მას კანონი ავალდებულებს.

„ეს დამოკიდებულება არასწორია, რადგან აქ საუბარია არა პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე, არამედ იმაზე, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეზე რა რეაგირება გააკეთა სახელმწიფო უწყებამ.

მით უმეტეს ამ ფონზე, როცა სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის ფაქტორი არცთუ ისე მაღალია და მთლიანობაში ჩანს, რომ ეფექტური რეაგირება არ ხდება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

ამ თემაზე საუბრისას საია-ს იურისტს, პირველ რიგში, თბილისში, გასული წლის დეკემბრის ბოლოს განვითარებული პროცესი ახსენდება, როცა მოქალაქეებს უკანონოს აშენებული სახლები დაუშალეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. იურისტის აზრით, თბილისის ეს შემთხვევა და ბათუმის „უკანონო კორპუსების საქმე“ ნათლად აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალს, რაც საფრთხეა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისთვის.

„ჩვენ ვნახეთ როგორი მობილიზებით მივიდა თბილისში მერია, პოლიციის კორდონებით, ტექნიკით და ასე შემდეგ. თან მნიშვნელოვანია, რომ შენობები, რაც დაანგრიეს, იყო იმ ადამიანების, ოჯახების თავშესაფარი, რომ ქარისთვის და წვიმისთვის, თოვლისთვის დაეღწიათ თავი, ბათუმში კი, ფაქტობრივად უკანონოდ ქალაქი შენდება ქალაქში და არცერთ უწყებას არ აქვს რეაგირება.

აქ ჩანს ნების პრობლემა. ბათუმის საქალაქო სასამართლომაც უარი თქვა ფაქტობრივად მშენებლობის შეჩერებაზე, ბათუმის მერიამ კი ამ დრომდე ისიც ვერ განმარტა, რა იქნება ამ შენობებში, რისთვის აშენებენ ამ კორპუსებს?

მუნიციპალური ინსპექციაც ფორმალურად წესს არ არღვევს, მაგრამ გვახსოვს, თავიდან სხვა კომპანიას როცა აჯარიმებდა ეს საჯარო უწყება, ანუ ისიც არ გაურკვევიათ, რომელ კომპანიას ეკუთვნოდა მშენებლობა, ეს შემდეგ დოკუმენტურად დადასტურდა კიდეც,“ – ამბობს პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტი გულისხმობს შეცდომას, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ დაადასტურა. ამ უწყებამ 2021 წლის 27 ივლისის დადგენილებაში აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და რეალურად სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთს არიცხავდა ჯარიმებს, როცა „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა კორპუსების უნებართვო მშენებლობისთვის.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დღეს, 17 თებერვალს არ უპასუხეს კითხვას: რა უშლის ხელს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას?

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია გოგოლის ქუჩაზე „უკანონოდ კორპუსების მშენებლობის საქმის“ განხილვა. სასამართლომ ამ ეტაპზე მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განიხილა. ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე უნდა შეჩერდეს, ვიდრე სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამ თემაზე:

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: