ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან სასეირნო ბილიკის სეზონურად გასხვისებას გეგმავს

25.06.2023
ბათუმის მერია აეროპორტის ასაფრენ ზოლთან სასეირნო ბილიკის სეზონურად გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია ზღვის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მდებარე სასეირნო ბილიკის ნაწილის სარგებლობის უფლებით გადაცემას გეგმავს, რისთვისაც 1 კვ.მ ფართობის საწყის წლიურ საიჯარო ქირად 45 ლარი განსაზღვრა. აღნიშნული საფასური ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხს 27 ივნისის სხდომაზე გაიტანენ.

„მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს  გამოყენებული იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა [23.05.2023 წ.].  დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 801,88 ლარს, საიჯარო ქირა კი, 40,09 ლარს; საბოლოოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს არანაკლებ 5 პროცენტისა, ანუ 45 ლარით.“ – აღნიშნულია მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ პროექტში.

„პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მითითებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის  შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით“ – თვლის მერია.

საკრებულოს მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ბათუმის მერს მიეცემა უფლება „ქონების სარგებლობაში განკარგვის შესახებ და განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება“.

მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობაში გადაცემასაც მერია გეგმავს, ჯამში 3 376 კვადრატული მეტრია და ის ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

სარგებლობაში გადასაცემი ტერიტორია მონიშნულია წითელი ფერით

რა პირობებით და პერიოდით აპირებს მერია სასეირნო ბილიკის [პრომინადის] ნაწილის გასხვისებას? – ამ კითხვით „ბათუმელები“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა.

„იგეგმება ნაკვეთის დროებით სარგებლობისთვის სეზონურად გასხვისება, ძირითადად, მსუბუქი კონსტრუქციების განსათავსებლად. კონკრეტული ვადა და სხვა დეტალები მოგვიანებით განისაზღვრება“ – გვითხრეს მერიაში.

აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი პოპულარულია ბათუმში, სადაც პერიოდულად უამრავი ადამიანი იკრიბება თვითმფრინავების მიმოფრენის ფოტო თუ ვიდეო გადაღებებისთვის.

ხელოვნური პლაჟი და დამცავი ნაგებობა ბათუმში,იმ ნაკვეთის მიმდებარედ, რომელსაც მერია სარგებლობის უფლებით სეზონურად გაასხვისებს / ადამიანები თვითმფრინავის კადრებს იღებენ

ამ ადგილზე, გასულ წელს, Bus Stop Batumi-ს წითელი ავტობუსი „სოხუმიც“ იდგა:

კაფე წითელ ავტობუსში, საიდანაც თვითმფრინავების მიმოფრენას აკვირდებიან – Bus Stop Batumi

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: