ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

24.08.2021 • 9221
ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წერილობით გამოითხოვა.

სამსახურის ინფორმაციით, „ზღვის სანაპირო ზოლში ცურვა დასაშვებია, საბანაო სეზონზე ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, სადაც უსაფრთხო არეალი შემოსაზღვრულია შესაბამისი აღმნიშვნელებით“.

სამსახურმა მოგვაწოდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, „სადაც მიმდინარე ეტაპზე აკრძალულია ცურვა და განთავსებულია შესაბამისი აღმნიშვნელები“.

[red_box]ცურვა აკრძალულია:[/red_box]

სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ – 3 ამკრძალავი ნიშანი;

სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში – 1 ამკრძალავი ნიშანი;

კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები – 1 ამკრძალავი ნიშანი;

ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში – 3 ამკრძალავი ნიშანი;

მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ – 1 ამკრძალავი ნიშანი;

მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან – 1 ამკრძალავი ნიშანი;

სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ –  1 ამკრძალავი ნიშანი;

ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან – 1 ცალი ამკრძალავი ნიშანი;

მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს] – 2 ამკრძალავი ნიშანი.

[yellow_box]ბანაობა არარეკომენდებულია:[/yellow_box]

  • კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე,
  • მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე,
  • სასტუმრო ,,კასტელო-მარეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ციხისძირის საპირო ზოლამდე – რადგან აღნიშნული სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი.
  • ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია.

რაც შეეხება მაშველთა რაოდენობას, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის საბანაო სეზონზე აჭარის ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მობილიზებულია 150-მდე მაშველი.

„დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან ერთად მუშაობს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც უფრო დეტალურად დაარეგულირებს წყალზე უსაფრთხოების ნორმებს“, – მოგვწერეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.


ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლის მონაკვეთი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ ბანაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე – ექსტრემი უფროა.

აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ცურვა და საერთოდ არის თუ არა რეკომენდებული – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც საგანგებო სამსახურიდან მიიღო და ვერც ბათუმის მერიისგან.

ამ ზოლში, ნაპირდამცავი ლოდების გასწვრივ რამდენიმე ადგილზე მხოლოდ აბრებია გამოკრული წარწერით: „ნუ აძვრებით ქვებზე თქვენივე უსაფრთხოებისთვის“.

სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმსა და აჭარაში 25 აგვისტოდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია. 

ამავე თემაზე:

ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: