მთავარი,სიახლეები

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

20.06.2023 • 39278
„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 20 ივნისს, 3 მოწმის ჩვენება მოისმინა „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.

დღეს საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა – ის მოუყვა მოსამართლეს დეტალურად, რა სქემით იშოვა ფული თანამდებობის პირმა.

ვლადიმერ [დავით] მიქელაძეს გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება. იგი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქციურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ დაიწყო.

„ის მითვისებას არ ადასტურებს. ამბობს, რომ ჩარიცხული თანხა რეალურად საქმისთვის იხარჯებოდა, თუმცა არა იმ წესით, რა წესითაც უნდა დახარჯულიყო,“ – ამბობს ადვოკატი ადილარ წირღვავა. – „ბრალდებულის ვერსიით, ფიქციურად კი არ იყო დასაქმებული ეს ხალხი, არამედ რეალურად იყო გაფორმებული და ისინი საქმეს აკეთებდნენ… მას ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ საქმე შესრულებულიყო, ამიტომ დაიქირავა სხვა პირები და მათაც უხდიდა თანხას, ამით არ გაზრდილა ხარჯები.

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაბარებულმა ნორა დიასამიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ რეალურად არ მუშაობდნენ ის ადამიანები, რომელიც ხელშეკრულებით აიყვანეს „ხელვაჩაურის წყალში“.

ნორა დიასამიძე მაშინ და ახლაც „ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერია.

„როგორ მოვყვე“, – თავიდან ხელები მოიფშვნიტა ქალმა და გისოსებს მიღმა მჯდომ ყოფილ უფროსს გახედა. შემდეგ მოწმის ტრიბუნას მიეყრდნო და დაიწყო:

„დამიბარა და მითხრა თავის კაბინეტში, რამდენიმე ახლობელია და ხელშეკრულებები უნდა გავუფორმოთო…

დეფექტური აქტი კეთდებოდა, ისე ირიცხებოდა თანხა. ისინი საერთოდ არ ცხადდებოდნენ სამსახურში“, – თქვა ქალმა.

„რატომ მონაწილეობდით თქვენ ამაში?“ – ჰკითხა პროკურორმა ბუღალტერს.

„ჩემს ასაკში სხვაგან სად ვნახავდი სამსახურს… არასწორი გავაკეთე, მეშინოდა, რომ გამიშვებდა სამსახურიდან“, – პაუზებით განაგრძო თხრობა მოწმემ და მერე დეტალურად გაიხსენა, როგორ საქმდებოდნენ ფიქციურად ადამიანები.

„ბანკშიც მე ვრიცხავდი თანხებს, დირექტორი ანაწილებდა ფულს და იმის მიხედვით… ჩემ ბიჭებს 100-100 ლარს უტოვებდნენ“, – თქვა მოწმემ.

„ვინ ბიჭებს, ვის გულისხმობთ?“, – მოწმეს აღარ მოეშვა პროკურორი.

„ხელშეკრულებით აყვანილ პირებს შორის იყო ჩემი მეუღლე, მაზლიშვილი და დისშვილიც…“ – სახელები და გვარებიც ჩამოთვალა ქალმა და შეკითხვა აღარ დასჭირდა, ისე გაშალა სქემა:

„ჩარიცხული ხელფასიდან 100-100 ლარს იტოვებდნენ ბიჭები, დანარჩენს მე ვაგროვებდი და ხელზე შემქონდა დირექტორთან, კაბინეტში, ამას ვერ უარყოფს.

ასე ხდებოდა 2019 წლიდან 2020-ში და 2021-შიც… ეს იყო საჩუქარი, ასე გამოდის“, – ბრალდებულზე თვალის არიდება სცადა მოწმემ.

ბუღალტერს ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიც მიუღია მონაწილეობა: ვიდრე ვლადიმერ მიქელაძეს დააკავებდნენ, მას ფარული აუდიო მოწყობილობით ჩაუწერია უფროსი.

„ბიჭები დაიბარეს და რა ვქნათ ახლა, ბატონო ვლადიმერ-მეთქი. მართალი ხარ, დაღუპული ვართო…

იმდენი მოწმე იყო უკვე, არცერთი ობიექტზე არ იყო ნამყოფი“, – ის დღეც გაიხსენა მოწმემ, ფარულად დირექტორის ჩაწერა რომ დაავალეს.

„საქმის კურსში იყო მერი, ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირი“, – ესეც ჰკითხა პროკურორმა მოწმეს.

„ეს არ ვიცი“, – მოკლედ უპასუხა პროკურორს მოწმემ, თუმცა მალევე დასძინა: „ჩვენ პირველ სართულზე ვართ და მერია მესამეზე“.

„რამდენი ადამიანი იყო სულ ასე დასაქმებული?“ – ბუღალტერს ჰკითხა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ.

„იცვლებოდა ეს მონაცემები, 10-12 კაცი საქმდებოდა ასე 2019 წლიდან“, – თქვა მოწმემ და დააკონკრეტა, რომ ხელშეკრულებები ყოველთვიურად ფორმდება, შრომის კონკრეტული ანაზღაურება კი, ცვალებადი იყო.

„ამ ციფრებს დირექტორი წერდა“, – განაცხადა ბუღალტერმა.

„ხელვაჩაურის მერიაში არ გაუჩნდათ შეკითხვა, კი მაგრამ, რატომ დაგჭირდათ თანხის გაზრდა, როცა ადრე არ გჭირდებოდათო?“ – ის შეკითხვა დასვა ადვოკატმა, რასაც ამ დრომდე არ პასუხობს პროკურატურა.

ხელვაჩაურის მერი ამ დროს, როცა მერიაში ნახევარი მილიონი მიითვისეს, ჯუმბერ ვარდმანიძე იყო. ის ახლა აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად მუშაობს.

„ეს ჩემთან არ განხილულა, არ ვიცი“, – აარიდა თავი უხერხულ შეკითხვას ბუღალტერმა.

„ამ დროს მერის მოადგილის შვილიც ხომ არ მუშაობდა თქვენთან?“ – მოწმეს მიუბრუნდა ისევ ადვოკატი.

„დიახ, თორნიკე ფუტკარაძეს ხელზე ერიცხებოდა 1040 ლარი“, – ჩუმად თქვა ბუღალტერმა და დასძინა თორნიკეს მამა, კახაბერ ფუტკარაძე ახლაც რომ ხელვაჩაურის მერის მოადგილეა.

კახაბერ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მერის მოადგილეა 2019 წლიდან დღემდე. მისი შვილი რომ სამსახურში ერთხელაც არ გამოჩენილა, ეგ კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა დღევანდელ სხდომაზე – ვახტანგ აბაშიძე 2015 წლიდან „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსის მოადგილეა და ამბობს, რომ არ იცოდა, თორნიკე ფუტკარაძეც თუ მისი თანამშრომელი იყო.

„პოლიციას რატომ არ მიმართეთ?… თქვენ როგორ ხართ ისევ ბუღალტერი?“ – აღარ მოეშვა ბუღალტერს ადვოკატი ადილარ წირღვავა.

„მე რაზე უნდა მიმემართა პოლიციისთვის?“ – თვალი აარიდა ადვოკატს მოწმემ და დაამატა: „ჩემი დანაშაულია ეს… პირველად, მეგონა, რეალურად იმუშავებდნენ, მაგრამ მერე ასე არ მოხდა“.

„და თქვენი პირადი სარგებელი რა იყო?“ – ადვოკატმა ეს კითხვაც დაუსვა მოწმეს.

„მე არაფერი საერთოდ“, – კატეგორიული აღმოჩნდა მოწმე, თუმცა მერე ყოფილ დირექტორს რომ შეხედა, თქვა:

„ჩემი შვილიც იყო დასაქმებული ზედამხედველად… მისგან დირექტორი „საჩუქარს“ არ ითხოვდა“, – თქვა მოწმემ.

„თქვენ საიდან იცით, რომ ეს დასაქმებულები რეალურად არ აკეთებდნენ საქმეს?“ – ფეხზე წამოდგა ბრალდებული და ბუღალტერს ეს ჰკითხა.

„4 კაცი მხოლოდ ჩემგან იყო და ვიცი ხომ სადაც დადიოდნენ“, – შეკითხვა გაიკვირვა მოწმემაც.

„არ ვიცი, მე რეალურად ასრულებდნენ თუ არა საქმეს, მე მათ არ ვიცნობდი… ვლადიმერ მიქელაძემ შექმნა ჯგუფი, მე რატომ უნდა შემეტანა ეჭვი?“- პროკურორს მიუბრუნდა „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსის მოადგილე, ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ასევე დღეს დაკითხეს.

„თქვენ ხომ გარეშე პირი არ იყავით?“ – გაოცება ვეღარ დაფარა პროკურორმა და მიანიშნა მოწმეს, რომ მისივე აღწერით, წინა წლებში „დამატებითი ბრიგადის“ შექმნა საჭირო არ გამხდარა.

„ეს დირექტორის პრეროგატივა იყო, მე რა უნდა გამეკეთებინა?“ – პასუხისმგებლობის არიდება სცადა ისევ თანამდებობის პირმა.

„სულ 18 საშტატო ერთეულია, 27 ხელშეკრულებით აყვანილი პირი და 90 ოპერატორ-დეზინფექტორი…

პრიმიტიული წესით ვქლორავთ, კასრებით“, – სამუშაოც აღწერა თანამდებობის პირმა და რამდენჯერმე შეაპარა პროკურორს, დირექტორს მე როგორ გადავამოწმებდი, ან კითხვას როგორ დავუსვამდიო.

„მე მაბარია მხოლოდ ოპერატორ-დეზინფექტორები, დავდივართ წყალსაცავებზე“, – მიმართა ადვოკატს მოწმემ.

„მერიიდან ვინ კურატორობდა წყალსადენებს?“ – ბრალდებულმა ამ მოწმესაც დაუსვა შეკითხვა.

„კახაბერ ფუტკარაძეს ებარა“, – მერის მოქმედი მოადგილე დაასახელა მოწმემ, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი შვილის დასაქმებაზე მე არაფერი ვიციო.

„უხვი ნალექის დროს რამდენად ხშირად ხდება დამატებით ფუნქციების შესრულება?“ – დაინტერესდა მოსამართლე ლევან ყოლბაია.

„არასამუშაო დღეებში ვუწერდით დამატებით თანხას… საშუალოდ 4-5 ჯერ ხდება თვეში“, – დაასრულა მოწმემ.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩვენებას მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: