მთავარი,სიახლეები

ვის უმღეროდნენ ნუცა ბუზალაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

24.06.2023 •
ვის უმღეროდნენ ნუცა ბუზალაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

დღეს, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, გიტარისტი – ხვიჩა მაღლაკელიძე, მომღერალი მიშა სულუხია და სხვები, მოსკოვში კონცერტს მართავდნენ.

კადრებში ჩანს სოსო პავლიაშვილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია, მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც მართავდა რუსეთში კონცერტებს და ღიად პრორუსი, კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი საქართველოში „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი, კონსტანტინე მორგოშია.

ნუცა ბუზალაძე, ცოტა ხნის წინ, ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი. მას შოუს მიმდინარეობისას, საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ამიტომ მისმა გამოჩენამ მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტების გარემოცვაში, კრიტიკული კითხვები გააჩინა.

ნუცა ბუზალაძე და სხვა ქართველი მომღერლები მოსკოვში

„ბათუმელები“ ხვიჩა მაღლაკელიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ქართველი მომღერლები მოსკოვში და კონკრეტულად რას აღნიშნავდნენ.

ხვიჩა მაღლაკელიძე ამბობს, რომ ის მოსკოვში პირველად არ ყოფილა და ამჯერად მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

„მე თავად ვიყავი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე. (პირველი არაა ჩემი რუსეთში ჩასვლა) მე თვითონ არ ვიცი სხვა იქ როგორ აღმოჩნდა. ეს არ იყო კონცერტი. რამოდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა ეს ყველაფერი.

უამრავი ქართველი და ჩემი დიდი სამეგობრო სამწუხაროდ წლებია რუსეთში არიან. მტრის ზურგში ჩასვლა და ქართულად სიმღერა შეძლო არაა ადვილი საქმე“-გვწერს ხვიჩა მაღლაკელიძე.

მას ვკითხეთ, უკრაინაში მიმდინარე ომის და საქართველოს ოკუპაციის ფონზე,  უქმნის თუ არა მას უხერხულობას მოსკოვში სიმღერა და როგორ აღმოჩნდა მათ გვერდით თუნდაც მორგოშია?

„რა თქმა უნდა, პროტეტს იწვევს (რუსული აგრესია), მაგრამ რუსეთი არაა და არც ყოფილა ჩემთვის country of dream. მეგობრობა ჩემთვის უპირველესია და ამ მეგობრობისთვის ბევრ ტალახს ავიტან.

ვიმეორებ, ეს არ იყო არანაირი კონცერტი (სადაც გამორიცხულია მიმეღო მონაწილეობა), ეს იყო დაბადების დღე. თავად გაოცებული დავრჩი ამდენი მომღერლის ნახვით. სოსოც და მორგოშიაც პირველად ვნახე იქ“-ამბობს მაღლაკელიძე.

რუსეთში მცხოვრები მეგობრის ვინაობას კი არ ასახელებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ქართველი მომღერლები მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, მას 30 ივნისს ბათუმშიც აქვს კონცერტები დაგეგმილი კლუბ „სფეროში“ და ამ დროისთვის ბილეთები გაყიდულია.

როგორც კლუბში გვითხრეს, ბუზალაძის მოსკოვში ყოფნის გამო დადგება თუ არა მისი კონცერტის გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

„დღევანდელი ინფორმაციით ვიცი, რომ კონცერტი ჩატარდება და მომდევნო კვირას რა იქნება, ჩაიშლება თუ ჩატარდება კონცერტი, ვერ გეტყვით“-გვიპასუხეს კლუბში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: